მთავარი,სიახლეები

შეიხედე რესტავრირებულ სახლში, რომელიც ასი წლისაა – ბათუმი [ფოტო]

06.03.2020
შეიხედე რესტავრირებულ სახლში, რომელიც ასი წლისაა – ბათუმი [ფოტო]

სადარბაზოს დიდი ხის კარი, ზუსტად ისეთი, როგორსაც ბათუმში სახლები სხვადასხვა ფერში იმეორებდნენ, ხის ჩარჩოებიანი ფანჯრები, დარაბები, ხის იატაკი, კედელში ჩაშენებული ღუმელი, რომელიც მთელი სახლის გათბობას უზრუნველყოფდა, ეზოზე გამავალი შუშაბანდი და რკინის გისოსებიანი აივნები, რომლებიც ქუჩას გადაჰყურებენ – XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ეს სახლი სამშენებლო კომპანიას და, შესაბამისად, დანგრევას გადაურჩა. სახლმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. შიდა ინტერიერის რესტავრაციის შემდეგ, ამ სახლში ხელოსნები ფასადის რესტავრირების ბოლო დეტალებზე მუშაობენ.

ორსართულიან სახლს ორი კერძო მესაკუთრე ჰყავს.

 

გორგასლის # 24 ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ღუმელი, რომლითაც მთელ სახლს ათბობდნენ

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

სპეციალისტის შეფასებით, XX საუკუნის დასაწყისში აგებული L-ფორმის ორსართულიანი სახლი მთავარი ფასადით ქუჩაზე გამოდის. საფასადო სიბრტყე ეკლექტურად არის გადაწყვეტილი. ეკლექტიკური რენესანსის არქიტექტურიდან ნასესხებ დეტალებთან  ერთად გამოყენებულია მოდერნისთვის სახასიათო დეკორი. ცუდი ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, ნაგებობა თავდაპირველი გეგმარებითი სტრუქტურისა თუ საფასადო და ინტერიერის დეკორის დაცულობის მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა ბათუმში. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის მასშტაბისა და არქიტექტურული სახის განსაზღვრაში.

2015 წელს, ძეგლების აღწერის შემდეგ, ამ სახლთან დაკავშირებით სპეციალისტმა ჩარევის სარეკომენდაციო ფორმად რესტავრაცია/რეკონსტრუქცია მიუთითა

ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში არსებული შენობები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად, ფონური ნაგებობაა. შესაბამისად, ამ არეალში აკრძალულია ისეთი მშენებლობები, რომლებიც ძეგლის აღქმას შეუშლის ხელს. მიუხედავად ამისა, ბათუმში ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრი მსგავსი სახლი დაანგრიეს და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი სახლები ააშენეს.

ეს ძველი საათი ახალრესტავრირებულ სახლში დაგვხვდა

სახლის რეაბილიტაციის პროექტი და  სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეისყიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,შპს იბექსმა’’ შეასრულა. პროექტის ღირებულება 337 000 ლარია. შენობა პირვანდელი სახით აღდგება და ყველა ავთენტურ დეტალს შეინარჩუნებს.

შუშაბანდი, რომელიც შიდა ეზოზე გადის. მას ეზოში ჩასასვლელი კიბე უერთდება

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: