დაგვეხმარეთ არხის გადარჩენაში – აჭარა ტვ-ის ჟურნალისტები დიპკორპუსს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების  განცხადება, რომლითაც ისინი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და მათ არხის გადასარჩენად დახმარებას სთხოვენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ.

ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის – მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, – საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა.

გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის – შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს – შორენა ღლონტს.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი – კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას.

მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს – ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში.

დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო – შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით – გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით – ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო.

მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით“.

 

 

სამი ხმით მაუწყებლის მრჩევლებმა თანამშრომლების შტატები გააუქმეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com