მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის დირექტორი მესამე ცდაზეც ვერ აირჩიეს

22.08.2019 •
აჭარის ტელევიზიის დირექტორი მესამე ცდაზეც ვერ აირჩიეს

დღეს, 22 აგვისტოს, უკვე მესამედ ჩაიშალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ხმები ისევ გაიყო და კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა.

დღეს მრჩეველთა საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა გიორგი ირემაძე, ხოლო საბჭოს წევრმა, ბეჟან გობაძემ, სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად პირველი კონკურსი 31 მაისს გაიმართა, დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა საბჭოს ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. კონკურსი ჩაიშალა მეორედაც, 10 ივლისს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ამ დრომდე ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: