„ამ პროცესების რეალური მიზანი ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებაა“, – ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. ეს ორგანიზაცია დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს, ასევე კონკრეტული თანამშრომლების მიმართ დისციპლინური წარმოებას მენეჯმენტის მხრიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლად და შევიწროებად აფასებს.
„აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა ისევ საფრთხეშია,“ – ეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პორცესზე.
აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეების შტატების გაუქმებას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში, რასაც მრჩეველთა საბჭოს თანხმობა სჭირდება, „ცვლილება შეეხება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძესაც, „რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა. პარალელურად, დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის წინააღმდეგაც. ამასთანავე, გიორგი კოხრეიძე გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. რეხვიაშვილსაც მენეჯმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია თავის განცხადებაში ხაზს უსვამს იმასაც, რომ აჭარის ტელევიზიაში ეს პროცესი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტიდან დაიწყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, ახალი დირექტორის არჩევის პროცესმა არაერთი კითხვა გააჩინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მაუწყებლის თანამშრომლებში.
„პარალელურად ახლა უკვე დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ზოიძემ, არაერთხელ განაცხადა, რომ მასზე დირექტორის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა იმისთვის, რომ სარედაქციო პოლიტიკას ჩამოშორებოდა. მოგვიანებით მას ხელშეკრულების პირობები შეუცვალეს და პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ზოიძის ტელევიზიიდან წასვლა „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა.
მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს (განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულ წევრებს), შეწყვიტონ მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა; ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ დისკუსიისა და ფართო კონსენსუსის საფუძველზე, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის არსებული უნდობლობა; ასევე, პასუხი გასცენ ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მიზნით იგეგმება კონკრეტული ღონისძიებების გატარება, მათ შორის საშტატო განრიგში ცვლილება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელევიზიის წარმომადგენლები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეს ხედავენ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები რისკის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას, ზიანს აყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას.
მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა,“ – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამენ, დაიცვან თითოეული ჟურნალისტის უფლება.
_________________________
მთავარი ფოტო ბათუმელების არქივიდან: 4 დეკემბერი, 2019 წელი. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საპროტესტო აქციიდან