მთავარი,სიახლეები

„სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები“ – მიმართვა ჟურნალისტების დასჯის მოწოდებით

06.03.2020 • 2254
„სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები“ – მიმართვა ჟურნალისტების დასჯის მოწოდებით

დღეს, 6 მარტს, მაშინ, როცა აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდი და თანამშრომლების ნაწილი ევროპის მოედანზე შეიკრიბა მაუწყებელში არსებული კრიზისული სიტუაციის და მთავარი საინფორმაციო სამსახურის წამყვანის, თეონა ბაკურიძის მხარდასაჭერად, აჭარის ტელევიზიის შენობის წინ მაუწყებლის ის თანამშრომლები შეიკრიბნენ, რომლებიც თვლიან, რომ დღეს აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელზე, გიორგი აბაზაძეზე სამსახურეობრივი ბულინგი განხორციელდა.

მათ ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მიმართეს სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დისკრიმინაციის ჩამდენი თანამშრომლების მიმართ.

„6 მარტს რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი აბაზაძის მიმართ ბულინგი და მობინგი განხორციელდა. რამდენიმე თანამშრომელი მას დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და  დისკრიმინაციული სიტყვებით მიმართავდა. აიძულებდნენ დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ. საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. გიორგი აბაზაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას წინასაინფაქტო მდგომარეობა დაუდგინდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ საინფორმაციო გამოშვებებში დამახინჯებულად გაშუქდა თანამშრომლის დისკრიმინაციის ფაქტი. მაყურებელს მიეწოდა მცდარი ინფორმაცია.

ეს ვითარება წააგავს ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, როცა წინა მენეჯმენტის დროს, ტელევიზიის ოპერატორები გაიფიცნენ, მათი პოზიცია კი ეთერში სათანადოდ არ შუქდებოდა. ასევე ეთერში ვერ ხვდებოდა მაუწყებლიდან უკანონოდ დათხოვნილთა პრეტენზიები.

სამსახურის უფროსის მითითების შესრულება ყველა თანამშრომლის ვალდებულებაა, რაც ხელშეკრულებაში გაწერილი. დღეს მომხდარი ინციდენტი დროს კი რამდენიმე თანამშრომელმა უხეშად დაარღვია არა მარტო ხელშეკრულება, არამედ ორგანიზაციის შინაგანაწესი და ეთიკური ნორმები. მოახდინა ადამიანის დისკრიმინაცია.

მივმართავთ დირექტორს სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დისკრიმინაციის ჩამდენი თანამშრომლების მიმართ“, – განაცხადეს მაუწყებლის თანამშრომლებმა. მათ შორის იყვნენ მაუწყებლის სხვადასხვა სამსახურის უფროსები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ერთმანეთს უპირისპირდებიან აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა და ტელევიზიის ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ნაწილი, დაახლოებით 90 ადამიანი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დირექტორს უნდა აჭარის მაუწყებლის მიერ მომზადებული ახალი ამბები აკონტროლოს, შეცვალოს აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და თავიდან მოიშოროს ყველა, ვინც ამაში ხელს უშლის.

დღეს მაუწყებლის დირექტორმა აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა, რაც, იურისტების განმარტებით, „ცალსახად უკანონო გადაწყვეტილებაა.“

თეონა ბაკურიძემ დღეს განაცხადა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, დღეს, მათთან შეხვედრის შემდეგ, შეხვდა მენეჯმენტის წარმომადგენლებს და სწორედ მას შემდეგ გახდა შეუძლოდ. მისივე თქმით, გიორგი აბაზაძემ თანაშრომლებს უთხრა, რომ გადადგომაზე განცხადება დაწერა და შემდეგ დახია.

„ბათუმელებმა“ გიორგი აბაზაძეს საინფორმაციო სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ ჰკითხა მის მიერ ფეისბუქში დაწერილი და გაზიარებული ჰომოფობიური და ქალების დამაცირებელი პოსტების შესახებ.

ვრცლად ამავე თემაზე: 

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: