მთავარი,სიახლეები

ჩაბნელებული და ნახევრადცარიელი კორპუსები ქალაქში – რას მოუტანს ეს ტენდენცია ბათუმს

05.03.2020 • 4069
ჩაბნელებული და ნახევრადცარიელი კორპუსები ქალაქში – რას მოუტანს ეს ტენდენცია ბათუმს

ბათუმში, მით უფრო მის ცენტრალურ ნაწილში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები ძირითადად დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს, ვიდრე საკურორტო სეზონი არ დაიწყება. ამ ბინების უმეტესობა მესაკუთრემ გასაქირავებლად შეიძინა.

იგივე ვითარებაა ქალაქის გარეუბნებშიც. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ღამით, როცა მრავალბინიანი კორპუსების ფანჯრები თითქმის სრულად ჩაბნელებულია.

ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა – გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთიდან მელიქიშვილამდე ახალაშენებული სახლების ფანჯრები უმეტესწილად ჩაბნელებულია. ამ ქუჩაზე ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ახალაშენებული მრავალბინიანი სახლი და ასეულობით ბინაა. ღამით ამ მონაკვეთის ჩავლისას ბევრი ჩაბნელებული ფანჯარაა. იგივე ვითარებაა სხვა ქუჩებზეც.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა – ხშირად ერთი სადარბაზოს ერთ სართულზე 9 ან 14 ბინაა, მაგრამ სინათლე ღამით მხოლოდ ერთი ან ორი ფანჯრიდან გამოდის, ზოგიერთი სართული კი სრულად ჩაბნელებულია.

ახალ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინები ვინც იყიდა, ამბობენ, რომ გასაქირავებელი, დაკეტილი ბინები მათ ბევრ პრობლემას უქმნის.

„ეს ნიშნავს უწესრიგობას, მოუვლელ სადარბაზოს, ლიფტს, გადაუხდელ გადასახადებს და ჩამოუყალიბებელ ამხანაგობას“, – ასე აღწერს ბათუმში, 26-სართულიან, მრავალბინიან სახლში მცხოვრები ინგა აბუსელიძე საკუთარ სადარბაზოში არსებულ ვითარებას.

ინგა ორ წელზე მეტია, რაც ფიროსმანის ქუჩაზე, 26-სართულიან სახლში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. ის ამბობს, რომ ზამთარში მათ სადარბაზოში ბინების 80% დაკეტილია:

„ვიცოდი, რომ ერთ ჭერქვეშ რამდენიმე ათეული ბინა იქნებოდა. ეს პასუხისმგებლობების გაზიარებას გულისხმობს, თუმცა მეზობლები ზაფხულამდე არ ჩანან, მათგან ბევრს არ ვიცნობ, შეიძლება სეზონი ისე დასრულდეს, რომ მათ ვერც კი შეხვდე. შესაბამისად, არც სადარბაზოს, სადარბაზოს კოდირებული კარის, ლიფტის მომსახურებასთან დაკავშირებული გადასახადების დაფარვაში იღებენ მონაწილეობას.“

პრობლემას ქმნის ისიც, რომ ასეთი სახლების უმეტესობას ბათუმში არ აქვს პარკინგი, ან იმდენად მცირე ადგილი აქვს დატოვებული ავტომანქანების გასაჩერებლად, რომ ეს აქ მცხოვრებლებს თუ დამსვენებლებს ზაფხულობით სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით,  მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა. ამავე მონაცემებით, აჭარა მეორე ადგილზეა [ფართობის მიხედვით] დასრულებული ობიექტების კუთხითაც.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს აჭარაში 130 ობიექტის მშენებლობა დასრულდა და 1 261 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა… აჭარაში 2019 წელს დასრულდა 451 839 კვ.მ ფართობის მშენებლობა, ხოლო ნებართვა გაიცა 3 045 775 კვ.მ-ის მშენებლობაზე. ამ კუთხით აჭარა პირველ ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით, ანუ 2019 წელს გაცემული ნებართვების მიხედვით, ყველაზე მეტი ფართობი აჭარაში აშენდა.

პრობლემების განხილვისას გადაწყვეტილების მიმღები პირები მშენებლობების მასშტაბს პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ქმნის სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ეკონომიკას.

ქაოტური მშენებლობებით ეკონომიკის გაძლიერებაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს არქიტექტორ ირაკლი ჟვანიას. მისი განმარტებით, ეკონომიკა თავისთავად მოიაზრებს ქალაქის დაგეგმვას, ტურიზმს, ტრანსპორტს, ასევე სხვა მიმართულებებს და ვერც მშენებლობებზე მიბმული დასაქმების ადგილი იქნება გრძელვადიანი:

„ეს სახლები უახლოეს მომავალში იქცევა არასასურველ სახლებად და მესაკუთრეები მოინდომებენ მათ გაყიდვას, რადგან მათ შეექმნებათ გაქირავების პრობლემა“, – ამბობს არქიტექტორი ირაკლი ჟვანია. ის არ გამორიცხავს, რომ ქალაქის შეცვლილი ინფრასტრუქტურის გამო შესაძლოა ეს სახლები ზაფხულშიც დაკეტილი დარჩეს.

„ის, რომ ქალაქის განვითარება არ იგეგმება მრავალი კუთხით, უკარგავს ბათუმს თავის იდენტობას, ასეთი ქალაქი ნამდვილად არ არის მიმზიდველი ხანგრძლივ პერსპექტივაში. ჩამომსვლელი რომ  დაინტერესდეს, ურბანული ხარისხის დონე უნდა იყოს უფრო მაღალი და არა დეგრადირებული ჯუნგლებით. ეს ვიზუალური მხარე პირდაპირ ურტყამს ტურიზმს პერსპექტივაში: მაღალი სახლები ერთმანეთთან ახლოს, პარკინგის არ არსებობა, გზების გადაჭედვა, კომუნიკაციების პრობლემა, თანაც ეს სახლები ცხრა თვე ცარიელია – ეს ყველაფერი აუარესებს ქალაქში ცხოვრების ხარისხს. როდესაც დეგრადირდება გარემო და ის აღარ არის მიმზიდველი, რა თქმა უნდა, ამ ბინებსაც შეექმნება გაქირავების პრობლემა.

შემდეგ მფლობელები დააპირებენ მათ გაყიდვას. დარჩება ეს სახლები რაღაც პერიოდის შემდეგ არასასურველ სახლებად, ეს იქცევა ეკონომიკურად არამიმზიდველ, არააქტიურ გარემოდ და როცა გარემო პასიურია, ეკონომიკურადაც კვდება. ქალაქს წართმეული აქვს შანსი, განვითარებულიყო საინტერესო და მდგრადი გზით, ყოფილიყო ეკონომიკურად ხანგრძლივ პერსპექტივაში მიმზიდველი“, – ამბობს არქიტექტორი.

______

ამავე თემაზე: მამუკა ხაზარაძის მოსაზრება ტურისტული თვალსაზრისით ბათუმის პერსპექტივაზე

 

10 წელში შეიძლება ბინების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყოს – ხაზარაძე ბათუმის განაშენიანებაზე 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: