მთავარი,სიახლეები

„აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა“ – საია და ეთიკის ქარტია

06.03.2020 • 3066
„აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა“ – საია და ეთიკის ქარტია

„გიორგი კოხრეიძეს ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის – თეონა ბაკურიძისთვის დროებით უფლებამოსილების შეჩერებაზე.

დღეს, 6 მარტს, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნიუსრუმში შემდგარ კამათზე ფაქტის მოკვლევა დაიწყო. დირექტორმა ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე გადაწყვიტა წამყვანის „დასჯა“, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის, გია ქარცივაძის აზრით, უკანონოა, რადგან მსგავს სამართლებრივ ურთიერთობას შრომითი კანონმდებლობა ან ტელევიზიის შიდაგანაწესი არ სცნობს.

„ბრძანებას აქვს დასაბუთების სერიოზული პრობლემა, ვიდრე მივალთ სარეზოლუციო ნაწილამდე. არსად არ არის მითითებული, რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება დირექტორმა. სარეზოლუციო ნაწილში ასევე არ ჩანს, კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება დირექტორმა, რადგან ტელევიზიის შიდაგანაწესი მსგავს შემთხვევას ითვალისწინებს მხოლოდ დისციპლინური სახდელის სახით, ამ შემთხვევაში კი დისციპლინური საქმისწარმოება არ დასრულებულა. მსგავს დროებით ღონისძიებას ტელევიზიის შიდაგანაწესი, ან შრომითი კანონმდებლობა არ იცნობს,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა. მან უკვე შესთავაზა სამართლებრივი მხარდაჭერა თეონა ბაკურიძეს.

ნიკა სიმონიშვილი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო პრაქტიკაზეც, რომლის მიხედვითაც შრომითი დავების დროს დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის შეჩერების, ან შეზღუდვის დროს კონკრეტული სამართლებრივი ნორმა უნდა დაასახელოს. მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელსაც გიორგი კოხრეიძე მიუთითებს ბრძანებაში, მხოლოდ დირექტორის უფლებამოსილებაზეა საუბარი და არ მოიცავს კონკრეტიკას.

საია-ს იურისტი ამბობს, რომ სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის სახით კოხრეიძის ბრძანების შეჩერებას მოითხოვს, რაც სასამართლომ 24 საათში უნდა განიხილოს.

გიორგი კოხრეიძის ბრძანებას უკანონოდ აფასებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც.

„ეს არის ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და რეალურად ემსახურება სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ეს ბრძანება ადასტურებს იმას, რომ საკითხის შესწავლა და ობიექტური რეალობის დადგენა კი არ იყო მიზანი, არამედ მიზანი იყო თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნა და ეს არის მცდელობა, შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა,“ – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს გია ქარცივაძეც, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი:

„მას მინიმუმ უნდა მოესმინა თავად თეონა ბაკურიძის აზრი და ჯერ მოკვლევა უნდა ჩატარებულიყო. ასეთ ფორმას კანონი არ იცნობს. გიორგი კოხრეიძე უთითებს იმ მუხლს, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს მსგავს სამართლებრივ ურთიერთობას დასაქმებულთან,“ – ამბობს გია ქარცივაძე.

რა იყო აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ტელევიზიიდან გაშვების სამართლებრივი საფუძველი? – ამ კითხვის დასმა ჩვენ გიორგი კოხრეიძისთვის გვსურდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ტელეფონს არ უპასუხეს არც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ კვოტით არიან არჩეულნი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: