გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) რეპროდუქციული ასაკის და ორსულ ქალებს COVID-19-თან დაკავშირებული პოტენციური რისკების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
ასევე გაიცა რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა მიიღონ მათ დროული სამედიცინო დახმარება.
„ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ. თუმცა ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირატორული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს. სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე,“ – ნათქვამია UNFPA-ს განცხადებაში.
გაეროს მოსახლეობის ფონდის თანახმად, ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული. კერძოდ, უნდა მოერიდონ ახლო კონტაქტს იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნით ან სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ. ასევე, საკვების მიღებისას თერმულად კარგად უნდა დაამუშაონ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ხორცი და კვერცხი.
თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.
ცალკე რეკომენდაციაა მეძუძური დედებისათვის. მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირატორული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული:
[checklist]
- სიმპტომების მქონე დედამ, რომელიც საკმარისად კარგად გრძნობს თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატაროს, როცა ბავშვთან ახლოს იქნება (კვების დროსაც). ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ.
- თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მან უნდა გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს – ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.
[/checklist]






