ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვინ არის 33 წლის პედაგოგი, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა ქობულეთში

23.02.2020
ვინ არის 33 წლის პედაგოგი, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა ქობულეთში

მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა, ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. სწორედ მისი სახელობის მემორიალს მოაწყობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში. მარიამი ამავე სოფლის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. მას 2 შვილი ჰყავდა.

ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მარიამ კონცელიძე გასულ წელს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მან ბაღის ეზოსთან, ფერდობიდან დაგორებული ავტომანქანისგან ბავშვები გადაარჩინა.

„2019 წლის 5 აპრილს, დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის, როცა ბაღიდან ბავშვების გაყვანის დრო იყო, მარიამს ბავშვების ერთი ჯგუფი გამოჰყავდა ბაღიდან, დაახლოებით 10-12 ბავშვი. ბაღს ემსახურება ტრანსპორტი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავს. ერთი ჯგუფი გასული იყო და ეს მეორე იყო დარჩენილი. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა თავისი მიკროავტობუსი გააჩერა სკოლასთან აღმართში [სკოლა და ბაღი გვერდიგვერდაა]. რაღაც მომენტში ეს მანქანა დაგორდა და წამოვიდა ბაღის მიმართულებით. მძღოლი გადმოსული იყო მანქანიდან და თავადაც შეეცადა გაჩერებას [დაუწვა მანქანას – მასაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი], თუმცა ვერ გააჩერა. მარიამმა ეს სიტუაცია როცა დაინახა, ბავშვების გადარჩენის მიზნით მათი იმ ადგილიდან განრიდება დაიწყო. მანქანა დაეჯახა ბაღის ჭიშკარს, ეს რკინის ჭიშკარი მოწყდა და დაეცა მასწავლებელს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით 2 კვირაში ის გარდაიცვალა“, – გვითხრა ია ხალვაშმა, ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა.

მარიამ ლაფაჩი-კონცელიძე 33 წლის იყო, მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

მემორიალის მოწყობაზე მუნიციპალიტეტს ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება დღეს, 23 თებერვალს, დაიწყო და 25 თებერვალს დასრულდება. მემორიალი ციხისძირში მდებარე სკვერში იმ ესკიზის მიხედვით მოეწყობა, რომელიც სატენდერო განცხადებას ერთვის.

მემორიალი 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა მოეწყოს.

მემორიალის ესკიზი / სატენდერო დოკუმენტიდან

მემორიალის ესკიზი / სატენდერო დოკუმენტიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: