მთავარი,სიახლეები

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ზოიძის ტელევიზიიდან წასვლას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს

06.02.2020
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ზოიძის ტელევიზიიდან წასვლას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის აჭარის ტელევიზიიდან წასვლას „პოლიტიკურ ზეწოლად“ აფასებს. ნათია ზოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი 2 თებერვალს დატოვა. მანამდე მას ტელევიზიის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელშეკრულება შეუცვალა და მოვალეობად მხოლოდ ანგარიშების მომზადება დაუტოვა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ბოლო მაგალითის გამო, რაც ძირს უთხრის ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმს და სიტყვის თავისუფლებას – ამ კვირაში ნათია ზოიძემ თანამდებობა დატოვა, როგორც აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილემ,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აქვე ნახავთ ნათია ზოიძის ციტატას მისი ფეიქბუქპოსტიდან: „იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება…“

ორგანიზაცია თავის განცხადებაში აქცენტს აკეთებს რამდენიმე დღის წინ აჭარის ტელევიზიაში შექმნილ ალტერნატიულ პროფკავშირზეც, რომელმაც ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლის შემდეგ მიიჩნია, რომ ეს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტია.

„ნათია ზოიძის გადაყენება მიუთითებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე მზარდია… მთავრობის მოკავშირეები სულ უფრო მეტ კონტროლს იღებენ კრიტიკულ, ან დამოუკიდებელ მედიაზე,“ – აცხადებს ჟან კავალიერი, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. იგი საქართველოს მთავრობას მოუწოდეს მედიის დამოუკიდებლობის და პლურალიზმის დაცვის გარანტიები შექმნას.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საუბრობს სხვა მედიასაშუალებებზეც, რომლებსაც პრობლემებიც შეექმნათ, მაგალითად, „რუსთავი 2“-ს, სადაც მესაკუთრეები შეიცვალნენ, ასევე ტელევიზიებზე, რომლებსაც ფინანსური სანქციები დაუწესეს. საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ შერჩევით მიდგომას ხედავს.

„მთავრობა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისა“ და „იმედისთვის“ 15 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადის გადავადებას დათანხმდა, მაშინ როდესაც კრიტიკულ მედიასთან მიმართებით მან მსგავსი მიდგომა არ გამოიყენა,“ – აღნიშნულია განცხადებაში. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედია მფლობელების – ნიკა გვარამიას და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავებზეც აკეთებს აქცენტს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: