მთავარი,სიახლეები

ლავასოღლის ახლობლების საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან

06.03.2020
ლავასოღლის ახლობლების საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან

დღეს, 6 მარტს, ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, მინდია ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ლავასოღლის საემიგრაციო ციხეში გადმოყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე თურქეთის კონსულისგან დაპირებას არ მიიღებენ.

“არც შემახვედრეს მინდიას, ორი დღის წინ ჩამოვედი…  იზმირის ციხეშია ისევ. გამოუშვეს და მერე ისევ მომპარეს,” – ამბობს ირინა ლავასოღლი, მინდია ლავასოღლის და.

ადვოკატი ლექსო კობაიძის თქმით, ლავასოღლი განსაკუთრებით მძიმე პირობებში იმყოფება, სარდაფში ჰყავთ, საემიგრაციო ციხეში კი, ის შედარებით უკეთესად იქნება.

“ეს ჰგავს იმ ამბავს, როცა ნარკოტიკებზე აკავებდნენ პირს, ის არ აძლევდა ბიოლოგიურ მასალას, უშვებდნენ თუ არა, მერე ისევ აკავებენ.

თურქეთის საექსტრადაციო სასამართლოში საქართველო ვერ ადასტურებს იმას, რომ ლავასოღლი უნდა გადასცენ, ოფიციალურად ასეა.

გამოდის, საქართველო ოფიციალურად ლავასოღლის ექსტრადაციას ითხოვს, არაფორმალურად კი ეუბნება, რომ მოიცათ, ჯერ არ გამოუშვათ,” – აცხადებს ადვოკატი ლექსო კობაიძე.

საკონსულოსთან შეკრებილებმა გვითხრეს, რომ ისინი “ლავასოღლის შინაურები” არიან.

“ვიცით, რომ დედა ძალიან განიცდის… მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია. სანათესაო ბევრი ჰყავს მინდიას, აქ კიდევ ზღვაში წვეთი ვართ,” – ამბობს ზაირა ძნელაძე.

საპროტესტო აქცია გრძელდება.

____

მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 28 თებერვალს ამოეწურა, თუმცა 29 თებერვალს მას ხელახლა შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი და ლავასოღლი უახლოეს დღეებში საქართველოს და თურქეთის წინააღმდეგ დავას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

„28 თებერვალს ის გადაიყვანეს სადეპორტო განყოფილებაში, სადაც შედარებით თავისუფლებაა, მაგრამ ნახევარ დღეში ის ისევ დააპატიმრეს… თურქი ადვოკატები არკვევენ, რა არის ხელახალი საექსტრადაციო პატიმრობის საფუძველი. საქართველო ამბობს, რომ ითხოვს მის გადმოცემას, თურქეთის პოზიციაა, წაიყვანეთო, ამიტომ ორივეს უჩივის ლავასოღლი სტრასბურგის სასამართლოში,“ – გვითხრა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, მინდია ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: