მთავარი,სიახლეები

აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადება

06.03.2020
აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მაუწყებელში დღეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ რედაქტორების გათავისუფლების შემდეგ, 4 მარტს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დირექტორმა გოგა კოხრეიძემ გიორგი აბაზაძე დანიშნა. დღეს გიორგი აბაზაძე შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არხის მთავარი გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის თქმით, გიორგი აბაზაძე ზეწოლის ქვეშაა.

გთავაზობთ ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებას:

„აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მდგომარეობას ვაფასებთ როგორც – საგანგაშოს. განსაკუთრებით ბოლო კვირის განმავლობაში, ყოველდღიური ხასიათი მიიღო ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილ პირებსა და ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებს შორის კონფლიქტმა, რომელზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მაუწყებლის ხელმძღვანელობას.

მმართველთა საბჭოზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით, ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დაინიშნა, მაუწყებელში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა [განმუხტვის ნაცვლად].

ამ მომენტში, აუცილებლობად მიგვაჩნია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ კონფლიქტური სიტუაციების გაღვივება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ სიტყვიერი და სხვა სახის შეურაცხყოფა, შესაძლოა, გადაიზარდოს უმართავ და უკონტროლო პროცესებში.
ჩვენ ნათლად ვხედავთ და ყოველდღიურად საკუთარ თავზე ვცდით, თუ როგორ ნეგატიურად აისახება აჭარის მაუწყებელში არსებული ვითარება თანამშრომელთა ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე. ვითარება ხელს უწყობს და ახალისებს ჩვენს დემორალიზებას და, ფაქტობრივად, აფერხებს პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელმძღვანელობას და პროცესში ჩართულ პირებს – გამონახონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი სიტუაციის განმუხტვისთვის და მოამზადონ ნიადაგი მედიაციისთვის.
იმედს ვიტოვებთ, რომ მაუწყებლის არც ერთი თანამშრომლის ჯანმრთელობას არ დაემუქრება საფრთხე და მენეჯმენტი უზრუნველყოფს მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულ პროფესიულ გაერთიანებას, ვითარების დროებით დასტაბილურების საუკეთესო გზად მიგვაჩნია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ჩართულობა მიმდინარე პროცესში“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: