მთავარი,სიახლეები

„აქაურობა ფეკალიებით დაიტბორა, ჩნდება ეპიდემიის საფრთხე“ – აქცია ოცნების ქალაქში

06.03.2020
„აქაურობა ფეკალიებით დაიტბორა, ჩნდება ეპიდემიის საფრთხე“ – აქცია ოცნების ქალაქში

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა დღეს, 6 მარტს, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დასახლებულ ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ. მოქალაქეების თქმით, რადგან დასახლებას არ აქვს საკანალიზაციო სისტემა, ფეკალური მასები მიწის ზედაპირზე ამოედინება, რაც გაუსაძლის პირობებს ქმნის.

„ფეკალური მასებით დაიტბორა დასახლების ნაწილი, სადაც ბევრი ბავშვი ცხოვრობს. სასწრაფოდ უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რადგან ეპიდემიის და ვირუსების აფეთქება გარდაუვალი იქნება.

კორონავირუსია, სკოლები დაკეტეს და აქ ბავშვებს ანტისანიტარიაში უხდებათ ცხოვრება. არანაირი უსაფრთხოების ზომები არ მიუღია არავის, არც პირბადეები, არც ხსნარები, რომ რაღაც ზომები მაინც მივიღოთ ჰიგიენის. არაერთხელ დავაყენეთ ეს პრობლემა და დღემდე იგივე სიტუაციაა. მარტო საარჩევნოდ ვახსენდებით“, – ამბობს დასახლების მცხოვრები სოფო ბერიძე.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს ანტისანიტარიის და სიღარიბის გამო

„გაზაფხული მოდის, დათბება მალე და აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. გარდა იმისა, რომ საშინელი სუნია, დაავადებებიც შეიძლება გავრცელდეს. მერიას მივმართეთ განცხადებითაც, მაგრამ მდგომარეობა არ შეცვლილა“, – ამბობს ნაზი სურმანიძე.

მოქალაქეები დასახლებაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების გარდა სოციალურ პრობლემაზეც საუბრობენ. მათი ნაწილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სოციალური შემწეობები შეუჩერეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„მასობრივად დაიწყეს სოციალური შემწეობების შეჩერება. ვფიქრობ, ეს ამ დასახლებაში კორპუსების მშენებლობას უკავშირდება, რადგან კატეგორიები როცა დადგინდება, იქ სოციალურად დაუცველის სტატუსი ვისაც არ ექნება, ის შესაძლოა ვეღარ მოხვდეს. ეს კორპუსები 582  ოჯახზეა გათვლილი და ალბათ ამ ფორმით ცდილობენ რაოდენობის შემცირებას“, – გვეუბნება კახა ხიმშიაშვილი,  რომელიც შიშობს, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა ბინათმშენებლობები აღარც გააგრძელონ.

კანალიზაციის წყალი საცხოვრებელი ქოხის ირგვლივ

კახა ხიმშიაშვილი დასახლებაში არსებულ რთულ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ანტისანიტარიის გამო, საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას.

„ამ პრობლემას ორმოების ერთხელ ან ორჯერ ამოტუმბვა ვერ მოაგვარებს, ზედაპირული გაწმენდა არ არის საკმარისი, საკანალიზაციო მილები უნდა გაკეთდეს“, – გვეუბნება ის.

21 თებერვალს „ოცნების ქალაქში“ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც იმყოფებოდნენ, მათ დასახლებაში კორპუსების მშენებლობის დაწყება დააანონსეს და მოსახლეობას სკოლისა და ბაღის მშენებლობას დაჰპირდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: