მთავარი,სიახლეები

აბაზაძის დისკრიმინაციული განცხადებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის სტანდარტს – ჟურნალისტები

06.03.2020 • 2518
აბაზაძის დისკრიმინაციული განცხადებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის სტანდარტს – ჟურნალისტები

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გადაარჩინონ პოლიტიკური ჩარევებისგან, დღეს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი საგაფიცვო რეჟიმში მუშაობს, ამიტომ ისინი მედიაციის დასრულებამდე დირექტორს სთავაზობენ მის მიერ გათავისუფლებული რედაქტორების ნაცვლად, რომელიმე მოქმედი რედაქტორი დანიშნოს მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად. დირექტორმა მათი თხოვნა არც ამჯერად გაითვალისწინა და ამ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დანიშნა.

„გიორგი აბაზაძის დანიშვნამ რამდენიმეთვიანი კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ახალი ამბების სამსახურიდან უსამართლოდ და სარედაქციო პოლიტიკის საბოლოოდ შეცვლის მიზნით, მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის გათავისუფლების ფონზე, ჩვენთვის მიუღებელია მოვალეობის შემსრულებლად არაკომპეტენტური პირის დანიშვნა…

ამასთან, მისი შეხედულებები უმცირესობებთან დაკავშირებით, სექსისტური და დისკრიმინაციული განცხადებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის ეთიკურ სტანდარტს. მაუწყებლის დირექტორის ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ იგი არ იზიარებს ახალი ამბების გუნდის სულისკვეთებას და არ სურს ვითარების განმუხტვის მიზნით, დროებით, მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნოს ჩვენ მიერ შეთავაზებული ანალიტიკური გუნდის გამოცდილი რედაქტორები,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დღეს, 6 მარტს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გაავრცელეს.

ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის დანიშვნამ კრიზისი გააღრმავა. ახალი ამბების გუნდი ტელევიზიის მენეჯმენტს კონკურსამდე უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ირინა ყურუას ან ლაშა ზარგინავას დანიშვნას ითხოვდა.

ჟურნალისტები ეხმაურებიან სხვა საკადრო ცვლილებასაც:

„ბოლო საკადრო გადაწყვეტილებებისას, დირექტორმა ახალი ამბების უფროსთან (რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა) შეთანხმების გარეშე რედაქტორის პოზიციაზე დანიშნა ფირუზ ბოლქვაძე. ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი არ იზიარებდა გუნდის ერთსულოვნებას და არასდროს გამოირჩეოდა მგრძნობელობით მიმდინარე პროცესებში ღირებულებითი საკითხების მიმართ. ამ შეთავაზების მიღებით კი, იგი ფაქტობრივად დაეთანხმა მენეჯმენტის უსამართლო გადაწყვეტილებებს.

კიდევ ერთი გარემოება ახალი ამბების სამსახურის უფროსის კონსულტანტს უკავშირდება. ეს პოზიცია დირექტორმა ლალი ბერძენიშვილს ჩააბარა და გიორგი აბაზაძეს დამხმარედ დაუნიშნა (კონსულტანტი ამბობს, რომ არ არის პასუხისმგებელი შინაარსზე).

ცნობისთვის, დირექტორი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ამტკიცებდა, რომ ახალი ამბების უფროსს მოადგილე (დამხმარე) არ სჭირდებოდა. ამ გადაწყვეტილებამ კი კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა, რომ გიორგი კოხრეიძის და მისი მხარდამჭერი მრჩევლების მთავარი მიზანი კონკრეტული ადამიანის – მაია მერკვილაძის რედაქციიდან ჩამოშორება იყო,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბების ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ წინა პროცესებზეც და აჭარის უმაღლეს საბჭოს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ: მათ მოლოდინი აქვთ, რომ ამ პროცესის საბოლოო შედეგი ცენზურა იქნება.

„ამასთან, ყველასთვის ცნობილია, როგორ აირჩიეს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, სასამართლოს იარაღად გამოყენების შედეგად, გიორგი კოხრეიძე „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა. ცნობილია, რომ სწორედ ამის შემდეგ გახდა ნათია ზოიძე ზეწოლის და დევნის მსხვერპლი. ამას მოჰყვა რედაქტორის, ნათია შავაძის შეთავაზების გარეშე გათავისუფლება, შემდეგ მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება, მიუღებელი პოლიტიკის გამო ნინო ხოზრევანიძის სამსახურიდან წასვლა და ახალი ამბების უფროსის შორენა ღლონტის დისციპლინური დევნის საფუძველზე, რედაქციიდან ჩამოშორება.

ქრონოლოგია და ფაქტები დღითიდღე გვარწმუნებს, რომ საბოლოო შედეგი იქნება ახალი ამბების შინაარსის შეცვლა და ცენზურა, რაც დირექტორის პირველივე საჯარო განცხადებებიდან იკვეთებოდა.

მივმართავთ მენეჯმენტს და მრჩეველთა საბჭოს აიღონ პასუხისმგებლობა შექმნილ მძიმე ვითარებაზე და გადადგან ადეკვატური ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იქნება კიდევ უფრო მეტი გათავისუფლებული, ან სამსახურიდან იძულებით წასული ადამიანი, დაშლილი წარმატებული გუნდი და მხოლოდ დირექტორის და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მრჩევლების მხარდაჭერილი კადრებით შექმნილი შინაარსი.

მივმართავთ, აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის დეპუტატებს, აიღოს პასუხისმგებლობა მათ მიერ მიღებული გადაწყეტილებების შედეგებზე და პატივი სცენ”, – წერია განცხადებაში.

——————————–

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირმა საგაფიცვო მოთხოვნებით უკვე მიმართა ტელევიზიის მენეჯმენტს. მას შემდეგ, რაც ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს მისი უფროსი შორენა ღლონტი და რედაქტორები: მაია მერკვილაძე და ნათია შავაძე ჩამოაშორეს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დანიშნეს. საინფორმაციო სამსახურის რედაქტორების ძველ პოზიციებზე დაბრუნება და სტატუსკვოს შენარჩუნება ერთ-ერთი საგაფიცვო მოთხოვნაა. ტელევიზიაში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

ამ თემაზე:

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: