თითქმის ერთი წელია საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ტელევიზიებში და ონლაინ მედიაში ამ თემაზე არაერთ სიუჟეტსა და სტატიას ნახავდით, თუმცა ბევრისთვის მაინც გაუგებარია, რა ხდება აჭარის ტელევიზიაში: ესაა ცალკეული პირების დაპირისპირება ფულისა და გავლენების გამო, თუ ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადასარჩენად. ამჯერად შევეცადეთ მოკლედ გვეპასუხა ყველა იმ კითხვაზე, რაც აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
- ჩემთვის, მაყურებლისთვის, რატომაა მნიშვნელოვანი რა ხდება აჭარის ტელევიზიაში?
საზოგადოებრივი მაუწყებლი არის ხალხის ფულით დაფინანსებული ორგანიზაცია. შესაბამისად, მან უნდა გააშუქოს ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესი, ისე, რომ მაყურებელმა მიიღოს ზუსტი და არა მთავრობის ინტერესებს მორგებული ინფორმაცია.
საქართველოს მოსახლეობა მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღებისთვის იხდის ფულს. შეგახსენებთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარია და ამ ფულს იხდით თქვენ, თქვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან.
- როგორ და როდის დაიწყო დაპირისპირება?
პრობლემები ტელევიზიაში დაიწყო თითქმის 1 წლის წინ, 2019 წლის აპრილში, როცა აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი. იმპიჩმენტი შედგა და ნათია კაპანაძე გადააყენეს დირექტორის თანამდებობიდან. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს უკავშირდებოდა ხელისუფლებას, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონდა აჭარის ტელევიზიის კრიტიკული სიუჟეტები და დირექტორის მოხსნით აპირებდა ტელევიზიის „მოთვინიერებას“.
- ვინ ვის უპირისპრდება ახლა აჭარის ტელევიზიაში?
ახლა ამ დაპირისპირებაში ორი მხარეა. ერთ მხარეს არის აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა და მეორე მხარეს – ტელევიზიის ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ნაწილი, დაახლოებით 90 ადამიანი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დირექტორს უნდა აჭარის მაუწყებელის მიერ მომზადებული ახალი ამბები აკონტროლოს, შეცვალოს აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და თავიდან მოიშოროს ყველა, ვინც ამაში ხელს უშლის.
- რა ვერ გაიყვეს? თანამდებობები და ხელფასები უნდათ?
არა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები, რომლებიც აპროტესტებენ მაუწყებელში ახალი დირექტორის პოლიტიკას, არ ითხოვენ არც ხელფასების მომატებას და არც თანამდებობებს. ისინი ითხოვენ მათ საქმიანობა თავისუფალი იყოს პოლიტიკური და სხვა ტიპის გავლენებისგან.
- რატომ არ მოსწონთ ჟურნალისტებს დირექტორი?
ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ დირექტორი, გიორგი კოხრეიძე არის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული კადრი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს მთავრობის მიერ მართული ტელევიზია. დანიშვის პირველივე დღეს გიორგი კოხრეიძემ ჟურნალისტიკა სტუმარ-მასპინძლობას შეადარა და განაცხადა, რომ რესპოდენტები უნდა გააკრიტიკო, მაგრამ ისე, როგორც ძმას ან შვილს აკრიტიკებ. მართალია, გიორგი კოხრეიძე მოსვლის დღიდანვე ამბობდა, რომ საფრთხე არავის ემუქრებოდა, რეალურად კი მისი მოსვლის შემდეგ 3 რედაქტორი გადააყენეს თანამდებობიდან, დირექტორის მოადგილე სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებით კი იძულებული გადა სამსახური დაეტოვებინა.
- საიდან იციან, რომ ტელევიზიის დირექტორი მთავრობის მიერაა დანიშნული?
აჭარის მაუწყებლის დირექტორს ირჩევს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო, რომელშიც 5 წევრია. მათგან 3 წევრი, უმრავლესობა, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირია.
გარდა ამისა, ჟურნალისტების ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ გიორგი კოხრეიძის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ შეაჩერა მაუწყებლის დირექტორის კონკურსი, რაც, იურისტების განცხადებით, არასწორი, უსაფუძვლო გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხრიდან და ამით სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხის რეალურობას აჭარის ტელევიზიაში კიდევ უფრო ცხადი გახდა. როცა სასამართლომ დირექტორის კონკურსი შეაჩერა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ სასამართლო ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან.
- მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო რა არის და რა როლი აქვს მას ამ პროცესებში?
მრჩეველთა საბჭო განსაზღვრავს მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს, ირჩევს დირექტორს და ა.შ. აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე მრჩეველთა საბჭო უშუალოდაა პასუხისმგებელი, რადგან მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა წინა დირექტორის იმპიჩმენს და შემდეგ სამ მცდელობაზე ვერ აირჩია ახალი დირექტორი; ახალი მრჩეველთა საბჭო მხარს უჭერს დირექტორის თითქმის ყველა გადაწყვეტილებას ჟურნალისტების პროტესტის მიუხედავად, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს აჭარის ტელევიზიაში.
სხვათა შორის, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ახლა სწორედ ის პირია, რომელმაც ერთი წლის წინ ყოფილი დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. გიგა ჩხარტიშვილი იმპიჩმენტის და ახალი საბჭოს არჩევის შემდეგ აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარედ. ახალი საბჭოს წევრებმა ხელფასები გაიზარდეს და საახალწლოდ 2 000-ლარიანი პრემიებიც მიიღეს.
- რა ცვლილებები მოჰყვა ახალი დირექტორის მოსვლას ტელევიზიაში?
ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ შეეხო ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს, რომელიც ახალ ამბებს ამზადებს.
ახალი დირექტორის დანიშვნისთანავე აჭარის ტელევიზია და რადიო დატოვეს წინა დირექტორის მიერ მოწვეულმა კონსულტანტებმა: ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ.
დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერსა და რედაქტორს ნათია შავაძეს.
დირექტორმა, თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც სარედაქციო პოლიტიკის მართვა ევალებოდა, შეუცვალა ხელშეკრულება და მას მხოლოდ ანგარიშების შედგენა დაავალა. ნათია ზოიძე იძულებული გახდა ჩამოშორებოდა საინფორმაციო სამსახურს. მან ტელევიზია დატოვა.
დირექტორმა, მრჩეველთა საბჭოს მხარდაჭერით, გააუქმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი და მაია მერკვილაძე, რომელიც მუშაობდა ამ თანამდებობაზე, იძულებული გახდა ჩამოშორებოდა საინფორმაციო სამსახურს.
დირექტორმა გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი სამსახურეობრივი გადაცდომის მიზეზით.
დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ტელეწამყვანი, 22 წლის გიორგი აბაზაძე, რომელსაც ამ დრომდე არ ჰქონია მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება, მის კონსულტანტად კი დანიშნა ტელევიზიის თანამშრომელი ლალი ბერძენიშვილი., დირექტორს აქამდე მისი დანიშვნა საინფორმაციო სამსახურის უფროსად სურდა.
- ვინ დაასაქმა დირექტორმა მაუწყებელში?
ამ დრომდე ყველაზე გახმაურებული ორი ახალი კადრის დანიშვნაა.
დირექტორის მოადგილედ, დახურულ კონკურსში აირჩიეს ვახო ხუზმიაშვილი, იგი „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა. ბოლო პერიოდში კი Prime Time-ის დირექტორი იყო. დირექტორის მოადგილის კონკურსის გამოცხადებისთანავე ითქვა, რომ დირექტორმა საგანგებოდ ხუზმიაშვილისთვის გამოაცხადა კონკურსი, რადგან კონკურსის პირობებში ეწერა, რომ დირექტორის მოადგილედ არჩევისათვის საკმარისი იყო ბაკალავრის დიპლომი, ხუზმიაშვილი კი ამ კონკურსში ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც მხოლოდ ბაკალავრის დიპლომი ჰქონდა და არა მაგისტირის ან მასთან გათანაბრებული.
მეორე, კიდევ უფრო გახმაურებული ამბავი საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად ნინო ხაჟომიას დანიშვნა იყო. ნინო ხაჟომიას კარიერა თავის დროზე გადაცემა „60 წუთში“ დაიწყო, 2012 წელს კი მუშაობდა „რეალ ტვ“- ში, რომელიც სახელდებოდა, როგორც მიკერძოებული, მკვეთრად პროსახელისუფლებო ტელევიზია. აჭარის საინფორმაციო სამსახურში ხაჟომიას ცივად შეხვდნენ, მან დანიშვნიდან ოთხ დღეში დატოვა რედაქტორის თანამდებობა.
- რას აპროტესტებენ ჟურნალისტები?
ჟურნალისტები და მაუწყებლის სხვა თანამშრომლები აპროტესტებენ დირექტორის პოლიტიკას, რომელიც, თავიდან იშორებს ყველა იმ კადრს, რომელსაც საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ენდობიან. მაუწყებლის თანამშრომლები თვლიან, რომ დირექტორი ცდილობს აჭარის მაუწყებელს წაართვას სარედაქციო დამოუკიდებლობა.
დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნიდან დღემდე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გამართეს რამდენიმე აქცია. მათი მოთხოვნა და გზავნილები უცვლელია – „ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა – დირექტორისთვის“, მოგვეცით მუშაობის საშუალება, ნუ ჩაერევით სარედაქციო დამოუკიდებლობაში.
- მთავრობა რას ამბობს ამაზე?
მთავრობა ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიის მიმდინარე მოვლენებში არ ერევა, თუმცა ასე არ ფიქრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
საქართველოში თითქმის ყველა ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა.
საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს უწოდა „საგანგაშო“, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს სამჯერ გამოეხმაურა გავლენიანი საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და საქართველოს მთავრობას მოუწოდა „პატივი სცეს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ჯგუფის სარედაქციო დამოუკიდებლობას“.
- ახლა რა მოხდება?
ახლა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ის თანამშრომლები, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იბრძვიან, აპირებენ გაფიცვას, თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები. მათ უკვე შეიტანეს მაუწყებელში ოთხპუქტიანი მოთხოვნა, რომლის შესრულების შემთხვევაში სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული უნდა იყოს. ამჟამად მიმდინარეობს მედიაციის პროცესი, რომელშიც ტელევიზიის თანამშრომლების და მენეჯმენტის გარდა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროც უნდა ჩაერთოს. თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ამის შემდეგ შეეძლებათ მაუწყებლის თანამშრომლებს გაფიცვა.
___________
მარიამ მუთიძის ილუსტრაცია