მთავარი,სიახლეები

10 წელში შეიძლება ბინების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყოს – ხაზარაძე ბათუმის განაშენიანებაზე 

08.12.2019 • 3993
10 წელში შეიძლება ბინების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყოს – ხაზარაძე ბათუმის განაშენიანებაზე 

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბათუმსა და თბილისში ქაოსური მშენებლობების მთავარი მიზეზი ხედვის არარსებობა და პრობლემის გადაწყვეტის მოკლე გზაა, რაც არაეფექტურია. მამუკა ხაზარაძე დღეს ბათუმში იმყოფებოდა, „ბათუმელებმა“ მას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე დაუსვა შეკითხვა, მათ შორის, ბათუმის განაშენიანებასა და „ბათუმი რივიერას“ პროექტზეც.

„ჩემთვის არგუმენტი არ არის, ისტორიულ უბანს სახე შევუცვალოთ იმიტომ, რომ აქ უნდა ჩავდგათ 16-სართულიანი, რომელიც სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არ არის მუდმივი სამუშაო ადგილი. პირიქით, ამას მოჰყვება ის, რომ ტურისტი არ გვეყოლება, ტურისტი არ ჩამოდის იმისთვის, რომ 16-სართულიანი სახლი ნახოს. ამიტომ რეგულაცია არის ნომერ პირველი ამოცანა.

არ შეიძლება შენდებოდეს კორპუსი, რომელსაც არა აქვს ავტოსადგომი, არა აქვს გამწვანება, არ შეიძლება ამოვარდნილად, დამახინჯებულად აშენდეს რამე ქალაქის ცენტრში, რაც ესთეტიკურ ხედვას და ქსოვილს დაარღვევს ქალაქისას. ჩაიარეთ და ნახავთ, უზარმაზარი შენობები პირდაპირ ზემოდან აზის ულამაზეს შენობებს, რომლის გამოც ჩამოდის აქ ტურისტი. ამიტომ რას ვაკეთებთ, ეს ხომ თავის მოტყუებაა, ვითომ სამუშაო ადგილს ვქმნით, დროებით, რომელიც შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს და ამ დროს ვანგრევთ უფრო მეტ სამუშაო ადგილს და უფრო მეტ შემოსავალს ვუკარგავთ მოქალაქეს, იმიტომ, რომ იმის განმეორება შეუძლებელია, რაც ისტორიამ მოგვცა.

…თუ შენი ქალაქი შენთვის არ არის კომფორტული, მაშინ რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ამიტომ ამ პროპაგანდას [ბიზნესის არგუმენტებს დასაქმებასა და ქალაქის განვითარებაზე] თავი უნდა დავანებოთ, ბიზნესსაც თუ აეხსნება ეს ყველაფერი, მათთვის უკეთესია. მე არ ვლაპარაკობ ბიუროკრატიაზე, რაც ბიზნესს ხელს შეუშლის, მე ბიზნესიდან მოვდივარ და ძალიან კარგად ვიცი, სად გადის ზღვარი საზოგადოებისა და ბიზნესის ინტერესებს შორის. საჭიროა დიალოგი. დღეს არ არსებობს დიალოგი და ხდება ქაოტური განვითარება მთელი ქვეყნის. არ ვიცით, სად უნდა ვიყოთ 5 წლის შემდეგ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა იცოდეთ 5 წლის შემდეგ როგორი ბათუმი გჭირდებათ, როგორი უნდა იყოს ქალაქი, ასე ამოგლეჯილად ეს არ განვითარდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უცნობია, რა მდგომარეობა იქნება ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე ათი წლის შემდეგ:

„იმის ახსნა, რომ აქ ინვესტიცია შემოდის და ბინებს კარგად ვყიდით… 10 წელიწადში რანაირი სიტუაცია დაგვხვდება ამ ბინების გაყიდვის?! შეიძლება ნახევარზე მეტი დაკეტილი იყოს მთელი წლის განმავლობაში. მონაკოში თქვენ რომ ბინა იყიდოთ და იქ ცხოვრების უფლება მოგცენ, თქვენ არ გაქვთ უფლება, იქ დაკეტილი გქონდეთ ბინა, რადგან დაკეტილი ბინა სამუშაო ადგილს არ ქმნის. ხომ ვითომ ნიუანსია, მაგრამ თუ ბინა არ იკეტება, იმას დამლაგებელი სჭირდება, დაცვა, მომსახურება, ამიტომ მუდმივად რაღაცას უნდა აკეთებდე, რომ მიიღო ეს პრივილეგია. შეიძლება თქვათ, სად მონაკო და სად ჩვენ, მაგრამ კარგი მაგალითები თუ არ ავიღეთ და მაღალი სტანდარტი…“

„ბათუმელების“ კითხვაზე, იცნობს თუ არა „სილქ როუდ ჯგუფის“ ბათუმის „რივიერას“ პროექტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პროექტს დეტალურად არ იცნობს:

„რომ გითხრათ, რომ მე ან ვეწინააღმდეგები, ან არ ვეწინააღმდეგები, არ ვიქნები ობიექტური. ასეთი მასშტაბის ნებისმიერი პროექტი უნდა ექვემდებარებოდეს ანალიტიკას და სერიოზულ დასკვნებს, პირველ რიგში ეკოლოგიური თვალსაზრისით.

ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ნორმები არსებობს, არ შეიძლება კორპუსი ჩაიდგას და ამ კორპუსმა დაუბნელოს მზე ისტორიულ შენობაში მცხოვრებ ადამიანს.

არსებობს უამრავი სტანდარტი და არის ესთეტიკური მხარე, რომელიც საზოგადოებასთან ერთად უნდა იქნას განხილული. ესთეტიკურ ნაწილში რომ გემოვნებაზე არ ვიკამათოთ, ამიტომ საჭიროა საერთაშორისო კონკურსების მოწყობა, არამარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო არქიტექტორების მონაწილეობით და ღია წესით, რომ ადამიანები მიხვდნენ, რანაირი რივიერა სჭირდება ბათუმს, რა არის უფრო ლამაზი. ის, რომ არც წინა და არც ეს ხელისუფლება ამას ყურადღებას არ აქცევს და ერთი ადამიანი წყვეტს, შენობა როგორი უნდა იყოს, ასე არ შეიძლება.

მე არ ვიცნობ ასე დეტალურად [რივიერას პროექტს]. რადგანაც არ ვიცნობ, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას აკლია ამაზე ინფორმაცია. თუ ამხელა მასშტაბის მშენებლობაა, რომელიც რაღაც პრობლემას ქმნის, განხილვა უნდა მოხდეს ღიად.

…ბიზნესი არ განვითარდება, თუ მას არა ჰყავს მომხმარებელი და თუ მას მოწინააღმდეგე ჰყავს, ის პროდუქტი ვერ გაიყიდება ბაზარზე, ეს თავის მოტყუებაა. თუ ააშენე რაღაც, რასაც სულ პროტესტი მოჰყვება, ეს ვერ იქნება მდგრადი ბიზნესი.“

მამუკა ხაზარაძესთან სრული ინტერვიუ batumelebi.ge-ზე მალე გამოქვეყნდება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: