როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 თებერვლის 21 საათიდან 4 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ნალექი, მთაში მოსალოდნელია თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით გაძლიერდება 17-22 მეტრი წამამდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 7– 12 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 5 და 6 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს – შსს

თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან დაუსწრებლად, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.

შსს-ს მიერ დღეს, 3 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – სულხან ჯაფარიძე [თვალჭრელიძე] მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ.

„ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 242 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 633 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 985 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 36 855 ერთეული [+53]
  • MLRS – 1 633 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 292 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 122 388 ერთეული [+1 171]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 738 ერთეული [+153]
  • სპეცტექნიკა – 4 058 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 112 076 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 649 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 459 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 657 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 021 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 553 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში 12 მაღაროელი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ჩვენ არ ვებრძვით ახირებულ მილიარდერს, ვებრძვით რუსეთს და განგაშის დროა“ – რომან გოცირიძე

„დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ცეცხლს დარაჯობ რომ არ ჩაქრეს – თუ ჩაქრა, მერე ძნელია მისი მოპოვება, უნდა დაელოდო, როდის გაავდრდება, ელვა რაღაცას რომ წაეკიდოს“, – ამბობს რომან გოცირიძე.

ყოფილ პარლამენტარს რეპრესიულ კანონში „ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებზე, ასევე რეზონანსულ დაკავებებზე ვკითხეთ, რაც ადასტურებს, რომ 13 წელია ქვეყანა კორუფციის ჭაობშია.

ბრალდებულია ორი ყოფილი პრემიერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მისი ყოფილი მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ასე შემდეგ … 

  • ბატონო რომან, ორჯერ მართავდა ქვეყანას პრემიერი, რომელსაც დიდი ოდენობით ფულის ლეგალიზებას ედავებიან, მეორეს კი ბრალად ედება ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. დაკავებებით თუ ვიმსჯელებთ, „ოცნება“ თავადვე აღიარებს, რომ წლებია ქვეყანა კორუფციის ჭაობშია? 

„ოცნება“ მასშტაბური რეპრესიები იგრძნობოდა აბსოლუტურად ნეიტრალური თემებით, ვითომ ამ მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის ჩვენებით, ღარიბაშვილის მთავრობასთან შედარებით.

ერთი შეხედვით მასშტაბური კორუფცია იკვეთებოდა იმ განცხადებებში, რასაც კობახიძე აკეთებდა, მაგრამ მეორე მხრივ აღქმული იყო, როგორც ტრაბახი, აი ჩვენ დავიწყებთ წინამორბედი პრემიერის და მთავრობის შეცდომების გამოსწორებას… ამას დაჭერების სერია რომ მოჰყვებოდა, არც კი წარმოედგინა ვინმეს.

მაგალითად, აბსურდული იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ერთი ჯიხური საქართველოში ათეთრებს 700 მილიონ დოლარს ორ წელიწადში, თურმე ვიღაცას მანქანით შემოჰქონდა აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან დოლარები, ამ ჯიხურმა გაატარა და შეიტანა ბანკში. ჯიხურის მფლობელი დააკავეს, ოღონდ ბანკში, სადაც მიჰქონდათ, არაფერი გაუკეთებიათ. 

ჩვენს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ლარის, დოლარის, ევროს მთლიანი კონვერტაცია წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი ლარისაა, ეს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია. წარმოგიდგენიათ, რომ 700 მილიონს ორ წელიწადში ათეთრებდეს ჯიხური? – მინიშნებები იყო, რომ ეს არის ფულის გათეთრებაზე.

მომავალში გამოჩნდა, რომ ლილუაშვილის ბოსტანში ისროდნენ კენჭებს

ასევე პასუხისმგებელია გომელაური, ვინაიდან საზღვრის დაცვა პირდაპირ შსს-ს დაქვემდებარებაშია, თუმცა ის ჯერჯერობით ასცდა რეპრესიებს. როგორც ჩანს, ის არ წარმოადგენს ივანიშვილისთვის საფრთხეს.

ამას მოჰყვა განცხადება, რომ 700 მილიონი ლარი დაზოგეს სახელმწიფო საწარმოებში. ჩვენთან მთავრობა დაახლოებით 400-მდე საწარმოში მონაწილეობს, როგორც აქციონერი ან პარტნიორი. საოცრებას ამბობდნენ, რომ თურმე 348 მილიონი ლარი დაზოგეს მხოლოდ ტენდერებში, ანუ პირდაპირ ამბობდნენ, რომ ვიღაცები ან იპარავდნენ ამ ფულს, ან არაეფექტიანად იყენებდნენ.

ძირითადად ვის ეხება ეს? – სახელმწიფო საწარმოებს, ეს არის რკინიგზა, ელექტროგადაცემა, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზისა და ნავთობის კომპანია, ენერგეტიკული ობიექტები, როგორიც არის გარდაბნის თბოსადგურები, ენგურჰესი და ა.შ. უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოები, სადაც თურმე იფლანგებოდა ფული.

  • როცა ამბობ, რომ ფულს იპარავდნენ შენი მთავრობის მაღალი რანგის მოხელეები, ღარიბაშვილი ორჯერ იყო პრემიერი, სხვადასხვა დროს შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეს რას ნიშნავს?

ნელ-ნელა უთხრიდნენ ორმოს ღარიბაშვილს და ამას მოჰყვა ეს დაკავებები – ღარიბაშვილის დაკავება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დაკავება. თავდაცვის მინისტრი დაიჭირეს იმის გამო, რომ მან იყიდა ისეთი ჯანდაცვის აპარატურა, რომელიც ღირდა 2 მილიონ ნახევარი და გადაიხადა 3 მილიონ ნახევარი, ანუ ტენდერების გაბერვის თემაა. აგერ გამოჩნდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე…

ეს ყველაფერი შეზავებულია შიდა პოლიტიკური ბრძოლის მოტივებით, ივანიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობით, შიშებით ვაითუ ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა ამერიკელებთან კუდი გააქიცინონ ან მიღალატონ. ვინაიდან გომელაური დაასანქცირეს და მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს, ამან გადაარჩინა დაჭერას.

ღარიბაშვილის შვილი ამერიკაში სწავლობს, არც გამოუშვიათ. ლილუაშვილი გადაყენების შემდეგ ამერიკაში წავიდა და დაბრუნდა – ეჭვები, შიდაპარტიული ინტრიგები, რა თქმა უნდა იყო.

მთავარი ლოზუნგი იყო – მე შეგქმენით, ყველანი ქუჩიდან მოგიყვანეთ, რიგითი თანამშრომლები „ქართუდან“: გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ანუ ვისაც იჭერს, ყველანი მისი გამოზრდილია – ფული გაშოვნინეთ და ახლა, როდესაც სანქციები დამიწესეს, გინდათ მშრალად გამოხვიდეთ? – მე გაგაძღეთ, გაპარვინეთ ფული ბიუჯეტიდან, ამიტომ სამარეში უნდა ჩამყვეთ. 

მოინდომებთ დისტანცირებას, წახვალთ ციხეში – შიშის ზარი დასცა ყველას. ეს შიდა პარტიული შიშის კოშმარის დათესვაა. ეს ყველაფერი ხდება ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად.

  • ფასების დარეგულირების ამბავი როგორ შეიძლება გაგრძელდეს, აქაც ხომ დიდი ბიზნესი და დიდი ფულია.

ფასების წინააღმდეგ ბრძოლას ორი მიზანი აქვს, ერთი, რომ ფასები თითქმის გაორმაგდა „ოცნების“ პირობებში, ხოლო სურსათზე და ჯანდაცვის სფეროში გაცილებით მეტით, ოღონდ საქსტატი იტყუება.

საოცრებას ვხედავთ – პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომლითაც საქსტატის ხელმძღვანელის თანამდებობა 8 წლის განმავლობაში შეიძლება ამ ადამიანს ეკავოს. 

საქსტატის ხელმძღვანელი, რომელიც აყალბებს სტატისტიკას – ქვეყნის ეკონომიკას ყალბად ზრდის, ანუ მშპ-ს მაჩვენებელს აყალბებს და უმატებს, ხოლო ფასების ზრდის მაჩვენებელს აკლებს – იმდენად კომფორტულია მათთვის, რომ უნდათ ისევ ეს ადამიანი დასვან მანდ.

მერე დაწევს ინფლაციას და იტყვის – აი, მთავრობის ძალისხმევით ფასი დაიწია. 

  • ბიზნესში უკმაყოფილების გზარდა „ოცნებისთვის“ არანაირი რისკი არ არის?

დაერივნენ იმ ბიზნესს, სადაც მართლაც თაღლითობენ.

ყველა ეს ფარმაცევტული დიდი სავაჭრო ქსელი და ნავთობკომპანიები „ოცნების“ კლანის ნაწილია. ეს არის „ოცნების“ ბიზნესი, რომელიც ასაზრდოებს პარტიას, ჩემოდნებით მიაქვთ ფული საარჩევნო კამპანიაში. მაგრამ ივანიშვილმა გაწირა უახლოესი გარემოცვის წევრები, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი… უკვე ბიზნესშიც ტერორის დათესვის კამპანია წამოიწყეს.

პარალელურად გაანადგურეს, თითქმის ნულზე დასვეს ათასობით ადამიანი. საქართველოში დარეგისტრირებულია 36 000 არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან 3500 მოქმედია, მათ შორის პოლიტიკურად საშიში ხელისუფლებისთვის იყო სულ ათამდე – სამართლებრივ საკითხებს იკვლევენ საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და კიდევ სამი-ოთხი.

ახლა შემოდის უსაშინელესი კანონი, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი ბიზნესის შეზღუდვებს, ზღუდავს რაიმე ფულის გადაცემას ისეთი პირისა ან ორგანიზაციისთვის, რომელსაც ძალიან ირიბად პოლიტიკური მიზანი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, აწყობენ საპროტესტო აქციას ფასების მომატების წინააღმდეგ და კერძო პირმა თუ ადგილობრივმა შპს-მ უყიდა დროშები – ეს ითვლება აქტივობის დაფინანსებად.

ეს სოციალური აქტივობაა, მაგრამ თუ ფასების წინააღმდეგ გამოსვლა მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას „ებრძვი“, რადგან პასუხისმგებელი ფასების ზრდაზე არის მთავრობა და ეროვნული ბანკი, ანუ ხელისუფლება. ნებისმიერი გამოსვლა – მაგალითად, გარემოსთან დაკავშირებით რომ გამოხვიდე, ან ეკოლოგიურ საკითხზე, ადრესატი ყოველთვის არის ხელისუფლება. ამიტომ ყველაფერი იკრძალება ამ კანონით.

  • ადამიანებს სოლიდარობის გამოხატვისაც უნდა ეშინოდეთ?

დაჭერები, ბიზნესზე ზეწოლა, რუსული კანონით არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურება და ფინანსური დახრჩობა… მედიის განადგურება და ფინანსურად განულება. პარტიები დაფინანსების გარეშე – ოფისებს ხურავენ და პარტიის ლიდერები უცხოეთში გარბიან სამუშაოს საშოვნელად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ათასამდე ოპოზიციური გარბის უცხოეთში, რადგან შიმშილის ზღვარზეა.

ასეთი მდგომარეობაა და პლუს რეპრესიები პარტიული ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც დღემდე ციხეში არიან. ზოგიერთს, სამწუხაროდ, აიძულეს, რომ წასულიყო, გახარიას მსგავსად და ეს მალე გამოჩნდება. მართლა კი არ უნდოდა გახარიას წასვლა, მაგრამ წავიდა. უთხრეს, რომ დაბრუნდები დაგიჭერთო. ასევეა ზოგიერთი პარტიის სხვა ლიდერი, რომელიც პირად საქმეზე წავიდა უცხოეთში და ეუბნებიან – თუ დაბრუნდები დაგიჭერ. მე არ დავასახელებ, მაგრამ ეს გამოჩნდება.

ანუ ყველა მიმართულებით ტოტალური რეპრესიებია, რომლის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში სწრაფად დაამკვიდრონ ავტორიტარული რეჟიმი. კანონი, რომელსაც ახლა იღებენ, ასეთი კანონი არ არსებობს რუსეთში. არც რუსეთში და არც ბელარუსი არ მისულა აქამდე. უცხოეთიდან რომ გადმოუგზავნოს ფული დედამ შვილს და ამ შვილმა აქციებისათვის დროშები იყიდოს ან ლაბადა, ეს ფულიც კი ჩაითვლება კრიმინალად და შეიძლება 6 წლამდე ციხეში ჩასვან.

  • მისი აღსრულება მარტივი არ უნდა იყოს.

შეუძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ტროტუარზე მსვლელობის აღკვეთაც შეუძლებელია. აგერ უნივერსიტეტიდან ტექნიკურ უნივერსიტეტამდე მსვლელობა იყო, მაგრამ ტროტუარის კანონი მათ წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ. რაღაც საშინელებას აკეთებენ, უნივერსიტეტებს ანგრევდნენ და კორპუსების გასაკეთებლად ამზადებდნენ.

არის რაღაცები, რასაც ვერ აღასრულებ, მაგრამ ამას ვიღაცების დაპატიმრება მოჰყვება. რომელიღაც შპს-ს ან სხვა ორგანიზაციებს გააკოტრებენ, ვიღაცებს დაიჭერენ, ანუ სელექციურად რაღაც ბოროტებებს ჩაიდენენ.

  •  უნდათ, რომ მეტი შიში გაჩნდეს და ხალხი ქვეყნიდან წავიდეს?

პუტინმა 20 წელი რასაც მოანდომა რუსეთში, ორ წელიწადში უნდა მიაღწიოს ამას ბიძინა ივანიშვილმა და ყველაფერს აკეთებს ამისათვის. ამიტომ ვითარება ძალიან საშიშია.

ჩვენ ბელარუსები არა ვართ და ქართველი არ მოითმენს ამას არის არასერიოზული მსჯელობა. ჩვენ ქართველები 30 წელია ვართ დამოუკიდებლები, მანამდე რუსეთის მონობაში ვიყავით და კიდევ დაახლოებით ათი საუკუნე ხან სპარსელების და ხან ოსმალების. ასე რომ ჩვენი იმუნიტეტი არ არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ესპანელის ან გერმანელის.

ჩვენ საქმე გვაქვს არა ვიღაც ახირებულ მილიარდერთან, არამედ პირდაპირ რუსეთთან. ასე რომ, ვითარება ძალიან-ძალიან მძიმეა. სხვანაირი გამოსავლის მოძიებაა საჭირო, მით უმეტეს, როცა ლიდერები ციხეში არიან და თუკი ვინმე წინ წამოიწევს, იმასაც დააპატიმრებენ…

რა თქმა უნდა, პარტიები ვერ მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან. რა სტატუსით უნდა ჩავიდეს ოპოზიციონერი, პარლამენტის წევრი რომ ყოფილიყო, მაშინ კომისიებში იქნებოდა ევროსაბჭოში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში და უამრავ სხვა სტრუქტურაში – კონგრესში.

ბევრი ტექნიკურ-პოლიტიკური და ფინანსური პრობლემაა, რომელიც უკიდურესად ასუსტებს საპროტესტო მოძრაობას. დღეს მთელი საპროტესტო მოძრაობა იმ გმირების მხრებზეა, რომლებიც დაპატიმრების, დაჯარიმებისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფასად დგანან რუსთაველზე. ამიტომ სხვა გეგმაა შესამუშავებელი.

  •  ვინ უნდა შეიმუშაოს ეს სხვა გეგმა?

ბრძოლაში სიმბოლური ხატია, როდესაც დროშით მიდიხარ წინ და ტყვია მოხვდება, დროშა დაეცემა, ვინც შენს უკან არის ის აიღებს და ის მიდის. იმ ადამიანებმა, რომლებიც ლიდერების ცოტა ქვემოთ არიან, იმათ უნდა აიღონ ეს დროშა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ, პარტიებმა.

ახლა პროცესი არის არაორგანიზებული და ლიდერების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უცნაურიც კი – წელიწადზე მეტია ჰორიზონტალური და არა ცენტრალიზებული პროტესტია. ეს ძალიან დიდი შიდა უკმაყოფილების გამოხატულებაა, მაშინ, როცა ქუჩაში გამოსვლა სახიფათოა.

ურთიერთობა ამერიკასთან და ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ლიდერები ციხეში არიან. პარლამენტში ოპოზიცია არ არის…

დელეგიტიმაციის მიღწევა შესაძლებელი იყო თუნდაც პარლამენტიდან… სისულელეა, რომ ამბობენ, გახარია კრემლის აგენტია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მისი დაჭერა უნდაო. ყველა ოპოზიციაა, ვინც გადალახა ბარიერი, გახარიას პარტიაც, ნაციონალური მოძრაობაც, ლელოც და ვინც ვერ გადალახა, ყველა ოპოზიციაა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ერთმანეთს ჭამენ.

ამიტომ უცხოეთთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, შიდა პროტესტი და გარე პოლიტიკური მოვლენა, თუნდაც იგივე, რაც ხდება ირანში, ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ მუშაობენ თუნდაც ამერიკის ადმინისტრაციასთან, კონგრესთან. უკვე წელიწად-ნახევარზე მეტი, მას შემდეგ რაც ივანიშვილი პერსონალურად დასანქცირდა, არაფერი აღარ ხდება. ამიტომ მრავალვექტორული მუშაობაა საჭირო საშინაო, საგარეო, სოციალურ ქსელებში.

ტელევიზიები დასუსტდა, ამიტომ სოციალური ქსელი დიდი რეზერვია, რომელსაც პარტიები ჯერჯერობით ვერ იყენებენ.

  •  მაინც ჩაგეკითხებით – ვინ უნდა იმუშაოს?

ქვეყნის გადარჩენის მთავარი ორგანიზატორი პოლიტიკური კლასია. პოლიტიკური პარტიები ფინანსურად განადგურებული არიან და ადამიანები, რომლებიც თუნდაც პარლამენტიდან ხელფასს იღებდნენ ან საკრებულოებში იყვნენ და ოჯახებს არჩენდნენ, დღეს არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ოჯახის სარჩენი ფული არ აქვთ. რეგიონებში ოფისები დახურეს და უხელფასოდ მუშაობენ. ამიტომ არის სერიოზული ფინანსური კრიზისი, მათ შორის ოჯახებში ფინანსური კრიზისი.

ლიდერები ციხეში არიან და მეორე ნომრებმა ხელში აიღონ ყველაფერი, ეს არაა ადვილი საქმე. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, ამიტომ ყველამ თავისი აგური უნდა დადოს. დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ცეცხლს დარაჯობ რომ არ ჩაქრეს – თუ ჩაქრა, მერე ძნელია მისი მოპოვება, უნდა დაელოდო, როდის გაავდრდება, ელვა რაღაცას რომ წაეკიდოს.

დღეს ამ ცეცხლს ინახავს საპროტესტო აქციები – პარლამენტის წინ ცეცხლის დამცველები დგანან. ეს პროცესი უნდა გაიშალოს მრავალ მიმართულებით, მათ შორის საგარეო მიმართულებით.

„ოცნება“ საქსტატის დირექტორის არჩევის წესს ცვლის

„ოცნებას“ საქართველოს კანონში „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ცვლილება შეაქვს. კანონპროექტის მიღების შედეგად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნა ორზე მეტი ვადით იქნება შესაძლებელი.

კანონში ცვლილება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ემთხვევა.

პროექტის ავტორების განმარტებით, კანონში ცვლილება „უზრუნველყოფს ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას და უწყების საქმიანობის უწყვეტობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად“.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ორზე მეტი ვადით.

ცვლილების პროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე. პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას“ – ვკითხულობთ ცვლილების პროექტში.

საქსტატის მოქმედი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ამ თანამდებობაზე 2018 წლის მაისიდან მუშაობს, 2026 წლის მაისში მას მეორე ვადა უმთავრდება, მანამდე, სავარაუდოდ, „ოცნება“ კანონში ცვლილებას დაამტკიცებს, რაც მას თანამდებობაზე დარჩენის შესაძლებლობას მისცემს. 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით თოდრაძის ხელფასი 2024 წელს 8746 ლარი იყო, 2025 წელს კი კიდევ უფრო გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] არის სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებლად. ეს საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი მთავარი ორგანოა, რომელიც კოორდინაციას უწევს სტატისტიკის ეროვნულ სისტემას და ყველა სახის სტატისტიკურ საქმიანობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობისა.

საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე. აღმასრულებელ დირექტორს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით.

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ინიციატორები არიან შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი და ლევან მაჭავარიანი.

____________

ფოტოზე: გოგიტა თოდრაძე

„ივანიშვილს არ უნდა მიიქციოს ტრამპის ყურადღება“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან 

„ოცნება“ ფიქრობს არ დააგდოს ტემპი, რომ მიაღწიონ ავტოკრატიზაციის საბოლოო, ფინალურ ფაზას, თუმცა სიტუაცია არც ისე საიმედოა, როგორც ჩანს, საზოგადოება არ იღებს ამას. ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნებისთვის“ სწორედ ეს არის: ვერაფრით ვერ მოახერხეს გადატეხონ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

მას პირველ რიგში უნივერსიტეტების ერთი ხელის მოსმით გაერთიანების შესახებ ვკითხეთ და საზოგადოების რეაქციაზე, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ოცნება“ ამ შემთხვევაში საკუთარ მხარდამჭერებსაც შეეხო, ამიტომაც, არაა გამორიცხული, საპროტესტო მოძრაობა „სამზარეულოებიდან ქუჩაში გადმოვიდეს“.

კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, ივანიშვილის მიზანია 2028 წლამდე სრულად მოასუფთაოს პოლიტიკური ველი, მანამდე კი, ის ტრამპის ყურადღების ქვეშ არ უნდა მოხვდეს:

„გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები ირანის გარშემო: თუ იქ დაიძაბება სიტუაცია, შეიძლება სამხრეთ კავკასია, ასე ვთქვათ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანიც კი გახდეს. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ქართული ოცნება“ არ ცდილობს მაინცდამაინც ხიდების ბოლომდე ჩატეხას შეერთებულ შტატებთან,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.

  • ბატონო კორნელი, რა გამოჩნდა თქვენთვის რეაქციით, რაც უნივერსიტეტების გაერთიანებაზე „ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა? 

გამოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია არამხოლოდ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, არამედ ზოგადად, არც „ოცნების“ მომხრეებიც არიან აღფრთოვანებულები, განსაკუთრებით ტექნიკურ უნივერსიტეტში.

რეალურად „ქართული ოცნება“, საზოგადოების გამყოფი ამ პოლიტიკის წარმოებით ნელ-ნელა დაპირისპირების რეჟიმში შედის უფრო ფართო სოციალურ, პოლიტიკურ და ინტერესთა ჯგუფებთან. თუ აქამდე, გადაიკიდეს დათხოვნილი საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და პოლიტიკური პარტიები, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო საზოგადოებასაც მიადგნენ.

ეს უკვე ახალი ეტაპია.

თუ გადავხედავთ ავტორიტარული ხელისუფლებების ლოგიკას მსოფლიოში, ასე ხდება: იწყებენ პოლიტიკური ოპონენტებით, შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებით, შემდეგ აკადემიური წრეებით, ბოლოს უკვე შემდგომი ფაზა ეხება ყველას: მხატვრებს, პოეტებს, ბიზნესს და თითოეულ მოქალაქემდე მიდის.

აი, ამ პროცესს გავდივართ ახლა. როგორც ვხედავთ, რეპრესიებისგან დაცული არც „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან.

კორნელი კაკაჩია

ფაქტობრივად, „ოცნებას“ უნდა, ქვეყანაში დარჩეს მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტი, რომელიც იქნება მორჩილი პოლიტიკური დიქტატის, ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია: არ უნდა არსებობდეს ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი და ადამიანები. დღეს აცხადებენ, რომ ეს ცვლილება არ შეეხება პროფესორებს და ამ უნივერსიტეტების თანამშრომლებს, რაც თავიდანვე გამორიცხულია, რადგან ამ პროცესს აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი.

ამასთანავე, სურთ ამ ხელოვნური გაერთიანებით და შემდგომში საშტატო შემცირებებით უზარმაზარი თანხა გამოათავისუფლონ, ისევე, როგორც შენობები. ეს უბრალოდ დროის ამბავია, მაგრამ მთავარი ამბავია – როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა, სადაც ავტორიტარიზმი დამყარდა – აკადემიური სივრციდან განიდევნოს თავისუფალი აზრი.

  • გამოსდის ეს ივანიშვილს? გამოჩნდა, რომ არაერთი რეპრესიული კანონის ამოქმედების მიუხედავად, მაინც ვერ ჩაახშვეს პროტესტი, მათ შორის, ტროტუარებზე პროტესტის აკრძალვით და ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაპატიმრებით. დღეს იწყება „გრანტების შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა… 

ისინი ყველანაირად ცდილობენ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება უწევს ამას წინააღმდეგობას. იმის ნაცვლად, რომ შეწყდეს პროტესტი ხალხი უკვე საუბრობს იმაზე, როგორ უნდა მოხდეს რეალურად საპროტესტო მოძრაობის გადმოტანა სამზარეულოებიდან ქუჩაში.

ისეთი ტემპებით მოძრაობენ ამ რეპრესიული კანონების შემუშავებაში, არ არის გამორიცხული, ეს დღეც დადგეს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ ინტერესთა ჯგუფების უკან, რომლებსაც ისინი ერჩიან, ოჯახები და ათასობით მოქალაქე დგას. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ეს სერიოზული გამოწვევა იქნებოდა. ეტყობა, „ოცნება“ ფიქრობს, არ დააგდოს ტემპი, რომ მიაღწიონ ავტოკრატიზაციის საბოლოო, ფინალურ ფაზას.

თუმცა სიტუაცია არც ისე საიმედოა, როგორც ჩანს, საზოგადოება არ იღებს ამას. ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნებისთვის“ სწორედ ეს არის: ვერაფრით ვერ მოახერხეს გადატეხონ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა.

  • დღეს კიდევ ერთი წერილით გააკრიტიკა ტრამპი ივანიშვილთან დაახლოებულმა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა. რა ლოგიკით აწყობს ივანიშვილს ტრამპის კრიტიკა? 

წესით არ აწყობს. თუმცა ამ ჟანრის პოლიტიკური პამფლეტების არსებობა უკვე დიაგნოზია. სამწუხაროა, რომ ასეთ იაფფასიან პროპაგანდაზე ჯერ კიდევ ვერ შეიმუშავა მედეგობა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა და ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მოწყვლადია.

თვითონ ამ წერილს თუ გადავხედავთ, იკითხება, ფაქტობრივად, უიმედობა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ მოახერხებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგებას, როგორც ისინი ჰპირდებოდნენ ამას საზოგადოებას. ეს რეალურად არ ხდება და ახლა უკვე ცდილობენ რაღაცნაირად გამოძვრნენ საკუთარი ნარატივებიდან, რომელიც უკვე წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც მანამდე აჟღერებდნენ. ფაქტია, რომ მათი საგარეო პოლიტიკის წყალობით, აშშ-თვის საქართველო ამ ეტაპზე სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა.

ზოგადად, ანტიდასავლური რიტორიკა ჩვეულებრივი ამბავია „ოცნებისთვის“, მაგრამ ევროკავშირის კრიტიკისგან განსხვავებით, რომელსაც ისინი არ თვლიან სერიოზულ სტრატეგიულ აქტორად, ბოლო ხანებში ოდნავ შეამცირეს ანტიამერიკული პროპაგანდა – ეტყობა, მაინც ცოტათი ეშინიათ ტრამპის არაპროგნოზირებადი ხასიათის, არ უნდათ, რომ ზედმეტად მიიქციონ მისი ყურადღება, განსაკუთრებით აშშ-ის ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკური აქტიურობის ფონზე ვენესუელაში და ირანის გარშემო.

  • რის იმედი აქვს ასეთ მოცემულობაში ივანიშვილს, თქვენი დაკვირვებით? 

მთლიანობაში ამ პოლიტიკის მიზანია, რომ 2028 წლამდე – ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ გადმოსახედიდან ასე ჩანს – მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი. ამან უნდა უზრუნველყოს ის ფაქტი, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი დარჩეს განუსაზღვრელი ვადით ხელისუფლებაში. ასევე, არაა გამორიცხული, ანტი-ევროპული რიტორიკით 2028 წლისთვის ქვეყანა მიიყვანონ იმ კონდიციებამდე, რომ უკვე თავად ევროკავშირს დაჰბრალდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიდან ჩამოშორება.

ამასთანავე, ამ ეტაპისთვის ქვეყნის შიგნითაც არ უნდა არსებობდეს მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ალტერნატივა.

  • რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებული პროცესების გათვალისწინებით? თებერვალში სომხეთს და აზერბაიჯანს აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტი ეწვევა. თქვენი აზრით, ტრამპი ვერ ხედავს საქართველოს? 

ტრამპის ადმინისტრაციისთვის შესაძლოა ჩვენი რეგიონი ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ შემთხვევითია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური არხებით რამდენჯერმე სცადა წერილი გამოეგზავნა თბილისისთვის, სადაც სავარაუდოდ ჩამოწერილი იყო მოთხოვნები, რის შესრულებასაც ელოდება შეერთებული შტატები საქართველოსგან. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნები, მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის.“ ბუნებრივია არც შეერთებული შტატებიდან უნდა მოველოდეთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას, რაც ართულებს „ქართული ოცნების“ მიზანს საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების თვალსაზრისით.

ამასთანავე, „ოცნება“ ცდილობს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ფონზე, დასავლეთი თანდათანობით შეაგუოს კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის ფონზე არსებულ „ადგილობრივ რეალიებს“. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლოს.

მინიმუმ ევროკავშირის მხრიდან გამორიცხულია, რომ ეს რეალობა მიიღოს – საქართველო ფორმალურად ჯერ კიდევ არის კანდიდატი ქვეყანა და ის საკუთარ რეპუტაციას ეჭვქვეშ არ დააყენებს. ამ პროცესს აკვირდებიან ასევე სხვა კანდიდატი ქვეყნებიც.

ამ ეტაპზე საქართველო ფაქტობრივად ჩაკარგულია – ქვეყანას თითქოს დაკარგული აქვს სტრატეგიული კომპასი. ამას აქვს საკუთარი ფასი: თუ ეს რეალობა არ შეიცვლება, შესაძლოა, საქართველო თანდათანობით გახდეს ე.წ „გარიყული სახელმწიფო“. თუ მოვლენები ამ სცენარით წარიმართება, ეს ასევე აისახება სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.

ცნობილი აფორიზმის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, თუ საერთაშორისო პოლიტიკაში მოლაპარაკების მაგიდასთან არ ზიხარ, სავარაუდოდ, მაშინ მენიუში მოიაზრები. საქართველოს დასალეთისგან იზოლაციის ფონზე საქართველოსთვის, როგორც სუსტი სახელმწიფოსთვის ეს ყურადსაღები ფაქტორია.

თუ რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდა, ბუნებრივია, საქართველო დაკარგავს უკვე იმ ბენეფიტს, რომლითაც ის ომის პერიოდში სარგებლობდა.

საქართველოს მიმართ სტრატეგიული ინტერესი შეერთებულ შტატებს შესაძლოა დღეს არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რეგიონის მიმართ მთლიანად დაკარგული აქვს ინტერესი – იგივე სამხრეთ კავკასიაში ეს ჩანს. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები ირანის გარშემო: თუ იქ დაიძაბება სიტუაცია, შეიძლება სამხრეთ კავკასია, ასე ვთქვათ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანიც კი გახდეს. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ქართული ოცნება“ არ ცდილობს მაინცდამაინც ხიდების ბოლომდე ჩატეხას შეერთებულ შტატებთან. იგივე ანაკლიის პორტი და სხვა პროექტები არ უნდა ივანიშვილს, რომ  მოხვდეს ტრამპის ადმინისტრაციის გადამეტებული ყურადღების ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლაპარაკია ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე, რომელიც შეერთებული შტატებისთვის დღეს-დღეობით წარმოადგენს სისტემური მეტოქეს.

ამიტომაც, ტრამპის ადმინისტრაციამ ბევრ რაღაცას შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს საქართველოში, მაგრამ თუ ის დარწმუნდება, რომ საქართველო სტრატეგიულ ურთიერთობაში შედის მის სისტემურ მოწინააღმდეგესთან, ეს იქნება ჩინეთი, ირანი და სხვები, ბუნებრივია, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტი ყურადღების მიქცევა საქართველოსკენ.

„ოცნებაში“ ეს, მგონი, კარგად ესმით.

  • არსებობს მოლოდინი რუსეთ–უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტაზე. რამდენად შეიძლება ამ ომის დასრულებამ შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი? 

ამ ეტაპზე უმადურია საქმეა ვიმარჩიელოთ, როდის დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი და რა შედეგებით. თუმცა ამ ომის დამთავრება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ისევე, როგორც სხვა მეზობელი სახელმწიფოებისთვის.

დღეს ვხედავთ „წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის” ნგრევას, სადაც მრავალმხრივი დიპლომატია ადგილს უთმობს „დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას”. საერთაშორისო წესრიგი, როგორც ჩვენ ვიცნობდით, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს. დასავლეთის არაერთმა ლიდერმა უკვე ღიად განაცხადა, რომ ჩვენ შევდივართ რაღაც ახალი ტიპის მსოფლიო წესრიგში, თუ უწესრიგობაში, სადაც უკვე დიდი სახელმწიფოები წყვეტენ ბევრ საკითხს.

არსებული ტენდენცია ძალიან ასუსტებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო სამართლის ეროზიას იწვევს, რაც ხელს არ უწყობს განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომაც კანადის პრემიერმა განაცხადა თავის ცნობილ სიტყვაში: პატარა და საშუალო სახელმწიფოების ალიანსი უნდა შეიქმნას იმისათვის, რომ რაღაცნაირად წინააღმდეგობა გაუწიონ ამ პროცესებსო.

  • ამ მოცემულობას სათავისოდ იყენებს ივანიშვილი. რა გამოჩნდა ამ დროს მოლდოვას თამამი ნაბიჯებით ევროინტეგრაციისკენ? 

რაც შეეხება მოლდოვას: ფაქტობრივად, ტრიო [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] უკვე დიდი ხანია დაშლილია და დუო გახდა – მოლდოვა-უკრაინა. ჯერჯერობით უცნობია, უკრაინის მიღების საკითხი როგორ გადაწყდება ევროკავშირში.

მოლდოვაში არსებობს მოსაზრება: ხომ არ აჯობებს, მოლდოვის ინტეგრაცია ევროკავშირში მოხდეს უფრო ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ ის რუსეთის გეოპოლიტიკური წნეხის ქვეშაა და ამავე დროს მის საკითხს არ ბლოკავს უნგრეთი უკრაინისგან განსხვავებით. ამ ეტაპზე უცნობია რა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ბრიუსელში, მაგრამ თუ ეს უახლოეს ხანში მოხდება, ეს იქნება ასევე იქნება ძლიერი სიგნალი მთელი რეგიონისთვის.

  • წინა ინტერვიუში აღნიშნეთ წინააღმდეგობის პროცესზე საქართველოში: თივასთან ღვივის ნაპერწკალიო. ახლაც იგივე სიტუაციაა, თუ შეიცვალა რამე? 

ჩვენ ზუსტად აი, ამ პროცესში ვართ. ალბათ უახლოესი რამდენიმე კვირა და მიმდინარე პროცესებზე ქართული საზოგადოების რეაქციები გვაჩვენებს, რეალურად სად ვდგავართ.

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საშუალო ბიზნესებმა, საქართველოს ბანკისა და გალტ & თაგარტის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ეკონომიკური ტენდენციები და ტურიზმის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ღონისძიება ახალგახსნილ SOLO Lounge-ში გაიმართა და ბათუმში მოქმედი საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტურიზმის სფეროში არსებული მიმდინარე ტენდენციების გაცნობას, ამასთანავე მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკული ხედვების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

დისკუსიის ფარგლებში, Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ეკონომიკის მიმოხილვა“, ხოლო Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა, თათია მამრიკიშვილმა, მონაწილეებს აჭარაში ტურიზმის განვითარების ძირითადი ტენდენციები დაპერსპექტივები გააცნო. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გიორგი ისაკაძე, BMG-ის გენერალური პროდიუსერი.

„SOLO Business-ის დისკუსიების სერია მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ანალიტიკა, გაეცნონ დარგობრივ ტენდენციებს და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით, უკეთ მოემზადონ ახალი შესაძლებლობებისთვის. გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას”, – განაცხადა თორნიკე კუპრაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

SOLO Business-ის ნეთქვორქინგ სესიები სამ თვეში ერთხელ გაიმართება და Galt & Taggart-ის კვლევებზე დაყრდნობით, ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, სხვადასხვა დარგის განვითარების შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. მომდევნო შეხვედრაზე სამშენებლო მასალების სექტორის საჭიროებები განიხილება.

Solo Business-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

ბიზნესების საქმიანობის ხელშესაწყობად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2026 წელსაც ექნებათ.

თებერვლის თვეში, 5 ტრენინგი ჩატარდება, რომლებიც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.

თებერვლის შეხვედრების განრიგი:

  • 2026 წლის პირველი ტრენინგი 4 და 18 თებერვალს, ონლაინ ფორმატში, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე გაიმართება. ტრენერი, დავით პაპიაშვილი  საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მეორე ტრენინგი ასევე ონლაინ ფორმატში, 12 თებერვალს ჩატარდება, თემაზე – შრომის სამართალი და მას იურიდიული კომპანიის, GLCC-ის უფროსი იურისტი, ენვერი აბულაძე გაუძღვება. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესებს ექნებათ ცოდნა, იმ სამართლებრივი პრინციპებისა და რეგულაციების შესახებ, რომლებიც საქართველოში, შრომითი ურთიერთობის სფეროში მოქმედებს.
  • მესამე ტრენინგი, 19 თებერვალს, ფიზიკურ სივრცეში  გაიმართება, თემაზე – მომავლის ორგანიზაციის დიზაინი. ანტრეპრენერი და მეწარმე, თორნიკე ჩხაიძე და ეჯაილ ქოუჩი, ვატო დოლიძე მონაწილეებს პრაქტიკულ ხედვას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას ორგანიზაცია ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან იყოს თანხვედრაში.
  • მე-4 ფიზიკურ შეხვედრას, 25 თებერვალს, NC Solutions-ის დამფუძნებელი და დირექტორი,ზურა ფიჩხაია ჩაატარებს და ის  შემდეგ თემატიკას დაეთმობა: ავტომატიზაცია, რომელიც ზრდის ბიზნესს. ტრენინგი ფოკუსირებულია არა ტექნიკურ დეტალებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მიიღოს CEO/CFO/COO-მ უკეთესი, სწრაფი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, მეწარმეებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

რეანიმაციაში იმყოფება კაცი, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა სცადა

სტაბილურად მძიმეა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა სცადა.

დღეს, 2 თებერვალს, „ბათუმელებს“ თბილისის დამწვრობის ცენტრში უთხრეს, რომ ბადრი აბაშიძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილება იმყოფება.

„რეანიმაციის განყოფილებაში წევს. სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად მიიღო დაზიანებები, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილური“- გვითხრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

შემთხვევა 31 იანვარს მოხდა ბათუმში. ბადრი აბაშიძემ თავის დაწვა სცადა, რა დროსაც მას ფეისბუქის პირდაპირი ჩართვა ჰქონდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

უკრაინაში 12 მაღაროელი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ტერნივკაში, რუსული დრონის მაღაროელების ავტობუსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

მაღაროელების ავტობუსს რუსული დრონი 1-ელ თებერვალს, 22 საათზე დაესხა თავს.

ავტობუსს, რომელიც რუსული თავდასხმის სამიზნე გახდა, მაღაროელები გადაჰყავდა სამუშაო ცვლის დასრულების შემდეგ.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ კომენტარში აღნიშნა,რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორისტული სახელმწიფოა.

„არანაირი სამხედრო სამიზნე – მხოლოდ შრომისმოყვარე კაცები, რომლებიც ცვლის შემდეგ ოჯახებს უბრუნდებოდნენ“ – დაწერა სიბიგამ.

დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 -ბალიანი შტორმული ღელვა.

ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს სააგენტო.

ბათუმსა და თბილისში წითელი  ცირკულარით ძებნილი 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძიმე დანაშაულებისთვის წითელი  ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავეს ბათუმსა და თბილისში.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები  თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ეძებდნენ.

„დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.

______________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 241 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 627ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 981 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 36 802 ერთეული [+25]
  • MLRS – 1 633 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 291 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 121 217 ერთეული [+1 083]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 585 ერთეული [+146]
  • სპეცტექნიკა – 4 057 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 111 977 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 649 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 445 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 657 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 006 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 475 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„შემოგვაქვს ახალი აკადემიური თანამდებობა“ – მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის თქმით, გაერთიანებულ თსუ და სტუ-ში რეორგანიზაცია დაიწყება. ამ პროცესს კი, როგორც მიქანაძე ამბობს, დროებითი მმართველი ორგანო „საბჭო“ განახორციელებს.

„საბჭოში პარიტეტის დაცვით, თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წარმართავენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ უზრუნველყონ იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული“- ამბობს გივი მიქანაძე.

პრესრელიზში, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა, ასევე ნათქვამია, რომ „მოხდება პროგრამების დადარება“ და მსგავსი პროგრამების „ერთ კომპონენტად შეჯერება“, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამების ნაწილის გააუქმებენ.

მიქანაძის თქმით, გაჩნდება ახალი, – წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა, „რომელიც არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას.

„აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, შემდგომი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კრიტერიუმის დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს“ – ამბობს მიქანაძე.

განათლების „რეფორმის“ დაანონსებისას, „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობდა, რომ რეფორმა პროფესორების შემცირებასაც ითვალისწინებდა, ანუ „ერთი უნივერსიტეტი-ერთი ფაკულტეტი“, გულისხმობდა „ერთი ფაკულტეტი-ერთი პროფესორი“, რომელსაც ხელფასის სახით 10 000 ლარს დაუნიშნავდნენ.

ამავე რელიზში არ არის საუბარი მაგალითად იმაზე, რამდენი იქნება სხვა პროფესორების ხელფასი და რამდენ პროფესორს ექნება სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა.

თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებას, პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მათთან შეუთანხმებლად წარიმართა, რაც უნივერსიტეტების ავტონომიის სრული ნიველირებაა.

უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგია სტუდენტთა ნაწილიც. „გადაარჩინე განათლება“- ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება.

_______________

ამ თემაზე:

„სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას დაარტყეს“ – პროფესორი

„სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. იმიტომ, რომ სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ პირველი მას „დაარტყეს“. სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები“, – ამბობს თეონა მატარაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

„ბათუმელები“ მას „ქართული ოცნების“ განათლების „რეფორმაზე“ ესაუბრა, რომელიც სპეციალისტების აზრით, ზიანს აყენებს უმაღლეს განათლებას.

  • ქალბატონო თეონა, როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი იქნება ის ზიანი, რაც შეიძლება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას მოჰყვეს?   

განათლების სისტემა იყო ბოლო რგოლი, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა დიქტატურისკენ მიმავალ პროცესებს, რადგან პირველი დარტყმა მიაყენეს არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას და ბოლოს დარჩა განათლება.

ჩემი აზრით, თუ ამ სამ რგოლს გააჩუმებენ, მერე უკვე ხმის ამომღები აღარავინ დარჩება – ბიზნესი ისედაც შეშინებული და დამორჩილებულია, რადგან ეკონომიკურ ზიანს ერიდება, ამიტომ ახლა განათლებაა სამიზნე, რომ გაგვაჩუმონ ამ ე.წ. „რეფორმით“.

წინა გაზაფხულიდან მოყოლებული ვიცოდით, რომ მზადდებოდა თავდასხმა განათლების სისტემაზე და ყურმოკვრით ვიცოდით, რომ აპირებდნენ სამი უნივერსიტეტის – სტუ-ს, თსუ-ს და ილიაუნის გაერთიანებას. თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, ილიას უნივერსიტეტს სამართლებრივად ვერ შეუერთებდნენ დანარჩენ ორ უნივერსიტეტს, რადგან წესდებაში აქვთ მუხლი, რომლის მიხედვითაც რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ვერ გამოაცხადებ შიდა საბჭოების თანხმობის გარეშე.

ამიტომ ამ ეტაპზე ილიას უნივერსიტეტი გადაარჩინა თავისმა წესდებამ, რაც არ იყო თსუ-ს და სტუ-ს შემთხვევაში.

  • თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ილიას უნივერსიტეტს ვერ მიაყენებენ ზიანს. სიძულვილის ენით, ყველაზე ხშირად მათი მისამართით საუბრობდა კობახიძე.

რაღაც გზას აუცილებლად იპოვიან, თუნდაც ამ „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ ჭრილში.

როდესაც დაიწყო „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ მიმართულებით „რეფორმის“ გატარება, მომლაპარაკებლების ძალიან დიდი რიგი დადგა განათლების და მთავრობის ზედა ეშელონებთან, რომლებიც პირადი და სოციალური კავშირებით ცდილობდნენ გადაერჩინათ თავიანთი პროგრამები და ფაკულტეტები.

  • „მოდი მე გადავრჩები“ და სხვას არ ბედი ეწევა არ მადარდებს – ეს პრინციპი ამუშავდა?

რა თქმა უნდა.

თუმცა, ჩვენმა წარმომადგენელმა აკადემიურ საბჭოში დაგვიდასტურა, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ უნივერსიტეტების გაერთიანებაზე. როგორც მიქანაძემ გააჟღერა, რექტორმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვიცით.

საერთოდ ჰკითხეს თუ არა რამე რექტორებს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ პასუხს მოვთხოვთ რექტორს, რადგან ის არის ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი. მისი სახელით გაკეთდა განცხადება, რომ რექტორი თანახმაა უნივერსიტეტების გაერთიანებაზე. რატომ მიიღო ერთპიროვნულად ეს გადაწყვეტილება? – ამაზე უნდა გაგვცეს მან პასუხი.

  • თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ.

მაშინ უნდა გამოვიდეს რექტორი, რომელიც ჩვენი არჩეულია და თქვას, „მეგობრებო, ჩემთვის არაფერი უკითხავთ და თანხმობა არ გამომიცხადებია“. თუ ამას რექტორი ღიად დააფიქსირებს, მაშინ ყველა პროფესორი გამოვა და ეტყვის მთავრობას – „რატომ არაფერი გვკითხეთ“.

ასე უფრო კარგად გაშიშვლდება ის ფაქტი, თუ რამდენად ერევიან უნივერსიტეტის ავტონომიაში. ახლა გამოდის, რომ ყველაფერს რექტორი იღებს თავის მხრებზე, თითქოს მართლა მან მიიღო გადაწყვეტილება.

  • სტუ-ს რექტორმა და აკადემიურმა პერსონალმა ივანიშვილს მიმართა წერილით, იმედია მოგვისმენთ, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებთ, რადგან თქვენი მხარდამჭერები ვართო. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია, როცა წინააღმდეგობის ნაცვლად ავტორიტართან მორიგებას ამ ფორმით ცდილობენ?

ეს წერილი ძალიან სამარცხვინო ლოიალობის კიდევ ერთხელ დადასტურებაა, თუმცა მსგავსი წერილით ეს ადამიანები იტოვებენ უკან დასაბრუნებელ გზას.

  • არსებობს კი უკან დასაბრუნებელი გზა დღეს?

ინდივიდუალურ დონეზე არსებობს თავის გადარჩენის გზა. როდესაც დაიწყება ფაკულტეტების გაერთიანება, პროფესორები დაკარგავენ პოზიციებს. კი გვეუბნებიან, რომ პროფესორებს არ შევეხებითო, მაგრამ ეს გამორიცხულია. მაგალითად, თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თუ არის 67 პროფესორი და სტუ-ს ჰყავს 131 აკადემიური პერსონალი, 210 ადამიანს აკადემიურ პერსონალად არავინ არ დატოვებს.

  • თვითონ თქვეს, ერთ ფაკულტეტზე 1 პროფესორი იქნებაო და რატომ აქვთ მოლოდინი, რომ არავის გაუშვებენ?

ფიქრობენ, რომ თუ ლოიალობას გამოიჩენენ, ან იმ ერთ ადგილს დაიკავებენ, ან უფრო დაბალ პოზიციებზე მაინც შეინარჩუნებენ ადგილს.

  • უნდათ კი უფლებაწართმეულ უნივერსიტეტში პროფესორობა?  

ავტონომიურობით არც სტუ გამოირჩეოდა აქამდე და არც თსუ მაინცდამაინც, ძალიან ხშირი იყო გარედან ჩარევა. თუმცა ამ „რეფორმის“ პროცესში გარედან ჩარევამ პიკს მიაღწია, რადგან როცა ითქვა, რომ განათლების მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას რომელი ფაკულტეტი დარჩება და გაუქმდება, რომელ პროგრამაზე რამდენ სტუდენტს მიიღებენ, რომელი პროგრამა რამდენ კრედიტიანი იქნება, უნივერსიტეტებს ამ ცვლილებებზე მასშტაბურად ხმა არ ამოუღიათ.

ანუ მინისტრმა უნდა გვიკარნახოს სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის თუ ეკონომიკის პროგრამა რა მოცულობის იყოს, რამდენი სტუდენტი მიიღოს ან საერთოდ მიიღოს თუ არა? ეს აკადემიური თავისუფლების და ავტონომიის სრული ნიველირებაა, მაგრამ ამაზეც არავინ არ იღებდა ხმას.

  • როცა თანამდებობის გამო ასეთ კომპრომისზე მიდის პროფესურა, ამის ბრალია, რომ ხელისუფლების გავლენებს ვერასდროს დააღწია თავი საგანმანათლებლო სფერომ და თუ არსებობს გამოსავალი ამ კრიზისიდან?

გამოსავალზე საუბარი ძალიან რთულია. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინ ვამბობდით, რამდენი ხანი გვეყოფა ფეხზე დასადგომად – 10 წელი, 30 წელი? მაგრამ, 36 წელი გავიდა – დრო სოციალიზმის გადასალახად და ჰომო სოვიეტიკუსი ისევ სახეზეა. განსაკუთრებით უნივერსიტეტებში და, შესაბამისად, მათ მიერ განცდილი ავტორიტარიზმის შიში, ისევ უკან ბრუნდება.

თუმცა, ეს მხოლოდ ასაკიც არ არის ალბათ, რადგან ბევრი ასაკოვანი პროფესორ-მასწავლებელი გვყავს, რომლებიც ყოველთვის სწორ პოზიციას აჟღერებენ. ეს უფრო სითამამის და საკუთარი თავის რწმენის არქონის პრობლემაა, ჩემი აზრით. იმიტომ, რომ ჩვენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც წელიწად-ნახევარია რეჟიმს ვაპროტესტებთ და ვაქტიურობთ, ზუსტად ვიცით, რომ ამ „რეფორმის“ პირობებში უნივერსიტეტში არავინ დაგვტოვებს.

„მოდი, დამტოვე“, ამის გამო არ ვჩუმდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი უნივერსიტეტებში ყოფნა. მით უფრო, თუ ეს უნივერსიტეტები რეჟიმის მორჩილები იქნებიან. 

  • უკომპრომისო ადამიანების დეფიციტი გვაქვს?

რა თქმა უნდა. დღეს ბევრი ადამიანი დაკავებულია იმით, რომ ლოიალობით და ამ სიჩუმით გადაარჩინოს საკუთარი პოზიცია. ზოგი ამბობს, რომ უნდა გადაარჩინოს პროგრამა, გადაარჩინოს კოლეგები – თუ მე პროგრამის ხელმძღვანელი ვარ და ჩუმად ვარ, ამით „ჩემს ხალხსაც“ ვშველი.

  • თუ ვერ გადაარჩინა მერე რა აკეთებენ?

სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას პირველი „დაარტყეს“. სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს ეს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები.

ჩემი აზრით, ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ორი უნივერსიტეტის ძალიან დიდი უძრავი ქონების ხელში ჩაგდებაა. ოქტომბერში დაიწყო კიდეც ეს პროცესი, როცა თსუ-მ 8385კვ/მეტრი ფართობი მხოლოდ წერილის საფუძველზე დაუთმო სახელმწიფოს.  

ქეთევან წამებულის გამზირზეა ეს შენობა, რომელზეც თქვეს, რომ ამორტიზებულია და დათმეს. პანდემიამდე ამ კორპუსში 4+1-ი პროგრამა მიმდინარეობდა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებდა.

  • გაერთიანების შემთხვევაშიც სჭირდება რესურსები უნივერსიტეტს. ხომ თქვეს ხარისხის მიზნით ვაკეთებთო. გექნებათ ახალი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები ან თანამედროვედ აღჭურვილი აუდიტორიები, ხედავთ ამის ნიშნებს?

იმ შვიდპუნქტიან ზედაპირულ კონცეფციაში არსად გვინახავს, რომ განათლებაში და მეცნიერებაში ინოვაციებს გვპირდებიან, რომ თუნდაც ხელოვნური ინტელექტის დანერგვით რაიმეს გაგვიუმჯობესებენ,.არსად ეს მკაფიოდ არ ჩანს. რეალურად, 1 ლარითაც კი არ გაზრდილა განათლების დაფინანსება 2026 წლის ბიუჯეტში.

თუ ბიუჯეტი არ ემატება, ტექნოლოგიებს ვერ განავითარებ, აუდიტორიას ვერ შექმნი. რეალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კორპუს-კორპუს, დაიწყება უნივერსიტეტის ქონების დათმობა, ზემოდან დანიშნული მმართველი საბჭო, რა თქმა უნდა, გამოაცხადებს თანხმობას და არავინ წავა ამ პროცესის წინააღმდეგ.

  • გუშინ, განათლების საკითხებზე საჯარო დისკუსიისას, ერთ-ერთმა სტუდენტმა თქვა იმაზე, რომ აუცილებელია სტუდენტებთან საუბარი, უკეთ რომ ესმოდეთ რა საფრთხის წინაშე დგას მათი და ქვეყნის მომავალი. სად არიან სტუდენტები?

დღეს უკვე, ნაკლები სტუდენტი აპროტესტებს მიმდინარე პროცესებს – სამწუხაროდ, ის ერთობა, რაც აქამდე ჰქონდათ, ბევრი მიზეზის გამო დაიკარგა. სტუდენტების და კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი გაედინება. სტუდენტების ნახევარი ტოტალურად ავსებს აპლიკაციებს, რომ საქართველოდან წავიდნენ.

მაგალითად, სასკოლო რეფორმაზე რომ გვინდოდა მშობლებთან საუბარი, პირველი კითხვა იცით რა იყო მათი მხრიდან? – „ჩემ შვილს შეეხება“? თუ მის შვილს არ შეეხება, მაშინ არ აინტერესებს. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ვერ შევდექით სამოქალაქო საზოგადოებად და საკუთარი, კერძო ინტერესების წინ ვეღარაფერს ვხედავთ. მთავარია, ჩემი შვილი არ დაზიანდეს, მთავარია ჩემ სამსახურს არ შეექმნას პრობლემა, მთავარია შემოსავალი არ მომაკლდეს და შეიძლება თურმე ყველაფერზე დახუჭო თვალი.

  • რუსეთი ამ ქვეყანასთან ბრძოლას ყოველთვის იწყებდა კრიტიკულად მოაზროვნე, განათლებული საზოგადოების განადგურებით. ასე იყო წინა საუკუნეში, ასეა დღესაც. რატომ ვერ ისწავლა ჩვენმა საზოგადოებამ მტერთან სწორი მეთოდებით ბრძოლა და რა ელოდება ჩვენს ქვეყანას, თუ ეს ბრძოლაც წავაგეთ?

თუ რეჟიმი მოიგებს ამ ბრძოლას, თუ განათლების სექტორიც მათ კონტროლს დაემორჩილება, ჩვენს ქვეყანას რამდენიმე ათწლეული მაინც მომავალი აღარ ექნება, რადგან ბევრი წავა ემიგრაციაში, ბევრი შეიცვლის სექტორს, ბევრი გაჩუმდება და ბევრიც დადებს გარიგებას რეჟიმთან – ეს იქნება დიდხნიანი სტაგნაცია.

არ ვიცი, XXI-ე საუკუნეში ეს პროცესი 70 წელი გაგრძელდება თუ არა, მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ერთ და ორ წელიწადში მდგომარეობა არ გამოსწორდება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1 თებერვლის 21 საათიდან 2 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა.

მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7– 12 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში3 და 4 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

ბათუმში ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბათუმში რუსეთი მოქალაქე დააკავეს.

„დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულის  საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე  კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 240 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 625 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 980 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 36 777 ერთეული [+9]
  • MLRS – 1 632 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 290 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 120 134 ერთეული [+206]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 439 ერთეული [+62]
  • სპეცტექნიკა – 4 055 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 111 775 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 437 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 653 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 985 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 405 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ახალი ცვლილებები ყველას ეხება და განსხვავებული აზრის მოგუდვის ახალი ფაზაა“ – ლევან ავალიშვილი

„ახალი რეპრესიული შეზღუდვები ყველას და ყველაფერს ეხება. ავტორიტარიზმი გადადის დიქტატურაში, ამის ნიშანია ეს“- ამბობს ლევან ავალიშვილი, ორგანიზაცია IDFI-ის თანადამფუძნებელი.

„ბათუმელები“ ლევან ავალიშვილს გრანტების კანონში შესატან ახალ, რეპრესიულ ცვლილებებზე ესაუბრა.

  •  ბატონო ლევან, „გრანტების შესახებ“ კანონში ახალი, ბევრად რეპრესიული ცვლილებები შეაქვს „ოცნებას“. აქამდე იყო განცდა, რომ ვერ იმუშავა რეპრესიებმა და პროტესტი მაინც გაგრძელდა. რა შედეგებს მოიტანს ეს ბოლო ჩანაწერი, რომელიც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხება და, ფაქტობრივად, ყველას დასჯას ითვალისწინებს?

მე ვერ დავეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ ამ რეპრესიულმა კანონებმა არ იმუშავა. განსაკუთრებით „გრანტების კანონმა“ იმუშავა, რადგან რეალურად ახლა ვინც მუშაობს, „გრანტების კანონის“ მიღებამდე არსებული სახსრებით მუშაობს. უფრო რუსულმა კანონმა არ იმუშავა, რადგან არ დაემორჩილა საზოგადოება და არ დარეგისტრირდნენ რეესტრში.

მაგრამ „გრანტების კანონი“ უკვე დონორებს ეხებოდა და საერთაშორისო საზოგადოებას ჩაუკეტეს გზა, რომ ვეღარ მიიღო გრანტი მთავრობის ნებართვის გარეშე. ამიტომ, არ ვიტყოდი, რომ სამოქალაქო სექტორი ძალიან მყარ მდგომარეობაშია. ჩემი ორგანიზაციაც დააყადაღეს, ბევრი სხვაც და გააჩერეს. აღარ არის ისეთი აქტივობა, როგორც ადრე იყო. იურიდიულ მომსახურებასაც კი ვეღარ უწევენ მოქალაქეებს რომ დაეხმარონ.

ეს ახალი ცვლილებები ნაკლებად უკავშირდება არასამთავრობო სექტორს და უკვე ყველა მოქალაქეს ეხება.

თუ წინა კანონები ორგანიზაციებზე იყო გათვლილი, ახალი ცვლილებები თითქმის მთელ საზოგადოებას ფარავს. ნებისმიერ ინდივიდუალურ პირს. იმიტომ, რომ ბევრი აქტივისტი მუშაობს კერძო სექტორში, ან თავისი ბიზნესი აქვს, ან სწავლობს – მათზე უნდათ უკვე ამის გავრცელება. დრაკონული კანონია, შეიძლება რუსეთშიც კი არ იყოს ასეთი კანონი მიღებული, არ ვიცი.

  • მცირე, მაგრამ ბიზნესის რაღაც ნაწილი მაინც დგას პროტესტში. ეხმარებოდნენ უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმების გადახდაში და აი, ამის შეჩერება უნდათ, რომ საერთოდ აღარ არსებობდეს სამოქალაქო სოლიდარობა და მხარდაჭერის ეს მექანიზმიც უნდა მოსპონ?

კი, ამას ვგულისხმობ, რომ ეს ახალი ფაზაა, განსხვავებული აზრის შებოჭვის და მოგუდვის. ინდივიდუალურ პირებს, მეწარმეებს და, ზოგადად, ყველას ეხება.

პირველ რიგში აქტიურ მოქალაქეს, იმიტომ, რომ ნებისმიერ დაფინანსებას, რომელიც უკავშირდება პოლიტიკას, პოლიტიკის კეთებას, საზოგადოებრივ საკითხებზე დებატებს, მსჯელობას, უკანონოდ აცხადებს.

და არა მარტო უცხოური დაფინანსებით განხორციელებულ აქტივობას აცხადებს უკანონოდ, არამედ ქვეყნის შიგნით დაფინანსებულსაც. ვგულისხმობ იმას, რომ ბიზნესებს ფაქტობრივად აუკრძალეს აზრის გამოთქმა. იქ დასაქმებულებსაც აუკრძალეს აზრის გამოთქმა და დაემუქრნენ ჯარიმებით.

ჩემი აზრით, ასეთი განვითარება მოსალოდნელი იყო. როცა „რუსული კანონი“ შემოიღეს, მაშინაც ვამბობდით, რომ აუცილებლად მივიდოდნენ აქამდე, რადგან ეს ძალაუფლების კონსოლიდაციის ლოგიკაა. ეს უნდა მომხდარიყო, სხვანაირად ვერ იქნებოდა. თუმცა ბევრს ეგონა, რომ ეს რეპრესიები მათ არ შეეხებოდა, მაგრამ ავტორიტარიზმის ლოგიკაა, რომ ეს ასე უნდა გაგრძელდეს.

  • ახალი ცვლილების მიხედვით, „ნებისმიერ პირს, ნებისმიერი პირისგან“ ეკრძალება დაფინანსების მიღება, თუ მიზანი არის პოლიტიკური. თუ ადამიანებს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრი დაეხმარება, ესეც იქნება დასჯადი, თუ ეს პირი პოლიტიკურად აქტიურია? – იქნებ ესეც განვუმარტოთ ადამიანებს.

კი, უცხოეთიდან ჩამორიცხულ თანხებს ეხება. ლოგიკა აქეთკენ მიდის, იმიტომ, რომ უცხოური დაფინანსება ისედაც შეზღუდულია და მეორე მხრივ, არამატერიალურიც შეზღუდეს, ხომ? ცოდნის გავრცელებაც იზღუდება. საერთო ჯამში ყველაფერს ზღუდავენ.

ნებისმიერი პირის მიმართ შეიძლება დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ან არ მოსწონს მისი კურსი.

  • პოლიტიკური კრიტიკა არის აკრძალული ნებისმიერი პირის მხრიდან, ნებისმიერი ფორმით?

დიახ, აქეთკენ მიდის, რომ ყველა ფინანსური წყარო დახურონ, თავისუფალი აზრი შეზღუდონ.

  • ბოლო ცვლილებებში წერია – „გავლენის მოხდენა“. ანუ შეზღუდვა შეეხება ყველას, ვინც საზოგადოებრივ აზრზე ახდენს გავლენასო. გამოდის, ამ მუხლით ნებისმიერს შეიძლება შეედავონ, მათ შორის ინფლუენსერებსაც?

კი, ნამდვილად ყველას და ყველაფერს ეხება. რეალურად, თუ რაიმე შემოსავლის წყარო გაქვს უცხოეთიდან და არ მოეწონებათ ის, რომ რაღაცას აპროტესტებ, დაიწყება შენი დევნა. ავტორიტარიზმი გადადის დიქტატურაში, ამის ნიშანია ეს.

  • ივანიშვილმა ამ ფორმით გადაწყვიტა, რომ წინააღმდეგობაში მყოფი ყველა ადამიანი დატოვოს საარსებო წყაროს გარეშე და ასე აიძულოს ქვეყნიდან გაიქცნენ ან იყვნენ მორჩილებაში?

ყველაფერი ერთადაა. წინააღმდეგობის გატეხის გზაა რეალურად. ბევრი ალბათ მორჩილებას აირჩევს, ბევრი ემიგრაციაში წავა, მაგრამ მე მაინც არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში ამან იმუშაოს, რადგან შეუძლებელია ამხელა პროტესტის და უკმაყოფილების გაჩერება რაღაც კანონებით. ფიზიკურად შეუძლებელი მგონია, ვერ მიაღწევს ჩემი აზრით.

  • მაგრამ პუტინმა ხომ მიაღწია და ქვეყნიდან გააძევა კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება. „ქართული ოცნებაც“ კრემლის ნაბიჯებს იმეორებს. ალბათ ივანიშვილსაც აქვს იგივე მოლოდინი? 

კი, მაგას აპირებს, რა თქმა უნდა, რომ კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება ან გაჩუმდეს, ან ქვეყნიდან წავიდეს და წინააღმდეგობა რეჟიმის მიმართ აღარ არსებობდეს, ან მინიმალური იყოს. ნებისმიერი ავტოკრატიული მმართველობა აუცილებლად აქამდე მივიდოდა და ეს თავიდანვე ცხადი იყო. თუ რეჟიმი უკან არ იხევს, შესაბამისად მან კონსოლიდაცია უნდა გააგრძელოს, უფრო და უფრო მოუჭიროს რეპრესიულ მექანიზმებს.

  • თუ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოში, რუსეთი ყოველთვის ცდილობდა განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოების განადგურებას. ნაწილი დახვრიტა, ნაწილი გადაასახლა, ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. ფაქტობრივად, იგივე მეთოდებით გვებრძვის ახლაც – უნდათ დაიცალოს საქართველო მოაზროვნე საზოგადოებისგან. თუ ეს ასე მოხდა, რამდენად დიდი იქნება ზიანი, შევძლებთ კი რეაბილიტაციას?

ზოგადად, საქართველო ძალიან დიდ სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, ჩემი შეფასებით – მიგრაცია, ახალგაზრდების და ტვინების გადინება მხოლოდ იმიტომ არ მოხდება, რომ ასეთი რეპრესიული კანონებია ქვეყანაში. ზოგადად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა აღარ ჩანს. ასეთ პირობებში მიგრაცია, რომელიც აქამდეც იყო, კიდევ უფრო გაიზრდება, ეს გარდაუვალია, თუ ეს პროცესები არ შემობრუნდა და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი არ გასცა და უკან არ დაახევინა რეჟიმს.

რა არის დღევანდელი საქართველოს განვითარების პერსპექტივა? – ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც ადამიანებზე არ აისახება? სად ხედავენ ადამიანები თავიანთი შვილების მომავალს 5-10 წლის შემდეგ, ასეთი ფორმის სახელმწიფოში? სადაც არა მარტო კრიტიკა იკრძალება, უბრალოდ, განვითარება შეუძლებელია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ცივილიზაციურად ჩამოგვაშოროს დასავლეთს.

  • პრინციპში იმ მომავალს გვთავაზობს, რაც არსებობდა საბჭოთა კავშირში – რკინის ფარდა დასავლურ სამყაროსთან. გრანტების აკრძალვის მიზანიც ხომ ეს არის რეალურად?

თუ არ არის განმავითარებელი პროექტები, არც განვითარებაა და ეს აუცილებლად აისახება განათლების სფეროზეც. შემცირდება აკადემიური მხარდაჭერა და საერთო ჯამში, ადამიანი თავის მომავალს, თავისი შვილების მომავალს განვითარების პერსპექტივაში უყურებს, ხომ? როცა ვერ დაინახავს ამ პერსპექტივას, თურქმენეთის მსგავსი ქვეყნის პერსპექტივა თუ ჩნდება, რომელსაც არ ჰყავს მოკავშირეები, არ აქვს განვითარების იდეა და ჩაკეტილი, იზოლირებული სივრცეა, რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყნიდან მიგრაცია გაიზრდება. ეს გარდაუვალია.

თუ აქამდე სოციალური სიდუხჭირის გამო მიდიოდნენ ადამიანები ქვეყნიდან, ამას საშუალო კლასიც დაემატება, რომელიც დღეს შრომობს ამ ქვეყანაში და სურს ამ ქვეყნის განვითარება. თუ მომავალს ვეღარ დაინახავენ ადამიანები, წავლენ.

არც ის არის გამორიცხულო, რომ შემდეგი ნაბიჯი არჩევნების მონაწილეობის შეზღუდვა იყოს. საარჩევნო უფლების შეზღუდვა იმდენად არაკონსტიტუციურია და იმდენად ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის სამართლიან წესებთან, რომ მხოლოდ დიქტატორულ რეჟიმებში არსებობს ასეთი შეზღუდვები.

ამიტომ, საერთოდ ახალი დონეა რეპრესიების, რაც ახლა უნდათ, რომ შემოიღონ, ეს 8-წლიანი შეზღუდვა, რომ პოლიტიკაში ვეღარ მოვა ადამიანი, თუ არასამთავრობო სექტორში მუშაობდა.

რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება საარჩევნო ხმის უფლებების ჩამორთმევით, ფინანსური სანქციებით ოჯახის წევრებზე, როგორც მაგალითად ბელარუსშია. ამიტომ მიმდინარეობს ძალაუფლების კონსოლიდაცია და საქართველოს გადაქცევა იზოლირებულ ავტოკრატიულ ქვეყნად, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო თამაშის წესებს, არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და, შესაბამისად, ისეთ წესებს ამკვიდრებს ქვეყანაში, რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიდის.

  • ისევე როგორც რუსეთშია, არა? ფაქტობრივად არც ისინი ცნობენ საერთაშორისო სამართალს და ყველა შეთანხმებას არღვევენ.

უკვე აღარ ითვალისწინებენ არანაირ საერთაშორისო ნორმას, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი და რომლისკენაც ვესწრაფოდით დეკლარირებულად.

  • როგორც ვიცით, საქართველოში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად ეუთომ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა, რაზეც პაპუაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ეს უბრალოდ რეკომენდაციაა და ბევრს არაფერს ნიშნავს. გამოდის, ბოლომდე რუსეთის გზას დაადგნენ?

„სუვერენული დემოკრატია“, რაც აქვთ ხოლმე ამოჩემებული, ზოგადად, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება იყო და ყველა დიქტატორული რეჟიმის მაშველი რგოლია ახლაც, როცა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საბაბით ყველაფერს ზღუდავენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც კი არ გაითვალისწინონ და იგივე გაიმეორონ, რასაც რუსეთი ამბობს ხოლმე, რომ „ჩვენ უფლებებს არ ვარღვევთ“.

ამათი სურვილია საქართველო იყოს იზოლაციაში და არანაირ მოლაპარაკებას, უკან დახევას და რაიმე ცვლილებას ამ ეტაპზე აშკარად არ აპირებენ.

  • როგორ ფიქრობთ, აზერბაიჯანის და სომხეთის აქტიურობის ფონზე, მაინც მოახერხებენ, რომ საქართველო სრულ იზოლაციაში მოაქციონ. ფიქრობთ, რომ დასავლეთის ყველა ინტერესი შეიძლება გაქრეს საქართველოს მიმართ?

ეს რომ ვერ შეძლონ, მხოლოდ საქართველოს საზოგადოებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ძალიან დაზიანდება საქართველოს მომავალიც, საქართველოს პერსპექტივაც და ამ ყველაფრის აღდგენის ფაქტორიც. მაგრამ საბოლოო ჯამში შეუძლებელი მგონია მაინც ისეთ დონეზე შეინარჩუნონ ხელისუფლება, როგორც მაგალითად ლუკაშენკოს აქვს ამდენი წელი.

  • 2036-წლიან გეგმებს წერენ, გამოდის არ ფიქრობენ, რომ მათი დრო წავიდა?

არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხევენ, მაგრამ ბევრი ფაქტორი არსებობს, რომელიც ამ ცვლილებას ჩემი აზრით მოიტანს.

შეუძლებელია ლეგიტიმაციის, საერთაშორისო აღიარების გარეშე ქვეყნის მართვა. ერთ წელიწადში იქნება, ორში თუ რამდენში, მაინც მოუწევთ საუბარი დასავლეთთან იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს. სხვანაირად, შეუძლებელია ქვეყნის განვითარება.

  • ყველა მხრივ შებოჭილ საზოგადოებას რა დარჩა მოტივაციისთვის. გაუძლებს, შემოსავლების გარეშე დარჩენილი ხალხი ამდენ რეპრესიას?

მოტივაცია საქართველოს კონსტიტუციის დაცვაა, იმ 35-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის და იმ პროგრესის შენარჩუნება, რასაც აქამდე მივაღწიეთ. ეს ხომ ჩვენი შვილების მომავალს ეხება. როგორ საქართველოში იცხოვრებენ – იზოლირებულ, ჩაკეტილ ქვეყანაში, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს, თუ ქვეყანაში, რომელიც ვითარდება. ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს?

ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ სხვა არჩევანს და სხვა გზას, გარდა წინააღმდეგობისა, რომელიც გამოიხატება ღია, აქტიური პროტესტით. საზოგადოებამ უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს, რომ სხვა რეალობაში ვართ და მხოლოდ აქტიური პროტესტით არის შესაძლებელი ცვლილებების მიღწევა. სხვა ყველა გზა, ფაქტობრივად  ამოქოლეს.

„გაუნათლებელი საზოგადოება, მონების საზოგადოებაა“- სალომე ზურაბიშვილი „ოცნების რეფორმაზე“

დღეს, 31 იანვარს, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე დისკუსია გაიმართა სლოგანით – „დაიცავი განათლება“, სადაც განათლების ექსპერტებმა ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რასაც „ქართული ოცნება“ ე.წ რეფორმით უქმნის უნივერსიტეტებს.

შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული „რეფორმა“ რუსეთში დაიწერა და ის მიმართული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„ყველამ ვიცით სად და როგორ დაიწერა ეს „რეფორმა“ და როგორ მიაღებინეს პარლამენტს ერთი ხელის აწევით. ძველი საბჭოთა პრაქტიკაა, როცა დებატები არ არის არც კომისიებში, არც კომიტეტებში და არც პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი „რეფორმა“ მიიღეს რუსეთში 2022 წელს და ეს არის პასუხი იმ კითხვაზე, თუ სად დაიწერა ეს ფსევდო რეფორმა. საიდან მოდის ეს უდიდესი დარტყმა ქართულ განათლებაზე, კულტურაზე და იდენტობაზე“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, განათლება საზოგადოების ხერხემალია, ამიტომ განათლების გარეშე დარჩენილი საზოგადოება ვერ განვითარდება. „საზოგადოება, რომელიც არ არის განათლებული, არის მონების საზოგადოება. „საზოგადოებაც“ არ ჰქვია, მონების შეკრებაა, თუ არ არის განათლება. და ის, რომ დღეს ეს რეჟიმი ეხება სწორედ განათლებას, არის ძალიან ნიშანდობლივი.

თუ რეჟიმი აქამდე ეხებოდა ადამიანებს, პიროვნებებს ფიზიკურად – რეპრესიული კანონები, დაჭერები, ციხე, მოწამვლა, ძალადობა – ეს ყველაფერი არის ფიზიკური მცდელობა იმისი, რომ ადამიანები შეზღუდოს, მათი ქმედებები შეზღუდოს, მათი ფიქრებიც და მათი თავისუფლებაც, მაგრამ ამ კუთხით ვერაფერს მიაღწია რეჟიმმა, რომ დაემონებინა საზოგადოება და ის პროტესტი, რომელიც არა მხოლოდ ქუჩაში არსებობს, არსებობს სწორედ საზოგადოებაში – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს რეჟიმს.

ამიტომ გადავიდა შემდეგ ეტაპზე, ეს არის პირდაპირი ომი, გამოცხადებული საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის სულიერი შეტევა იმის მიმართ, რაც არის ჩვენთვის არსებითი“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო უდიდეს რესურსებს ხარჯავს მოსახლეობის განათლებაზე, ავტორიტარული ხელისუფლებები კი პირიქით.

„ჩვენი ისტორიაც განათლებაზე დგას. დაწყებული წმინდა ნინოდან, რომელმაც გაანათლა საქართველო, შემდეგ ასურელი მამები ავრცელებდნენ იმ დროისთვის სულიერ ცოდნასა და განათლებას. დავით აღმაშენებელი არ იქნებოდა აღმაშენებელი, თუ არ ეყოლებოდა გვერდში ჭყონდიდელი. ამიტომ, შეტევა განათლებაზე არის პირდაპირი შეტევა ჩვენს სულზე, ჩვენს იდენტობაზე, ჩვენს ქართველობაზე.

ჩვენთვის განათლება არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული დამოუკიდებლობასთან. არ არის შემთხვევითი ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს და ამას ამზადებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

სწორედ ამ უნივერსიტეტში იცავდნენ განათლებას და დამოუკიდებელ აზრს. თუმცა ივანე ჯავახიშვილმა გაუშვა სტუდენტები იუნკერებთან ერთად საბრძოლველად და უთხრა, რომ „ახლა არის ის დრო, როცა სწავლა უნივერსიტეტში კი არა, ქვეყნისთვის ბრძოლა არის საჭირო“. იმიტომ, რომ ჩვენთვის განათლება არის დამოკიდებული და შერწყმული თავისუფლებასთან.

თუ არა თავისუფალი აზროვნება, თუ არა კრიტიკული აზროვნება, რამდენიც გინდათ გქონდეთ უნივერსიტეტები, სკოლები. ჩაკეტილი განათლება ვერ იარსებებს დიდხანს და დღეს ეს გვემუქრება ჩვენც. როცა გამოვდივართ იმ საერთაშორისო სისტემიდან, რომელიც აძლევს ჩვენს ახალგაზრდობას საშუალებას სწავლა გააგრძელოს ევროპულ ქვეყნებში და იქიდან ჩამოიტანოს მეტი ცოდნა და განვითარება. ახლა კი ცდილობენ ჩამოგვაშორონ გარე სამყაროს, დავრჩეთ ჩაკეტილები.

რამდენი უნივერსიტეტი შეერწყმება ერთმანეთს ჯერ არ ვიცით, თუმცა წარმოუდგენელია მათი („ქართული ოცნების“ ხელისუფლება) დაცინვის ტონიც, რეალურად აბუჩად იგდებენ უნივერსიტეტებს.

„მე რაც მინდა, იმას ვაკეთებ“, – „მინდა გავაერთიანებ, მინდა დავაშორებ, მინდა გავხსნი, მინდა ჩავკეტავ, მინდა დავხურავ. მასწავლებლებს მე დავნიშნავ“ – ეს არის ჩადებული მათ ტექსტებში.

განათლებას მოაქვს პირველ რიგში განვითარება. ქვეყანა ვერ განვითარდება ეკონომიკურად, თუ განათლება არ არის განვითარებული. როცა ხელოვნური ინტელექტი შემოდის ასეთი სისწრაფით, ის ქვეყნები, რომლებიც ამის გარეთ დარჩებიან, არიან განწირული.

ჩვენც ვიქნებით განწირული, ჩრდილოელი მეზობლის კოლონია, თუკი არ გვექნება ჩვენი განათლება და არ გვეყოლება განათლებული საზოგადოება, რაც ქმნის საქართველოს იდენტობას და კულტურას.

თუ ეს „რეფორმა„ ამოქმედდა, შეუძლებელი გახდება ჩვენი შემდეგი თაობისთვის ევროპული განათლების მიღება, რადგანაც არც ერაზმუსი იქნება ხელმისაწვდომი და ვკარგავთ ყველა იმ პრივილეგიას, რომელიც თან ახლდა ბოლონიის პროცესს.“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, „ოცნება“ ცალ-ცალკე მიადგა სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა დარგს გასანადგურებლად, ამიტომ აუცილებელია საზოგადოება გამოფხიზლდეს და დადგეს ერთად, ამ პროცესის შესაჩერებლად.

„დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებს მიადგნენ, ხვალ სახელოვნებო ინსტიტუტებს, ზეგ კერძო სექტორს, კერძო უნივერსიტეტებს მიადგენიან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გადარჩნენ, მაგრამ ვერ გადარჩებიან“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ემიგრანტი: „შევხვდით ბუნდესტაგის წევრებს, საგამოძიებო მისიამ უნდა დაადგინოს როგორ დაწამლეთ ხალხი“

ქართველი ემიგრანტი კოკი იონათამიშვილი, რომელიც „მოძრაობა მზია“ და „პლატფორმა 2025“-ის თანადამფუძნებელია, ამბობს, რომ სხვა ემიგრანტებთან ერთად გერმანიაში, ბუნდესტაგის წევრებს და მმართველი კოალიციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, გამოძიების დაწყებაა.

„ბერლინში, ამ ლამაზ ქალაქში, ქართველი ემიგრანტები შევხვდით ბუნდესტაგის წევრებს, მმართველი კოალიციის წევრებს.

ვისაუბრეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციიდან საერთაშორისო საგამოძიებო მისიის შექმნის აუცილებლობაზე, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ორგანიზაციის საგამოძიებო მისიას შეუძლია დაადგინოს თუ რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეთ, როგორ დაწამლეთ ეს ხალხი, რამდენად ტოქსიკური იყო ის, რა ინტენსივობით გაურიეთ ის წყალს და ასე შემდეგ.

ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომ გაირკვეს სიმართლე, თუ რა მოხდა აქციების დარბევების დროს 2024 წლის ბოლოს.

ვისაუბრეთ ასევე სასანქციო პოლიტიკაზე, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს და გერმანიამ ეს სასანქციო პოლიტიკა, მათ შორის ვისაუბრეთ „მზია სიაზე“, სადაც უამრავი თქვენი მავნებელია უკვე შესული.

ასევე ვისაუბრეთ, რომ ნორდიკ-ბალტიური ქვეყნები და სხვა დასავლეთის ქვეყნები არიან მზად, რომ უფრო ეფექტური პოლიტიკური ზემოქმედება მოახდინონ თქვენზე და ელოდეთ, ელოდეთ ახალ ამბებს.

ბრძოლა ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ!“- ამბობს კოკი იონათამიშვილი ფეიბსუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც გუშინ, 30 იანვარს გავრცელდა.

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ბათუმში ბულვარის დაცვის პოლიციელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ბათუმში, ბულვარის დაცვის პოლიციელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურემ, ბათუმის ბულვარში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს“ – წერს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფელ დაგვაში ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაგვაში, ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპული კაცი სახლში მარტო იყო.

აპირებს თუ არა მერია, კომპენსაცია გადაუხადოს დაღუპული პირის ოჯახს, – ვკითხეთ მერის წარმომადგენელს სოფელ დაგვაში. ასლან მადოიშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულ კაცს, ერთი შვილი ჰყავს, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქე არ არის.

„სახლი კი რეგისტრირებული არ ჰქონდა“- ამბობს ასლან მადოიშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლით.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 239 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 619 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 977 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 36 768 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 632 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 290 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 119 928 ერთეული [+694]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 377 ერთეული [+58]
  • სპეცტექნიკა – 4 054 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 111 634 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 404 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 653 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 952 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 186 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კაცი, რომელიც ბათუმში თავის დაწვა სცადა, ცოცხალია – შსს

შს სამინისტროს ცნობით, კაცი, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში სცადა, ცოცხალია და იგი კლინიკაშია გაყვანილი.

შემთხვევა 31 იანვარს მოხდა ბათუმში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

 

„ესაა მომავლის განადგურება, რომ ქვეყანა დაემსგავსოს ბნელ, უკულტურო მასას“ – ინტერვიუ

„ეს არის შეგნებული, მიზანმიმართული სწრაფვა იმისკენ, რომ ქვეყანა დააზიანო მაქსიმალურად. იმდენად დააზიანო და იმდენად გაანადგურო, რომ მან თავი ვეღარასოდეს ვეღარ წამოწიოს,“ – ასეთია ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის მოსაზრება „ოცნების“ ბოლო კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც „გრანტების შესახებ“ კანონი, იურისტების შეფასებით, შესაძლოა, სუფრასთან გაჟღერებულ თქვენს კრიტიკულ აზრსაც კი შეეხოს.

ფილოსოფოსის დაკვირვებით, საქმე გვაქვს არამხოლოდ ინსტიტუციების გაქრობასთან და პროტესტის ჩახშობასთან, არამედ ქვეყნის გეგმაზომიერად განადგურებასთან.

„მე ვერ წარმომიდგენია რომელ დამპყრობელს შეეძლო ამაზე უარესი ზიანის მოტანა… ეს არის უზომოდ დიდი ზიზღი ამ ქვეყნის წარსულის და მისი მომავლის მიმართ. აი, რომ გძულს ვიღაც და გინდა ბოლომდე ამოძირკვო და გაანადგურო – ამას უკეთებს დღეს ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს,“ – ამბობს გიორგი მაისურაძე.

რა განზრახვით მოქმედებს ივანიშვილი ამ ეტაპზე? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ გიორგი მაისურაძეს.

  • ბატონო გიორგი, თქვენი რეაქცია როგორი იყო, როცა გაიგეთ, რომ სუფრასთან აზრის გამოხატვასაც შეიძლება შეეხოს „გრანტების შესახებ“ კანონი? თქვენი აზრით, რა გათვლებით მოქმედებს ივანიშვილი ამ ეტაპზე? 

რაც ჩანს ამ კანონში, ეს არის მართლა ყველანაირი თავისუფლების, რამე თუ დარჩა, იმის ალაგმვა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, დიქტატურები ბევრი არსებობს, ავტორიტარული რეჟიმებიც ბევრი არსებობს, მაგრამ ეს არის უფრო მავნებლობა საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.

ჩვენ უკვე შეგვაგუეს იმას, რომ საქართველოში მყარდება, თუ ფაქტობრივად დამყარებული არაა უკვე, დიქტატურა. ზედმეტია სხვა ტერმინების მოძიება და რაღაცნაირი ევფემიზმები ამ ყველაფრისთვის.

ჩვენ მივექანებით დიქტატურის ყველაზე მახინჯი ფორმისაკენ, რომელიც ჩვენთვისვე ცნობილი იყო ისტორიულ გამოცდილებით.

ყველა დიქტატურას აქვს გარკვეული დადებითი ასპექტიც იმავე ქვეყნისთვის: მთელ ძალაუფლებას ვიტაცებ, აბსოლუტურ კონტროლს ვამყარებ, მაგრამ ეს მჭირდება რაღაც უკეთესი მიზნისთვის…

ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა, ხომ? საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა მეცნიერებათა აკადემია, კინოსტუდია, უამრავი კულტურული დაწესებულება, რომელზეც დგას დღეს ქართველი ერი, როგორც ერთობა, რომელსაც აქვს კულტურული პრეტენზიები, რომ ის არის კულტურული ქვეყანა, შეუძლია იამაყოს, ჰქონდეს საკუთარი ცნობიერება და ასე შემდეგ. საბჭოთა სისტემამ და ბოლშევიკებმა შექმნეს უამრავი კულტურული ინსტიტუცია, რომელიც ნაწილობრივ დღესაც არსებობს.

გასაგებია, რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება და იქ ცენტრალური დაფინანსება აღარ არსებობს, მაგრამ მისი ნაშთები დღესაც მოქმედებაშია და თუ კიდევ რაღაცნაირად სუნთქავს ეს კულტურა, იმ ინსტიტუციების ხარჯზეა, რომელიც საბჭოთა სისტემამ შექმნა.

  • ამიტომაც გადაწყვიტა „ოცნებამ“ ერთი ხელის მოსმით გაერთიანება, მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის თსუ-თან? 

არაფერი საერთო ამას რეფორმასთან არა აქვს. დამკვიდრდა კიდევაც ტერმინი „დეფორმა“, მაგრამ ეს „დეფორმაც“ ნაკლებად მგონია, იმიტომ, რომ ეს არის მიზანმიმართული, სრულიად შეგნებული და გეგმაზომიერი განადგურება ამ ქვეყნის.

და რას ნიშნავს საგანმანათლებლო სისტემის განადგურება? ეს მისი მომავლის განადგურებაა, რომ ქვეყანა დაემსგავსოს უკულტურო, ბნელ, გაუნათლებელ მასას. აი, თავისი ტროლები რომ ჰყავთ – აბსოლუტურად პრიმიტიული არსებები და პრიმიტიული აზროვნებასაც რომ ვერ დაარქმევ – მათ უნდათ დაამსგავსონ მთელი ქვეყანა. ამას ეწოდება მავნებლობა, ეს არის შეგნებული, მიზანმიმართული სწრაფვა იმისკენ, რომ ქვეყანა დააზიანო მაქსიმალურად.

იმდენად დააზიანო და იმდენად გაანადგურო, რომ მან თავი ვეღარასოდეს ვეღარ წამოწიოს.

  • რა შედეგზეა გათვლილი იგივე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, თქვენი აზრით? რომ გრძელვადიან პერსპექტივაშიც ვერ გააქტიურდეს საპროტესტო მოძრაობა საქართველოში?

საქართველო მოაქციეს იზოლაციაში, ზედ აღარავინ უყურებს, მისი წაშლა ხდება ფაქტობრივად მსოფლიო რუკიდან. ამის გამოხატულება იყო დავოსის ფორუმი, სადაც არ მიიწვიეს საქართველო.

სუვერენულობა მაგათ თუ ჰგონიათ გამოქვაბულში გამოკეტვა და ვირთხის სოროში შეძრომა – ამას არაფერი საერთო სუვერენულობის ცნებასთან არა აქვს. ეს არის სრული სიცრუე და ამ ტერმინის ვერგაგებაც კი, რომელსაც მთელი პროპაგანდა, ყველაფრის მკადრებელი, მზაკვარი ადამიანები, აი, ამ დემაგოგიისთვის, ხალხის მოტყუებისთვის იყენებენ.

ჩვენ ვანგრევთ განათლების სისტემას, რომელიც ისედაც მძიმე კრიზისშია და ძალიან დიდი დახმარება სჭირდება, დიდი ფინანსური დახმარება.

სადმე გინახავთ ქვეყანა, რომელიც განათლების სისტემას აკლებდეს თანხებს? ართმევდეს ისტორიულ შენობებს? ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მუზეუმებში არის უამრავი ოქროს და ძვირფასი მეტალების ხატები, სხვადასხვა ისტორიული ძეგლი, უძვირფასესი ნივთები, მოდით, ახლა ვიღაცას მოუვიდეს თავში, რომ რაში გვჭირდება, ტყუილად აწყვია მაინც ამ მუზეუმში, გადავადნოთ, ოქროს ზოდებად ვაქციოთ, მეტი მოგება იქნება, ფული დავაბანდოთო და გამდიდრდებიან ისევ ბიზნესმენები და კლანები…

ბიზნეს-კლანის ხელშია დღეს მთელი ქვეყანა. დეპუტატების უმრავლესობაც ბიზნესმენია, საკუთარ ჯიბეს მოარგეს ყველა კანონი და მთელი სისტემა, პოლიტიკური სისტემა, რომ რაც შეიძლება უსასრულოდ გამდიდრდნენ.

გეუბნებით, არ არსებობდა საქართველოსთვის რომელიმე დამპყრობელი, რომელსაც უფრო დიდი ზიანის მოტანა აზრად მოსვლოდა ქვეყნისთვის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. ამაზე უარესს ვერავინ იზამდა, რუსეთი დაგიპყრობდათ თუ მონღოლეთი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. არავის არ უკადრებია ამ ქვეყნისთვის ასეთი ფუნდამენტური ნგრევა. თვით რუსეთის იმპერიის კოლონიზაციაც რომ გავიხსენოთ.

რასაც ახლა ესენი აკეთებენ – ეს არის აბსოლუტურ ნულზე დაყვანა, სრული მოსპობა და განადგურება ყველა მიმართულებით. ჩვენ გვახსოვს ის მარაზმი, რომელსაც წულუკიანი ახორციელებდა – მაქსიმალურად დაასახიჩრა ამ ქვეყნის კულტურა. ახლა კი, ეს ვითომ განათლების რეფორმა სინამდვილეში არის ქვეყნის კასტრაციაა. ეს არის ქვეყნის კასტრაციის პოლიტიკა.

მართლა საუკუნოვანი ინსტიტუციების განადგურებაა. ჩვენ ვიქნებით მართლა რაღაც ნახირი, მომსახურე მონების მასა.

  • რეალურად ხედავთ ამ საფრთხეს, რომ დავკარგოთ სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და ვიქცეთ ეთნიკურ ჯგუფად?

ეთნიკური ჯგუფიც უკვე შეიძლება აღარ ვიყოთ, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ემატება ჩამოსახლებები, ნუ იტყვით და უახლოესი მეგობრები ვყოფილვართ არაბებთან. აქ ეთნოსზეც აღარ არის ლაპარაკი – ეს იქნება რაღაც მობნეული ხალხის მასა, რომელიც გამოყენებადი შეიძლება იყოს მხოლოდ, როგორც მომსახურე პერსონალი. აი, მათ გაძვირებულ სუპერმარკეტებში.

სხვათა შორის, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა, მას შემდეგ რაც დააანონსეს, ფასებს ვამცირებთო, ყველაფერი გაძვირებულია, იმდენად გაძვირებული, რომ ფაქტობრივად გადახდას აღარ ექვემდებარება ისევ და ისევ გარკვეული ფენისთვის.

რეალურად ჩვენ ფაქტობრივად გაქრობისკენ მივდივართ, სრული გაჩანაგების და განადგურებისკენ.

კიდევ გავიმეორებ: მე ვერ წარმომიდგენია რომელ დამპყრობელს შეეძლო ამაზე უარესი ზიანის მოტანა, რასაც ეს ხელისუფლება ახორციელებს. ეს არის სიძულვილი ამ ქვეყნის და მისი ხალხის მიმართ. მე სხვას ვერაფერს ვერ ვკითხულობ. ეს არის უზომოდ დიდი ზიზღი ამ ქვეყნის წარსულის და მისი მომავლის მიმართ. აი, რომ გძულს ვიღაც და გინდა ბოლომდე ამოძირკვო და გაანადგურო – ამას უკეთებს დღეს ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს.

  • ჩვენ, საზოგადოება რას ვაკეთებთ ამ დროს? თქვენ აღნიშნეთ – შეგვაგუესო. ასეა? 

შემოდის წარმოუდგენელი რეპრესიული კანონმდებლობა, რომელსაც მართლა ანალოგი რუსეთსა და ბელორუსიაშიც კი არა აქვს. რუსეთს უზარმაზარი ძალა აქვს, რომ ეს განახორციელოს კანონის გარეშეც. ფეხებზე ჰკიდია პუტინს კანონები. საქართველოში ფაქტობრივად სრული გაჩანაგება მიდის ჯერ საკანონმდებლო დონეზე, ეკონომიკურ დონეზე – პარიზსა და ლონდონზე ძვირი ქალაქი რომ გახდა თბილისი – აი, უნდათ, რომ დაგახრჩონ ფიზიკურად, დაგახრჩონ ეკონომიკურად და გააქციონ მონად.

მათი მიზანია დაბალანაზღაურებად მომსახურე პროლეტარიატად გაქციონ. ეს არის მამოძრავებელი მოტივი – სიძულვილი: მე თქვენ მოგსპობთ! აი, ეს არის ივანიშვილის დიქტატურის და მისი გარემოცვის მიზანი.

წყვდიადმა დაიპყრო საქართველო, როგორც არასდროს, მგონი, ისტორიაში. მონღოლთა ბატონობის დროსაც კი, ამას ვერ შევადარებ, ვერც რუსეთის იმპერიას და ვერც საბჭოთა კავშირის ყველაზე უარეს დღეებს. ბოლშევიკური ტერორის პერიოდშიც კი, ასეთი დაკნინებული საზოგადოება და ასეთი მავნებლური მიზნებით არცერთი დამპყრობელი არ მახსენდება, რასაც დღეს ესენი აკეთებენ.

საქართველოს მოსახლეობის მართლა ძალიან დიდი ნაწილი სწორედ უცხოეთიდან გადმორიცხვებით არსებობს, იმდენად გააჩანაგეს და გაყვლიფეს ეს ქვეყანა, ადგილზე რეალურად თავს ვერ ირჩენენ ადამიანები.

სრულ განადგურებას უპირებენ საშუალო ფენას, რომელიც სწორედ საერთაშორისო დაფინანსებით არსებობდა, მათ შორის, მეცნიერების, განათლების, კულტურის სფეროებში – მთელი სოციალური კლასი განადგურებისკენ მიჰყავთ.

ფულადი გზავნილები, რომელიც შემოდის საზღვარგარეთიდან, უზარმაზარი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის, ისიც უნდა მოიჭრას. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდება საქართველოს მოსახლეობა. ფაქტობრივად, შემდეგი რა უნდა იყოს? – ბორკილების დადება და მონათა ბაზარზე გაყიდვა.

თუ ამას ბოლომდე ვინმე არ იაზრებს, არ ვიცი. ან ვის უნდა დააბრალოს მერე – „აი, რა დღეში ჩაგვაგდეს?“

  • თუ იაზრებს, მაგრამ სვამს კითხვებს ოპოზიციის ერთობაზე, ლიდერის და გეგმის საჭიროებაზე?

ტოტალიტარული სისტემები, როგორიც არის ირანი, მაგალითად, თუ რუსეთი, ზუსტად მაგას აღწევენ, რომ არც პოლიტიკოსი დატოვონ, არც ლიდერი, საერთოდ არანაირი ორგანიზების საშუალება არ დატოვონ.

ვხედავთ, რომ ჭაობშია ჩაძირული ქვეყანა. ამის მიუხედავად, აი, ირანმა გვაჩვენა რამდენად დიდია ხალხის რისხვა ბოროტმოქმედი და დანაშაულებრივი სისტემის მიმართ. ირანის მოსახლეობა არის 90 მილიონი. ეს არის რეგიონში ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი, უზარმაზარი რესურსების ქვეყანა. მას ჰყავს 6-მილიონიანი ემიგრაცია, რომელიც საკუთარ თავს მიიჩნევს დროებით გაქცეულს ირანიდან. ამ დროს ჩვენ რაღაც 3.5 მილიონი კინკილა ხალხი ვართ იმასთან შედარებით დარჩენილი.

შეუძლია კი ამ გაჩანაგებულ, დემოგრაფიულ კატასტროფის ქვეშ მყოფ ქვეყანას გაუძლოს ასეთ ზეწოლას? – შედეგი უკვე ჩანს, რაც შეიძლება იყოს. ეს იქნება აბსოლუტური წაშლა და ამოძირკვა საქართველოს, ქართველი ერის სრულ გადაშენებამდე მიყვანა.

და ამას ახორციელებენ დღეს თავად ქართველები.

„ჩვენ ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის ტემპით“ – ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან

გადავუსწარით უკვე რუსეთს რეპრესიული კანონებით? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ იურისტს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა.

„ჩვენ ვდგავართ ცალსახად ამ ტრაექტორიაზე და ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის ტემპებში,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ბრუტალური ძალადობის გზით დიქტატურის დამყარება რთულია, ამიტომაც, ივანიშვილის „ოცნება“ შესაბამისი კანონების მიღების გზით ცდილობს კონტროლის მოხვეჭას.

„ინსტიტუციური რგოლები გაგვინადგურეს, ახლა კი, მასობრივი კონტროლის ინსტრუმენტებით ცდილობენ, ინდივიდუალურ დონეებზე არსებული თანამშრომლობები გაანადგურონ, ჩაახშონ, რკინის ფარდა ჩამოაფარონ…“- ამბობს თამთა მიქელაძე.

  • ქალბატონო თამთა, თქვენი აზრით, რა ეტაპზე გადადის „ოცნება“ დემოკრატიის წინააღმდეგ „გრანტების შესახებ“ კანონში დაანონსებული ცვლილებებით? გადავუსწარით უკვე რუსეთს რეპრესიული კანონებით, თუ ჯერ არა? 

ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა, პრაქტიკულად არის ტოტალური კონტროლის მოპოვება საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილზე – საკანონმდებლო ინიციატივა გრანტის იმდენად ფართო განმარტებას გვთავაზობს, რომ ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოიაზრონ, პრაქტიკულად ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა, გარედან თუ ადგილობრივი ფონდების მხრიდან, რომელიც შეიძლება საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ შინაარსს ატარებდეს.

ასეთი ბუნდოვანი და ფართო ჩანაწერი სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, მთელ რიგ ურთიერთობებზე მოიპოვოს კონტროლი.

ისინი, ვინც, ვთქვათ, ამ მთავრობასთან შეთანხმების ვალდებულებას არ შეასრულებენ, განზრახ თუ განზრახვის გარეშე [ზოგჯერ შეიძლება ვერც კი წარმოიდგინო, რომ რაღაცას შეიძლება გრანტი უწოდოს ვინმემ], საბოლოოდ, შეიძლება, გამოძიების საგანი გახდეს და ამაზე მოგედავონ, დაგაკისრონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ძალიან მარტივად შეიძლება ყველაფერი გამოძიების საგანი გახდეს.

თუ ადრე მიდგომა იყო ის, რომ, პირველ რიგში, ადმინისტრაციული ინსპექტირების შემოწმების რესურსი უნდა ამოწურულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ დგებოდა გამოძიების რისკები, ახლა უკვე ძალიან მარტივად შეიძლება პირდაპირ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და მთელი რეპრესიული აპარატის ჩართვა, ადამიანებზე გამოძიების დაწყება, მოწმედ დაკითხვა, დევნა… ეს არის რაღაც წარმოუდგენელი რეალობა.

პირველი ეტაპის საკანონმდებლო ცვლილებებმა ინსტიტუციურად მკვეთრად დაგვაზიანა, პრაქტიკულად გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. დონორი ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი შეთანხმების მიღებისთვის არ მივიდა „ოცნების“ ხელისუფლებასთან, რომელსაც ძალიან მძიმე ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს. როგორ ჩანს, „ოცნებაში“ უნდათ, რომ საკუთარი აქტუალობა საერთაშორისო ორგანიზაციებს ისევ აჩვენონ და თქვან, რომ არავითარი შუალედური მექანიზმი აღარ იარსებებს: ან თქვენ გვაღიარებთ და ჩვენთვის თანხმობებისთვის მოხვალთ, ან ძალიან მძიმე რისკების წინაშე დადგებით.

ამ ყველაფერს აქვს ეკონომიკური განზომილებაც: მოწყვლადი, პროფესიული, საშუალო კლასი, რომელიც ჩართულია კვლევით ინსტიტუტებში, აკადემიებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, მედია ორგანიზაციებში, პროფკავშირებში და ასე შემდეგ, რომელთა შრომაც ხშირად იყო დაკავშირებული სწორედ დონორული ტიპის ორგანიზაციებთან, ფონდებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო აკადემიურ სამეცნიერო ცენტრებთან და ასე შემდეგ, მთელი ასეთი პროფესიული საშუალო კლასი დღეს ხდება ეკონომიკურად დაუცველი. როგორც წესი, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში, საზოგადოებრივი შრომის განვითარებაში ინვესტიციებს დებდნენ საერთაშორისო ფონდები. ქართულ სახელმწიფოს დამოუკიდებელი, ალტერნატიული რესურსები არ შეუქმნია.

ეს საშუალო კლასი რჩება ყოველგვარი ეკონომიკური რესურსების წვდომის გარეშე. რაც, რა თქმა უნდა, ექნება ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური გავლენა არამხოლოდ ამ ადამიანებზე, არამედ მათ უკან მდგარ ოჯახებზე. ეს არის სწორედ ის სოციალური ჯგუფი, რომელიც საკუთარ შვილებს და მშობლებსაც არჩენს და მათ უკან მართლა ბევრი ადამიანია.

მეორეს მხრივ, ეს არის საჯარო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სამუშაოების დასუსტება, შეჩერება, რასაც ექნება, ბუნებრივია, პოლიტიკური იმპლიკაციები, იმიტომ, რომ თუ რაღაც რგოლები და მათი საზოგადოებრივი მუშაობა გაჩერდება, ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას ჩვენს პოლიტიკურ რეალობაზე. ამიტომაც, ინსტიტუციური რგოლები გაგვინადგურეს, ახლა კი, ასეთი მასობრივი კონტროლის ინსტრუმენტებით ცდილობენ ინდივიდუალურ დონეებზე არსებული თანამშრომლობები გაანადგურონ, ჩაახშონ, რკინის ფარდა ჩამოაფარონ…

კრიტიკული მოქალაქეები, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ აწუხებს. თუ ინსტიტუციური სამოქალაქო საზოგადოება მათ გაანადგურეს, ეს ადამიანები, როგორც გაბედული გმირები, სოკოებივით არიან მოდებული ჩვენს საჯარო სივრცეს და უკვე ინდივიდუალური ძალისხმევით ცდილობენ ურთიერთსოლიდარობით, ურთიერთდახმარების გზებით რაღაც ტიპის უთანხმოების, წინააღმდეგობის ჩვენებას.

ვხედავთ თეატრებს, რომლებიც კრიტიკას გამოხატავენ, უფლებადამცველებს, ფსიქოლოგებს, პროფესორებს, თითოეული პროფესიული ჯგუფის შიგნით ხდება წინააღმდეგობისა და უთანხმოების ჩვენება. ამიტომაც, მათ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან აწუხებთ და უნდათ ეკონომიკურად და პოლიტიკურად უკვე აი, ამ მიკრო დონეზეც ადამიანების დაზიანება – მათი კონტროლის ქვეშ მოქცევა.

  • რამდენად ჰგავს დემოკრატიის განადგურების ტენდენცია იმას, რაც რუსეთში ხდებოდა დიქტატურის დამყარებამდე? 

რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების და გაერთიანების თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა. 2000-იანი წლებიდან დაიწყო რუსეთში კონტექსტის დამძიმება. განსაკუთრებული შემობრუნება კი, უკავშირდება სწორედ უცხო აგენტების, „ინააგენტების“ შესახებ კანონის მიღებას 2012 წელს, რომელმაც ძალიან ფართოდ განმარტა, რა იყო პოლიტიკური საქმიანობა. ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებდნენ და სინამდვილეში საზოგადოებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები, უცხოელ აგენტებად რეგისტრაციის ვალდებულება დააკისრეს და მთელი რიგი მოთხოვნები დაადგინეს ანგარიშვალდებულების, შემოწმების და ასე შემდეგ.

შემდგომში, უკვე პერიოდულად, ეს კანონმდებლობა მძიმდებოდა. შემდგომი ცვლილება 2014 წელს იყო არასასურველი ორგანიზაციების შესახებ, რომელმაც ცალკეულ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, ფილიალებს, მედიებს და მოგვიანებით უკვე ინდივიდებს სწორედ უცხოელი აგენტისა და არასასურველი ორგანიზაციის იარლიყი მიანიჭა. მოგვიანებით ეს დაგვირგვინდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებაში 2022 წელს, რომელმაც ყველა ეს მექანიზმი გააერთიანა და დააწესა უკვე სისხლისსამართლებრივი მექანიზმები.

  • იმეორებს ივანიშვილი პუტინის სვლებს? 2013 წელს რუსეთში მიიღეს ანტი-გეი პროპაგანდის კანონი და რუსეთის ხელისუფლების მთავარი გზავნილი, ივანიშვილის „ოცნების“ მსგავსად, იყო ის, რომ იცავდნენ თითქოს ტრადიციებს. 

კი, ნამდვილად ასე იყო. 2022 წლის დეკემბერში ეს კანონიც გაფართოვდა და ის პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გავრცელდა – მხოლოდ არასრულწლოვანებით აღარ შემოიფარგლებოდა. ეს კანონი კრძალავს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოზიტიურად წარმოჩენას, ლგბტ პლუს თემის საკითხებზე საუბარს… ძალიან ფართო და ბუნდოვან განმარტებას იძლევა და მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს.

აკრძალვები ვრცელდება მედიაზე, ინტერნეტზე, სოციალურ ქსელზე, კინოებზე, თეატრებზე, საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებზე, საჯარო გამოსვლებზე, აქციებზე და ასე შემდეგ.

ძირითადად ეს უკავშირდება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, მათ შორის, მაღალ ჯარიმებს თანამდებობის პირებისთვის, ორგანიზაციებისთვის, პირდაპირ აკრძალვას შეკრების და გამოხატვის კუთხით, უცხოელებისთვის დეპორტაციას და ასე შემდეგ.

  • ეს იმიტომ დასჭირდა პუტინს, რომ ეჩვენებინა რეჟიმის ძალა ყველაზე დაუცველი ჯგუფის ჩაგვრით? 

დიახ, ეს იყო პოლიტიკური ჰომოფობიის კლასიკური მაგალითი. ზოგადად ეს ნაწილი აქტიურად ჩართეს ევროკავშირის წინააღმდეგ პროპაგანდაშიც. დღესაც ვხედავთ, ეს თემა როგორ გამოიყენება რუსული პროპაგანდის მსგავსად დასავლეთის მარგინალიზაციისთვის.

რუსეთის შემთხვევაში პუტინს უფრო მეტი დრო დასჭირდა. პრინციპში რუსეთი ამ ინსტრუმენტებს იყენებდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ. ვთქვათ, ეს მძიმდებოდა, მაგალითად, ყირიმის ანექსიის კონტექსტში, შემდგომში უკვე 2022 წელს – უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ იყო ესკალაციები, ასევე ეს უკავშირდებოდა ფართო საზოგადოებრივ წინააღმდეგობას რუსეთის დიდ ქალაქებში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს ერთი ხელის დაკვრით, ძალიან სწრაფად ამის გაკეთებას, ავტოკრატიზაცია საქართველოში მართლაც უპრეცედენტოა. ასეთი რიტმით საკანონმდებლო ხელისუფლების უზურპაცია არ გვახსენდება სხვა კონტექსტში.

ჩვენ ვდგავართ ცალსახად ამ ტრაექტორიაზე და ჩვენ წინ ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის ტემპებში.

რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში ამ ეტაპზე შეზღუდვებს აქვს ის გარემოება, რომ ის აწესებს შეთანხმების მექანიზმს, ანუ ამბობს, რომ პასუხისმგებლობა დაგეკისრება მაშინ, თუ არ დარეგისტრირდები, არ შემატყობინებ, არ შემითანხმებ. რუსეთის შემთხვევაში კი, დღეს უკვე აკრძალული აქვთ საქმიანობა კონკრეტულ არასასურველ ორგანიზაციებს და ამ სიაშია უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც უბრალოდ ვერცერთი დაშვებით და ვერცერთი პირობით რუსეთში ვერ იმუშავებს.

ეს კონკრეტული არასასურველი ორგანიზაციების სიების შექმნა და მათთვის მთლიანად საქმიანობის აკრძალვა, როგორც ადგილობრივი აქტორების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, არის რაღაც სპეციფიკური გამოცდილება, რომელიც რუსეთში რჩება და ჩვენთან არ არის, თუმცა, მაგალითად, გრანტის შესახებ კანონის ამ ხარისხით გაფართოება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობების ასეთი ფართო დაწესება კანონის ყველა მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, არის სრულიად ახალი და სპეციფიკური გარემოება, რომელიც არ გვხვდება ამ კონტექსტით რუსეთში და არც მეზობელ ქვეყნებში.

ამიტომაც, ეს არის ძალიან მძიმე ინსტრუმენტი თვითნებობის და რეპრესიული ინსტრუმენტის ინდივიდუალურ მოქალაქეებზე გამოყენების საშუალება.

  • ამ ლოგიკით და ამ ტემპით, მოსკოვის გამოცდილების მიხედვით, რა უნდა იყოს ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი? 

მგონია, რომ ეს იქნება უკვე ინდივიდუალური ორგანიზაციების, კოლექტივებისა და ინდივიდების მიზანში ამოღება. ამ კანონპროექტით მათ უკვე თქვეს, რომ სტიგმატიზება ხდება მათი, ვისი დაფინანსება უცხოური აქტორებისგან მოდის.

შესაძლოა, შემდგომში ამას მოჰყვეს იგივე პედაგოგიური საქმიანობის აკრძალვა, ზოგადად საჯარო საქმიანობის აკრძალვა, შეკრების თავისუფლების შეზღუდვა ასეთი ადამიანებისთვის. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ეტაპზე მათ კონკრეტული ორგანიზაციების და ადამიანების არასასურველ ორგანიზაციებად და აქტორებად მიჩნევა მოხდეს და სპეციფიკური, მათზე ორიენტირებული შეზღუდვების დაწესების გზაც კი აირჩიონ.

ამ ეტაპზე მათ შეიძლება ასევე კონკრეტულ ინდივიდებს და არაპარტიულ ორგანიზაციებს უთხრან, რომ მათი საქმიანობა პოლიტიკურ მიზნებს ატარებს, შეიძლება მათ მიმართ საარჩევნო და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი გამოიყენონ და შეზღუდვები დაუწესონ იგივე, რაც პოლიტიკურ პარტიებზე ვრცელდება.

  • რა შემთხვევაში არ გამოუვა ეს ბიძინა ივანიშვილს და კრემლს საქართველოში? ხედავთ ამის რესურსს, რომ პირიქით, ივანიშვილს უკან დახევა მოუწიოს? 

ნამდვილად ძალიან რთულია ამის თქმა, იმიტომ, რომ ეს რეჟიმი შეუქცევადად ძლიერდება. რა თქმა უნდა, მას აქვს მკვეთრი სისუსტეები. მისი სისუსტეა, მაგალითად, საერთაშორისო იზოლაცია და საერთაშორისო პარტნიორების და პატრონების არ ქონა. მეორეს მხრივ, მისი მკვეთრი სისუსტეა ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში რუსული ფაქტორები ძალიან მძიმედ იკითხება და „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება რუსეთთან ღია პოლიტიკური დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა მან საკმაოდ გაზარდა ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე.

პრინციპში, „ოცნება“ მთლიანად იყენებს რუსულ პოლიტიკურ იდეოლოგიას სახელმწიფო მართვაში. ამავდროულად, ის აძლიერებს პრორუსულ ჯგუფებს საქართველოში, მათ შეუზღუდავი თავისუფლებები აქვთ. „ოცნების“ წარმომადგენლები ვერ მოიყვანენ ერთ მაგალითსაც კი, რომ თუნდაც ეს კანონები რომელიმე რუსული პრორუსული ორგანიზაციის კონტექსტში იყო გამოყენებული, დემოკრატიული, პროევროპული ორგანიზაციებისგან განსხვავებით.

ქართული ნაციონალიზმის ანტიკოლონიური სენტიმენტი, რომელიც საზოგადოებაშია, მათ არ აძლევს შესაძლებლობას, ღიად შემოიყვანონ რუსეთის ფაქტორი.

მესამე ფაქტორი არის ის, რომ ღია ბრუტალური ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში მიღებული არ არის. ისინი ხედავენ, რომ საკმაოდ მძიმედ დაუჯდათ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები. ასევე, პოლიტპატიმრების საქმეებზე საკმაოდ ემოციურია საზოგადოება, ამიტომაც, ისინი უფრო ბიუროკრატიული, ტექნოკრატიული და ლეგალისტური მექანიზმებით ცდილობენ კონტროლის მოპოვებას და საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფების გაჩუმებას, გაჩერებას თუ განადგურებას.

ოპოზიცია მკვეთრად დასუსტებულია, ასევე მედია ორგანიზაციები. რესურსები და თავისუფლებები ისეა შეზღუდული, რომ წინააღმდეგობის გაფართოება სხვა ჯგუფებთან, საინფორმაციო მუშაობის, ნდობის შენების, დიალოგის შენების რესურსებიც პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს არა აქვთ. კრიტიკული საზოგადოებრივი ჯგუფები არიან დასუსტებულები მკვეთრად. „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერია, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ სუსტი, რომ ხანგრძლივად შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება.

ჩემი აზრით, ამ კონტექსტიდან არსებობს ორი გამოსავალი: ერთი გამოსავალი ეს არის ნორმალიზების გზის არჩევა ელიტების მიერ, ამ პროცესის შეჩერება გარკვეული შეთანხმებებით, რომელიც შეიძლება იყოს ფასილიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სადაც აგრესიული ავტოკრატიზაცია შეჩერდება, პოლიტპატიმრების უფლებების აღდგენა მოხდება და გარკვეულწილად საბაზისო დემოკრატიული თამაშის წესები შეიძლება დაბრუნდეს პოლიტიკაში…

  • გულისხმობთ, „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას? 

კი, ლეგიტიმაციის სანაცვლოდ. ერთი მოდელი ეს არის, რაზეც გარკვეული ფრაგმენტული დისკუსიები არსებობს, თუმცა ამაზე ღიად საუბარი პოლიტიკურ პარტიებს უჭირთ.

საზოგადოებრივ აქტორებსაც უჭირთ, რადგანაც ეს კომპრომისებზე წასვლის გზაა ყველასთვის. ამ გზას აქვს კიდევ ერთი დიდი გამოწვევა: „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებების და მოლაპარაკებების მეთოდები სხვადასხვა დროს გამოიყენეს ოპოზიციურმა ძალებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც და პრინციპში ყველა მოლაპარაკება „ოცნებამ“ ჩააგდო და პირობები დაარღვია.

მეორე გზა არის რეალურად არაღიარების გაგრძელება, იზოლაციის გაგრძელება, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. „ქართული ოცნება“ ამ პირობებში დაუცხრომლად, შეუქცევადად და აგრესიულად გააგრძელებს ამ მარწუხების მოჭერას. ამ პირობებში ჩვენ რესურსების გარეშე უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა, ძირითადად მოხალისეობრივად…

ამავდროულად, წინააღმდეგობას შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება დაუშვას შეცდომები და ბუნებრივად კრიზისში შევიდეს გეოპოლიტიკური იზოლაციის, საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე. გაჩნდეს რაღაც ეტაპზე მომენტი, როცა სხვა სოციალური ჯგუფებიც იქნებიან რეჟიმით უკმაყოფილოები და წინააღმდეგობის ფრონტი შეიძლება გაიზარდოს. ეს მოლოდინებიც არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით რეჟიმმა იცის ტექნოლოგიები როგორ შეინარჩუნოს ისე, რომ ამ საშუალო კრიტიკული კლასის გარდა, საზოგადოების სხვა სეგმენტები არ დარჩნენ ძალიან უკმაყოფილოები. ისინი რაღაცნაირად ამას ახერხებენ სოციალური პროგრამებით, პროპაგანდით და ასე შემდეგ. ამიტომაც, ეს არის სტრატეგია, რომელიც ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ დროში. ამ სტრატეგიაში  საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები კარგავენ რაღაც ტიპის გაძლებას და მოლოდინის რეჟიმში რჩებიან, რაც ძალიან მძიმე არჩევანია.

საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ახლა არანაკლებ როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, უნდა შეთანხმდნენ, რა მიაჩნიათ რაციონალურად შესაძლებლად. ჩვენ უნდა ვხედავდეთ, რომ პირველ და მეორე სტრატეგიაშიც ძალიან მძიმე არჩევანი დგება კოლექტივების, პარტიების, ორგანიზაციების, კონკრეტული ადამიანების წინაშე. პირველ შემთხვევაში, ეს არის კომპრომისი, მოტყუების რისკი და მის დაზღვევაზე უფრო მეტი ფიქრის აუცილებლობა, ეს არის ასევე „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში შესაძლო დარჩენის კიდევ უფრო მეტად გახანგრძლივება…

მეორე გზა მორალურად უფრო გამართლებულია, მაგრამ აქ შეიძლება ისეთი დასუსტება მოხდეს ორგანიზაციების, კოლექტივებისა და ადამიანების, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მიგრაციაში წასვლა მოუწიოს.

ორივე გზა არის მძიმე.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპექტრი ვერ ბედავს ამაზე ღია საუბარს და საბოლოო შეთანხმებას იმაზე, თუ რა არის მათი პერსპექტივა.

აკადემიის საწვრთნელ გემს კაპიტან თენგიზ გადილიას სახელი მიანიჭეს

ბათუმის საზღვაო აკადემიის კუთვნილ საწვრთნელ გემ “კადეტს” სახელი გადაარქვეს და  ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის, თენგიზ გადილიას სახელი მიანიჭეს.

„გემი „CAPTAIN TENGIZ GADILIA“ მომავალ თაობებს შეახსენებს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და ქართული საზღვაო ტრადიციების ერთგულების მნიშვნელობას.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება თენგიზ გადილიას მრავალწლიან ნაყოფიერ საქმიანობას საზღვაო სფეროში, მის განსაკუთრებულ წვლილს ქართული საზღვაო საქმის განვითარებაში, აგრეთვე საზღვაო განათლებისა და ახალგაზრდა მეზღვაურთა პროფესიული მომზადების საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან დამსახურებას, და წარმოადგენს მისი ხსოვნის ღირსეულ უკვდავყოფას,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის საზღვაო აკადემიის ერთობლივ განცხადებაში.

თენგიზ გადილია მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი იყო.

თენგიზ გადილიამ მეზღვაურობა 1971 წელს, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო როგორც შტურმანმა. 1985 წელს გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

2012 წელს გახდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი და გარდაცვალებამდე ამ თანამდებობას იკავებდა.

თენგიზ გადილია 2026 წლის იანვარში გარდაიცვალა.

„ვერ იარსებებს ვერანაირი ძალა, რომელიც მაიძულებს გავჩუმდე“- ReformerFitness-ის დამფუძნებელი

„როდესაც ამ ბიზნესს ვქმნიდი, ვმოქმედებდი რწმენით, რომ ბიზნესი ფასეულობებზე დაფუძნებული, შინაარსის მატარებელი ცოცხალი ორგანიზმი ყოფილიყო და გარდა პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებისა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებზეც ჰქონოდა რეაქცია.

ასევე, არასდროს გამომითქვამს აზრი ვინმეს მოსაწონად ან არ მოსაწონად,“- ასე ეხმაურება ReformerFitness-ის დამფუძნებელი გიორგი ფუტკარაძე „ქართული ოცნების“ მიერ, ე.წ „გრანტების შესახებ” კანონში დაგეგმილ მორიგ რეპრესიულ ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის  შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას ითვალისწინებს 20 000 ლარით, ქმედების განმეორების და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში კი – 40 000 ლარის ოდენობით.

გიორგი ფუტკარაძე დღეს, 30 იანვარს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს:

„როგორც გავიგე ე.წ. მთავრობის ინიციატივით განიხილება ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც კიდევ უფრო მეტად იზღუდება თავისუფალი სიტყვა.

თურმე აღნიშნული კანონით ბიზნესს (და არამხოლოდ) უნდა აეკრძალოს მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციის საჯაროდ გამოხატვა და იმ ხალხის მხარდაჭერა, ვინც ამას აკეთებს.

როდესაც ამ ბიზნესს ვქმნიდი, ვმოქმედებდი რწმენით, რომ ბიზნესი ფასეულობებზე დაფუძნებული, შინაარსის მატარებელი ცოცხალი ორგანიზმი ყოფილიყო და გარდა პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებისა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებზეც ჰქონოდა რეაქცია.

რა თქმა უნდა, არასდროს მქონია ილუზია, რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებდი და ბიზნესის სახელით, საჯაროდ სხვადასხვა პოზიციის დაფიქსირებით მყისიერად შევცვლიდი იმას, რაც არ მომწონდა ამ ქვეყანაში.

ასევე, არასდროს გამომითქვამს აზრი ვინმეს მოსაწონად ან არ მოსაწონად.

ყოველთვის ვმოქმედებდი ისე, როგორც მჯეროდა და სწორად მიმაჩნდა, ყველაფერს ვაკეთებდი საჯაროდ, სინდისის კარნახით, რომ მომხმარებელს ჰქონოდა ზუსტი წარმოდგენა თუ რა შეხედულებების მქონე ადამიანთან უნდა ეთანამშრომლა და ამის შემდეგ მიეღო გააზრებული გადაწყვეტილება თუ სად დაეხარჯა მისი შრომით გამომუშავებული ფული.

ალბათ მალე, კიდევ უფრო დაზუსტდება თუ რასთან გვექნება საქმე, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ვერ იარსებებს ვერანაირი ძალა, რომელიც მაიძულებს გავჩუმდე.

ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც საკუთარ თავს და ბიზსნესს ვუწესებ არის ის, რომ არ ვავნო სხვას,“- წერს გიორგი ფუტკარაძე.

„ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული ცვლილებები 28 იანვარს დააანონსა.

ამ ცვლილებით, ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან „ოცნების“ მთავრობის ნებართვის გარეშე ეკრძალება გრანტის მიღება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლის მუხლებით დევნა, რაც პირის 6 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

„დროა გავერთიანდეთ, ცალ-ცალკე გვამარცხებენ“ – მაღაროელები

„დროა გავერთიანდეთ, ცალ-ცალკე გვამარცხებენ“ – წერენ პროტესტში მყოფი მაღაროელები, რომლებიც 335-ე დღეა მათი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვენ და შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან.

მიმართვის ტექსტი ფეისბუქზე მაღაროელის გვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს საქართველოს მასშტაბით პროტესტის არაერთი კერაა. ნაწილი სოციალური პროტესტია, ნაწილი – სამოქალაქო. ეს არ არის შემთხვევითი და ერთმანეთისგან მოწყვეტილი პროცესები.

ჩვენ, ჭიათურელი მშრომელები, უკვე 335 დღეა სამართლიან პროტესტში ვიმყოფებით. ამ პერიოდში ჩვენს მიმართ განხორციელდა არაერთი რეპრესიული ქმედება – როგორც დისკრიმინაციული, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით. გვყავს ოთხი უსამართლოდ დაკავებული თანამებრძოლი, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეს ითხოვენ: სამართლიან, მიუკერძოებელ სასამართლოს და სამართლიან გადაწყვეტილებას.

ამავე დროს, სოციალური პროტესტი მიმდინარეობს რუსთავის აზოტში, სამოქალაქო პროტესტია ბათუმსა და თბილისში, ასევე ბალდაში, სურებში და სხვა ლოკაციებზე. ეს ყველაფერი ცხადყოფს ერთ მარტივ რეალობას – ქვეყნის მასშტაბით მუშათა და სოციალურ კლასში დაგროვილია მასიური უკმაყოფილება.

მეგობრებო, პრობლემა სწორედ ის არის, რომ დღეს ყველანი ცალ-ცალკე ვდგავართ. დროა ეს შეიცვალოს. ერთადერთი, რის წინაშეც ნებისმიერი ხელისუფლება უძლურია, არის გაერთიანებული სოციალური პროტესტი.

ამ პროცესში პროფკავშირებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლის შესრულება. თუმცა საქართველოში არსებული ფორმალური, „ყვითელი“ გაერთიანებული პროფკავშირი ამ ბრძოლას ვერ ემსახურება – მათი ჩართულობა ხშირად პირიქით, აზიანებს პროცესს. გამოსავალი არის დამოუკიდებელი, რეალურად მშრომელებზე დაფუძნებული პროფკავშირები.

ჩვენ ცოტანი არ ვართ. ცოტანია ის ელიტა, რომელიც დღეს თავზე გვაზის და ყელში გვიჭერს. ლოგიკურად და დემოკრატიულ სახელმწიფოში ისინი ჩვენი დაქირავებულები უნდა იყვნენ, არა – ბატონები.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფოს დოვლათის შემქმნელი მუშათა კლასი, არაფერს ვითხოვთ ზედმეტს:

  • ღირსეულ და უსაფრთხო შრომის პირობებს
  • სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას
  • სოლიდარობას ყველა პროტესტში მყოფისა და ყველა უსამართლო პატიმრის მიმართ

დროა გავერთიანდეთ. ცალ-ცალკე გვამარცხებენ – ერთად ვხდებით ძალა“ – ნათქვამია მაღაროელების განცხადებაში.

___________

ფოტო: მაღაროელი/facebook

სანამდე გაგრძელდება ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაცია და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ

ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია მიმდინარე წლის, 2026 წლის 1-ელ მაისამდე გრძელდება.

განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისთვის განსაზღვრული განაცხადის სპეციალური ფორმები.

უსახლკაროს სტატუსის საკითხი ბათუმში, აჭარაში და ზოგადად, საქართველოში ასობით ადამიანისთვის განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ „ოცნება“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს ბათუმში, შესაძლოა, სოციალური მიზნით გამოიყენებს, თუმცა მანამდე სპეციალურმა კომისიამ უსახლკარო პირთა განაცხადები უნდა შეისწავლოს, იმისათვის კი მოქალაქეებმა განცხადებით მერიას უნდა მიმართონ.

ეს დაპირება ოზთურქის კორპუსებთან შეკრებილ მოქალაქეებს აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მისცა.

ბათუმში უსახლკაროს სტატუსის მიღება ასობით მოქალაქეს სურს, მათ შორის არიან ისინიც, ვინც ბათუმში არ არის რეგისტრირებული. გუშინ, 29 იანვარს მერიასთან აქციაც კი გაიმართა, სადაც მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მერია არ იღებს მათ განცხადებებს. ამის საპასუხოდ გუშინ, გვიან საღამოს მერიამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერს, რომ განცხადების მიღებაზე უარი ეთქვათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არიან რეგისტრირებულნი.

მერიის ცნობით, განაცხადების მიღება შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

  • გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული – აფსაროსის მე-3 შეს. №22
  • აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული – აეროპორტის გზატკეცილის №55
  • სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული – დიდაჭარის ქ. №21
  • კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული – კახაბრის ქ. №28გ
  • აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული – დავით აღმაშენებლის ქ. №19ა
  • ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ტბელ აბუსერიძის ქ. №7
  • ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ი. ჯავახიშვილის ქ. №70
  • თამარის ადმინისტრაციული ერთეული – კონსტიტუციის ქ. №1
  • ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული – გოგოლის ქ. №14
  • ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული – ვაჟა-ფშაველას ქ. №91ა
  • ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული – ლერმონტოვის №46
  • რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული – ლერმონტოვის ქ. №8
  • ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული – ლუკა ასათიანის ქ. №37ა
  • მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული – თამარ მეფის გამზირი №1

უსახლკაროთა განაცხადები მერიის კომისიამ უნდა განიხილოს, კომისიას ბათუმის მერის მოადგილე, ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს.

სოციალურად დაუცველი უსახლკაროები წლებია ბათუმში მთავრობის ყურადღებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არანაირი პროგრამა არ შეუქმნიათ. მათი საცხოვრებელი პირობები და რეალური ქონება სახელმწიფო უწყებებს არ შეუსწავლიათ.

ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს

ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს – აღნიშნულის შესახებ ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აცხადებს.

მისი თქმით, ამჯერად გერმანიასთან განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა და მათი გამოცდილების ინტეგრირება ამბასადორი აილენდ ბათუმის მასშტაბურ პროექტში იგეგმება.

„გერმანიასთან დაგეგმილი თანამშრომლობა გულისხმობს მაღალტექნოლოგიური და მდგრადი განვითარების სტანდარტების იმპორტს. გერმანული ხარისხისა და ეფექტურობის ინტეგრირება ჩვენს პროექტში არის ის, რაზეც ახლა აქტიურად ვმუშაობთ,“ – აცხადებს ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია.

თანამედროვე სამყაროში უმსხვილესი პროექტების რეალური ღირებულება იმ საერთაშორისო კავშირებშია, რომლებსაც ისინი გლობალურად, საერთაშორისო ასპარეზსა და ბაზრებზე ამყარებენ. ამბასადორი აილენდ ბათუმი კი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ყველაზე ამბიციურ საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს, სწორედ ამ გლობალური ქსელის ახალ ცენტრად იქცა.

ამბასადორი აილენდის გეოგრაფიული გაფართოება ევროპისკენ მნიშვნელოვან ფაქტებს აერთიანებს, სადაც მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან: პოლონეთთან, სლოვაკეთთან და ჩეხეთთან გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებები, რაც პროექტის მულტინაციონალურ ხასიათს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

აღნიშნული პარტნიორობა როგორც საინვესტიციო, ისე ტექნოლოგიურ და კულტურულ გაცვლასაც მოიაზრებს.

ამბასადორი აილენდის სამომავლო სტრატეგიის ერთ-ერთი ვექტორი, ამჯერად უკვე გერმანიისკენაა მიმართული, რომელიც ცენტრალური ევროპის უმსხვილეს ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამყარებს პროექტის საერთაშორისო იმიჯს, რომელიც დაგეგმვის ფაზიდან, აღსრულების, ცოცხალ ორგანიზმად ფორმირების ეტაპზე გადავიდა. 

ბათუმის საკრებულომ ავტობუსით მგზავრობა გააძვირა – ახალი ფასი 70 თეთრია

ბათუმის საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობა გააძვირა.

ბათუმის მერიის ინიციატივას, 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაეზარდათ ბათუმში, ავტობუსით მგზავრობის გადასახადი, მხარი „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა დაუჭირა.

საკრებულოს სხდომა სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა, დღეს, 30 იანვარს გაიმართა.

გადაწყვეტილების მიხედვით, ის მოქალაქეები,  რომლებიც ამ დრომდე უფასო პლასტიკური ბარათებით სარგებლობდნენ, ისევ უფასოდ იმგზავრებენ.

საკრებულოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ვაჟა დარჩიამ.

“ორ ნახევარჯერ უძვირებთ ბათუმელებს ყოველდღიურობას.  იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე გაჭირვებული ფენაა, ანუ იმ ადამიანებს, ვინც დადის ავტობუსით. არ მგონია, რომელიმე თქვენგანი ავტობუსის ყოველდღიური მომხმარებელი იყოს ჩემგან განსხვავებით… მაგალითად გუშინ, ბატონმა ლევან დავითაძემ [საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“], 13 ნომერი რა არისო იკითხა, არ იცოდა და ეტყობა არ არის [ავტობუსის] მომხმარებელი.

მნიშვნელოვანია ეს ამბავი უთხრათ საზოგადოებას, რომ ორნახევარჯერ უზრდით მათ მგზავრობის ღირებულებას. თან არგუმენტებში გიწერიათ ბენზინი გაძვირდაო და ბენზინი ბოლო წლებში რადიკალურად არ გაძვირებულა. მაინტერესებს, თუ არის ბენზინის ფასი მთავარი არგუმენტი ამ გაძვირებაში, განვიხილოთ ის საკითხი, რომ 13 ნომერი, რომელიც ბენზინთან საერთოდ არაა დაკავშირებული, ელექტროავტობუსია, დავტოვოთ იგივე ტარიფზე. მით უმეტეს მარშრუტის ცვლილებაც არ მომხდარა,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ საკრებულოს სხდომაზე.

ბათუმის საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობა გააძვირა

„აქ მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ მოხდეს მგზავრთა ხარისხიანი, შეუფერხებელი მომსახურება. რომ არ გახდეს უხარისხო  ამიტოვ ვაკეთებთ ამას [მგზავრობას ვაძვირებთ],“ – თქვა საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ.

მერიის პოზიცია დაიცვა საკრებულოს წევრმა ნინო ცხვარაძემ.

„მესმის, რომ არის სენსიტიური თემა და თქვენ ამით მოსახლეობაზე სპეკულირებთ. კვლავაც ცდილობთ ჩაიწეროთ პოლიტიკური  ქულები. მე ასე ომახიანად, წეღან რატომღაც გააჟღერა ბატონმა დავითმა „თიბისი ბანკი“ თუმცა თქვენ არ გესიამოვნათ, მაგრამ

თქვენ მაშინ იქნებით გულწრფელი და მაშინ დაგიჯერებთ ადამიანები, თუ თქვენ,  თუნდაც ამ დარბაზიდან თქვენი პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებთ იგივე მათთან დასაქმებული ადამიანების ხელფასების გაზრდაზე და მერწმუნეთ ეს ფასნამატი რასაც დღეს ჩვენ დავამტკიცებთ და მივიღებთ, ნამდვილად არ დააზიანებს და არ იქნება მძიმე ტვირთი მოსახლეობისთვის, უფრო მძიმე ტვირთი, არის ის საპროცენტო განაკვეთი, რასაც თქვენი ლიდერები სთავაზობენ ადამიანებს,“ – თქვა ბათუმის საკრებულოს წევრმა ნინო ცხვარაძემ.

მან დღეს სხვა დეპუტატებთან ერთად მხარი დაუჭირა ავტობუსით მგზავრობით ტარიფის გაზრდას.

„სიმართლე არის ის, რომ 30 თეთრი წლების განმავლობაში ვერ ფარავდა მუნიციპალური ტრანსპორტის რეალურ ხარჯებს. საწვავს, სათადარიგო ნაწილებს, სერვისებს, დახელფასებას და ა.შ. თუმცა ამ სხვაობას მუდმივად ფარავდა ქალაქის ბიუჯეტი. არა ბილეთების სახით, მაგრამ საბიუჯეტო სახსრებით ჩვენ მაინც ვაფინანსებდით ამ ღირებულებას.

ამ რეალობაში ჩვენ არჩევანი გვქონდა ორი – ან უნდა აგვერჩია სერვისის გაუარესება, რაც გულისხმობდა დიდი შუალედები, გაუმართავი ავტობუსები და ა.შ. მეორე უკიდურესობა ეს იყო, გონივრული კორექტირება ტარიფების, რაც მოგვცემდა საშუალებას შეგვენარჩუნებინა უსაფრთხო და სტაბილური მუნიციპალური ტრანსპორტი,“ – ასე ახსნა გაძვირების მოტივი საკრებულოს წევრმა ლევან დავითაძემ.

„მესმის, ავტოსატრანსპორტო გაერთიანების მოთხოვნა ლოგიკურია – მას უნდა მეტი შემოსავალი. აქ ვიცე მერმა ორ გზაზე რომ თქვა, ან ხარისხი უნდა გაგვეუარესებინა ან გაგვეზარდა ტარიფიო, არსებობს მესამე გზაც – მაინც დოტაციურია და გავზარდოთ დოტაცია,“ – შესთავაზა საკრებულოს დეპუტატმა „გირჩიდან“, გიორგი მასალკინმა.

საბოლოოდ საკრებულომ არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატის შენიშვნა არ გაითვალისწინა და მგზავრობის ტარიფის გაზრდას მხარი დაუჭირა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც მგზავრობის ტარიფის გაზრდაზე გადაწყვეტილება მიიღეს

ამავე თემაზე:

მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობას აძვირებს

პოლიციელის ჯგუფურად ცემა ოზურგეთში – საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო შეუფარდეს

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს ოზურგეთის სასამართლომ გირაო 30 ათასი ლარი შეუფარდა. პროკურატურა დავით შარაშიძის დაპატიმრებას ითხოვდა.

დავით შარაშიძე საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

საუბარია 2026 წლის 27 იანვარს ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ შემთხვევაზე: გამოძიების ვერსიით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ ორ პირთან ერთად ჯგუფურად ფიზიკურად იძალადა პოლიციელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

დავით შარაშიძეს ბრალი წარუდგინეს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით – ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად. ეს მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

„შეეხება გამოხატვას სუფრასთანაც, ეს არის სრული იზოლაცია და გარიყვა“ – საბა ბრაჭველი

„ოცნებამ“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა. ახალი ცვლილების მიხედვით უცხოური გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს 6 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

იურისტების შეფასებით, დაანონსებული ცვლილება „ტოტალური კონტროლის მექანიზმია, რომლის დამტკიცების შემთხვევაში კონკრეტული პირის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსი ან „სუფრასთან გამოთქმული მოსაზრებაც კი.“

კანონში ცვლილებებზე „ბათუმელების“ შეკითხვებს იურისტი საბა ბრაჭველი პასუხობს.

  • ბატონო საბა, რა ირკვევა გრანტების შესახებ კანონში ცვლილების პროექტით, რამდენად ფართო სპექტრს შეიძლება შეეხოს დაანონსებული კონტროლის მექანიზმი, თუ ის დამტკიცდება?

როგორც ამ განცხადებიდან ირკვევა, ეს შეეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რაიმე ტიპის საქმიან ურთიერთობაშია უცხოელთან, ან უცხოეთში მყოფ ადამიანთან და მისგან იღებს დაფინანსებას რაიმე ფორმით. ან იღებს რაიმე ტიპის გამოცდილებას, მაგალითად, ტრენინგს და ასე შემდეგ.

ნებისმიერი ტიპის საქმიანობა, სადაც მონაწილეობს უცხოეთში მყოფი ადამიანი, თუნდაც საქართველოში მყოფი, ამ კანონის მიღების შემდეგ დაექვემდებარება სავალდებულო წინასწარ ნებართვას საქართველოს მთავრობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეებს ემუქრებათ ექვსწლიანი თავისუფლების აღკვეთა.

ვისაც ამ დროისთვის რაიმე კონტრაქტი აქვს უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან, მისგან იღებს ფულს, ან ნებისმიერ სხვა სიკეთეს, ნეტფლიქსის პაროლს ან უფასო ექსელის კურსებს თუნდაც, მოუწევს, რომ შემდეგი კვირიდან 1 თვის ვადაში ეს ყველაფერი დაადეკლარიროს და მთავრობას ნებართვის მისაღებად მიმართოს, რომ ამ ბენეფიტით სარგებლობა გააგრძელოს. თუ არ დაადეკლარირა და შემდეგ რაიმე საზოგადოებრივ მოვლენაზე აზრი გამოთქვა, 6 წელი ციხე დაემუქრება.

  • უფრო კონკრეტულად რომ განგვიმარტოთ, მაგალითად, მართალია თუ არა, რომ ეს ცვლილება შეიძლება გახდეს ისეთი ადამიანის პრობლემა, რომელიც დღეს არ აქტიურობს, დუმს, არ ჩანს. თუ ახლობლის, მეგობრის პრობლემის გამო საკუთარი აზრის უფრო მკაფიოდ დაფიქსირება დასჭირდება, მისი ასეთი აქტივობა კონტროლს დაექვემდებარება?

საქართველოში გვაქვს უამრავი უცხოური კომპანია და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლობა, საელჩოები… არაფერ შუაშია პოლიტიკური პროცესები, მაგალითად, რომელიმე კონკრეტული გრაფიკული დიზაინერი, ან ადამიანი, რომელიც კლიპებს იღებს, მემონტაჟე, ოპერატორი, ასე შემდეგ, სრულიად ტექნიკური პერსონალი – დიახ, დაექვემდებარება.

ამ ცვლილების მიღების შემდეგ, უცხოურ ორგანიზაციებს მთავრობისგან ნებართვის გარეშე აღარ შეეძლებათ არა მხოლოდ საგრანტო ხელშეკრულების, არამედ თუნდაც მომსახურების ხელშეკრულების, სერვის-კონტრაქტების გაფორმება. ღია წესით ასეთი ტიპის კონტრაქტების დადება, ნებართვის მიღების გარეშე, ხდება სისხლის სამართლის დანაშაული.

მეტიც, ეს არის პარადიგმული ცვლილება არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოური ორგანიზაციებისთვისაც და, ჩემი აზრით, ეს გამოხატავს საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას: თუ აქამდე მიღებული კანონებით რაღაც ტიპის გამონაკლისები ეძლეოდათ ხოლმე თუნდაც გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და ასე შემდეგ წარმომადგენლობებს, ახლა ასეთი ტიპის გამონაკლისები ამ კანონში აღარ არის, ამ განცხადებით აღარ არის გათვალისწინებული.

თუ ასეთი კონტრაქტი დაიდო, ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება არა მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც მიიღებს კონტრაქტს, არამედ მასაც, ვისაც დაუდებენ ამ კონტრაქტს, ან ვინც მონაწილეობას მიიღებს, მაგალითად, სამართლის შესახებ ორგანიზებულ ტრენინგში.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაემუქრება როგორც ამ ტრენინგის მონაწილეს, ისე ტრენინგის ჩამტარებელს და ამ უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენელ პირს, რომელმაც ეს კონტრაქტები დადო. ანუ ეს არის სრული იზოლაცია და გარიყვა.

ეს არის სრულ პარალიზებაში ჩაგდების მცდელობა საქართველოში არსებული როგორც დიპლომატიური მისიების, ისე სხვა ორგანიზაციებისთვის, რომ აღიმართოს ყრუ კედელი საქართველოს ხალხსა და მათ მეგობარ საერთაშორისო საზოგადოებას შორის.

საერთაშორისო ორგანიზაციებს აქამდე ერიდებოდნენ, გამონაკლისებს აძლევდნენ ე.წ. ფარადან და ა.შ. ახლა 6 წელი ციხე ემუქრებათ მათ თანამშრომლებსაც [გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირის გარდა], თუ კობახიძეს არ შეუთანხმეს ნებისმიერი, თუნდაც უსასყიდლო კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან.
მეტიც, სათავო ოფისი ქართულ ფილიალს რა თანხას გადმოურიცხავს, ამასაც წინასწარი ნებართვა დასჭირდება. მაგალითად, ადენაუერის ფონდი ქართულ წარმომადგენლობას რა წლიურ ბიუჯეტს დაუდგენს, ესეც კობახიძეს უნდა შეუთანხმონ.
  • გამოყენებულია ასეთი ფრაზა – „ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს… “ აქ იგულისხმება, რომ ვიღაცამ უნდა განსაზღვროს თავისი შეხედულებისამებრ, რომ ეს სახსრები შეიძლება მოხმარდეს, მაგალითად, როგორც თავად წერენ, „სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას“ და აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება?

ეს კანონი რა თქმა უნდა იქნება განუჭვრეტადი. ასეთი ტერმინების გამოყენებით თუ მიიღეს, ეს არის კატასტროფულად განუჭვრეტადი, „კაუჩუკის“ ფრაზა და ეს კანონი ხდება ბევრად უფრო უარესი, ვიდრე ნებისმიერი, ზოგადად დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონი, რაც ოდესმე მიუღიათ.

აი, მაგალითად, ე.წ. „ფარაშიც“ კი ან თუნდაც რუსულ კანონში, საჭირო იყო რაღაცა ტიპის შეფასების გაკეთება. შეფასება, მაგალითად FARA-ში დაფინანსების მიღება არ არის მხოლოდ საკმარისი, შემდეგ რაღაც მოქმედება უნდა განახორციელო დამქირავებლის ინტერესების შესაბამისად და ასე შემდეგ.

აქ ესეც კი აღარ არის საჭირო. თავისთავად დაფინანსების მიღება უკვე საკმარისია და როგორც აღვნიშნე, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაფინანსებაც არ იყოს საჭირო საერთოდ. მხოლოდ ლაპარაკითაც კი, მხოლოდ ინფორმაციების გაზიარება ერთმანეთთან, აი ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, მეცნიერების შეხვედრაც კი შეიძლება, თუ ეს მოუნდა ამ კანონის აღმასრულებელს, შეიძლება ჩაითვალოს როგორც გრანტის მიღება და დაისაჯოს ის ადამიანი მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოელ ადამიანთან საუბრის გამო.

არის ჩანაწერიც, რომ ეს შეეხება მეწარმე სუბიექტებს და ასეთი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, წარმოუდგელიც კია ამხელა კონტროლი – ეს ალბათ ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ გვეუბნება – მე მექნება ეს ჩანაწერი კანონში და როცა მომინდება მაშინ გამოვიყენებო? 

კი, ეს არის იმის ძალიან კლასიკური მაგალითი, რომ ყოველდღიურად დადის ძალიან ბევრი ადამიანი, მაგალითად, რუსთაველის გამზირზე ტროტუარებზე და მათ შორის მერიის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების არასწორი ქმედების გამო ბევრ ადამიანს ეშლება ხელი გადაადგილებისას, მაგრამ ტროტუარზე გადაადგილების შემზღუდველ კანონს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის სახით, ისინი იყენებენ მხოლოდ მათზე, ვინც თვალში არ მოსდით. სავარაუდოდ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.

თუ, მაგალითად, მეწარმეები ან სხვა პირები დაემორჩილებიან და შეეხვეწებიან, რომ აი, თუ შეიძლება ჩვენ გვაცადეთ ამ ბიზნესის კეთება, მაშინ მათ შეიძლება გაუმართლოთ და მიიღონ მოწყალება, მაგრამ ისინი, ვინც გადაწყვეტენ, რომ ისაუბრონ, არ შეეგუონ ასეთ, აბსოლუტურად უსამართლო, უკანონო კანონებს, მათ მიმართ ალბათ გამოიყენებენ კიდევ უფრო გამკაცრებული სახით.

  • ანუ, ზოგადად რომ შევაფასოთ, ეს ნიშნავს ყველაფრის, ნებისმიერი მოქმედების კონტროლს?

კი, აბსოლუტურად ნებისმიერს შეეხება. ფულის დახარჯვაც არ სჭირდება, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სტატუსი, რომელსაც პირი დაწერს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ მოვლენაზე აზრის გამოხატვა ნებისმიერი ფორმით, აი, სუფრასთანაც, მათ შორის.

კანონში ამ სიტყვის ჩაწერაც სურთ, ეს არის სიტყვა „პოლიტიკური“, თითქოს იმისთვის, რომ აი, პოლიტიკაში თუ არ მიიღებ მონაწილეობას და ასე შემდეგ, მაშინ შენ არავინ შეგეხება. სინამდვილეში ამ სიტყვის განმარტება არის არა პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი. საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით როგორც კი დაიწყებს პირი აზრის გამოხატვას, იქ უკვე ვარდება ამ კანონის მოქმედების სფეროში.

  •  ძალიან მარტივად რომ იყოს გასაგები. აი, მაგალითად, აბსოლუტურად არაპოლიტიკურ თემაზე, როცა მოქალაქე ჯანდაცვის სამინისტროსთან რაღაც სერვისის ვერ მიღების გამო მართავს აქციას, იქ მწვავე განცხადებებსაც აკეთებს, განაწყენებულია. თუ ამ ადამიანს უპოვიან რაღაც კავშირს, ვთქვათ შეკვეთა მიუღია უცხოეთიდან, რეკლამა გააკეთა, რამე გაყიდა და ფული გადმოურიცხეს…  შეიძლება მარტივად დაიწყოს პროცესი მის წინააღმდეგ?

აბსოლუტურად. დღეს მაგალითად ვნახე, რომ რუსთავში „აზოტის“ მუშები გაიფიცნენ, ან შეიძლება ხვალ რაღაცა მსგავსი მოხდეს ჭიათურაში, შემდეგ ვიღაც ადამიანებმა თავიანთი შრომითი უფლებების დაცვა სცადონ, ან სახელმწიფოს მოსთხოვონ, რომ ელემენტარულად ზამთარში ყინულისგან იწმინდებოდეს მათი საცხოვრებელი ქუჩები.

ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში მთავრობას უჩნდება ამ კანონიდან გამომდინარე შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურად მიზანში ამოიღოს ის მოქალაქეები, რომლებიც პროტესტს ბედავენ და ხმის ამოღების გამო მათ ექვსწლიანი ციხე დაემუქროს.

  • არის ასეთი ჩანაწერი „პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი წლის განმავლობაში მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში“ … 

სახელმწიფო დამატებით და დაწვრილებით შეამოწმებს პირის ინფორმაციას, რომ მუდმივ კონტროლზე ჰყავდეს ლუპის ქვეშ. ამისთვის საჭირო იყო, მარტივად რომ ვთქვათ, რაღაც ტიპის ამბიცია დაეფიქსირებინა – ყოფილიყო პარტიის წევრი, არჩევნებში მიეღო მონაწილეობას და ასე შემდეგ. ამ ცვლილებების შედეგად, ასეთი ტიპის ყველა პერსონალური ინფორმაცია რაც უკავშირდება ამ პირის ფინანსებს, აღმოჩნდება სახელმწიფოს ხელში იმ შემთხვევაში, თუ ის უბრალოდ პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს.

პოლიტიკური განაცხადის გაკეთებაც კი და ეს პოლიტიკური განაცხადი ნიშნავს საზოგადოებრივ საკითხზე აზრის გამოთქმას, საშინაო ან საგარეო პოლიტიკის საზოგადოებრივ მნიშვნელობის საკითხებზე. აი, ასეთი აზრის გამოთქმის შემთხვევაში ფაქტობრივად ადამიანი აძლევს ამ კანონიდან გამომდინარე უფლებას სახელმწიფოს, რომ მისი სრული ფინანსური ინფორმაცია მიიღოს.

  • ჩვენ ვიცით ბევრი საჯარო მოხელე, რომლებსაც პარალელურად აქვთ დაფუძნებული ორგანიზაციები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩვენ გავიგეთ, რომ შს სამინისტროს მაღალჩინოსნის მეუღლეს ამერიკული სკოლა აქვს გახსნილი თბილისში. მათ შორის ბევრს ექნება რაღაც ტიპის პროექტებში თანხა მიღებული. გამოდის, რომ ეს ადამიანები ვერასდროს დააფიქსირებენ რაიმე პოზიციას თუნდაც, მაგალითად, განათლების საკითხზე, ან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე… ასევე, ეს ყველაფერი მათ თუ არა მათ ახლობლებს მაინც ხომ შეეხებათ, ეს ხომ ძალიან დიდ მასშტაბზე გადის…

ეს არის კონტროლის მექანიზმი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. მნიშვნელობა არა აქვს მათ პარტიულ კუთვნილებას, მათ შეხედულებას, მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ სად მუშაობენ ან რა მიზნები აქვთ ზოგადად. ეს კანონი შეეხება ყველას, ვისაც მოუნდება რაიმე ნებისმიერ საკითხზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება.

სულ ეს არის. არავითარი გამონაკლისები არ არის დადგენილი, მაგალითად შშმ პირებისთვის, ქალებისთვის, ორსულებისთვის ან მაგალითად, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის. ვინც გაბედავს ხმის ამოღებას, ყველა მათგანს შესაძლოა მეორე დღესვე ფაქტობრივად, მეორე არა მაგრამ მეოთხე დღესვე დაემუქროს ექვსწლიანი სისხლის სამართლის სასჯელი.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 იანვრის 21 საათიდან 31 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0– 3 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 1-ელ და 2 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

Exit mobile version