ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა, ნუკრი ქანთარიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის კულტურის სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.
საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა, თუ გაათავისუფლეს? – ამ და სხვა კითხვებს სამინისტროს პრესცენტრში არ უპასუხეს. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ დღეიდან, 2025 წლის პირველი ნოემბრიდან, ნუკრი ქანთარია ბათუმის თეატრის დირექტორი აღარ არის.
სატელეფონო ზარს არ უპასუხა თავად ნუკრი ქანთარიამ.
- ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას 2025 წლის სექტემბრიდან ითხოვდა. მსახიობთა თქმით, ამის მიზეზი ის უპატივცემულობაა, რაც თეატრის დირექტორმა, ნუკრი ქანთარიამ მათი კოლეგის – ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიჩინა – ნუკრი ქანთარიამ სამძიმარიც კი არ გამოხატა ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ.
მსახიობი და რეჟისორი ოთო ქათამაძე პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი იყო. მას ამის გამო სიცოცხლეში არაერთი პრობლემა შეუქმნეს ისე, როგორც ბათუმის დრამატული თეატრის დასის სხვა მსახიობებს. 42 წლის ოთო ქათამაძეს ანევრიზმა გაუსკდა. მსახიობის მეგობრები და ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში აგროვებდნენ ოთო ქათამაძის თურქეთში გადასაყვანად თანხას. ბოლოს ოთო გადაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც 24 აგვისტოს ის გარდაიცვალა.
ნუკრი ქანთარია მსახიობებს 2025 წლის 4 სექტემბერს შეხვდა, თუმცა შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მან შეხვედრა დატოვა შეძახილების ფონზე: „წადი“. მსახიობების თქმით, ნუკრი ქანთარიამ სამძიმრის თქმის ნაცვლად, შეხვედრა გასტროლებზე საუბრით დაიწყო, რასაც დასის მხრიდან შეკითხვები მოჰყვა. ნუკრი ქანთარიამ პასუხად შეხვედრა დატოვა.
ამის შემდეგ დასი აჭარის არალეგიტიმური კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. პროტესტის ნიშნად ამ თეატრის მსახიობმა, მაია ცეცხლაძემ 2025 წლის 20 სექტემბერს ნუკრი ქანთარიას კაბინეტის კარი ლენტით გადაღობა.
- პარლამენტის ყოფილი წევრი, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ – ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს 2022 წელს. მისი დირექტორობის პერიოდში არაერთხელ იყო დაპირისპირება მსახიობებსა და მას შორის.
ამ თემაზე:
„სიმბოლურად აჭედილია თქვენი კარი, ბატონო დირექტორო“ – დასი ნუკრი ქანთარიას წინააღმდეგ






