სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრების, დანიელ მუმლაძისა და გურამ ხუტაშვილის საქმე განიხილა. მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ მათი სასჯელი 3-3-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.
დაცვის მხარე მსჯავრებულებთან მიმართებით მოითხოვდა სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას. მარტივად რომ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეს შეეძლო სასჯელის ერთი მესამედი პირობით მსჯავრად ჩაეთვალა. საამისოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა სინდისის ორივე პატიმარი.
23 წლის დანიელ მუმლაძესა და 26 წლის გურამ ხუტაშვილს პირველ ინსტანციაში, მოსამართლე ლილი მსხილაძემ 3-3 წელი მიუსაჯა.
ორივე მათგანს 2024 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანებას ედავებოდნენ. ბრალდებულები დაკავების დღიდან აღიარებდნენ დანაშაულს, თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და ამბობდნენ, რომ ზარალს აანაზღაურებდნენ, თუმცა, თვეობით ლოდინის მიუხედავად, მათ საპროცესო ხელშეკრულება არ გაუფორმეს.
„ყველა სხდომა [საქალაქო სასამართლოში] ემსახურებოდა საპროცესო შეთანხმების მოლოდინს ბრალდების მხრიდან“, — თქვა სააპელაციო სასამართლოში დანიელის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ.
აქამდე არც ერთი მათგანი ნასამართლევი არ ყოფილა. გურამის ოჯახი სოციალურად დაუცველია. დანიელი მცირეწლოვანი ბავშვის მამაა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო დაპატიმრებამდე.
ლალი მსხილაძემ განაჩენის გამოცხადებამდე განაცხადა, რომ „ქვეყანაში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა სისტემატური სახე მიიღო“ და ეს დაასახელა მან საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმისა და შეღავათების არგამოყენების მიზეზად დანიელისა და გურამის მიმართ.
ეს პირველი განაჩენი იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ სინდისის პატიმრების საქმეებში.
ამავე თემაზე:
სამეთვალყურეო კამერების დაზიანებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს – მათ დანაშაული აღიარეს






