მთავარი,სიახლეები

„მშენებლობა არ სრულდება, გვატყუებენ“ – კიდევ ერთი დაუსრულებელი კორპუსი ბათუმში

02.11.2025
„მშენებლობა არ სრულდება, გვატყუებენ“ – კიდევ ერთი დაუსრულებელი კორპუსი ბათუმში

„კორპუსის მშენებლობა არ სრულდება, გვატყუებენ, მივმართეთ პროკურატურას და ვითხოვთ რეაგირებას,“ – ამბობს აკაკი წოწონავა. მის მსგავსად ათეულობით სხვა მოქალაქე ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძის #20-ში მშენებარე კორპუსის დასრულებას ელის.

ბინა მყიდველებს 2024 წლის ბოლოს უნდა ჩაბარებოდათ, მაგრამ როგორც მოქალაქეები ჰყვებიან, მშენებლობის აქტიური პროცესი გასული წლის ზაფხულიდან შეწყდა.

27-სართულიან კორპუსს ლორთქიფანიძის #20-ში კომპანია „მჯ გრუპი კონსტრაქშენი“ აშენებს. დაზარალებული მოქალაქეების თქმით, მშენებარე კორპუსთან შეკრებილ მოქალაქეებს კომპანიის რომელიმე წარმომადგენელი დღეს, 2 ნოემბერს არ შეხვდა.

„აღარ გვპასუხობს არავინ ტელეფონზე, გამოვიძახე პოლიცია და ვთხოვე დახმარება. მითხრეს, მოკვლევა დავიწყეთო. შემდეგ შემთხვევით შემხვდა გაყიდვების ოფისში კომპანიის დირექტორი – ალექსანდრე ხაჭაპურიძე და მითხრა, მე თქვენზე ნაწყენი ვარო. აღარ ვიცი, ამას რა დავარქვა.

ჩვენ ყოველთვიურად ვიხდიდით თანხას კეთილსინდისიერად, მაგრამ ვხედავთ, რომ კორპუსში არაფერი კეთდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აკაკი წოწონავა.

კიდევ ერთი დაზარალებული, ხატია თეთრაძე კი, ამბობს, რომ თითქმის ერთი წელია რემონტის დასაწყებად ემზადება, მაგრამ კორპუსის მშენებლობა ფაქტობრივად შეჩერებულია:

„ხელშეკრულება გაყიდვების ოფისში გავაფორმე, გაყიდვების მენეჯერმა გაყიდა ბინები 2023 წელს და მას შემდეგ ვეღარ ვუკავშირდებით. მეც 2023 წელს შევიძინე ბინა მე-18 სართულზე. კორპუსი სულ 27-სართულიანია. ყველა სართული აშენებულია უკვე, თუმცა შიგა სამუშაოები არაა დასრულებული ისე, რომ რემონტი დავიწყოთ,“ – გვითხრა ხატია თეთრაძემ.

კომპანია „ბჯ გრუპი კონსტრაქშენის“ 100%-იანი წილი თამაზ ქორიძეს ეკუთვის, კომპანიის დირექტორი კი, ალექსანდრე ხაჭაპურიძეა.

„ბათუმელებმა“ სცადა კომპანია „მჯ გრუპი კონსტრაქშენის“ გაყიდვების მენეჯერთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. კომპანიის პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

—————–

ბათუმში რამდენიმე დაუსრულებელი კორპუსია. არაერთ მისამართზე დაზარალებული მოქალაქეები, რომლებმაც ბინებში ფული უკვე გადაიხადეს, წლებია კორპუსის აშენებას უშედეგოდ ელიან.

ამ თემაზე:

„ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენი დაპირებას არ ასრულებს: „ქუჩაში დაგვტოვეს 500 ოჯახი“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: