ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია

30.07.2025 •
გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია

ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე დააანონსეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნეს, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსულია.

ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ამცნო, რომ ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა. გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის სხვა წევრები.

რეაბილიტირებული გმირთა ხეივნის გახსნა ბათუმში

მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები, დამონტაჟდა სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათები.

ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ხიდებზე განთავსდა ლიფტები.

გახსნიდან ერთი წლის შემდეგ გმირთა ხეივნის ინფრასტრუქტურა გამართული არ არის და არც უსაფრთხოა, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.

ჟიული შარტავასა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთზე საფეხმავლო ხიდის ნაწილი ჩამოვარდნილია, ნაწილი კი ისეა ჩამოწეული, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოვარდეს.

ბათუმი, გმირთა ხეივანი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა

ხიდის დაზიანებული ნაწილი იუსტიციის შესახლის შესასვლელიდან კარგად გამოჩნდება

 

შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები, რომლითაც მათ ხიდზე ასვლა უნდა შეეძლოთ, დაკეტილია.

ლიფტი დაკეტილია – შესვლას ვერ შეძლებთ. 30 ივლისი, 2025 წელი.

დაკეტილია მეორე ლიფტიც.

საფეხმავლო ხიდების ქვედა ნაწილში კომერციული ფართობებია მოწყობილი – აქ რკინა-ბეტონის კონსტრუქცია შუშებითაა შეფუთული. ყველა მათგანი დაკეტილია და არცერთი არ მუშაობს, თუმცა რა ვითარებაც ამ ფართობებშია [რაც დამტვერილი შუშებიდანაც ჩანს], გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ემუშავა.

კომერციული ფართობი გმირთა ხეივანში

ეს ფოტო შუშიდან არის გადაღებული, რადგან ფართობი საგულდაგულოდ არის ჩაკეტილი

მეორე კომერციული ფართობი – ეს ფოტოც შუშიდან არის გადაღებული. 30 ივლისი, 2025 წელი

ხეივნის ორივე მხარეს დასასვენებელი ადგილებია მოწყობილი მაგიდებით და სკამებით, სადაც წესით, ლუდის ან ყავის დალევა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი, თუმცა უმეტესობა დაზიანებულია, დაზიანებულია ნაგვის ურნებიც.

გმირთა ხეივანში ორი საპირფარეშო მიუწყვიათ, თუმცა ორივე დაკეტილია, შესვლას ვერ შეძლებთ. მათ შორის ერთის გამჭვირვალე შუშიდან თუ შეიხედავთ, ალბათ იფიქრებთ, რომ კარგად მოქცეულან, რომ ჩაუკეტიათ, რადგან ის სავალალო მდგომარეობაშია.

ბათუმი, გმირთა ხეივანი

ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო ხიდების მოსაწყობად სამუშაოები შარტავას გამზირზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობდა. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 7 მილიონ 315 132 ლარი დაიხარჯა, მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი ხელშეკრულება 16,5 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული, თუმცა ეს თანხა 18 096 153 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა პროექტის საბოლოო ღირებულებაც და საბოლოდ 25,4 მილიონ ლარს მიაღწია.

სამუშაოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამთავრობო პროგრამის – „განვითარებული რეგიონები“ ფარგლებში.

ეს ფილა შეიძლება მალე ჩამოვარდეს. 30 ივლისი, 2025 წელი. 

სავარაუდოდ აქ წყალი ჩადის, ამიტომაც არის ფასადი დაზიანებული და ხავსმოდებული. თუ გმირთა ხეივანში ბავშვებთან ერთად წახვალთ, სიფრთხილეა საჭირო, რადგან რამდენიმე ადგილი ბავშვებისთვის შეიძლება განსაკუთრებით სახიფათო იყოს.

ბათუმი, გმირთა ხეივანი. 30 ივლისი, 2025 წელი

ბათუმი, გმირთა ხეივანი

გმირთა ხეივანში ელექტროსადენების ქაოსია, არავინ იცის უსაფრთხოა თუ არა ისინი.

ბათუმი გმირთა ხეივანი

სადენები გმირთა ხეივანში. 30 ივლისი, 2025 წელი

გმირთა ხეივანში განთავსებული ნაგვის ურნებიც ისევე გადავსებულია, როგორც მთელ ქალაქში და ტროტუარებიც მოუწესრიგებელი და ჭუჭყიანია. ზოგადად, ბათუმში დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ არავინ ივალდებულებს თავს მოაწესრიგოს გარემო კონკრეტული სამუშაოს შესრულების შემდეგ და არც კომერციული ობიექტების მესაკუთრეები იწუხებენ თავს სიგარეტის ნამწვავები მაინც მოასუფთაონ მათი ობიექტის შესასვლელის წინ.

გმირთა ხეივანი, 30 ივლისი, 2025 წელი.

ტროტუარი

გმირთა ხეივანი. 30 ივლისი, 2025 წელი

ვინ ზრუნავს გმირთა ხეივნის და იმ ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე, რომლის მოსაწყობადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი დაიხარჯა? – ვკითხეთ ბათუმის მერიას. მერიიდან გვიპასუხეს, რომ გმირთა ხეივანი მათი არ არის, თუმცა რეესტრის მონაცემებით გმირთა ხეივანი სწორედ მუნიციპალური საკუთრებაა.

მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ კომპანიას საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება აქვს: „დამატებით კითხვებზე მოგვწერეთ და გიპასუხებთ“, – გვითხრეს აქ.

  • როდის დაიწყებს კომპანია ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობას?
  • ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე გმირთა ხეივანში?
  • როცა ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი იხარჯება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ინფრასტრუქტურა ერთ წელში მწყობრიდან არ უნდა გამოვიდეს, მით უმეტეს, რომ კომპანიამ სწორედ ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა არაერთხელ ითხოვა? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვებით მიმართა მუნიციპალური განვითარების ფონდს.

უწყებიდან პასუხების მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება. 

გმირთა ხეივანში სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს ორი კალენდარულ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღიდან. გამწვანების სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს ერთ კალენდარულ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული გამწვანების სამუშაოების დასრულების თარიღიდან.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა, თითოეული ლოკაციის მიხედვით, ითვლება ინდივიდუალურად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თარიღის მიხედვით.

გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ „მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული საპროექტო მომსახურება იქნება უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, არ გამოავლენს ხარვეზებს და შესრულებული იქნება მაღალხარისხოვნად, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს გამოვლენილი ხარვეზ(ებ)ის გამოსწორება“.

სამუშაოებს აქ ფაქტობრივად 2 კომპანია ასრულებდა: „საბა კონსტრაქშენი“ და ამხანაგობა „მეგობრობის ხიდი“ [ამ ამხანაგობაში შედიან: შპს „საბა კონსტრაქშენი“ და შპს Georgian Bridge Company]. შპს „საბა კონსტრაქშენის“ 100 პროცენტი „საბა ინვესტს“ ეკუთვნის, ამ კომპანიის 100 პროცენტს სლავა შერაზადიშვილი ფლობს, დირექტორად ლევან თარგამაძე ფიქსირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: