მთავარი,სიახლეები

ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“

30.10.2025
ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“

ამ დღეებში თითქმის ყველა მოქალაქემ მიიღო სმს-ს შეტყობინება, რომ იწურება ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვადები და მოქალაქეებმა დროულად უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ არ უნდათ, რომ დაჯარიმდნენ ქონებრივი დეკლარაციების შეუვსებლობის გამო.

რატომ გახდა ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალური და რამ გააჩინა კითხვა – მეკუთვნის თუ არა მე ქონების გადასახადი? ან რატომ მეკუთვნის?

რა შემთხვევაში იხდის ფიზიკური პირი ქონების გადასახადს და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ეკონომისტ რომან გოცირიძეს ესაუბრა, რომელიც ამ თემას ყველაზე აქტიურად ეხმაურება სოციალურ ქსელში.

  • ბატონო რომან, რატომ გახდა განსაკუთრებით აქტუალური დღეს ქონებრივი გადასახადის საკითხი – ადამიანებს რეპრესიულ გარემოში მორიგი ჯარიმების შიში გაუჩნდათ. რაიმე შეიცვალა ამ მიმართულებით?

შარშან ასეთი აჟიოტაჟი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება იგივეა, თუმცა ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა.

მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, ოღონდ ამ შემოსავლების ზრდა არ ნიშნავს მსყიდველუნარიანობის ზრდას. იმიტომ, რომ მარტო სურსათზე 12%-ით გაიზარდა ინფლაცია. ჯანდაცვაზე  – 10%-ით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხელფასიც იზრდება, მაგრამ ინფლაციის ხარჯზე და უკვე ძალიან ბევრი მოქალაქის წლიურმა შემოსავალმა მიაღწია 40 000 ლარს, რის შემდეგაც ფიზიკური პირი ვალდებულია, შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია და გადაიხადოს გადასახადი.

ზოგს ეგონა, რომ 40 000 ლარი შემოსავალი ეს არის ერთ პირზე, თუმცა კანონი გულისხმობს საოჯახო შემოსავალს. მაგალითად, თუ ოჯახში მუშაობს სამი ადამიანი, შესაძლოა სამივეს წლიური შემოსავალი იყოს 40 ათასზე მეტი ლარი და მოუწიოთ გადასახადის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ოჯახი სიღარიბის ზღვარზე მდგომიც კი იყოს.

ასეთი ოჯახი ბევრია ქვეყანაში და უკვე ძალიან ბევრს შეეხო ეს კანონი.

მეორე ფაქტორია ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკვე უჭირს ბიუჯეტის შევსება საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ იზოლაციის სუსხი ჯერ კიდევ არ გვიგრძნია ბოლომდე. მომავალ წელს ამ საშინელ კრიზისს ნათლად დაინახავს ქვეყანა, როცა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და რეპრესიების შემდეგ კიდევ უფრო მეტად მოექცევა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში. ძალიან ცუდი პასუხი მოჰყვება ამას დასავლეთისგან, ქვეყანაში ინვესტიციები გაჩერდება, ბიუჯეტს გაუჭირდება და ხალხი იგრძნობს, რომ დღეს თუ ხვალ მათაც მიადგებიან.

თავად “ქართული ოცნებაც“ გრძნობს ამას, რომ მომავალ წელს გაუჭირდება ბიუჯეტის შევსება და ამიტომაც დაუგზავნა მოქალაქეებს სმს-ები, ყველას, ვისაც ეკუთვნოდა ან არ ეკუთვნოდა დეკლარაციების შევსება.

გუშინ ერთმა დამირეკა და მკითხა, მეც უნდა შევავსო? რადგან უკვე აღარ ვარ დეპუტატი და მეხება თუ არაო. ვუთხარი, რომ ეხება, რადგან ამ დეკლარაციაში 2024 წლის შემოსავლები უნდა აისახოს.

ასევე, ახალი გაფრთხილება გაჩნდა დეკლარაციის შევსებისას, რომელიც აქამდე არ იყო, რომ თუ შევსებისას რაღაც შეცდომა მოგივათ, იცოდეთ, რომ ამას სერიოზული ჯარიმები მოჰყვებაო.

  • რა ითვლება შემოსავლად და რატომ არ უნდა შეეხოს ეს კანონი, ვთქვათ, ფიზიკურ პირს?

როგორც ვთქვი, იბეგრება ოჯახის წევრების შემოსავლების ჯამი და არა მხოლოდ ოჯახის ცალკე წევრის შემოსავალი. მაშინ, როცა ერთი ადამიანი ხელზე იღებს, ვთქვათ, 32 ათას ლარს, სინამდვილეში ეს რიცხვი კიდევ უფრო ნაკლებია, რადგან დაქირავებულ პირს დამატებით უკავდება 2% საპენსიო ფონდისათვის და 20% საშემოსავლო.

შემოსავლებში ითვლება არა მხოლოდ ხელფასები, არამედ ყველა სახის შემოსავალი, იქნება ეს გაქირავება, ჰონორარები, უცხოეთიდან გადმორიცხვები, ქონების რეალიზება, დივიდენდები და უამრავი სხვა რამ. ფულადი საჩუქარიც შემოსავალში ითვლება.

მაგალითად, თუ 5 ათასი ლარი შეუგროვეს ადამიანს, რომელსაც ჯარიმა დაეკისრა ქუჩის გადაკეტვისათვის, მან ეს ფული უნდა დაამატოს თავის სხვა შემოსავალს. სასაცილოა, მაგრამ ასეა. დაჯარიმებული პირი ამ „ნაზარდის“ გამო შეიძლება გახდეს ქონების გადასახადის გადამხდელი.

დღეს საქართველოში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი იღებს ხელფასს დაქირავებით, ნახევარ მილიონამდე არის თვითდასაქმებული, დაახლოებით 200-300 ათასი ოჯახი იღებს უცხოეთიდან ნათესავების მიერ გადმორიცხულ ფულს, ზუსტი რაოდენობა არავინ იცის, მაგრამ ყველა ეს შემოსავალი ჯამდება და თუ გადააჭარბა 40 ათას ლარს, მაშინ იბეგრება მისი უძრავი და მოძრავი ქონება.

უხეში დათვლით, ერთი ოჯახი დაახლოებით 400-600 დოლარს იღებს საშუალოდ თვეში უცხოეთიდან, რაც ერთი შეხედვით არაა საკმარისი იმისთვის, რომ წლიური ჯამი 40 ათასს მიუახლოვდეს, მაგრამ ამ შემოსავალს ემატება სხვა შემოსავლები.

კურიოზია ასევე ის, რომ ფიზიკური პირი თვითონ აფასებს დასაბეგრი საკუთარი ქონების ღირებულებას, მაგრამ თუ ეს არ მოეწონა მთავრობას, მაშინ დაგაჯარიმებს.

მაგალითად, ერთსა და იმავე კორპუსში მცხოვრებმა ორმა პირმა შეიძლება ერთნაირი ფართობის ბინის ღირებულება განსხვავებულად შეაფასოს. ასე შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ქონების შეფასებისას – იქნება ეს სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართობი, მანქანა თუ სხვა.

შემდეგი კურიოზი ის არის, რომ როცა ეს კანონი შემოიღეს, ანუ 20 წლის წინ, მაშინ მოქალაქეთა 99 პროცენტი ქონების გადასახადს არ იხდიდა, რადგან საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 200 ლარი, ახლა არის 2000 ლარამდე, ოღონდ ნომინალური და არა რეალური. იმ პერიოდთან შედარებით ფასები გაიზარდა დაახლოებით 3-ჯერ და ქონების გადასახადის გადამხდელი გახდა ლამის ყოველი მეორე ოჯახი.

თუმცა მისმა დიდმა ნაწილმა არც კი იცის ამ გადასახადის არსებობის შესახებ.

იმიტომ კი არ გაიზარდა გადამხდელთა რიცხვი, რომ ხალხი გამდიდრდა, არამედ იმიტომ, რომ ფასები და შემოსავლები გაიზარდა და აქედან გამომდინარე 40-ათასლარიანი ზღვარი ბევრ ოჯახს შეეხო. ისედაც ღარიბი მოსახლეობის დამატებითი დაბეგვრა ერთი მხრივ ფიზიკურად შეუძლებელი ხდება, მეორე მხრივ, სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. დეკლარაცია 15 ნოემბრამდეა წარსადგენი, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი გადასახადის გადახდის საშუალება არ აქვს.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ერთი მილიონი საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, სტატისტიკურად სამუშაო ძალის აქტიური ნაწილი, ძირითადად. უკან დაბრუნდა დაახლოებით 700 000, ძირითადად, პენსიონერები.

შარშან სამ-ნახევარი მილიარდი დოლარი გადმოირიცხა საქართველოში და წელს კიდევ უფრო მეტი. ეს გააცნობიერა ბევრმა, რომ ეს ფული ითვლება იმ შემოსავალში, რომელმაც თუ მიაღწია 40 000 ლარს, მაშინ ქონების გადასახადის გადახდა უწევს.

  • შესაძლებელია, რომ ეს მექანიზმი გამოიყენონ რეპრესიებისთვის და კიდევ უფრო მეტად დაასუსტონ ის მოქალაქეები, რომლებიც პროტესტში იმყოფებიან? ფიქრობთ, რომ იქნება შერჩევითი მიდგომა?

შესაძლებელია, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არც კი იცის, რომ გადასახადის გადამხდელია და შეიძლება, ხვალ-ზეგ მიადგეს იმ ნიშნით, ვინც არ არის ხელისუფლების მომხრე. მაგრამ საინტერესოა ის არის, რომ აღშფოთებას უკვე ვეღარ მალავენ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც კი. ბევრი პირადშიც მწერს ამაზე.

ვინაიდან ეს კანონი მოძველდა, მე ორჯერ მქონდა ინიციატივა პარლამენტში, ჯერ კიდევ ქუთაისის პარლამენტშიც და მაშინ მთავრობა დამეთანხმა, რომ სწორი ვიყავი და ბევრი მთხოვდა, რომ არ შევშვებოდი ამ საკითხს.

მაშინ მთავრობამ თქვა – ამას შევცვლი, ოღონდ, ფიზიკურ პირებთან ერთად იურიდიული პირების გადასახადის რეფორმასაც გავაკეთებო. აიჩემეს რაღაც ესტონური მოდელი, მიწასთან დაკავშირებით და ახლა თავს იმართლებენ, ბევრ ფულს დავკარგავთ ადგილობრივ ბიუჯეტშიო.

სინამდვილეში, ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადიდან რა შემოსავლებიც შედის, 90% ეს იურიდიული პირების ქონების გადასახადიდანაა. არავითარი კავშირი იურიდიული პირების და ფიზიკური პირების გადასახადს ერთმანეთთან არა აქვს და იმის გამო, რომ იურიდიული პირების გადასახადის რეფორმაც გვინდაო, ამ რეფორმას აფერხებენ.

საწარმოების ქონების გადასახადის დაბეგვრა ჩვენთან ისეთია, რაც არის მთელ მსოფლიოში, აპრობირებული სქემაა და ამაზე უკეთესს ვერ გამოიგონებ, როგორც აღრიცხვისთვის, ისევე ადმინისტრირებისთვის. ერთადერთი, მაღალია განაკვეთი, რადგან საშინლად გაიზარდა ფასები ქონებაზე.

  • ვხედავთ, რომ ბევრ პარლამენტარს  უზარმაზარი ქონება აქვს დაგროვებული – აქვთ ათეულობით ბინა, აგარაკები, მიწები. ისინიც იმავე გადასახადს იხდიან ქონებაზე, რასაც, ვთქვათ, ის მოქალაქე, რომელსაც 40 ათასი ლარი გამოუვიდა წლიური შემოსავალი და ერთი ბინა აქვს?

დიახ, ეს ადამიანებიც პროცენტულად იმდენივეს იხდიან, რასაც სხვები.

40 000-დან 100 000-მდე – ქონების 0.2%. შემოსავალი 100 000-ს თუ გადააჭარბებს – ქონების 0.8%, მაგრამ იმ დეპუტატებს და სხვებს, ვისაც უზარმაზარი ქონება უფიქსირდებათ დეკლარაციაში, ეს არის ქონების მეათედი, დანარჩენი გადამალული აქვთ.

აგერ, 6.5 მილიონი დოლარი მაგიდაზე დაუდეს ადამიანს (ღარიბაშვილს). ორი ოქროს ზოდი იყო და ამ ქონების გადასახადს გადაიხდის ახლა ის? ყველას ზოდებში არ აქვს შენახული ქონება, ბევრს ბიტკოინებში აქვს გადატანილი და ვერც მიაგნებ, სამწუხაროდ. უზარმაზარი ქონებები აქვთ ასევე უცხოეთში შეძენილი და გადაფორმებული სხვებზე.

სხვათა შორის, თუ ქონების გადასახადი ადეკვატური იქნება და არა 0.8%-ი, როგორც დღეს არის და რომელიც ძალიან მაღალია, არც მდიდრები შეეცდებიან ქონების გადამალვას.

აქ არ ვგულისხმობ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, რომლებმაც კორუფციით და ტენდერებით იშოვეს დიდი ფული. აგერ, შევხედოთ მოსამართლეების აგარაკებს. რატომ არ უნდა დაიბეგროს? უნდა დაიბეგრონ, რა თქმა უნდა, მოპარულია თუ არაა მოპარული, ქონების გადასახადი მთელ მსოფლიოში არსებობს და ამით იხდიან მერე ბიუჯეტიდან პენსიებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უნდა იყოს მიბმული სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

ლეგალიზების შემთხვევაში, ბიუჯეტში ორჯერ მეტი შევა. ამიტომ, რაც უფრო დაბალი იქნება გადასახადი, უფრო მეტი შემოვა შეძლებული ადამიანებიდან, ხოლო ღარიბ ადამიანებს არ უნდა მოუწიოს ამხელა გადასახადის გახდა. რაღაც კატეგორია რომ უნდა გათავისუფლდეს ქონების გადასახადისგან, ეს ფაქტია.

ჩვენთან გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა არა მარტო შემოსავლების ზრდიდან გამომდინარე, არამედ შემოსავალმა დაკარგა ფასი. ინფლაციის გამო 40 000 კი არა, 120 000 უნდა იყოს დღეს ზღვარი, მარტო ფასების ზრდა რომ იყოს კრიტერიუმი.

  • როგორ ფიქრობთ, გაჩნდება წინააღმდეგობა ხალხში ამ გადასახადების გამო, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ?

შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის, რადგან ხვალ შესაძლოა ყოველ მეორეს მიადგეს ხელისუფლება და საშინელი ჯარიმები დააწესოს ამ გადასახადების გადაუხდელობის გამო და გააკოტროს მოსახლეობა.

ამიტომ, სასწრაფოდ უნდა აუწიოს ზღვარი 100 000-მდე, ხალხმა ცოტა რომ ამოისუნთქოს.  „ოცნებაც“ ხედავს, რომ უზარმაზარი უკმაყოფილებაა დაგროვილი ხალხში. მანამდეც ამჩნევდნენ ამას, მაგრამ მთავარი მაინც არის შიში მომავალი ბიუჯეტის, რომელსაც ვეღარ შეავსებენ იზოლაციის პირობებში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: