ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის დასაწყისში პირველ ნოემბერს ხმაური იყო: მოსახლეობის ნაწილი ბიზნესმენს დაუპირისპირდა. ადგილზე მისულმა მუნიციპალურმა ინსპექციამ კი, ბიზნესმენ ილია ქამადაძეს, რომლის კომპანიაც ხიმშიაშვილის ქუჩაზე კონკრეტულ მიწის ნაკვეთს ფლობს, გაფრთხილება მისცა.
ბიზნესმენი ილია ქამადაძე განმარტავს, რომ ბათუმში არსებული პარკირების პრობლემის გათვალისწინებით, ფასიანი ავტოსადგომის მოწყობას აპირებს, მაგრამ რამდენიმე ადამიანი ამის საშუალებას არ აძლევს არგუმენტით: „სკვერს ვერ დავთმობთ“.
მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრშია, ზღვასთან ახლოს.
„სინამდვილეში, სკვერი არაფერ შუაშია, სკვერის ხარჯზე კონკრეტულმა ადამიანებმა ავტოსადგომები მოაწყვეს, ჩემს ნაწილშიც შემოიჭრნენ, ახლა ამ ადგილსაც აქირავებენ და ფულს იღებენ… ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურში მითხრეს, საერთოდ წაგართმევთ მაგ მიწასო, ვერ დაგისახელებთ მის ვინაობას, არ ვიცი სახელი და გვარი, მაგრამ ჰყავს მოწმეებიც ამ შემთხვევას,“ – მოუყვა ბიზნესმენი ილია ქამადაძე „ბათუმელებს“.
ირკვევა, რომ ბათუმში, სადაც მერიის უმოქმედებობის გამო პარკირების მწვავე პრობლემაა, მით უმეტეს, ქალაქის ტურისტულად აქტიურ ზონაში, ბათუმის მერია ბიზნესმენს ფასიანი ავტოსადომის მოწყობის საშუალებას არ აძლევს.
- რას ამბობს მოსახლეობა?
„2007 წელს ვიყიდე ხიმშიაშვილის ქუჩაზე ბინა იმ პირობით, რომ არსებობდა სარეკრეაციო ადგილი, სკვერი და ავტომანქანების გასაჩერებლი ადგილი. ახლა ისე გამოდის, რომ არც მწვანე საფარი რჩება და არც ავტოსადგომი,“ – ამბობს ხიმშიაშვილის #9 ა-ში მცხოვრები თიკო გიორგაძე.
ამ მისამართზე კომპანია „მერკურმა“ ააშენა 9-სართულიანი კორპუსი. ამ კომპანიის მესაკუთრე ილია ქამადაძე იყო. თიკო გიორგაძის თქმით, ბიზნესმენმა ილია ქამადაძემ მანიპულაციურად მიითვისა მიწის ნაკვეთი ხიმშიაშვილის ქუჩაზე.
„2400 კვადარტულ მეტრზე არსებობდა მშენებლობის ნებართვა შპს „მერკურის“, ამ კომპანიისგან შევიძინე ბინა… თუ ის ფასიან ავტოსადგომს მოაწყობს, ვიწრო ზოლი დარჩება კორპუსის გარშემო, სახანძროს მანქანაც ვერ შემოვა.
ქამადაძე კი ამბობს, სხვები აქირავებენ ამ ადგილსო, მაგრამ მე არ ვიცი, ვინ რას აქირავებს. კორპუსთან არის სკვერი და ავტომანქანების გასაჩერებლი ადგილიც. ჩვენ ამის დაცვას ვითხოვთ,“ – გვითხრა თიკო გიორგაძემ.

ბათუმი, ხიმშიაშვილის #9 ა-ში მდებარე კორპუსის ეზო [მარჯვნივ] და კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი [მარცხნივ], რომელიც ბიზნესმენმა ბოძებით შემოსაზღვრა

ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდენარე ამ 9-სართულიანი კორპუსის ეზოსთან სურდა ბიზნესმენს ფასიანი ავტოსადგომის მოწყობა
„ეს ფართობი თავიდან ამხანაგობას ეკუთვნოდა, რაც ზედმეტი კი არ იყო, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი… გააყალბა ხელმოწერები და მიისაკუთრა ეს ნაკვეთი,“ – ამბობს ლაშა ცქიტიშვილი, რომელიც ხიმშიშვილის #9 ა-ში მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა.
მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი დაახლოებით 1100 კვადრატული მეტრია, წლებია „ნიუ ლაინის“ საკუთრებაა [ამ კომპანიის მესაკუთრეა ილია ქამადაძე].
რა ადასტურებს იმას, რომ ილია ქამადაძემ მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა? თუ ეს ასე მოხდა, წლების განმავლობაში რატომ არ მიმართა ამხანაგობამ პროკურატურას, ან რატომ არ დაიწყო სამოქალაქო დავა კომპანიის წინააღმდეგ?
„დაახლოებით 600 კვადრატი ჩამოაჭრა ამხანაგობას და 500 კვადრატული იყიდა აუქციონის წესით… ახლა 9-სართულიან კორპუსს სამი სადარბაზოთი გვრჩება მხოლოდ 600 კვადრატული მეტრი.
ინფორმაცია არ ჰქონდა ხალხს, რომ ასე მოხდა… ჩემი ამოცანა იყო და არის არა ვინმეს დასჯა, არამედ ის, რომ ეს სივრცე შევინარჩუნოთ… მცდელობები იყო, რომ ბათუმის მერიას მოეგვარებია ეს პრობლემა, ქამადაძეს შესთავაზეს ალტერნატიული ფართიც, მაგრამ უარი განაცხადა. ახლა როცა ის შეტევაზე გადმოვიდა, ნახევარი ეზო პარალიზებულია, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ სამართლებრივ დავას.
ჩვენ გვქონდა პირობა ბათუმის საკრებულოს დეპუტატისგან, ირაკლი დევაძისგან, რომელიც ჩვენი უბნის დეპუტატია, რომ ნოემბრის ბოლომდე ის ამ ბიზნესმენს კონკრეტულ შეთავაზებას გაუკეთებდა, მაგრამ არ დაგველოდა,“ – გვითხრა ლაშა ცქიტიშვილმა.

მოსახლეობის თქმით, ბიზნესმენმა თაღლითურად მიითვისა საერთო სარგებლობის ეზო, თუმცა წლების განმავლობაში არ დაუწყიათ დავა სასამართლოში, მათ არც პროკურატურისთვის მიუმართავთ.
- რას ამბობს ბიზნესმენი?
„ერთი დოკუმენტი მაჩვენონ, ან გაასაჯაროვონ, რომ მე ვინმეს რამე მივითვისე. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეს ტყუილი და ცილისწამებაა,“ – ამბობს ილია ქამადაძე, კომპანია „ნიუ ლაინის“ მესაკუთრე.
ბიზნესმენი განმარტავს, რომ მან წლების წინ იყიდა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი 2400 კვადრატული მეტრი, აქედან 1800 კვადრატული მეტრი დაუთმო საცხოვრებელ კორპუსს თავისი საერთო სარგებლობის ადგილით, ხოლო 600 კომპანიის საკუთრებად დატოვა.
2018 წელს კი, ილია ქამადაძეს აუქციონის წესით შეუძენია 580 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი პირობით. პირობის მიხედვით, ბიზნესმენს აქ უნდა მოეწყო რომელიმე აქედან: საგამოფენო დარბაზი, უნივერსალური მაღაზია, სავაჭრო ცენტრი, სილამაზის სალონი, ოფისი.
„2018 წელს მოსახლეობამ ამ ვალდებულების შესრულებაშიც შემიშალა ხელი,“ – გვიყვება ილია ქამადაძე, – „მაშინ ბათუმის მერიაში დამპირდნენ, სხვა მიწის ნაკვეთს მოგცემთო და შემომთავაზეს მიწის ნაკვეთი პუშკინის ქუჩაზე, ის 30%-ით მეტია, რაც ხიმშიაშვილის ქუჩაზე შევიძინე აუქციონის წესით, მაგრამ მისი ღირებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე ზღვასთან ახლოს…
საბოლოოდ, ბათუმის მერიაში ვალდებულება უფლებით შემიცვალეს. ბოლომდე ვერ გავიგე, რის უფლება მაქვს.
ჩემი შეთავაზება იყო, რომ მოვაწყობდი ფასიან ავტოსადგომს, მაგრამ მერიამ უარი მითხრა“, – ამბობს ილია ქამადაძე.
2024 წლის 28 აპრილს ბათუმის მერიის ქალაქგანვითარების და ურბანული პოლიტიკის სამსახური საპასუხო წერილში აღნიშნავს:
„ბათუმში მასიური მშენებლობების და მწვანე საფარის სიმცირის, ასევე ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების შედეგად მომატებული მავნე გამონაბოლქვის საფუძვლით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ბათუმში, ხიმშიაშვილის #9 ა-ში კერძო ავტოსადგომის მოწყობა. უფლებამოსილი სამსახურის განმარტებით, სასურველია არსებულ ტერიტორიაზე მოეწყოს სრულფასოვანი სკვერი სკამებით, განათებით და საბავშვო ატრაქციონით“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის წერილში.

ბიზნესმენი ჰყვება, რომ ფასიანი ავტოსადგომი თვითნებურად მოაწყვეს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეც
„…სინამდვილეში, რამდენიმე პირმა იქ მოაწყო ფასიანი ავტოსადგომი, მათ შორის, 6 მეტრით შემოვიდნენ ჩემს ნაკვეთში, ანუ ერთი რიგი მანქანებისა ჩემს ნაკვეთშია… შეგიძლიათ მოიკითხოთ, რამდენად ქირავდება ადგილი მანქანის გასაჩერებლად, სხვებს კი, ეუბნებიან, რომ აი, თითქოს სკვერს ვაუქმებ.
ჩემი შვილი ცხოვრობს ამავე კორპუსში და ეზოში ვერ შეჰყავს საკუთარი ავტომანქანა, პულტს არ აძლევს ამხანაგობის თავმჯდომარე, ადგილი არ არისო. ვინ ეკითხება ამხანაგობის თავმდომარეს ჩემი საცხოვრებელი კორპსუსის ეზოში გავაჩერებ თუ არა ავტომანქანას? ამხანაგობას შეუძლია დაადგინოს წესი, როგორ ვისარგებლო ავტოსადგომით, მაგრამ საერთოდ არ შემიშვას ეზოში?
ეს ავტოსადგომი მოსახლეობისთვის კი არაა, არამედ იმისთვის, რომ გააქირავონ.
როცა ავაშენეთ ეს კორპუსი 2000-იან წლებში, სკვერი ჰქონდა კორპუსს წინ და უკანაც, ახლა ყველა მხრიდან ავტოსადგომია. უკან მხარეს საერთოდ გაუქმებულია სკვერი, მოწყობილია ავტოსადგომი.
მე არავის დავპირებივარ, რომ ჩემს მიწის ნაკვეთს დავუთმობდი. თუ ვინმეს დავპირდი თუნდაც საუბრის დროს, მითხრას,“ – ამბობს ილია ქამადაძე.
ბიზნესმენი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ თვითნებურად ავტოსადგომისთვის ამ კორპუსის გარშემო იყენებენ სახელმწიფო მიწის ნაკვეთსაც, რაზეც მერია რეაგირებას არ ახდენს.
„ალბათ სარგებელს იღებს ვიღაც [მერიაში], აბა, ტყუილად რატომ უნდა შეუწყოს ხელი?“ – კითხულობს ბიზნესმენი, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის გაფრთხილების გასაჩივრებას აპირებს.
რატომ არ გაასაჩივრა ბიზნესმენმა ბათუმის მერიის 2024 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ილია ქამადაძეს ფასიანი ავტოსადომის მოწყობაზე უარი უთხრეს?
„რა აზრი აქვს გასაჩივრებას? სად უნდა გავასაჩივრო, რომელ სასამართლოში? ვერ ხედავთ, რა ხდება? ისეთი რამეები ხდება, თმები ყალყზე დაგიდგება.
მაინც გავასაჩივრებ და მივყვები კანონს. თუ ჩალითაა მართლაც დახურული ეს ქვეყანა, მეც დავიხურავ.
მე არც გუშინ მიცდია ამ ნაკვეთის შემოღობვა, შემოღობვა სხვა რამეა. მე მხოლოდ ბოძების ჩასობა ვცადე, რომ შევზღუდო ჩემს ტერიტორიაზე შესვლა. რა უფლებით მიკრძალავს ამას მერია, რომელი კანონის საფუძველზე? როცა ეს შეკითხვები დავსვი, ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფორსმა, გელა შანიძემ პირდაპირ დედაზე მაგინა, მერე მემუქრებოდა, 20 ათასი ლარით დაგაჯარიმებო. ვუთხარი, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, მე კანონს დავემორჩილები მხოლოდ-მეთქი.
ბოლოს გაფრთხილება მომცეს, რასაც გავასაჩივრებთ,“ – გვითხრა ილია ქამადაძემ.






