2 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავეს აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა ჩილაჩავა. დაკავების შემდეგ ის დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს.
იზოლატორში მყოფი დევნილი ქალი გვიან ღამით მოინახულა მისმა ადვოკატმა მარიკა არევაძემ.
“შემაძრწუნებელი სანახავი იყო, როგორ მოჰყავთ ბებო და გისოსებს მიღმა მის გულზე ჩანს წარწერა “გაგრა”! აზა მხნედ არის, უშიშრად, როგორც სჩვევია. დაიწყო შიმშილობა, ბევრი თხოვნის მიუხედავად აზრი ვერ შევაცვლევინეთ (შიმშილობა წყლის გარეშე),” – დაწერა ფეისბუქზე იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა.
შსს-ს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია რატომ დააკავა აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის ქალი. ასევე უცნობია აზა ჩილაჩავას წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსითაა დაწყებული, თუ სისხლის სამართლის კოდექსით.
აზა ჩილაჩავა სავარაუდოდ დაკავებულია პროტესტში მონაწილეობის გამო, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვისათვის.
საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვა „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად 17 ოქტომბერს აქცია.
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა პირველ ჯერზე, 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
განმეორებითობის შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
აზა ჩილაჩავა ერთხელ უკვე დააკავა პოლიციამ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის საღამოს. ის საპროტესტო აქციაზე სამედიცინო პირბადით იმყოფებოდა. დაკავებისას აზა ჩილაჩავამ პოლიციელებს განუმარტა, რომ სამედიცინო პირბადე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეკეთა.
22 ოქტომბერს გაიმართა აზა ჩილაჩავას სასამართლო პროცესი, რომელზეც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
აზა ჩილაჩავა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.
მთავარი ფოტო: პოლიცია აკავებს აზა ჩილაჩავას. ფოტოს ავტორი: მოსე
ამავე თემაზე:
ფეხქვეშაც გამიგდო პოლიციამ, მაგრამ ვერ გავჩერდები – 71 წლის გაგრელი აზას ბრძოლა რუსთაველზე






