„სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ფასები რიგ იდენტურ მომსახურებაზე მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთანავე, ერთ-ერთ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, შეუსაბამოდ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მიუხედავად, არ მისცეს დისკვალიფიკაცია“ – წერს სახელმწიფო აუდიტი შესაბამისობის დასკვნაში.
ეს დასკვნა 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ის „სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ მიერ განხორციელებულ შეყიდვებს და ზოგადად მუშაობის ნაკლოვანებებს განიხილავს.
დიდწილად სწორედ სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დაგეგმილი პროექტების არამართლზომიერ განხორციელებას და ბიუჯეტის ფულის არაეფექტურ ხარჯვას ეხება ბოლო პერიოდში ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები, რასაც „ოცნების“ ლიდერები კორუფციასთან ბრძოლას უწოდებენ.
აუდიტის დასკვნაში მიმოხილულია 2022-2023 და ნაწილობრივ 2024 წელს დაფინანსებული პროექტები.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება. ცენტრის საქმიანობის მიზანი სოფლის მეურნეობის განვითარება – სურსათის წარმოების ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფა და ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობაა.
ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ეს ცენტრია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს „ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის“ და შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი ანასეულის“ წილების მმართველი.
- წინასწარი ანგარიშსწორება
კანონის შესაბამისად, მართლზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ წინასწარ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პირობები განსაზღვრული იყოს სატენდერო დოკუმენტაციით, რაც პოტენციურ მიმწოდებლებს მისცემს ნათელ წარმოდგენას ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ საკითხზე და ამან თავის მხრივ შესაძლებელია განაპირობოს კონკურენციის ზრდაც.
დასკვნაში აუდიტი წერს კონკრეტულ მაგალითზე, როცა სხვადასხვა სახის, 380 000 ლარის სავარაუდო ღირებულების, ლაბორატორიული ავეჯის შესყიდვაზე 2023 წელს გამოცხადებული შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო დადგენილი წინასწარი ანგარიშსწორების პირობები. ამის მიუხედავად, ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წინასწარი ანგარიშსწორების შესახებ ჩაწერეს, სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის ოდენობით.
გარდა ამისა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ სასოფლო-სამეურნეო მომსახურების შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებების ცვლილებებით, ღირებულებები შემცირდა ისე, რომ არ განსაზღვრულა შემცირებულ სამუშაოთა სახეობები და მოცულობები.
აუდიტი წერს, რომ ცენტრმა ფაქტობრივად შემცირებულ სამუშაოთა მიზანშეწონილობის დოკუმენტური დადასტურება ვერ წარუდგინა.
- გარანტია
აუდიტი განმარტავს, რომ წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია. გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
ფინანსური მართვა და კონტროლი მოიცავს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ პროცესებს და ქმედებებს.
2022 წლის 9 ნოემბერს გამოცხადდა 456 900 ლარის სავარაუდო ღირებულების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერი, ქვეყნის მასშტაბით ოთხ სხვადასხვა ადგილზე ერთობლივად, რომელთა დასრულების პერიოდი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვე. ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, რომელსაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების შესრულების პერიოდი გაუხანგრძლივდა 70 დღით.
სამუშაოების შესრულების ვადის გადაწევასთან ერთად, ხელშეკრულების მოქმედება, რომელიც შეადგენდა 2023 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდს, გახანგრძლივდა 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნულ შესყიდვაში გამოყენებულია 100%-იანი წინასწარი ანგარიშსწორება, რაზედაც წარმოდგენილი საბანკო გარანტია მოქმედებდა 2023 წლის 2 ივლისამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებში, ახალი ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა არ ყოფილა მოთხოვნილი.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებულია 2023 წლის 20 მარტის შეთანხმებით. აღნიშნული პერიოდისთვის საერთოდ არ ფიქსირდებოდა სამუშაოების შესრულება. პირველი მიღება-ჩაბარების აქტი 229 626 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე გაფორმებულია 2023 წლის 23 მარტს.
კიდევ ერთი მაგალითის მიხედვით, 2023 წლის 3 ნოემბერს გამოცხადდა 398 000 ლარის სავარაუდო ღირებულების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერი, ქვეყნის მასშტაბით ოთხ სხვადასხვა ადგილზე ერთობლივად, რომელთა დასრულების პერიოდი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვე.
ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, რომელსაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მისივე წერილობითი თხოვნების საფუძველზე, სამუშაოების შესრულების პერიოდი გაუხანგრძლივდა 60 დღით და ნაცვლად 2024 წლის 27 თებერვლისა, განისაზღვრა 2024 წლის 27 აპრილი.
ცენტრმა აუდიტს ვერ წარუდგინა მიზეზების შესწავლის და მათი ობიექტურობის განსაზღვრის დოკუმენტური მტკიცებულებები. ამ შესყიდვაშიც გამოყენებულია 100%-იანი წინასწარი ანგარიშსწორება. ხელშეკრულება მოქმედებდა 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე, წინასწარი ანგარიშსწორების გარანტია − 2024 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. შესაბამისად, წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით არ აღემატებოდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს.
- ფასები
აუდიტის დასკვნის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ორ ტენდერში სავარაუდო ღირებულებების განმსაზღვრელი ხარჯთაღრიცხვებით, რიგ შემთხვევებში არმატურის ფასი მნიშვნელოვნად აღემატება ა(ა)იპ − მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოქვეყნებულ სამშენებლო რესურსების სახარჯთაღრიცხვო ფასებს. ამასთანავე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები განსხვავდება.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ დასაბუთებული რწმუნება სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის მართლზომიერებაზე“ – წერს აუდიტი.
- შრომითი დასაქმების და ფუნქციების გამიჯვნის საკითხი
აუდიტი ასევე წერს, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევით ცენტრში შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმების თავიდან არიდების მიზნით განხორციელდეს საშტატო რიცხოვნობის ოპტიმიზაცია შესაბამის პოზიციებთან მიმართებით.
აუდიტი ფუნქციებისა და ვალდებულებების გადანაწილების პრობლემაზე მიუთითებს:
„ერთ-ერთ დასაქმებულთან 2022 და 2023 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, მის ვალდებულებებს წარმოადგენდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ უძრავი ქონების აღრიცხვა რეგისტრაციის პროცესის გაანალიზება, ცენტრის მოძრავი ქონების აღრიცხვისა და ელექტრონული საინფორმაციო ბაზების (რეესტრის) წარმოების პროცესის გაანალიზება, ცენტრის ბალანსზე რიცხული გამოუყენებელი და ჩამოწერას დაქვემდებარებული მატერიალური ფასეულობების და მათი ჩამოწერის შედეგად მიღებული მატერიალური ფასეულობების შემდგომი განკარგვის პროცესის გაანალიზება, ცენტრის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროცესის გაანალიზება.
ასევე, ცენტრის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების, მოძრავი მექანიზმების, აგრეგატებისა და სხვა მოწყობილობების ექსპლუატაციის და მათ მოვლა-შენახვაზე განხორციელებული დანახარჯების აღრიცხვის პროცესის გაანალიზება, ცენტრის მიერ ბიუჯეტის შედგენის და საბიუჯეტო თანხების ხარჯვის პროცესის გაანალიზება“.
აუდიტი წერს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია ცენტრმა ვერ წარუდგინა:
„ზემოაღნიშნულ ვალდებულებებთან დაკავშირებით ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებულს ევალებოდა შესაბამისი დასკვნების მომზადება ცენტრის ხელმძღვანელობისთვის, რაც ცენტრის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი“.
აუდიტი დასკვნაში ასახელებს ასევე რიგ საკითხებს, რომლებთან დაკავშირებითაც აქვს კითხვები, რეკომენდაციები ამ პრაქტიკის შეცვლას მიიჩნევს მიზანშეწონილად. მათ შორის არის საწვავის განაწილების საკითხი.
აუდიტის ინფორმაციით სოფლის მეურნეობის სსიპ- ის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აქტებში არ არის მითითებული, თუ თვის რომელ დღეებსა და რომელი ტექნიკის საშუალებით შესრულდა კონკრეტული სამუშაოები. კერძოდ, ზოგიერთ აქტში მითითებულია მხოლოდ ტექნიკის დასახელება და არ არის იდენტიფიცირებული მოდელი და სარეგისტრაციო ნომერი, ზოგიერთში კი, სამუშაოს შემსრულებელი ტექნიკაც არ არის მითითებული. შესაბამისად აუდიტმა ვერ დააზუსტა ინფორმაცია დახარჯული საწვავის შესახებ.
ზოგადად სახელმწიფო უწყებებში მძიმე ტექნიკაზე გამოყოფილი საწვავი შესრულებული სამუშაოების აქტების საფუძველზე ჩამოიწერება, რომლებშიც მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს დასახელება, მოხმარებული საწვავის ოდენობა და ღირებულება.
აუდიტი ასევე წერს, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 2022-2023 წლებში ფულადი ჯილდოების გაცემა ხორციელდებოდა ზემდგომი თანამდებობის პირების წარდგინებების გარეშე, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმას.






