„ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი არ დარწმუნდება, რომ დათესა ისეთი შიში, რომ ისედაც მონად მყოფი ეს ადამიანები იქცევიან მის, ასე ვთქვათ, ლაქიებად და მართლაც ჩაჰყვებიან სამარეში. აი, ამ მიზანს ემსახურება ეს ანტიკორუფციული კამპანია. ივანიშვილმა იცის, რომ ძალიან მძიმე პერიოდი ელის საერთაშორისო იზოლაციის კუთხით. მას უნდა, რომ ამ შეშინებულმა ხალხმა გაქცევა ვერ შეძლოს, ერთ ქვაბში მოიხარშოს ყველა. აი, ამ შიშის ატმოსფეროს ქმნის ახლა ბიძინა ივანიშვილი,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, ეკონომისტი რომან გოცირიძე.
მისი დაკვირვებით, ივანიშვილის დავალებით ირაკლი კობახიძე ყულფს უჭერს ღარიბაშვილის მთავრობას.
რა განზრახვით მოქმედებს ამჯერად ბიძინა ივანიშვილი და რატომ არ არის სარწმუნო „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადება – კორუფციასთან ბრძოლა დავიწყეთო?
„ჯუანშერ ბურჭულაძე „ოცნების“ კორუმპირებულთა სიაში 500-ეულშიც კი ვერ შევა,“ – მიიჩნევს რომან გოცირიძე და რამდენიმე შემთხვევას ასახელებს, რაც კარგად აჩვენებს, რა მასშტაბის კორუფცია გვაქვს ქვეყანაში.
„…ივანიშვილი თავის ციხესიმაგრედ გადააქცევს ქვეყანას, როდესაც ყველა ინსტიტუტი – ჯარიდან დაწყებული პოლიციით დამთავრებული, ჩინოვნიკები, სახელმწიფო საწარმოები – ყველაფერი ავტორიტარული, კეთროვანი, იზოლირებული რეჟიმის მომსახურედ იქცევა,“ – მიიჩნევს რომან გოცირიძე.
„ბათუმელებმა“ რომან გოცირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრია.
- ბატონო რომან, არალეგიტიმური მთავრობის პრემიერი ამბობს, კორუფციას ვებრძვიო. თქვენთვის რას აჩვენებს „ოცნების“ ანტიკორუფციული კამპანია?
„ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის კორუფციულ სისტემაზე აგებული ხელისუფლება მაფიოზური პრინციპით, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და ის არის კორუფციის მთავარი წყარო.
კორუფცია არ არის მხოლოდ მექრთამეობა, ანუ ხელიდან ხელში ფულის ჩადება. კორუფციის მთავარი შინაარსი არის ძალაუფლების გამოყენება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, რომელშიც შემდეგ ფინანსური და სხვა სახის ინტერესები მოიაზრება.
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავზე ირგებს გადასახადებსაც კი. მაგალითად, ოფშორების შესახებ კანონით 2030 წლამდე ქონების გადასახადი გადაივადა, ქმნის რაღაც ფონდს, სადაც თავს უყრის მთელ თავის ბიზნესს და ასევე მალავს გადასახადებს. ის შეღავათიან ფასად ან უფასოდ იღებს ქვეყნის უზარმაზარ რესურსებს, მიწას, სადაც ხელს დაადებს და ნებისმიერ სასტუმროს ან მისთვის სასურველ ობიექტს ააშენებს.

რომან გოცირიძე
ამიტომაც, ეს არის კორუფცია, რომელიც ემსახურება მის ოჯახს. ამ კორუფციის სიკეთეებით სარგებლობს ასევე ივანიშვილის კლანი.
ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტი სახრავად მიუგდო და გაუნაწილა თავის ქვეშევრდომებს, მათ შორის, მუნიციპალური ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი, თბილისის ბიუჯეტი, აჭარის ბიუჯეტი – ერთი წესით იმართება ეს ყველაფერი. ისინი ტენდერებიდან მილიარდობით ფულს იპარავენ.
თავად ირაკლი კობახიძემ შიდაკლანური ბრძოლის კონტექსტში აღიარა, რომ მხოლოდ ერთ სფეროში – სახელმწიფო საწარმოთა მართვის სფეროში იფლანგებოდა 700 მილიონი ლარი. რა არის ეს 700 მილიონი ლარი? სხვა საკითხია, მაგრამ რატომ მოუნდა ამის დასახელება კობახიძეს: თავმომწონეობისთვის გააკეთა, რომ ივანიშვილისთვის ეჩვენებინა, აი, მე კარგად ვმუშაობ და ღარიბაშვილი დასაჭერია, თუ პირიქით, ივანიშვილმა დაავალა, რომ კომპრომეტირება მოეხდინა ღარიბაშვილის მთავრობისათვის, რომ იგივე თავდაცვის მინისტრის დაჭერაც სამართლიანი ყოფილიყო?
- ოპტიმიზაციით დავზოგეთ სახელმწიფო საწარმოებში 700 მილიონიო. პრაქტიკულად ეს გაფლანგვის აღიარებაა?
გაფლანგვა რა არის? – მოპარვა, ან მეორე მხრივ, ფულის მითვისება უსაქმურობის გაფორმებით. დაადასტურა კიდეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, კაკაურიძემ, რომ ამ სფეროში 1000-მდე ადამიანი გავათავისუფლეთო. კობახიძემ თქვა, კადრების რესტრუქტურიზაციით, ანუ შემცირებით, 22 მილიონი ლარი დავზოგეთ მხოლოდ ენერგეტიკის სექტორშიო.
სახელმწიფო საწარმოთა სექტორი რა არის? – ეს არის ენერგეტიკა, სადაც არის გაზის სექტორი, თბოსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები, ჰიდროელექტროსადგურები და უამრავი სხვა ობიექტი. 350-მდე სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოა ქვეყანაში. ამ სახელმწიფო საწარმოებში ყოფილი მინისტრები, ყოფილი დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები, ხელისუფლებასთან დაკავშირებული უამრავი პირი და პარტიული აქტივისტია დასაქმებული. ეს არის მილიარდიანი ბრუნვის მქონე საწარმოები, სადაც 700 მილიონის მოპარვა წელიწადში თურმე შესაძლებელია.
მაგალითად, თბილისში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ საცურაო აუზზე რაღაც ინსტრუქტორებად არიან გაფორმებულები მომღერლები. ისინი საახალწლოდ თუ არჩევნებისას „ქართული ოცნების“ კონცერტებზე გამოდიან და ამავდროულად, როგორც ინსტრუქტორები იღებენ 2, 3 და 5 ათას ლარ ხელფასს.
ფაქტობრივად ბომბი ააფეთქა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, ივანიშვილის და საკუთარ ფეხებქვეშ, როცა თქვა, 348 მილიონი ლარი დავზოგეთ ტენდერებსა და მომსახურებაშიო. შესაძლოა, მისი მიზანი იყო მხოლოდ ღარიბაშვილის მოკვლა, მაგრამ სინამდვილეში საკუთარი პარტია მოკლა.
კაკაურიძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა: ჩვენ ფული დავზოგეთ, რადგან ამ საწარმოების მიერ გასაწევი ხარჯები ტენდერებისას გავანახევრეთო. ანუ გამოდის, რომ რაღაცას თუ ყიდულობდნენ 2 მილიონ დოლარად ტენდერში, იმის ყიდვა თურმე 1 მილიონად შეიძლებოდა. ზუსტად იმ სქემაზეა საუბარი, რა სქემისთვისაც დაიჭირეს თავდაცვის მინისტრი. თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, სამედიცინო მოწყობილობა იყო – ტომოგრაფიული აპარატი, რომელიც ღირდა 2.5 მილიონი დოლარი, ასე ვთქვათ და მასში გადაიხადა 3.5 მილიონი დოლარი, 1 მილიონი მოტეხა და ამ ფულით უცხოეთში იყიდა სახლი.
მაგრამ ჯუანშერ ბურჭულაძე „ოცნების“ კორუმპირებულთა სიაში 500-ეულშიც კი ვერ შევა. მან, მართალია, რაღაც ოპერაცია დაატრიალა, 1 მილიონი დოლარი მოიგო და შეიძლება კიდევ ერთი-ორი მსგავსი რაღაც ჰქონდა გაკეთებული სადღაც, მაგრამ აგერ მარტო სახელმწიფო სექტორში, – აქ სამინისტროები და საჯარო სექტორი არ შედის – 700 მილიონზეა ლაპარაკი და კობახიძე თავისი პირით ამბობს, ტენდერებში დავზოგეთ ფულიო.
აქ რა იგულისხმება? – მანქანები, ფუფუნების საგნები, დივანი, მივლინებები, ერთი სტუმარი რომ ჩამოვიდოდა და 20 მიჰყვებოდა აქაური რესტორანში…
348 მილიონი ლარი დაიზოგა თურმე ორი მუხლით: ტენდერები და ადმინისტრაციული ხარჯები და მომსახურება. სიტყვასიტყვით ერთსა და იმავეს აღწერს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და პრემიერ-მინისტრად წოდებული კობახიძე, ერთსა და იმავე სქემას, ანუ ამ ფულს ყოველწლიურად ითვისებდა „ოცნების“ კლანი.
- რა მასშტაბის კორუფცია გვაქვს ქვეყანაში, როცა არათუ მინისტრს, ნიკოლოზ კვეზერელს, რომელიც ვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილეა, აქვს 19 მიწის ნაკვეთი, 3 სახლი, 6 ბინა, 3 ავტოფარეხი, 6 ავტომანქანა და 2 მილიონი ლარი ანაბარზე, შს მინისტრის გელა გელაძის ოჯახი კი, ფლობს 7 მილიონამდე ლარის სახლებს, ბინებს, კომერციულ ფართობებს. შს მინისტრის ცოლი 105 000-ევროიანი ავტომანქანით გადაადგილდება, თავად მინისტრი – 70 000- დოლარიანი ავტომანქანით…
თქვენ ვინც ჩამოთვალეთ, მათ შემოსავლებზე დაკვირვება მეტ-ნაკლებად არის შესაძლებელი – ვალდებულნი არიან ფინანსური დეკლარაცია შეავსონ, თუმცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების მიერ შევსებული ეს დეკლარაციები ხშირად გაყალბებულია. ქონებრივი დეკლარაციების ნახვაც კი, ნახევარი წლის განმავლობაში ფაქტობრივად იყო ჩაკეტილი ვიღაცის ბრძანებით.
ჩვენ ამ მონაცემებს ვხედავთ და გვიკვირს, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით დიდ მასშტაბთან გვაქვს საქმე, ვიდრე თქვენ მიერ დასახელებული რიცხვებია.
ერთ მაგალითს მოგიყვებით: ვაკის პარკის რეაბილიტაცია გამოაცხადა თბილისის მერიამ – 32 მილიონი ლარი დაჯდებაო. მართლაც დაიწყო, ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე 32 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ გაკეთდა ნახევარი. ხელახალი ტენდერი გამოცხადდა სამი თვის წინ და 34 მილიონ ლარად დარჩენილი ნაწილი უნდა გაკეთდეს. ნაცვლად იმისა, რომ ვაკის პარკი გარემონტებულიყო 32 მილიონად, ჯდება 70 მილიონი.
მეორე კლასიკური მაგალითია სპორტის სასახლე „ევრობასკეტისთვის“ გამოცხადდა ტენდერი – უნდა დახარჯულიყო 70 მილიონი, მაგრამ დაჯდა 90 მილიონი.
ვინც მონაწილეობს მსგავს ტენდერებში, იცის, რომ ტენდერში დასახელებული ფასი არაფერი არ არის და ამ ფასს აუცილებლად წაუმატებენ 20-30%-ს, ვინაიდან წინასწარ არიან შეთანხმებულები. ასე ხდება ქუჩების რემონტებიც, იგივე ჭავჭავაძის პროსპექტი, ან ნებისმიერი ქუჩა, რაც რემონტდება ბათუმში იქნება ეს თუ თბილისში, გამოცხადებული ფასი ისედაც ხომ გაბერილია – მოგებაა ჩადებული და ამის ზემოთ ხდება წამატება.
დაახლოებით 300 მილიონს იპარავენ საჯარო სექტორში.
არსებობს სპეციფიკური ტიპის კორუფციაც, მაგალითად, 120 მილიონი ლარი წელიწადში იხარჯება სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე, სადაც 200-300 ლარს აძლევენ თვეში, აფორმებენ სადღაც, მაგრამ არ იციან სად.
- მაგალითად, ქედაში ტანკის დამლაგებლად, ან ერთ სოფელში ჯოკერის სათამაშო ოთახს ალაგებს სოციალურად დაუცველი… „ბათუმელები“ წერდა ამ შემთხვევებზე.
დიახ, სხვა კურიოზებიც დაფიქსირდა, მაგალითად, ზუგდიდში, პარკში ბილეთების გამყიდველად დაასაქმეს ადამიანი, როდესაც ამ პარკში ბილეთი არ იყიდება. ეს სპეციფიკური კორუფციაა და სინამდვილეში ეს არის საარჩევნოდ ადამიანების გულის მოგება და ყურებით დაჭერა.
იმათ ფულს მაინც აძლევენ და ჩავთვალოთ სოციალურ დახმარებად ამ გაჭირვებული ადამიანებისათვის, მაგრამ მეორე ტიპის კორუფცია, რაზეც უკვე თავად ხელისუფლება საუბრობს, ეს პირდაპირ ბიუჯეტიდან ფულის მითვისებაა.
წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი, როდესაც კულტურის მინისტრს აქვს 5000-იანი და 8000-ევროიანი ორი ჩანთა. მან ეს ჩანთები დაადეკლარირა. პარლამენტში ბევრ ქალს აქვს 5 და 10 000 -დოლარიანი ჩანთები, არავინ ამას არ ადეკლარირებს, მაგრამ კულტურის მინისტრი დადის ყოველდღე ამ ჩანთით და ეს ჩანთა არის ვიზუალურად თვალში საცემი. ვინმემ რომ ფოტო გადაუღოს და დაგუგლოს, მიხვდება, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული ჩანთაა.
ამ მინისტრს როდესაც დაუსვეს კითხვა, ამდენი შემოსავალი საიდან გაქვს, კონსულტაცია გავწიე 280 000 ლარადო. წარმოიდგინეთ: კონცერტს ატარებდა მერია და ამ ფირმამ, რომელმაც მიიღო მერიისგან 2.8 მილიონი ლარის შეკვეთა კონცერტების ჩასატარებლად, გადმომირიცხა 280 000 ლარიო, ანუ 10%. რატომ გადმოგირიცხათ? – იმიტომ, რომ კონსულტანტი ვარ, დისტანციურ კონსულტაციას ვეწეოდიო. ეს ნიშნავს იმას, რომ შუამავალი იყო თბილისის მერიასა და ამ ფირმას შორის და კორუფციულად 10% მიიღო მან ამ ტენდერიდან. ესაა ტიპური კორუფციის მაგალითი.
- რატომ არ არის დამაჯერებელი ის, რომ „ოცნებაში“ გადაწყვიტეს კორუფციასთან ბრძოლა?
იმიტომ, რომ 13 წლის განმავლობაში საქართველოში არ დაუკავებიათ არც ერთი მაღალჩინოსანი. მხოლოდ რამდენიმე წვრილმანი კორუფციული საქმე იყო, მაგალითად, თბილისის მერიაში დაიჭირეს ერთი სპეციალისტი, რომელსაც ედავებოდნენ 6 000 ლარის აღებას, რაღაც დოკუმენტის კორუფციულად მომზადებას – ამ დოკუმენტის მომზადებაში ადგილობრივ თანამშრომლებს ტორტი აჩუქა თურმე.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ეხებოდა წყალკანალს, რაღაც ბუღალტრული ამბავი იყო.
- „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი უფროსიც დააკავა პროკურატურამ, ბუღალტერმა კი, მოსამართლეს უთხრა, ფორმალურად გვყავდა დასაქმებული ხალხი და ფულს ხელვაჩაურის მერს ტუალეტის კართან ვაბარებდიო. თუმცა ხელვაჩაურის ყოფილი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე არავის დაუსჯია.
დიახ, მხოლოდ წვრილმანი დონის კორუფციის შემთხვევები ვნახეთ. არც ერთი მინისტრი, ან მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი არ დაუსჯიათ.
ახლა კი, ბიძინა ივანიშვილის განაწყენების გამო ღარიბაშვილის მთავრობის მისამართით დაიწყო ეს საჩვენებელი დაჭერები, მათ შორის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობით გადარჩა და ეს არავითარი იმიტაცია არ იყო.
- გჯერათ გამოძიების ვერსიის, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა?
100%-ით დარწმუნებული ვარ. თორნიკე რიჟვაძე უკვე იმდენად შოკში იმყოფებოდა – ფაქტობრივად დასაჭერად იყო გამზადებული. აგერ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაჭერით დავინახეთ ეს ყველაფერი, როგორც ხდება. ადამიანი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის შემთხვევაში მიდის ასეთ ნაბიჯზე და სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ იქ ვიღაცამ რიჟვაძეს ესროლა. თორნიკე რიჟვაძე შემთხვევით გადარჩა. მსგავს შემთხვევაში ალბათ 1000-დან 999 საქმე მთავრდება ცუდად.
ამ ვითომ ანტიკორუფციულ კამპანიას ორი დანიშნულება აქვს: ერთია წინასაარჩევნოდ საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ქვეყანაში ანტიკორუფციული კამპანია დაიწყო და ამას ღარიბაშვილის მთავრობა ემსხვერპლა, თუმცა მეორე მხრივ, თუ ასეთი ტოტალური, მასობრივი კორუფცია იყო ხელისუფლებაში, ვინ არის პასუხისმგებელი?! აქ უკვე მიდის საუბარი ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და გომელაურის დაჭერაზე.
- 700 მილიონი დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლის საქართველოში გათეთრების საქმეც, თქვენი აზრით, „ოცნების“ ამ კლანური გარჩევების ნაწილია?
ერთი სავალუტო ჯიხური 700 მილიონ ფულს ვერ გააკეთებს, მაგრამ გათეთრების მომენტები, რა თქმა უნდა, იყო.
მათ დასჭირდათ საჩვენებელი, ანტიკორუფციული ბრძოლის კონტექსტში, საბაჟოს ცუდი მუშაობის ჩვენება. საბაჟო ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფულის გათეთრებაზე პასუხისმგებელი არის სუსი. ამ ორი უწყების ცუდი მუშაობის საჩვენებლად, ფაქტობრივად ჩაფარცხული საქმიდან მოულოდნელად ჯიხურის მეპატრონე დააპატიმრეს, რომელიც გამოძიებასთან უკვე ერთი წელია მუშაობს.
ნელ-ნელა ეს ყულფი ყელზე ეჭირება ღარიბაშვილის მთავრობას. ერთია, რომ კობახიძეს უნდა თავის გამოჩენა ივანიშვილის წინაშე, მაგრამ ეს არ არის კობახიძის ბრძოლა ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ეს არის ივანიშვილის დავალების შესრულება ირაკლი კობახიძის მიერ.
ივანიშვილი არასდროს არ აპატიებს ვინმეს 1 მილიარდი დოლარის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგომას, როცა კინაღამ გაეპარათ შვეიცარიაში ბაჩიაშვილი. ბაჩიაშვილმაც შეცდომა დაუშვა და არადემოკრატიულ ქვეყანაში წავიდა – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იგი დუბაიში სასტუმროდან გამოიყვანეს, უკანონოდ ჩამოიყვანეს და ფაქტობრივად მოიპარეს ადამიანი.
ამას არც ლილუაშვილს აპატიებს ივანიშვილი – სასაზღვრო კონტროლი ლილუაშვილის დაქვემდებარებაში იყო.
რაც შეეხება ღარიბაშვილს: როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა თამაშიდან გასვლა, შვილი ამერიკაში გაუშვა სასწავლებლად და ეშმაკურად იქცეოდა: მოდი, რაც მოვიპარე, ამას შევირგებ, ორჯერ პრემიერი ვიყავი, ჩემი კლანი შევქმენი და ნელ-ნელა დააპირა დისტანცირება. პრემიერობიდან გათავისუფლების შემდეგ უზარმაზარი თანამდებობა მისცა ივანიშვილმა და პარტიის ოფისშიც არ დადიოდა – პარტიის თავმჯდომარე იყო.
როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა უთხრა ივანიშვილს: მოდი, ახლა მე წავალ. ივანიშვილმა კი უთხრა, ნურას უკაცრავად, მე დამასანქცირონ, აგერ ხალხი მაგნიტსკის სიაშია და შენ გინდა გაქცევა?
ივანიშვილის მიდგომა ასეთია: მე გაგაჩინეთ პოლიტიკაში, მე გაჭმევთ, გაცმევთ, ქონება გაშოვნინეთ, ამიტომ სამარეში უნდა ჩამყვეთ. ფარაონს რომ ცოლს ჩააყოლებდნენ და ზოგჯერ ოჯახის წევრსაც – აი, ასე, სამარეში უნდა ჩამყვეთ.
ეს ანტიკორუფციული კამპანია „ოცნებაში“ შიშის დამკვიდრების ერთ-ერთი გზაა, გარდა იმისა, რომ ფულები უნდა ამოიღონ.
- რა ეტაპზე გადადის თამაშის წესები ივანიშვილის დაჯგუფებაში?
ივანიშვილი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით დასაჭერ კონტიგენტს არჩევს და ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული.
ბურჭულაძე რომ გადმოაგდო ბარტყივით, ეს არ არის რეზონანსული, იმიტომ, რომ ბურჭულაძე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული იყო – ცოტა ხანი იყო თავდაცვის მინისტრი. ბობოლა კორუმპირებულები არსებობენ, მათ შორის ბიზნესმენები, რომლებიც წოვენ ბიუჯეტს. ეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია.
ივანიშვილმა ამ საკითხისთვის რეზონანსის მისაცემად დაიჭირა ოლიმპიური ჩემპიონი ზვიადაური, ასევე მსოფლიო ჩემპიონი კანდელაკი. ამით აჩვენებს, რომ არამხოლოდ მინისტრებს ვიჭერ, არამედ აი, ასეთ ავტორიტეტებსაც. 10 წელია, გვეგონა, რომ მაღაზიაში ვყიდულობთ შოტლანდიურ ვისკს და თურმე ყოფილა გორში, სადღაც სარდაფში კუსტარულად ჩამოსხმული სასმელი, რომელსაც ასხამდნენ ბოთლებში გაყალბებული ეტიკეტებით. ეს 10 წლის შემდეგ გახდა ივანიშვილისთვის ცნობილი? – ყველამ ყველაფერი იცოდა.
ანტიკორუფციული ბრძოლის ფონზე ივანიშვილმა ნაძვის ხეზე ბრჭყვიალა თოჯინები ჩამოჰკიდა.
ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე ივანიშვილი არ დარწმუნდება, რომ დათესა ისეთი შიში, რომ ისედაც მონებად მყოფი ეს ადამიანები იქცნენ მის ლაქიებად და მართლაც ჩაჰყვებიან სამარეში. აი, ამ მიზანს ემსახურება ეს ანტიკორუფციული კამპანია.
ივანიშვილმა იცის, რომ მძიმე პერიოდი ელის საერთაშორისო იზოლაციის კუთხით. მას უნდა, რომ ამ შეშინებულმა ხალხმა გაქცევა ვერ შეძლოს, ერთ ქვაბში მოიხარშოს ყველა. აი, ამ ამ შიშის ატმოსფეროს ქმნის ახლა ბიძინა ივანიშვილი.
- მიღწევადია ეს, თქვენი დაკვირვებით?
კი, შესაძლებელია, ეს შიში მან უკვე დანერგა.
- აქვე მინდა გკითხოთ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის ნაღდი ფულის სახით გატანაზე. თქვენ წერდით დღეს სოციალურ ქსელში, რომ მარტო თბილისის აეროპორტიდან გაიტანეს 2023 წელს 1.9 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტა და ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს?
ეს პირდაპირ სანქციების გვერდის ავლაა, ვინაიდან სანქციების გამო აკრძალულია რუსეთში უცხოური ვალუტის შეტანა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ გიგანტური ოდენობის ფული ტრიალებს საქართველოში. შავ ფულთან დაკავშირებით საქართველოში გამოძიებაც დაიწყო.
რუსეთში 30-მდე ბანკია სანქცირებული, მაგრამ რუსეთში 300 ბანკია და აი, საქართველოს საბანკო სისტემის გავლით რუსული ფული მოძრაობს უკვე, როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი. როდესაც საქართველოდან წელიწადში გადიოდა სადღაც 200 მილიონ დოლარამდე 2020-21 წლებში – ეს ძირითადად კომერციულ ბანკებს გაჰქონდათ – ახლა ეს 10-ჯერ გაიზარდა. 2024 წლის ინფორმაცია არ გვაქვს. ეს საბაჟოს ოფიციალური ინფორმაციაა, რაც ასევე ჩაკეტეს.
- ეს თანხა რუსეთში რომ გადიოდა, რით დასტურდება?
სად გადიოდა, რომელ ქვეყანაში? – რა თქმა უნდა, რუსეთში. ეს იქნებოდა ფული, რომელიც ბანკებმაც გაიტანეს და საკორესპონდენტო ანგარიშებზე დასვეს უცხოეთის ბანკებში, ასევე მეზობლად, იგივე ცენტრალურ აზიაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, ან უზბეკეთში, თუმცა ძირითადად ყირგიზეთი გახდა სანქციების გვედის ავლის ერთ-ერთი ჰაბი და ამერიკიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მანქანა შედის ყირგიზეთში საქართველოდან.
როგორც უცხოური წყაროები წერენ, ეს არ არის მსუბუქი ავტომობილები, ეს არის სანქციების გვერდის ავლა. ჯერ ერთი, რაღაც კუბურ სანტიმეტრზე მეტი მანქანების შეტანა რუსეთში აკრძალულია, მაგრამ მერე უცხოური წყაროების გამოძიებით არის საუბარი ესკალატორებზე, სამშენებლო ტექნიკაზე, რომელიც შესაძლებელია უკვე უკრაინაში ომის დროს სანგრების და ფორტიფიკაციების მშენებლობაში იქნას გამოყენებული. რუსეთის ნაცვლად ქაღალდზე ფორმდება ყირგიზეთი და შემდეგ შედის რუსეთში.
ბანკებსაც რომ გაეტანათ, საიდან გაჩნდა ამდენი ფული საქართველოში? რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოდის რუსული ფული, რუსული ფულის კონვერტაცია ხდება დოლარებში და მერე ფიზიკურად ვიღაცებს გააქვთ: იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ბანკებს…
ეს არის ვარაუდები. ამიტომაც, ორ რამეს უნდა გასცეს პასუხი ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ: რომელ ქვეყანაში გავიდა ეს ფული და რა ოდენობით? რომელმა იურიდიულმა პირებმა გაიტანეს ეს? ამაზე პასუხს არ გვაძლევენ ეს უწყებები, თუმცა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სკანდალმა ეს თემა აქტუალური გახადა და იძულებული იქნებიან, რომ ამ კითხვებს პასუხი გასცენ.
- სანქციებზე თავის არიდება გააძლიერებს სანქციების პოლიტიკას „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის მიმართ. რა ეტაპზეა ივანიშვილის რეჟიმი?
ამ რეჟიმის კიდევ უფრო მეტად დეგრადაცია მოხდება – ივანიშვილი თავის ციხესიმაგრედ გადააქცევს ქვეყანას, როდესაც ყველა ინსტიტუტი – ჯარიდან დაწყებული პოლიციით დამთავრებული, ჩინოვნიკები, სახელმწიფო საწარმოები – ყველაფერი ავტორიტარული, კეთროვანი, იზოლირებული რეჟიმის მომსახურედ იქცევა. ეს რეპრესიები და კანონები ემსახურება ბელარუსიის ტიპის რეჟიმის დამყარებას ამ ქვეყანაში.
რაღაც მომენტში მოთმინების ფიალა ივსება. ნეპალშიც ძალიან მორიდებული, მშვიდი, კეთილი, მშრომელი, ტრადიციულად ხელისუფლებისადმი პატივისმცემელი და მორჩილი ადამიანები გამოვიდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ვერ წარმოიდგენდა ვერავინ, თუკი ისინი ამბოხებას გაბედავდნენ. იმდენად დაბეჩავებული ხალხი იყო, ვერავინ იფიქრებდა, გამძლეობის ასეთი უნარი თუ ექნებოდათ. ერთი რამ ვერ გათვალა ხელისუფლებამ, რომ 21-ე საუკუნეში კომუნიკაციის მთავარი საშუალება სოციალური ქსელებია.
ბევრს ჰგონია, რომ YouTube-ი გათიშეს, როგორც რუსეთში, ან Facebook-ი, ან მესენჯერები – არა. ნეპალში შეზღუდვა შემოიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქსელებში საუბარზე კონტროლი დამყარდებოდა და Facebook პოსტებისთვის შეეძლოთ ადამიანი დაეჭირათ.
რასაც ნეპალში აპირებდნენ, ის საქართველოში გააკეთა უკვე ივანიშვილმა, იმიტომ, რომ Facebook-ის პოსტებზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა ბოლომდე ვერ მიაღწიეს ამას: საქართველოს ჰყავს დიდი ემიგრაცია და Facebook-ში იმდენი ლანძღვა-გინება მიიღეს, ამას ვერ გააკონტროლებენ.
ნეპალში ფინანსთა მინისტრს გახადეს და წყალში იქით-აქეთ ატარებდნენ, ყურებში ურტყამდნენ, ნაპირებზე ხალხი იდგა და დასცინოდა.
ამიტომაც, ცეცხლს ეთამაშება ივანიშვილი.






