საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიის [ჭოროხი დელტას] მართვის გეგმის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია.
მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ანგარიში სამინისტროს 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე წარუდგინოს.
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა მიმოიხილოს ტერიტორიაზე არსებული კვლევები და ლიტერატურა; ტერიტორიის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა; სხვა შესაბამისი მასალების მოძიება და დამუშავება, მათ შორის, ტერიტორიის საკუთრების ფორმასთან დაკავშირებით.
[უშუალოდ ჭოროხის კალაპოტი მდინარის დელტაში, რეესტრის მიხედვით, საკუთრებად არ არის დარეგისტრირებული, რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიებს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სახელმწიფოს საკუთრებაშია – ავტ.]
კვლევების დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მართვის გეგმის პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- ტერიტორიის აღწერა (ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა, მიწათსარგებლობა; მართვის მიზნები; ბიომრავალფეროვნება; ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალი; ტრადიციული საქმიანობა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება; ისტორიულ-კულტურული ღირებულება, ტერიტორიაზე არსებული/მშენებარე/დაგეგმილი ინფრასტრუქტურა და სხვა საქმიანობის ობიექტები, ტერიტორიაზე გავრცელებული ბერნის კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების საფრთხეები);
- ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გრძელვადიანი მიზნები (20-წლიანი);
- ზურმუხტის ტერიტორიის მოკლევადიანი მიზნები, მათი მიღწევისათვის საჭირო ამოცანები და ქმედებები (ბერნის კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების გრძელვადიანი შენარჩუნების უზრუნველყოფისთვის) (6-წლიანი);
- ტერიტორიაზე (ჭოროხი დელტა) არსებული ბერნის კონვენციის მეექვსე და მეოთხე რეზოლუციებში მითითებული სახეობების და ჰაბიტატების ჩამონათვალი;
„საქართველო არის ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ (ბერნის) კონვენციის წევრი. ბერნის კონვენციის დანერგვის მთავარი ინსტრუმენტი არის ზურმუხტის ქსელი, რომელიც შედგება სპეციალური საკონსერვაციო ღირებულების ტერიტორიებისაგან, ე.წ. ზურმუხტის ტერიტორიებისაგან. 2021 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოში არის 46 დამტკიცებული და 4 კანდიდატი ზურმუხტის ტერიტორია. ბერნის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად ყველა ზურმუხტის ტერიტორიას უნდა ჰქონდეს მართვის გეგმა. შესაბამისად, სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტების მიერ უნდა მომზადდეს ზურმუხტის დამტკიცებული ტერიტორიის – ჭოროხი დელტას მართვის გეგმა“, – ამონარიდი ტენდერიდან.
ჭოროხის დელტა და მდინარის შესართავი ზღვასთან, ბათუმის იმ ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრის“ ნაწილია, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ, გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.
—
გაგრძელდება თუ არა ბათუმის სანაპიროზე გზა და ბულვარი გონიოს მიმართულებით? აშენდება თუ არა ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე ზღვის შესართავთან? როგორ განვითარდება გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია? – ამ კითხვებს პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გაეცემა, რაც ყოფილი პოლიგონის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდება.
„პრობლემა არის ის, რომ ჭოროხის დელტა არის შესული ე.წ. ზურმუხტის ქსელში, რომელსაც ბერნის კონვენცია იცავს და იქ შეზღუდულია, ამ შემთხვევაში, სამეურნეო საქმიანობა. აქედან გამომდინარე, რა დაიდება კვლევის შედეგად ჯერჯერობით უცნობია – შეიძლება თუ არა ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე, ბულვარის გაგრძელება, დეველოპმენტი, ანუ ყოფილი პოლიგონის განაშენიანება – ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმასთან შეჯერებით, თუ რის საშუალებას იძლევა გარემოსდაცვითი აკრძალვები, რაც ამ ზონაში მოქმედებს აღნიშნული კონვენციით“, – ეს „ბათუმელებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში, დაახლოებით 2 წლის წინ გვითხრეს.
ამ თემაზე ვრცლად:
თორნიკე რიჟვაძე: მომზადდება კვლევა გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელებაზე