2025 წლის პირველ ორ კვარტალში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 770 714 მოქალაქე შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა.
2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 271 988 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში კი – 498 726.
სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში, რუსეთის 535 048 მოქალაქემ დატოვა საქართველოს საზღვარი.
საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე წელსაც რუსეთის ფედერაციაა. მეორე ადგილზეა თურქეთი [573 088 მოქალაქე], ხოლო მესამე ადგილზე – სომხეთი [547 112 მოქალაქე].
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო.
სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის 1 459 541 მოქალაქე და ეს იყო 401-პროცენტიანი ზრდა 2021 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა და 1 887 223 – გავიდა, ხოლო გასულ, 2024 წელს კი საქართველოში რუსეთის 1 882 981 მოქალაქე შემოვიდა და ეს იყო რუსეთის ფედერაციიდან საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ბოლო ოთხი წელია, საზღვრის კვეთის მაჩვენებლების მიხედვით, რუსეთი არის ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი ხორციელდება.
_______________________
ფოტოზე: ლარსი, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ზურაბ ქურციკიძე






