ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„კორპუსის მშენებლობა 10 წლის წინ მიატოვეს, გვაწვიმს, ყურადღებას ვითხოვთ“ – მოქალაქე

04.09.2025
„კორპუსის მშენებლობა 10 წლის წინ მიატოვეს, გვაწვიმს, ყურადღებას ვითხოვთ“ – მოქალაქე

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა #57-ში მშენებარე კორპუსის მესაკუთრეებმა დღეს, 4 სექტემბერს აქცია გამართეს. აქციის მიზეზი კორპუსია, რომლის მშენებლობის დასრულება უკვე 10 წელი შეჩერებულია.

„აშენებულია 13 სართული, 19 უნდა იყოს… კორპუსს სახურავიც კი არ აქვს, გვაწვიმს.

ვინც შემოვედით საცხოვრებლად წლების წინ, შემოვედით იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, გაგვიფუჭდა რემონტი.

წყალი ხშირად არ გვაქვს, რადგან კორპუსი ჩაბარებული არ არის, შუქის მხოლოდ ერთი, საერთო მრიცხველია და კომერციულ ფასს ვიხდით, გაზი არ შემოჰყავთ და გაზის ბალონებით ვსარგებლობთ, როგორც 90–იან წლებში ხდებოდა, სრული განუკითხაობაა…“ – უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქე თეა ჩუმაშვილმა. მას ბინა აბუსერიძის #57-ში 2015 წელს შეუძენია და კომპანიისთვის „ოქროს კოშკი“ ნასყიდობის თანხა სრულად ჩაურიცხავს. მოქალაქეს წლებია სამშენებლო კომპანიაში აღარ პასუხობენ, გაქრა ოფისებიც, რომლებმაც მშენებარე კორპუსში ბინები გაყიდეს.

„3 თვის წინ მივმართეთ სასამართლოს, განხილვა ჯერ არ დაწყებულა. პროკურატურას ახლა უნდა მივმართოთ. მინიმუმ 100 ოჯახია დაზარალებული.

ბათუმის მერიას მივმართეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა – არ არსებობს კანონი, რომ თქვენ დაგეხმაროთო.

რამდენიმე კომპანია იყო: „ოქროს კოშკი“, „მიზანი პლიუსი“… არცერთი აღარ გამოდის კონტაქტზე, მანამდე გვპირდებოდნენ დასრულებას. მე პირადად გოგი ვარშალომიძემ გამიფორმა კონტრაქტი, მოგვატყუეს, მომავალ მესაკუთრეებად გაგვაფორმეს და ახლა ბინაც დაყადაღებულია”.

„ბათუმელებმა“ სცადა კომპანიებთან „ოქროს კოშკი“ და „მიზანი პლიუს 2009“-თან დაკავშირება, თუმცა ამ სამშენებლო კომპანიების ინტერნეტგვერდებზე მითითებულ ტელეფონის ნომრებზე არავინ გვიპასუხა.

ეს არაა ერთადერთი კორპუსი, რომელიც დაუსრულებელია ბათუმში. რამდენიმე დღის წინ ამავე კორპუსის მეზობელი კორპუსის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ ბათუმის მერიასთან. ამ შემთხვევაში მშენებელი, რომელმაც ათეულობით მოქალაქე მძიმედ დააზარალა, „ოცნების“ შემწირველია. მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

ამ თემაზე:

„ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენი დაპირებას არ ასრულებს: „ქუჩაში დაგვტოვეს 500 ოჯახი“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: