მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენი დაპირებას არ ასრულებს: „ქუჩაში დაგვტოვეს 500 ოჯახი“

05.08.2025
„ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენი დაპირებას არ ასრულებს: „ქუჩაში დაგვტოვეს 500 ოჯახი“

„ჩვენ უბედურ ისტორიას ჰყავს თავისი ბიძინა ივანიშვილი, ანუ არაფორმალური მმართველი – ბიზნესმენი არჩილ ბერიძე, რომელიც „ოცნების“ შემწირველია და არ სთხოვენ პასუხს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯუნა ბახტაძე.

ბათუმის მერიასთან დღეს, 5 აგვისტოს, მოქალაქეები შეიკრიბნენ და მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა ითხოვეს. ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანების, წლებია ქირაში მცხოვრები, თუ პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში დარჩენილების თქმით, მათ ბინის შესაძენად ფული სრულად გადაიხადეს და 2022 წლიდან საკუთარ ბინაში უნდა შესულიყვნენ, თუმცა ისე, როგორც „ოცნების“ დაპირება დაპირებად რჩება, „ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენის დაპირებაც არ შესრულდა.

საუბარია შუა ქალაქში – ტბელ აბუსერიძის 67-71-ში უკვე აშენებულ 27-სართულიან ახალ კორპუსზე. აქ ბინას 500-მდე ოჯახი ელოდება, მათ შორის, ჯუნა ბახტაძე… მის ოჯახს ახალი კორპუსის მშენებლობის დაწყებამდე ამ მისამართზე სახლი ჰქონდა და მაღაზიაც.

მოქალაქე ჯუნა ბახტაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი მას არც კომპენსაციას უხდის  და თვეში მხოლოდ 160 დოლარს იღებს, რომელიც მშენებელი კომპანიის განმარტებით, „ქირის ფულია“.

რა გვითხრეს დაზარალებულებმა ბათუმის მერიასთან? 

„სიმწრით მაქვს ნაყიდი ეს ბინა… სამტრედიაში ვცხოვრობ, მერე ისრაელში წავედი ემიგრაციაში, იქ ვიმუშავე 2-2 კაპიკით ჯოჯოხეთურად, რომ ფული დამეგროვებია, ჰაერში გადავიხადეთ ფული, მერე დღეს-ხვალო და არაფერი შედეგი არ არის,“ – მოგვიყვა დღეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვინც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ითხოვდა შეხვედრას.

აქციაზე შეკრებილების მოთხოვნაა, ბათუმის მერიამ არ გაუხანგრძლივოს მშენებელ კომპანიას მშენებლობის დასრულების ვადები – კომპანია „ეიჩ ბათუმს“. როგორც დაზარალებულმა მოქალაქეებმა გვითხრეს, ამ კომპანიას უკვე ორჯერ გაუხანგრძლივეს მშენებლობის ვადა, რაც ეჭვებს აჩენს კორუფციაზე.

„დიახ, საქმე შეიძლება გვქონდეს კორუფციასთან… ყველაფერს წინა მთავრობას აბრალებენ, „ქართული ოცნების“ დროს გაიცა ნებართვები და „ქართული ოცნების“ დროს დაემატა სამი წელი მშენებლობის დასრულებას. „ოცნების“ დროს მოვედით აქ [ბათუმის მერიასთან] და არავინ გვაქცევს ყურადღებას, დაჭერაში ხუთიანი აქვთ, როცა საქმე გასაკეთებელია, არაფერი კეთდება… ყველამ თვალი გაახილა უკვე.

მერიამ უნდა დაავალდებულოს მშენებელი, რომ მან ვალდებულებები შეასრულოს!“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარი მანდარიამ.

მოქალაქეების აქცია ბათუმის მერიასთან. ისინი ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიამ დააზარალა

აქციის მონაწილეების თქმით, კორპუსის 27-ვე სართული აშენებულია, მაგრამ კორპუსს არც საკანალიზაციო სისტემა აქვს, არც წყალი მიეწოდება და არც ელექტროენერგია.

კორპუსს არც სახურავი აქვს.

„კონსტრუქციის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ სახურავი არაა – კორპუსს აწვიმს და რაც აშენდა, ისიც ზიანდება, არაა კანალიზაციის სისტემა, არც შუქია და წყალი, ლიფტზე საუბარი ზედმეტია. რემონტს ვერ გააკეთებ, ვაპირებთ, რომ მივმართოთ სასამართლოს,“ – გვითხრა თამარ საკანდელიძემ. მას დღის ბოლოს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მურვანიძესთან დღევანდელი აქციის შემდეგ გამართული შეხვედრის შესახებაც ვკითხეთ:

„მერის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, ვადას არ გავუხანგრძლივებთ, მაგრამ თქვენთვის იქნება ისევ პრობლემაო. ეს პასუხი მივიღეთ მხოლოდ,“ – ამბობს თამარ საკანდელიძე. მასაც აქვს ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მასთან დაახლოებულ ბიზნესმენს არ სთხოვს პასუხს, ასეულობით მოქალაქე კი, ქუჩაში რჩება.

„პასუხისმგებლობას ირიდებს მაქსიმალურად, შესაძლებელია, სხვა ბიზნესმენს იგივე ვერ გაეკეთებინა…

მასთან [არჩილ ბერიძე] იყო ხალხი კონტაქტზე, მასთან იყო მოლაპარაკებები, ახლა კი ამბობს, მე რატომ მაკისრებთ პასუხისმგებლობასო,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ თამარ საკანდელიძემ.

დაუსრულებელი კორპუსი ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე

„მერიის კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი რეაგირების მიზნით მოხდება საკითხების შესწავლა. რაც შეეხება მშენებლობას, პროექტის დარღვევაზე კომპანიის მიმართ მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარეობს შესაბამისი წარმოება,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან.

„ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“ – რამდენჯერმე გაგვიმეორა პაატა ბერიძემ, რომელიც „ეიჩ ბათუმის“ დირექტორია და არჩილ ბერიძის შესახებ ვკითხეთ: რა კავშირშია ამ მშენებლობასთან არჩილ ბერიძე, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით არც ამ კომპანიის მეწილეა და არც ხელმძღვანელი, მესაკუთრეები კი, პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, მას აკისრებენ?

პაატა ბერიძემ არჩილ ბერიძესთან დასმულ არცერთ შეკითხვას არ უპასუხა და განმარტა, რომ კომპანია „ეიჩ ბათუმი“ ვალდებულებას 2025 წლის ბოლომდე შეასრულებს.

„ჩვენ მშენებლობის ნებართვის ვადაში ვმოქმედებთ, ეს ვადა გვაქვს 2025 წლის ბოლომდე…

2020 წლიდან 2022 წლამდე მთელს პლანეტაზე იყო შეჩერებული ყველაფერი, ჩვენთანაც შეფერხდა სამუშაოები და ამოვარდა გრაფიკი. ეს იყო ჩვეულებრივი ფორსმაჟორი, რასაც მოსახლეობა ვერ იგებს. ახლა მიმდინარეობს ფასადის სამუშაოები, შემდეგ არის დაგეგმილი სხვა სამუშაოები, რომ ხალხს ჩაბარდეს ბინები,“ – გვითხრა პაატა ბერიძემ, შპს „ეიჩ ბათუმის“ დირექტორმა.

კომპანია „ეიჩ ბათუმის“ მეწილეები რუსუდან ბერიძე და ზურაბ ველიაძე არიან.

კომპანია „ეიჩ ბათუმთან“ კავშირს თავად არჩილ ბერიძე არ უარყოფს – მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა, თუმცა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გვიპასუხა რამდენიმე შეკითხვაზე. არჩილ ბერიძემ დაგვიდასტურა, რომ ამ მისამართზე – ტბელ აბუსერიძის 67-71 მან კონსტრუქციის მშენებლობის სამუშაო მისმა კომპანიამ „პირნათლად დაასრულა“ და ამჯერად კონტრაქტი აქვს უკვე აშენებული კორპუსის მოპირკეთებაზე.

„კონსტრუქციის კონტრაქტი მქონდა და პირნათლად დავასრულე. სულ სამი თვის წინ აიღო კონტრაქტი ჩვენმა კომპანიამ მოპირკეთებაზე და მიმდინარეობს მოწყობა.

კომპანიას ჰყავს დირექტორი და დამფუძნებლები, ყველაფერი აჩიკო ბერიძეს მივაწეროთ? მე 2021 წელს დავასრულე კონტრაქტი. შემდეგ იყო რაღაც პრობლემები და ახლა გავაფორმეთ ახალი კონტრაქტი მიმდინაროებს მუშაობა, მადლობა, კარგად იყავით,“ – დაგვემშვიდობა არჩილ ბერიძე.

დაზარალებულმა მოქალაქეებმა კი გვაჩვენეს არჩილ ბერიძესთან 2025 წლის 13 მაისს შეხვედრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, სადაც მკაფიოდ ისმის არჩილ ბერიძის დაპირება: „მე ამ სახლს ლიფტების გარდა თავიდან ბოლომდე გაკეთებულს ივნისის თვეში ჩავაბარებ კომპანიას, მე ვიძლევი პირობას და შეგიძლიათ ჩაიწეროთ“, – მიმართავს არჩილ ბერიძე მოქალაქეებს.

ამ ვიდეო ჩანაწერით ირკვევა, რომ არჩილ ბერიძის კომპანიას ივნისის ბოლომდე ახალ კორპუსში საკანალიზაციო სისტემაც უნდა მოეწყო და სხვა სისტემებიც – ლიფტის გარდა.

დაზარალებულები ასევე განმარტავენ, რომ კომპანიები – „ეიჩ ბათუმი“ და „ლამინი“ საერთო სივრცეში არიან და როცა ისინი მშენებლობის ამბის მოსაკითხად „ეიჩ ბათუმის“ ოფისში მიდიან, თითქმის ყოველთვის არჩილ ბერიძე ესაუბრება.

„ფული თუ არ გადამიხადეს, როგორ უნდა დავასრულო ხო? გადამიხადეს 50 ათასი, პირველი ფული ჩარიცხეს, მასალები მოვიტანე…“ – აღნიშნავს მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოში არჩილ ბერიძე, რომლის მიხედვითაც თითქოს მას ფული „ეიჩ ბათუმმა“ დროულად არ გადაუხადა.

„რამდენიმე დღის წინ რომ მივადექით ისევ ოფისში არჩილ ბერიძეს, რატომ არ შეასრულე შენი სიტყვაო, გაგვექცა,“ – ჰყვებიან დაზარალებულები.

არჩილ ბერიძე დაზარალებულ მოქალაქეებს გაურბის

ბიზნესმენ არჩილ ბერიძის სახელს ბათუმის მერიასთან დღეს გამართულ აქციაზე ყველაზე ხშირად გაიგონებდით. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ის კაცია, რომელიც ამ ხალხს კონკრეტული პირობით ბინის გადაცემას შეჰპირდა, თუმცა იგი ხელშეკრულებებს ხელს არ აწერს. არჩილ ბერიძე კომპანია „ლამინის“ დირექტორია და არა „ეიჩ ბათუმის“, რომელიც კორპუსს აშენებს და ოფიციალურად ვალდებულება აქვს შესასრულებელი.

არჩილ ბერიძე 2024 წლამდე ბათუმის „დინამოს“ დირექტორი იყო. 2024 წელს ეს პოზიცია მას შემდეგ დატოვა, როცა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტმა არჩილ ბერიძე ფეხბურთის საქმიანობას ორი წლით ჩამოაშორა. ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოს“ და თბილისის „იბერია 1999“-ს შორის 19 მაისის მატას, რომელიც ინციდენტით დასრულდა.

„…ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ მატჩის ოფიციალურ პირებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთ-ერთ ოფიციალურ პირს, კერძოდ, არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, მატჩის მომსახურე ოფიციალურ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა ორი წლის ვადით და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათას ორასი ლარის ოდენობით,“ – ეწერა მაშინ სადისციპლინო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

არჩილ ბერიძის დირექტორობის დროს თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ბათუმის „დინამოს“ საპატიო თავმჯდომარედ დაასახელეს. დღეს არჩილ ბერიძე ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არჩილ ბერიძემ „ქართულ ოცნებას“ 20 ათასი ლარი შესწირა.

2024 წელს 236-ე მუხლის [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა] საფუძველზე დააკავეს, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს არჩილ ბერიძის შვილი – გურამ ბერიძე. ის ქუჩაში კონფლიქტის დროს დააკავეს.

რა თანხის სანაცვლოდ [გირაო] გაათავისუფლეს თქვენი შვილი? – არჩილ ბერიძემ „ბათუმელების“ ეს შეკითხვაც უპასუხოდ დატოვა.

„მე პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ვარ და ვფიქრობ, ამიტომაც დამსაჯეს. მითხრეს კიდეც საუბარში, საერთოდ დაკარგავ ყველაფერსო,“ – ამბობს ჯუნა ბახტაძე, რომლის სახლიც წლების წინ დაშალეს და ახალ ბინას ელოდება აბუსერიძის ქუჩაზე.

„რატომ არ აჯარიმებენ არჩილ ბერიძეს და ამ კომპანიებს? რომ არა „ოცნებასთან“ ახლო კავშირი, ის დიდი ხანი დაასრულებდა ამ მშენებლობას. ახლა კი, წლებია, აღებული აქვს სრული თანხა და ვინ იცის, რაში იყენებს ამ თანხას. ის არაფორმალური მმართველია ამ ყველაფრის. აქამდე არჩილ ბერიძე თორნიკე რიჟვაძის ახლო მეგობრად ითვლებოდა, ახლა ეტყობა ახალ „კრიშას“ არჩევს,“ – გვითხრა ჯუნა ბახტაძემ.

ჯუნა ბახტაძის თქმით, კომპანია „ეიჩ ბათუმი“ მის ოჯახს თავდაპირველად ქირის ფულს უხდიდა, შემდეგ კი, ამ ვალდებულების შესრულებაც პრობლემა გახდა:

„მას შემდეგ კი, როცა მამა გარდაიცვალა, ანუ 2020 წლიდან, თვეში მხოლოდ 160 დოლარს იხდიან, მანამდე თავად ქირაობდნენ ბინას და ასეც უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების მიხედვით… მესაკუთრის სტატუსიც არ მომანიჭეს და მომავალი მესაკუთრის სტატუსი მაქვს.

სასამართლოს დავას კი ვაპირებ, მაგრამ მაღალი გადასახადი იქნება გადასახდელი,“ – აღნიშნა ჯუნა ბახტაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: