„უახლოეს პერიოდში ჩამოვა და ყველა კითხვას უპასუხებს“ – ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის შესახებ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩამოვა.

ალექსი ახვლედიანმა ეს განცხადება დღეს, 27 ოქტომბერს გააკეთა თავისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

„ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას, არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. იქ ბევრი ნიუანსია, რის გამოც არ ვცნობ თავს დამნაშავედ. სასამართლო ყველაფერს დაადგენს“, – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, სთხოვდნენ თუ არა თორნიკე რიჟვაძეს ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ალექსი ახვლედიანმა თქვა, რომ მას „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“.

„მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და მე როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება დაწყებული.

მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეული თქვენგანის კითხვას,“ – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

საქართველოში ბრუნდება? – ჰკითხეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა.

„რა თქმა უნდა. ის არც აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. შესაბამისად, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ის უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს,“ – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა [ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია]. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ ეტაპზე ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში დაჭრილი მიიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევა საგარეჯოში მოხდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში. ბრალდების თანახმად, იარაღი, რომლითაც თორნიკე რიჟვაძე დაიჭრა, ალექსი ახვლედიანს ეკუთვნოდა.

___

ამავე თემაზე:

როგორ სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა – პროკურატურის ვერსია

“ლელო” პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს – სარჩელი სასამართლოში

დღეს, 27 ოქტომბერს,  საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა პარტია “ძლიერი საქართველო-ლელომ” და მოითხოვა “ქართული ოცნების” მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა.

სარჩელი სასამართლოში “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ შეიტანა.

“ლელოს” განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესშიც იქნებიან ჩართული.

“ძლიერი საქართველო-ლელო” საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც, რადგან მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან, მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს.

“აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს.

გარდა ამისა, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ისევე, როგორც გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, აგრეთვე ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება – თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

“ქართული ოცნება” აპირებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, ხოლო კონკრეტული პირებისთვის – პოლიტიკაში საქმიანობის უფლების შეზღუდვას.

ისინი ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

შსს 1 მილიონად იყიდის სკანერებს თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების ამოსაცნობად

შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 კომპლექტ დაქტილოსკოპიურ სკანერს გამარტივებული წესით, უტენდეროდ შეისყიდის, რაშიც მაქსიმუმ 1 მილიონ 38 ათას ლარს გადაიხდის.

შსს ამბობს, რომ სკანერების შესყიდვის „საჭიროება კვლავ დადგა“, საქართველოში აღნიშნული სკანერების გაყიდვის ექსკლუზიური უფლებამოსულება კი, მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ფუნქციონირებს ავტომატიზებული საიდენტიფიკაციო დაქტილოსკოპიური პროგრამა „DACTO-2000“, რისთვისაც შეძენილი აქვთ ამ სისტემასთან თავსებადი დაქტილოსკოპიური სკანერები.

თუმცა, „ამჟამად კვლავ დადგა საჭიროება, დეპარტამენტისთვის [თბილისსა და რეგიონალურ დანაყოფებში] სისტემა „DACTO 2000“-სთან თავსებადი სკანერების [კომპლექტში – ინსტალაციით] შესყიდვის, ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს საგამოძიებო მოქმედებების ეფექტურობის ამაღლება, რაც თავის თავში მოიცავს რეაგირების დროის შემცირებას.“

შსს-ს განცხადებით, „აღნიშნული სისტემა ხელს უწყობს სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ძებნილი პირების გამოვლენას და იდენტიფიცირებას, საგამოძიებო მოქმედებების დროს ეჭვმიტანილებისა და დამნაშავე პირების გამოვლენას და იდენტიფიცირებას და ა.შ.“

სამინისტროს ინფორმაციით, „ბაზრის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „საექსპერტო სისტემებს“ გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება უზრუნველყოს შსს შესაბამისი საქონლით… დგინდება, რომ იგი არის კომპანია „პაპილონის“, თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების სკანერების ექსკლუზიური, ავტორიზებული დილერი საქართველოში 2027 წლის 31 დეკემბრამდე.

წყარო: შესყიდვების პორტალი

ამავდროულად, მწარმოებელი კომპანია „ტოდესი“ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „საექსპერტო სისტემები“ არის მისი ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს კს შპს „ტოდეს“-ის მიერ წარმოებული პროდუქციის ავტომატიზებული დაქტილოსკოპიური საინფორმაციაო სისტემის „DACTO 2000“-ის რეალიზაციის, მომსახურებისა და ინსტალაციის უფლება 2027 წლის 31 დეკემბრამდე.“

წყარო: შესყიდვების პორტალი
  • სისტემა „DACTO 2000“-ის მწარმოებელი შპს „ტოდესი“ – შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით –  ბელორუსული კომპანიაა. შპს „საექსპერტო სისტემები“ კი ბათუმში 2017 წელსაა რეგისტრირებული და რეესტრის ბოლო ამონაწერით მისი დირექტორი ფატიმა ბერიძეა, კომპანიის მესაკუთრე კი – ირაკლი აბაშიძე.

„მოცემულ ეტაპზე შს სამინისტროში არსებულ „DACTO 2000“-სთან თავსებადია მხოლოდ „Papilon“ სისტემის მიერ წარმოებული სკანერები, რომელსაც აქვს თითის, ხელისგულისა და საკონტროლო ანაბეჭდების შეყვანის მხარდაჭერა.

შესყიდვის მიწოდების ვადა განისაზღვრა მწარმოებელი კომპანიების ექსკლუზიურ წარმომადგენელთან კუმუნიკაციის გზით. ამასთან, გათვალისწინებული იქნა, პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე მისი უმოკლეს ვადებში განხორციელების აუცილებლობა“, – წერს შსს შესყიდვების პორტალზე.

ამავე თემაზე

მინიმუმ 90 ადამიანია დაკავებული „გზის გადაკეტვის გამო“ ბოლო 6 დღეში

„დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი“ – ზურაბ ჯაფარიძე

პატიმრობაში მყოფი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილს ავრცელებს ციხიდან.

წერილში, რომელიც ფეისბუქზე, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ზურაბ ჯაფარიძე წერს:

„ძალიან არასერიოზულია შეწუხებული სახეებით არგუმენტირებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ქართული სირცხვილის მიერ დაანონსებული ე.წ განათლების რეფორმა თურმე არ გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ქვეყანაში, თურმე პირიქით, გააუარესებს ამიტომ და ამიტომ.

ამ დისკუსიაში შესვლა ნიშნავს, რომ უშვებთ ალბათობას, თითქოს რუსებმა აქ შეიძლება კარგი და სასურველი რეფორმა გაატარონ განათლების სისტემაში.

Come on! რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? ისევ ვერ ხვდებით სად ვართ?

რასაც აპირებენ, მაგის მოკლევადიანი მიზანია გაწმინდონ კრიტიკული აზრისგან სისტემა და მოკლან ბოლო თავისუფალი სივრცე (რამდენიმე უნივერსიტეტი), ხოლო გრძელვადიანი – დატოვონ მომავალი თაობები კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, რომ ვერ შეძლონ მტრის და მოყვრის გარჩევა.

მაგრამ ამის ლაპარაკსაც არ აქვს დიდი აზრი, რადგან ვისაც ესმის სად ვართ, იმას ესეც ესმის.

რაც უნდა ითქვას ხშირად და ყველგან არის ის, რომ დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს უნდა მივიდეს იმ ყველა მშობლის ყურამდე, ვინც დღეს გაყურსულია და იმედი აქვს, რომ მისი შვილები აქედან გააღწევენ, სასწავლებლად წავლენ სადმე.

ესაა ასახსნელი ბევრჯერ და ყველგან.

ცოტა ხანში სასწავლებლად წასასვლელად ახალგაზრდას დასჭირდება ჯერ ვიზაზე რიგში დგომა რომელიმე საელჩოში, თავისი აპლიკაციების შევსებით და ფოტოების გადაღებით, მერე მე-12 სასწავლო წლის სადმე დასრულება, მერე ხელახლა ვიზაზე და ა.შ ანუ 100-დან 5 თუ წავიდა, კარგი შედეგი იქნება.

ამაზეა სალაპარაკო და არა იმაზე, როგორი ცუდია თითო ფაკულტეტი თითო უნივერსიტეტში და იმაზე, რომ ამას რუსეთი აკეთებს.

და ბარემ, რადგან ვიზები ვახსენე, უნდა მორჩეს ეს ღლაბუცი – „ჩვენ ვთხოვეთ, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს და მარტო რეჟიმის საყრდენები დასანქცირდნენ“. რას აკეთებთ? ქულებს იწერთ ხალხის თვალში, რომ უვიზოს გადარჩენას ჩალიჩობთ? ანუ ხვეწნაზეა? ხვეწნის გამო მოგვცეს თავის დროზე? და რომ შეაჩერებენ, მერე რას იტყვით, არ გაითვალისწინეს ჩვენი ხვეწნა მაგ ჩათლახებმაო? თქვენ თუ არ იტყვით, „იმედი“ ხომ იტყვის ამას?

გააუქმებენ. დღეს არა, ხვალ. რუსეთია აქ. და შენგენის ზონას არ აქვს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა. იქ €ლე არავინ არაა. ზუსტად ესმით, რომ როცა საქართველოს პასპორტიანი რუსი ვიღაცას პოლინიუმს შეურყევს ჩაიში გერმანიაში ან ‘ნავიჩოკს’ შეაზელს პიჯაკის სახელოში საფრანგეთში, უკვე ძალიან გვიან იქნება.

ამიტომ მორჩით ამ მაიმუნობასაც, please. აღარ არის ასეთების დრო“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე [სტილი დაცულია].

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 5 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. იგი 22 მაისს დააკავეს და 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ე.წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო.

ამავე მიზეზით, „ოცნების“ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ მოსკოვს 34 დრონით შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 27 ოქტომბერს უკრაინამ რუსეთს 193 უკრაინული დრონით შეუტია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამზე აქვეყნებს იმ ოლქების ჩამონათვალს, სადაც უკრაინული დრონები ჩამოაგდეს. მათ შორისაა მოსკოვის ოლქი.

რუსეთის განცხადებით, 27 ოქტომბერს მოსკოვის ოლქის საჰაერო სივრცეში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა.

ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ 27 ოქტომბრის ღამეს ჟუკოვსკის და დომოდედოვოს აეროპორტებში დროებითი, რამდენიმესაათიანი შეზღუდვები დაწესდა.

ამავე დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვა აცხადებს, რომ რუსეთმა ასამდე „შაჰედითა“ და სხვა ტიპის დრონით მიიტანა შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე, მათგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 66 დრონის განეიტრალება ან განადგურება შეძლეს.

___________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

მოამზადა თორნიკე ბასარიამ.

„თავისუფლების მოედნის“ 10 ნაბიჯი რეჟიმის დასამარცხებლად – „მოვიწვევთ სამოქალაქო ყრილობას“

დღეს, 27 ოქტომბერს, „თავისუფლების მოედანმა“ ბრიფინგი გამართა და წინააღმდეგობის გაგრძელების 10 კონკრეტული ნაბიჯი წარმოადგინა.

  1. მთელი საქართველოს და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლა, სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბება. „რაც შეიძლება მეტ ადამიანთან უნდა მივიტანოთ სიმართლე“, – აცხადებს „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე.
  2. რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება. „წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდეგ ნაბიჯზე, მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვას და გეგმას,“ – აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ.
  3. 30 დღეში „თავისუფლების მოედანი“ წარმოადგენს თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის. ამ პროგრამაში განხილული იქნება რეფორმები და ის ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში „დემოკრატიის აღდგენამდე“.
  4. 30 დღეში „თავისუფლების მოედანი“ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, „ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში არ განუახლებია იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს. ვაჩვენებთ ხედვას, რეალურად როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა“, – განაცხადა ბრიფინგზე ლევან ცუცქირიძემ.
  5. ეტაპობრივად „თავისუფლების მოედანი“ წარმოადგენს გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც მოძრაობის შეფასებით, „აქვთ ცოდნა და გამოცდილება, ჩაიბარონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“.
  6. იწყება ხელმოწერების შეგროვება ლუსტრაციის კანონის მხარდასაჭერად.
  7. საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და დიასპორების კიდევ უფრო გასააქტიურებლად, იქმნება დემოკრატიის ეროვნული ფონდი;
  8. „ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად, ჩვენი საერთო ძალის უკეთესი კოორდინაციისთვის ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, საქართველოს მეხუთე და მეოთხე პრეზიდენტებს, ასევე ყოფილ დიპლომატებს ვთავაზობთ და მათ ნაწილს უკვე შევთავაზეთ ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო,“ – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
  9. „თავისუფლების მოედანი“ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ცდილობს ევროკავშირში მუდმივმოქმედი, საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენციის შექმნას, სადაც რეგულარულად განიხილავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
  10. გამჭვირვალობის და საჯაროობის უზრუნველსაყოფად „თავისუფლების მოედანი“ ყოველ სამშაბათს, თსუ-სთან, უახლოესი 2 თვე საზოგადოებისა და მედიის კითხვებს უპასუხებს.

უკვე 334 დღეა საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. წინააღმდეგობის მოთხოვნებია სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა და დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 137 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 293 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 480 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 34 036 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 527 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 230 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 74 946 ერთეული [+547]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 880 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 65 655 ერთეული [+138]
  • სპეცტექნიკა – 3 981 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 92 925 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 710 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 607 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 822 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 45 045 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ მოსკოვს 34 დრონით შეუტია

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

“თუ ვიდგებით ფასეულობების და არა პიროვნებების გარშემო, აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე” – ჩერგოლეიშვილი

დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი წლის შემდეგ, თბილისში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება.

საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ტრიბუნიდან მიმართა „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ აღქმულ მიწამდე, დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციამდე, იქ, სადაც ჩვენი სახლია.

აქ შეკრებილებს განსაკუთრებულად გაქვთ ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება, სწორედ ამიტომ მიგიჩნევთ თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებად, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ციხეშია, მივესალმები მათ და მინდა ვთხოვო, რომ გქონდეთ ჩვენი იმედი, გქონდეთ პროტესტის იმედი.

„ნუ შეურაცხყოფთ სახლსა ჩვენსა და ნუ მიატოვებთ სიყვარულს ბერძენთასა“ – ეს სიტყვები ვახტანგ გორგასლის ანდერძიდანაა.

მე მჯერა, რომ ეს ანდერძია ამ პროტესტის ძრავიც, ეს ანდერძი განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და ამ რეჟიმს ვუპირისპირდებით სწორედ იმიტომ, რომ ის შეურაცხყოფს ქართველობას, დასავლეთს გვიცხადებს მტრად და ვახტანგ გორგასალს სულში აფურთხებს.

მე მჯერა, რომ აი, ეს სულისკვეთება იქნება ის, რაც რეჟიმს მოგუდავს. მე მჯერა, რომ სწორედ ამ სულისკვეთებამ გააჩინა ის ბზარები, რის გამოც დღეს, რეჟიმის ყურმოჭრილ მონას უფრო ეშინია რეჟიმის შურისძიების, ვიდრე ჩვენ, საქართველოს რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც სინდისი არ გავყიდეთ და სამშობლოს ვიცავთ.

ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება.

ამიტომ ყველას, ვინც ამ პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, რო დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე და გაგვაგებინოთ ვინ ხართ. იმისთვის რომ უკუკავშირი შევძლოთ, უკეთ ვორგანიზდეთ, უკეთ დავიცვათ ერთმანეთი. არ დავაჭერინოთ რეჟიმს არავინ, იმისთვის, რომ პროტესტი რეჟიმს უფრო ძვირი დავუსვათ, ვიდრე ჩვენ და გავიტანოთ გოლი.

ინდივიდუალურად, როგორც არ უნდა გვაღიზიანებდეს თითოეული ჩვენგანი, არსებობს კოლექტიური სიბრძნე, არსებობს ვაჟა რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველი ხალხი, ბრძენია. მას შეიძლება არ ესმოდეს, მაგრამ გრძნობს რას კარგავს და სწორედ ეს გრძნობა აძლებინებს ამ პროტესტს აქამდე.

ჩვენ თუ ერთად ვიდგებით, ფასეულობების და არა პარტიებისა და პიროვნებების გარშემო, აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე.

აუცილებლად გადადგება ივანიშვილის რეჟიმი, აუცილებლად წავა ივანიშვილი და დაინიშნება თავისუფალი არჩევნები. ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალას, რომელსაც შემდეგ მიანიჭებს იმ პარტიებს, რომლებიც თქვენს ინტერესებს დაიცავენ და არა ერთი კაცის ინტერესებს, როგორც აქამდე ხდებოდა.

თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს, თქვენ გაგიმარჯოთ,“ – თქვა „ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

დღეს უწყვეტი პროტესტის 333-ე დღეა. 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენს მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თქვა რომ ქვეყანა 2028 წლამდე უარს ამბობდა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე.

“გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა” – თბილისში საპროტესტო აქცია იმართება

„ჩვენ ვიკრიბებით აქ, რომ ყველამ ერთად, მათ შორის დაპატიმრებული ადამიანების სახელით ვთქვათ: გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა!

გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები!

ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები!

ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმაც უნდა იბრძოლოს ყველასათვის.

მინდა გთხოვოთ გავიმეოროთ ჩვენი ბრძოლის ახალი წესი: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, გამარჯვებისთვის, ბოლომდე გამარჯვებისთვის!“ – ეს განცხადება „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ დღეს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი წლის შემდეგ, თბილისში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საღამოს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მარშით გაემართნენ საქართველოს პარლამენტის შენობისაკენ.

პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ.

„ერთი წლის წინ, მათ თქვეს, რომ შეეძლოთ მოეპარათ არამხოლოდ ჩვენი ხმები, არამედ ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება.

და მიუხედავად ყველაფერი იმისა, რაც ჩვენ გამოვიარეთ მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ მაინც აქ ვდგავართ, ვართ ძალიან გულადნი, მამაცნი, ერთად, ბევრნი და კიდევ უფრო ძლიერად გვჯერა, ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების.

ბოლომდე!

ჩვენ, ადამიანებმა, რომლებიც აქ შევიკრიბეთ, ვთქვით, რომ გავუძლებთ ყველაფერს, გავუძლებთ ყინვას, გავუძლებთ სიცხეს, გავუძლებთ ზეწოლას, ჯარიმებს, რეპრესიებს, წამებას, ძალადობას და მაინც მივიყვანთ ამ სამართლიან ბრძოლას ბოლომდე.

მაგრამ იმისათვის, რომ ეს დღე მალე დადგეს, ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო დიდმა რაოდენობამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ აღარ და ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად მანამ, სანამ არ აღვადგენთ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, არ გავათავისუფლებთ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანებს და არ ჩავატარებთ ნამდვილად თავისუფალ არჩევნებს.

რა შეიძლება გავაკეთოთ ამისათვის. მინდა შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი, დემოკრატიული რიტუალი, რომელსაც ჯიუტად შევასრულებთ მანამ, სანამ ჩვენი მიზნები არ იქნება მიღწეული. შემიძლია ამ რიტუალისთვის სამი რამ შემოგთავაზოთ:

  • თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე, საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში.
  • მხარი დაუჭირონ და დავაფინანსოთ ის მამაცი ადვოკატები, იურისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ მართალ ადამიანებს და მათი ბრძოლის წყალობით მართალი სიტყვა ჯერ კიდევ ისმის ქვეყანაში.
  • და მესამე, შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტი ახლავე ჩავყაროთ და ის ისეთი ძლიერი იყოს, რომ მომავალში ვერცერთმა ავტოკრატმა ის ვეღარ შეარყიოს.

მინდა მივმართო პოლიტპატიმრებს, უდანაშაულო ადამიანებს: მეგობრებო, დებო და ძმებო ჩვენ აქ თქვენთვის ვდგავართ და ვიდგებით მანამ, სანამ თითოეული თქვენგანი არ გათავისუფლდება. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომლებიც მუდმივად დავუდგებით ერთმანეთს გვერდით სანამ სამართლიანობა მართლა არ აღდგება სამართლიანობა  და მართლა არ იზეიმებს სამართალი.

ჩვენ ეს ბრძოლა აქამდე ასე მოვიტანეთ – თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს უდანაშაულოდ არის დაპატიმრებული, დაპატიმრებულია თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომელიც დღეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზეა და შეგვიძლია აქ შევიკრიბოთ.

ჩვენ ყველანი აქ ვინც ვდგავართ, ვდგავართ თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პატიმრობაშია.

და ყველა ადამიანი, ვინც დღეს აქ მოვიდა, ვართ მცველები დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის.

ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ელემენტარულს – თავისუფალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

დღეს ჩვენ ვიკრიბებით აქ, რომ ყველამ ერთად, მათ შორის დაპატიმრებული ადამიანების სახელით ვთქვათ: გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები! ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმაც უნდა იბრძოლოს ყველასათვის. მინდა გთხოვოთ გავიმეოროთ ჩვენი ბრძოლის ახალი წესი: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, გამარჯვებისთვის, ბოლომდე გამარჯვებისთვის!“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

სოჭი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და უკან გაბრუნდა

დღეს, 26 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა სოჭი-ბათუმის თვითმფრინავი [RWZ567]. თვითმფრინავი უკან, სოჭში გაფრინდა.

მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობაა. ბათუმში პერიოდულად ძლიერად წვიმს.

დღეს ბათუმში ასევე ვერ დაჯდა თბილისი[ნატახტარი]-ბათუმის თვითმფრინავიც, რომელიც კოპიტნარის მიმართულებით გაფრინდა.

ბათუმის აეროპორტში სოჭი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა / 26.10.2025

ბათუმის აეროპორტში თბილისი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა / 26.10.2025

„ბათუმელები“ ბათუმის აეროპორტთან დაკავშირებას ცდილობს. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

________________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

3 დღეში 60 ადამიანი დააკავეს „გზის გადაკეტვის“ საბაბით – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე დააკავეს.

„მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“ – წერს შსს.

დაკავებულთა რაოდენობა „ბათუმელებმაც“ აღრიცხა. ჩვენი ინფორმაციით, 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავა რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვის“ გამო. მათ შორის არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები: ექიმები, მწერლები, სტუდენტები, პენსიონერები, ფინანსისტები, ჟურნალისტები და ა.შ.

გზის გადაკეტვის გამო დაკავებები შსს-მ 19 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვა „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად 17 ოქტომბერს აქცია რუსთაველის პროტესტის შესაჩერებლად. 

კერძოდ, „ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, პირველ ჯერზე, 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.

მიუხედავად რეპრესიული კანონისა, რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს ისევ იკეტება.

_________________

ფოტოზე: ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი, რომელსაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს გზის გადაკეტვის საბაბით.

ამავე თემაზე:

მინიმუმ 90 ადამიანია დაკავებული „გზის გადაკეტვის გამო“ ბოლო 6 დღეში

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის 21 საათიდან 27 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით 28 ოქტომბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 29 ოქტომბერს კი კვლავ იწვიმებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 136 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 291 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 477 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 34 002 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 526 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 230 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 74 399 ერთეული [+214]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 880 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 65 517 ერთეული [+81]
  • სპეცტექნიკა – 3 981 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 92 575 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 693 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 607 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 799 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 44 923 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

25 ოქტომბერს, ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალს, კიევს შეუტიეს რაკეტებით: რუსეთის სარაკეტო შეტევა კიევზე – არის მსხვერპლი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„არ გთხოვთ ჩვენთვის იბრძოლოთ. გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენთან ერთად“ – ელენე ხოშტარიას მიმართვა

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია რუსთავის ქალთა კოლონიაში, სატელეფონო ზარის ჩანაწერით მიმართა ბრიუსელში, ევროპის ლიბერალური პარტიების გაერთიანების (ALDE) კონგრესის წევრებს. „დროას“ ცნობით, ელენე ხოშტარია კონგრესზე უნდა გამოსულიყო, თუმცა პატიმრობის გამო ეს ვერ შეძლო და დარბაზში იდგა ცარიელი სკამი მისთვის, საქართველოს დროშით.

ელენე ხოშტარიამ მზია ამაღლობელის ცნობილი ციტატით – „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“ – მიმართა კონგრესს.

კონგრესს მიმართა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც, რომელიც ასევე პატიმრობაში იმყოფება წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.

ფოტო: „ალდე“ – X

„მოგმართავთ საპატიმროდან, თუმცა თავს პატიმრად არ ვგრძნობ, რადგან თავისუფლება არჩევანია.

თავისუფლება ჩემი და ქართველი ხალხის არჩევანია, მიუხედავად ყველაფრისა.

მოგმართავთ საპატიმროდან, თუმცა არა იმისთვის, რომ დახმარება გთხოვოთ. მე გთხოვთ, დავდგეთ ერთად და ხმა ავიმაღლოთ ჩვენი საერთო, ევროპული ღირებულებების დასაცავად.

მე არ გთხოვთ, ააშენოთ ქართული დემოკრატია, მე გთხოვთ, ერთად შევებრძოლოთ ავტოკრატებსა და ოლიგარქებს, ჩვენს საერთო საფრთხეს.

მე არ გთხოვთ, ააშენოთ ჩვენი ეკონომიკა, მე გთხოვთ, ერთად ავაშენოთ ევროპა, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი.

მე არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ, მე გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენთან ერთად, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ბრძოლას.

დროა, ევროპამ იმოქმედოს, გარემოებებზე რეაგირებით კი არა, იმოქმედოს სტრატეგიულად.

ციტატას მოვიყვან – „იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ არის“ – ეს სიტყვები ეკუთვნის პოლიტპატიმარს, თავისუფლებისათვის მებრძოლს, ჩვენი ბრძოლის სიმბოლოს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. და მე მსურს, ეს სიტყვები მთელს ევროპას მივაწვდინო, თქვენი, როგორც ჩემი ძვირფასი ევროპული ოჯახის, მეშვეობით“ – თქვა ელენე ხოშტარიამ ინგლისურენოვან მიმართვაში.

მის მიმართვას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

ელენე ხოშტარია დააკავეს 15 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მან კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძის სოლიდარობის ნიშნად, რომელიც მანამდე კალაძის ბანერზე წარწერის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს და გირაო შეუფარდეს.

ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან ერთიდან 5 წლამდე ვადით პატიმრობით.

გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის მიმართვა

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩერნო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის შესახებ მიმართვას ავრცელებს.

„მივიღე ღრმად შემაშფოთებელი ცნობა, რომ საქართველოში დაპატიმრებული ჟურნალისტისა და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის მხედველობა დრამატულად გაუარესდა: დღეისთვის მას ერთ თვალში მხოლოდ 1 პროცენტი მხედველობა აქვს, ხოლო მეორეში – 10%.

პენიტენციური სისტემის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს შეუქცევად გაუარესებას.

სასწრაფოდ მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ იგი სანამ გვიანი არ არის მისი დარჩენილი მხედველობის საზღვარგარეთ მკურნალობის გზით შენარჩუნების მცდელობა,“ – ნათქვამია პინა პიჩერნოს განცხადებაში, რომელსაც ის პლატფორმა X-ზე აქვეყნებს და შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძეს ნიშნავს.

მზია ამაღლობელის მხედველობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გაავრცელა.

მაია მწარიაშვილის თქმით, რომელიც ეყრდნობოდა პენიტენციური დაწესებულების მიერ ჩატარებულ სამედიცინო კვლევას, ციხეში მზია ამაღლობელის მხედველობის მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა. მან ფაქტობრივად დაკარგა მხედველობა ერთ თვალში, მეორეში კი მხოლოდ 10% დარჩა.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელის მხედველობა გაუარესდა ბოლო კვლევის თანახმად – ადვოკატი

ბათუმში დააკავეს მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული პირები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1983 წელს დაბადებული ი.დ., 1983 წელს დაბადებული ო.ჯ. და 1984 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს.

საქმე ეხება 19 ოქტომბერს, ბათუმში მომხდარ შემთხვევას, როცა ქუჩაში მამა-შვილი დაჭრეს ცივი იარაღით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულმა ი.დ. – მ და ო.ჯ. – მ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილს: 1982 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს და 2005 წელს დაბადებულ გ.ფ.- ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს. ხოლო ხ.ა. ამავე დაპირისპირებისას, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ – წერს შსს.

დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის სარაკეტო შეტევა კიევზე – არის მსხვერპლი

25 ოქტომბერს, ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალს, კიევს შეუტიეს რაკეტებით.

სარაკეტო დარტყმის შედეგად კიევში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, არის მსხვერპლი.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, 36 და 58 წლის კაცები, დაშავდა – 13 პირი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინაზე მასშტაბური დარტყმა და სამიზნედ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაასახელა.

„ღამით რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინას – ამჯერად ათობით თავდასხმის დრონით და 9 ბალისტიკური რაკეტით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 25 ოქტომბერს. მისი თქმით, მხოლოდ 2025 წელს რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის დაახლოებით 770 ბალისტიკური რაკეტა და 50-ზე მეტი „კინჯალი“ გამოიყენა.

___________

ფოტოზე: 25 ოქტომბერი, 2025 წელი. ხანძარი კიევში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO

 

„ოცნების ქალაქში“ საბავშვო ბაღის აშენებას ბათუმის მერია გეგმავს – დაიხარჯება 6,6 მილიონი

ბათუმის მერია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 6 630 952 ლარით გამოაცხადა, თუმცა საბავშვო ბაღი გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხარეს აშენდება – „ოცნების ქალაქის“ ახალაშენებული კორპუსების გვერდით.

პროექტის მიხედვით, 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება.

„შენობა გეგმაში წარმოადგენს ერთმანეთთან შერწყმულ სამ მართკუთხა ფორმის ბლოკს. ბაღის ტერიტორიაზე მთავარი შესასვლელი მოწყობილია გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც მოწყობილია ერთი სამანქანო ჭიშკარი და ერთი კუტიკარი. სამანქანო ჭიშკარი ასევე მოწყობილია შენობის დასავლეთით მდებარე შიდაკვარტალური ქუჩის მხარეს. საბავშვო ბაღი შედგება 12 ჯგუფისგან, თითოეული ჯგუფი გათვლილია 25 აღსაზრდელზე“ – ვკითხულობთ აღწერაში.

„ოცნების ქალაქში“ ასაშენებელი ბაღის ესკიზი. ფოტო პროექტიდან

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის [140 551 კვადრატული მეტრი ფართობის] მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა იყო და „ოცნების ქალაქის“ განვითარების კონცეფციაზეც აჭარის მთავრობა მუშაობდა. საუბარია აქ სამი კორპუსის აშენების შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული. კონცეფცია მოგვიანებით [სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] საჭიროების დადგენის ეტაპზე] ბათუმის მერიამ განაახლა. საბოლოოდ კი, აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული კონცეფცია ბათუმის საკრებულომ 2022 წელს დაამტკიცა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მეორე ეტაპის მშენებლობაზე ტენდერი 110 057 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში კი, ძირითადად, აქვე ბარაკებში მცხოვრები დარჩენილი ოჯახები უნდა შეასახლონ. ამ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადეს, რომელთანაც ხელშეკრულება 2025 წლის 5 თებერვალს გააფორმეს 129 346 880 ლარზე დღგ-ს ჩათვლით [109 616 000 ლარი – დღგ-ს გარეშე].

ხელისუფლებამ „მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ 2025 წლის 8 თებერვალს გამართა, რომელსაც „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მაშინ აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დახარჯეს. ამ ღონისძიების ჩატარებიდან ერთი კვირის შემდეგ, 15 თებერვალს აქ ტრაგედია მოხდა, სამშენებლო ტერიტორიასთან ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

ამ თემაზე ვრცლად: უსაფრთხოების ღობე „ოცნების ქალაქში“ კობახიძის დასაცავად, მხოლოდ ერთი დღით იყო

საბავშვო ბაღის საპროექტო ტერიტორია „ოცნების ქალაქში“ მოქცეულია უკვე აშენებულ და ასაშენებელ კორპუსებს შორის.

ბავშვების უსაფრთხოება რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის, იქიდანაც ჩანს, რომ ბოლო პერიოდში 2 საბავშვო ბაღი ააშენა ბათუმის მერიამ და ორივე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან ისე ახლოს, რომ უსაფრთხოების მიზნით ელექტროგადამცემი ხაზებისთვის დადგენილი 20 მეტრი სიფართის ბუფერული ზონა არ არის დაცული.

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, N82-ში მერიამ ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ამ ბაღთან ახლოს კი მაღალი ძაბვის ხაზები გადის.

კერძოდ:

საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით, სადენიდან 20 მეტრი იქეთ და აქეთ, ანუ 40 მეტრი სიგანის დერეფანში საცხოვრებელი შენობა არ უნდა იყოს. N38 ბაღის შენობის ნაწილი კი ხაზის დამცავ ზონაშია მოქცეული. რაც შეეხება ბაღის ეზოს ღობეს, ის გადამცემი ბოძის ძირში გადის. ფაქტობრივად, ბოძი სამი მხრიდან ბაღის ღობითაა შემოსაზღვრული.

ამ თემაზე ვრცლად: მერიამ ახალი საბავშვო ბაღი მაღალი ძაბვის ბოძთან ააშენა, რამდენად უსაფრთხოა ბაღი ბავშვებისთვის

მეორე საბავშვო ბაღს რაც შეეხება, აქ მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი უშუალოდ ბაღის ეზოში დგას. ეს 37-ე ბაღია, რომლის ეზოში მდგარ მაღალი ძაბვის ელექტრობოძს სანახევროდ აქვს შემოხვეული „დამცავი“ ბადე, უკანა ნაწილი კი ღიაა და წყლით სავსე.

ამ თემაზე ვრცლად: რატომ დგას მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი საბავშვო ბაღის ეზოში? – რას ამბობენ მერიაში

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მერია დაბალსართულიან საბავშვო ბაღებს აშენებს იმ „ცარიელ“ ადგილზე, რომელიც ინვესტორებისთვის მიუღებელია – უბრალოდ ცათამბჯენს აქ მაღალი ძაბვის ხაზების გამო ვერ ააშენებენ.

„ოცნების ქალაქის“ შემთხვევაშიც, შესაძლოა, ინვესტორები არ დაინტერესდნენ. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, 2025 წლის მაისში „ოცნების“ ქალაქის ტერიტორიის ნაწილობრივ მესაკუთრე ბათუმის მუნიციპალიტეტიც გახდა. დიდი ალბათობით, მერიას ბაღისთვის განკუთვნილი 4 667 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი გადასცეს საკუთრებაში.

წითელი ფერით მონიშნულია ბაღის ასაშენებლად გამოყოფილი [საპროექტო] ტერიტორია „ოცნების ქალაქში“ / ფოტო პროექტიდან
საჯარო რეესტრში მომავალი ბაღის ტერიტორია ცალკე საკადასტრო ერთეულად დარეგისტრირებული ამ დრომდე არ არის. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით ბათუმის მერია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის საკუთრებასთან დაკავშირებით ცვლილებებსაც ითხოვდა, თუმცა რეესტრმა გაუგებარი მოთხოვნის გამო მერიას უარი უთხრა.

„დაინტერესებული პირის განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა უძრავი ნივთის იდენტიფიკაციის საშუალებას“, ამასთან, ბათუმის მერიის განცხადებით „წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლება დაინტერესებულ პირზე უკვე რეგისტრირებულია“ – წერია რეესტრის გადაწყვეტილებაში.

ტენდერში გამარჯვებულს ბაღის მშენებლობის დაწყებამდე მოუწევს აქ მდებარე 40-ზე მეტი ბარაკის დანგრევა და ტერიტორიიდან გატანა, ტენდერში კი წინადადებების მიღება 2025 წლის 9 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 14 ნოემბერს დასრულდება.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.

____________________________

მთავარ ფოტოზე: საბავშვო ბაღი „ოცნების ქალაქში“ – ფოტომონტაჟი პროექტიდან.

 

ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირები დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1998 წელს დაბადებული მ.თ., 1993 წელს დაბადებული ო.უ. და 1975 წელს დაბადებული ი. ქ. დააკავეს.

თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მ.თ. განზრახ მკვლელობის, ო.უ. ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ხოლო ი.ქ. ნარკოტიკების ან მასტიმულირებელი ნივთიერებების კომერციალიზაციის/გაყიდვის ან მიწოდების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა“ – წერს შსს.

უწყების ცნობით, ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

_______________

კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

ზვიად ცეცხლაძემ მამის განაჩენის გამოცხადების შემდეგ შიმშილობა დაიწყო – „დაფიონი“

სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ, მამის – ზურაბ ცეცხლაძის განაჩენის გამოცხადების შემდგომ შიმშილობა დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.

20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე 24 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

25 ოქტომბერს, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ზურაბ ცეცხლაძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შსს ხაზგასმით პატიმრობას ითხოვდა მისი მისამართით, იქიდან გამომდინარე, რომ „45-ჯერ არის დაჯარიმებული“, რასაც ზურაბ ცეცხლაძემ უპასუხა, რომ ყველა ჯარიმა გასაჩივრებულია და ის არც ერთხელ არ გადასულა გზის სავალ ნაწილზე, როცა საკმარისი რაოდენობის ხალხი არ იყო და საპატრულო ეკიპაჟებს უკვე ჩაკეტილი არ ჰქონდათ რუსთაველი.

ზურაბ ცეცხლაძე შვილის, ზვიად ცეცხლაძის დაკავების შემდეგ პროევროპული საპროტესტო მოძრაობის აქტიური მონაწილეა სინდისის პატიმრების სხვა მშობლებთან ერთად.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 135 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 287 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 459 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 33 987 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 526 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 230 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 74 185 ერთეული [+359]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 880 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 65 436 ერთეული [+80]
  • სპეცტექნიკა – 3 981 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 92 459 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 664 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 607 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 783 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 44 815 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ომის დაწყებისას რუსეთს სატანკო რეზერვების 24 ბაზა ჰქონდა, ახლა აქვს 9“ – ინტერვიუ გენერალთან 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს

დღეს, 24 ოქტომბერს, ვენაში, IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და მედია მენეჯერს, უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს.

ჯილდო მზია ამაღლობელის სახელით ბათუმელები/ნეტგაზეთის დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ აიღო.

ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. მზია ამაღლობელთან ერთად ჯილდო 6 სხვა ჟურნალისტს გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზას სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისა და გამძლეობისთვის.

ბევრმა განიცადა პატიმრობა, რეპრესიები და დაუნდობელი მცდელობები მათი საქმიანობის გასაჩუმებლად, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ რეპორტაჟების მომზადებას შესანიშნავი გამძლეობითა და ჟურნალისტიკისადმი ერთგულებით.

დაჯილდოვებულთაგან ორი, ორივე ქალი, დაიღუპა ომის ზონებიდან მსოფლიოსთვის ახალი ამბების მიწოდებისას. ეს ჯილდო პატივს მიაგებს მათ მემკვიდრეობას.  

კიდევ ორი ​​დაჯილდოვებული ამჟამად ციხეშია პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე,“ – ნათქვამია IPI-IMS-ის მიერ გავრცელებულ რელიზში.

მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) საერთაშორისო მედიის მხარდაჭერ (IMS-სთან) პარტნიორობით, აღიარებს ჟურნალისტებს, რომლებმაც გამოავლინეს ურყევი ერთგულება პრესის თავისუფლების მიმართ.

IPI აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ უშიშარი ჟურნალისტიკის სულისკვეთებას და თავისუფალი გამოხატვისთვის მუდმივ ბრძოლას.

2025 წლის ჯილდოს მფლობელები, რომლებიც IPI-IMS-ის საერთაშორისო შერჩევის კომიტეტმა შეარჩია, არიან: მზია ამაღლობელი საქართველოდან, მარტინ ბარონი აშშ-დან, მარიამ აბუ დაგა პალესტინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), გუსტავო გორიტი პერუდან, ჯიმი ლაი ჰონგ კონგიდან, ვიქტორია როშჩინა უკრაინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), ტესფალემ ვალდიესი ეთიოპიიდან.

„ომის დაწყებისას რუსეთს სატანკო რეზერვების 24 ბაზა ჰქონდა, ახლა აქვს 9“ – ინტერვიუ გენერალთან 

„რუსეთი უკვე მისულია კულმინაციის წერტილში, მას ძალიან უჭირს შეტევის გაგრძელება,“ – ფრონტის ხაზს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს, მაგრამ გაჩერებაც არ სურს, იქნებ, დასავლეთს დასტყუო რამეო.

„რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს რაღაც გადაინახოს და უბრალოდ ადამიანური რესურსი გამოიყენოს, ასევე მოტოციკლეტები, მაგრამ უკვე იწყება წვიმების სეზონი, ასე გადაადგილება ძალიან გართულდება. რუსეთი ამჯერად ცდილობს შექმნას გარკვეული პლაცდარმი და მოემზადოს გაზაფხული-ზაფხულისთვის…,“ – გვეუბნება გადამდგარი გენერალი და იმ სამხედრო ტექნიკის მონაცემებს აღწერს, რომელსაც მალე მიიღებს უკრაინა. ამ ტექნიკის გამოყენება უკრაინელებს რუსეთის სიღრმეშიც შეეძლებათ.

„ტაურუსიც“ თუ მიიღო უკრაინამ, რაზეც გერმანია უკვე აქტიურად საუბრობს, 500 კილომეტრამდე არტყამს…ეს საშუალებები ძალიან ეფექტურია არსებულ აეროდრომებზე და თვითმფრინავების განლაგებაზე დარტყმისათვის. რუსული სამხედრო-საჰაერო ძალების ძირითადი პარკის ტაქტიკური ფრენის რადიუსი [ანუ გაფრენა და დაბრუნება] დაახლოებით 600 კმ-ია, ვერტმფრენებისთვის – 450 კმ. დასავლური სისტემების მიწვდომის რადიუსშია ფაქტობრივად რუსეთის 10-მდე რეგიონი, სადაც 250 მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეა,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ბოლო მონაცემებით, რა ხდება ფრონტის ხაზზე, რა იცვლება?

ცვლილებები არის მცირე, ტაქტიკური, საერთო ოპერატიული სურათი კი, არ იცვლება.

მოგეხსენებათ, არ არის ეს ერთიანი ფრონტი და რამდენიმე საოპერაციო თეატრია: არსებობს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მიმართულება, ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთი. აი, ამ საოპერაციო თეატრებში ვითარება არის განსხვავებული. სამხრეთში, იგივე ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულებაზე შედარებით სიწყნარეა, თუმცა რუსები ცდილობენ დაიკავონ დნეპრის კუნძულები. ეს ხდება სპეცდანიშნულების, გარკვეული მოიერიშე ჯგუფების საშუალებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ ამის აღმოჩენა და ბომბავენ წყალში გადაადგილების დროს.

გარკვეულ კუნძულებზე აღწევენ რუსები, რაც უმნიშვნელოა და არ ცვლის არსებულ სურათს.

ხერსონის მარჯვენა სანაპირო, სადაც ქალაქი ხერსონია და რომელიც უკრაინელების მიერაა კონტროლირებადი, არის ფლატე. მისი ფორსირება ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. დღესდღეობით უკვე რუსებს არ გააჩნიათ არც საშუალება და არც ძალები – შესაბამისად, არც სურვილი, როგორც ჩანს, რომ ეს განახორციელონ, ვინაიდან მარჯვენა ნაპირის სიმაღლიდან უკრაინელები ძალიან კარგად აკონტროლებენ მისასვლელებს.

დაახლოებით იგივე სურათია ზაპოროჟიეს რაიონის მიმართულებაზეც, თუმცა კახოვკის დამშრალი წყალსაცავზე – ახლა უკვე მდინარე გაედინება – რუსებს ჰქონდათ იერიშის მცდელობა.

რაც შეეხება კურსკს – აქ რამდენიმე მცირე ტერიტორიას ისევ იკავებენ უკრაინელები და აღარ არის დიდი აქტიურობა. რუსებმა ძირითადი ძალები აქედან მოხსნეს, ეს ეხება საზღვაო ქვეითებს და გადაისროლეს ცენტრალურ მიმართულებაზე, სადაც ჯერ კიდევ ძალიან აქტიურია კუპიანსკის მიმართულება. აქ ყოველ დღე-ღამეში 70-მდე შეტევის მცდელობაა. ამ მიმართულებაზე საკმაოდ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს – ქალაქ კუპიანსკში, თითქმის ცენტრში მიდის ბრძოლები.

თუ დავხედავთ რუკას, აქ მდინარე ოსკოლი ჰყოფს შუაზე ქალაქს და რუსები ცდილობენ ხიდის გაკონტროლებას. ამ შემთხვევაში ხიდის აღმოსავლეთ ნაპირზე, მარცხენა ნაპირზე მყოფი უკრაინელების დანაყოფები შეიძლება აღმოჩნდნენ ალყაში.

ამჟამად აი, ამ ხიდისთვის მიდის ბრძოლა.

მსგავსი ვითარებაა მდინარის ქვედა წელშიც – ოსკოლის წყალსაცავის მახლობლად არსებულ ხიდზე. აქ ორივე ნაპირზე არიან უკრაინელები. ამ ხიდის კონტროლიც უნდათ რუსებს.

რუსები აქტიურად მოქმედებენ სოფელ პოკროვსკოეს მიმართულებითაც. არის ქალაქი პოკროვსკი, რაზეც უკვე მოგახსენეთ და არის აგრეთვე დასახლებული პუნქტი პოკროვსკოე. ამ მიმართულებით ცდილობენ რუსები გაღწევას, იგივე შეტევას. მიმართულება არის ალექსეევკა-პოკროვსკოე. ამ სოფლამდე არის დაახლოებით 15 კილომეტრი და ამ სოფელზე გადის მნიშვნელოვანი გზატკეცილი. ამ გზით ხდება უშუალოდ პოკროვსკის მომარაგება, პოკროვკის შემდეგ კი უკვე დანარჩენი მიმართულებების მომარაგება. თუ სხვაგან რაღაც მეტრებით ახერხებენ რუსები წინ წაწევას, აქ შედარებით სწრაფად, ათეულობით მეტრებით ხდება დღე-ღამეში წინ წაწევა. რუსებმა მოახერხეს ამ მიმართულებაზე შეექმნათ, მნიშვნელოვანი უპირატესობა.

ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს სოფელ ევგოროვკა, ვიშნოვოეს და ალექსეევკას საბოლოო დასაკავებლად, რათა შეტევის პლაცდარმი შეიქმნას. ეს საშუალებას მისცემს რუსებს გავიდნენ შედარებით დიდ ქალაქ პავლოგრადზე და იქიდან [თუკი მას აიღებენ, რაც ამ ტემპებით კითხვის ქვეშაა] უკვე მომავალ წელს შეეცდებიან დნეპროპეტროვსკზე განახორციელონ შეტევა.

აქ არის სტეპური რაიონი. თითქმის არავითარი სიმაღლე, ხეობა, ან ხევი აქ არ არის. შესაბამისად, თავდაცვის ორგანიზება რთულდება. თუმცა შეტევის ორგანიზებაც რუსებს უჭირთ – ღია ველზე უწევთ გადაადგილება.

  • რუსებმა გაააქტიურეს საჰაერო იერიშებიც, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ტრამპი-პუტინის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამჯერად უკრაინას რუსებმა ერთდროულად 405 უპილოტო საფრენი აპარატით და 28 რაკეტით შეუტიეს. პუტინს მაინც აქვს მოლოდინი, რომ უკრაინა წავა დათმობაზე? რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის წინაპირობად ისევ დონბასის რეგიონის სრულ კონტროლს ითხოვს.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ზამთრის მოახლოება და რუსეთის მცდელობა, უკრაინაში შექმნას ენერგეტიკული პრობლემები, რათა ზამთარი პრობლემატური იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

საჰაერო დარტყმები არ არის რაღაც განსაკუთრებული მოვლენა. გვინახავს 700 დრონით ერთდროულად თავდასხმაც. რა თქმა უნდა, გააქტიურებულია დარტყმები და ეს დარტყმები ხორციელდება სამოქალაქო ობიექტებზეც.

რუსეთი ამ გზით ცდილობს, აჩვენოს ტრამპს, რომ ჯერ კიდევ უპირატესობა და ინიციატივა რუსეთის ხელშია. მეორე მიზანია მოსახლეობის მორალური სტრესი, თუმცა რუსეთი ასე მოქმედებს 2022 წლიდან და ეს ახალი არ არის. რუსეთი ყოველი ზამთრის დადგომის წინ ემუქრება უკრაინას, რომ ჩააქრობს.

უკრაინამ მიიღო მნიშვნელოვანი დახმარება არაერთხელ ინდივიდუალური თუ კოლექტიური გენერატორების სახით. შესაბამისად, ამ კუთხით რუსები უკრაინელები მაინცადამაინც მნიშვნელოვან პრობლემას ვერ უქმნიან.

რაც უფრო აქტიურდებიან რუსები, აქტიურდება უკრაინული დარტყმებიც. ჩვენ ვნახეთ ამჯერად პლასტმასის ქარხნის აფეთქება ჩელიაბინსკიში. რუსები იძახიან, რომ თითქოს ეს შემთხვევაც დაუდევრობამ გამოიწვია და სავარაუდოდ ვიღაც სიგარეტს ეწეოდაო. ჩემი აზრით, ეს უფრო ჰგავს დივერსიას. რაც ვნახე ფოტოები, ჩემთვის ცხადია, რომ ასეთი ნგრევა არ შეეძლო არც დრონს და არც ბალისტიკური რაკეტის მოხვედრას გამოეწვია. ეს იყო აფეთქება ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ინახებოდა საბრძოლო, ასაფეთქებელი მასალა.

  • როგორ აისახება ამ ომზე რუსული, მსხვილი ნავთობკომპანიების სანქცირება? თანაც, ჩინეთმაც უარი თქვა რუსული ნავთობის შეძენაზე.

ჩინეთის რამდენიმე კომპანიამ თქვა უარი, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობდა რუსულ ნავთობკომპანიებთან.

ცხადია, ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსებისთვის. პუტინმაც განაცხადა, რომ დიახ, ეს იქნება მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვნად არ აისახება ჯერჯერობით ეკონომიკაზეო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, აისახება. ვიცით, რომ იგივე ნავთობობიექტებზე უკრაინელების მხრიდან დარტყმების შემდეგ რუსეთში საწვავზე რიგებია და ხელზე 20 ლიტრზე მეტს არ იძლევიან. გარკვეულ რეგიონებში ტალონებიც კი შემოიღეს.

ეს სანქციები მყისიერად ფრონტის ხაზზე არ აისახება, მაგრამ ძირითადი დაწოლა მოხდება სოციალურ სფეროზე.

  • რა ირკვევა მოსკოვის ოლქში მრავალბინიან სახლზე დარტყმის შესახებ? ცნობილია, რომ უკრაინა რუსეთში მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებს ურტყამს. 

მე ვერ გეტყვით ზუსტად რა შეიძლება მომხდარიყო. შეიძლება, ელემენტარულად ჩამოაგდეს დრონი და დაეცა. უკრაინული დრონებიც არ არის მაღალი სიზუსტის.

ასევე, სრულად შესაძლებელია საზენიტო რაკეტა ჩამოვარდა და ა.შ.

შეიძლება, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებით ჩაახშვეს სიგნალი და ჩამოვარდა ეს დრონი – ესეც შესაძლებელია. ასე რომ, ეს დეტალები არ ვიცი და ვერ გეტყვით, რა მოხდა.

ფაქტია, რომ უკრაინელები საგანგებოდ არ ურტყამენ რუსეთში მოსახლეობას. აღნიშნულს, როცა რუსებისგან განსხვავებით სისტემური ხასიათი არ აქვს, შეიძლება გაყვანილ იქნას ე.წ. „თანმხვედრ ზარალში“. რაც დათესეს, იმას იმკიან რუსები.

  • რამდენად იცვლება ბოლო პერიოდში ტრამპის დამოკიდებულება რუსეთთან?

ზელენსკიმ უკვე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინა მზად არის დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას დღეს არსებულ ხაზზე, დანარჩენი მოლაპარაკების საკითხიაო, ასევე, გადაავადოს ნატო-ში გაწევრიანება. მოგეხსნებათ, მანამდე ზელენსკი ამბობდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გადიოდა უნდა გასულიყო 2014 წლის მდგომარეობაზე.

ნათელია, რომ უკრაინა თანახმაა აშშ-ს პირობებზე, რუსეთი – არა. რუსეთს ისევ გაურკვეველი მოთხოვნები აქვს, რომლის იმედი თვითონ რუსეთშიც არავის არ აქვს, მაგრამ ამას რუსეთი აკეთებს დროის გაყვანისთვის – რაღაც რომ გამოსტყუოს დასავლეთს.

ალბათ დადგა დრო, რუსეთი მიხვდეს, რომ პირიქით აღიზიანებს ამერიკას. პუტინი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ტრამპს წაართვა ნობელის პრემია. ტრამპმაც გააცნობიერა, რომ პუტინი ვირეშმაკობს. არ შეიძლება მოატყუო ყველა და ყოველთვის.

  • რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპის გაღიზიანება ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორი?

აშშ-მ, როგორც იცით, მოუხსნა უკრაინას წითელი ხაზები, რომელიც ეხებოდა „ჰაიმარსების“, „ატაკამსების“, „შტორმ შედოუების“ და „სკალპების“ გამოყენებას რუსეთის სიღრმეში.

  • რა შეიცვალა უკვე ამ კუთხით?

ჯერ ეს ორი დღის ამბავია. ასე უცებ არა მგონია რაღაც შეიცვალოს. იქ იყო კოლონებზე დარტყმები და ეს დარტყმები განხორციელდა დიდი ალბათობით „ჰაიმარსის“ საშუალებით… ეს საწყისი ნიშანია.

წარმოიდგინეთ, „ატაკამსის“ და „შტორმ შედოუს“ ფრენის მანძილი 300 კილომეტრია, „სკალპი“ მიფრინავს 250 კილომეტრზე. თუ „ტაურუსიც“ მიიღო უკრაინამ, რაზეც გერმანია უკვე აქტიურად საუბრობს, ის 500 კილომეტრამდე არტყამს.

ეს საშუალებები ძალიან ეფექტურია არსებულ აეროდრომებზე და თვითმფრინავების განლაგებაზე დარტყმისათვის. რუსული სამხედრო-საჰაერო ძალების ძირითადი პარკის ტაქტიკური ფრენის რადიუსი [ანუ გაფრენა და დაბრუნება] დაახლოებით 600 კმ-ია, ვერტმფრენებისთვის – 450 კმ. დასავლური სისტემების მიწვდომის რადიუსშია ფაქტობრივად რუსეთის 10-მდე რეგიონი, სადაც 250 მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეა.

  • ეს არის სამიზნეები, რომელზე დარტყმაც აიძულებს რუსეთს გაჩერდეს?

ყოველ შემთხვევაში, აიძულებს, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • ზელენსკის თქმით, კიევი ამზადებს კონტრაქტს 25 ერთეული Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვისთვის, რომლის დაფინანსებაც გაყინული რუსული აქტივებით იგეგმება. ეს რამდენად ცვლის რეალობას?

რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას რაკეტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით „კინჟალის“ და ხმელეთი-ხმელეთი „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების წინააღმდეგ.

  • რამდენად ჩანს რუსეთის გამოფიტვის ნიშნები? დააჩქარებს რუსეთის დასუსტებას აშშ-ს ახალი სანქციები, ასევე ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი?

რუსეთი მნიშვნელოვნად არის გამოფიტული.

არიან სტატისტიკოსები, რომლებიც, მაგალითად, თითოეულ აფეთქებულ ტანკს და ჯავშანტექნიკას აღრიცხავენ. ამ სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს, როცა ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთს ჰქონდა სატანკო რეზერვები განთავსებული 24 ბაზაზე. დღეს ამ ბაზების რაოდენობა არის 9. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ, გამოიფიტა თუ არა რუსეთი.

რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, საბრძოლო ტექნიკიდან რაღაც გადაინახოს და უბრალოდ ადამიანური რესურსი გამოიყენოს, ასევე მოტოციკლეტები, მაგრამ უკვე იწყება წვიმების სეზონი, ასე გადაადგილება ძალიან გართულდება. რუსეთი ამჯერად ცდილობს შექმნას გარკვეული პლაცდარმი და მოემზადოს გაზაფხული-ზაფხულისთვის.

  • გამოიკვეთა, რა ლოგიკით არ წყობთ რუსებს ცეცხლის შეწყვეტა? პუტინი ხედავს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი და მზარდია.

რუსეთის შემთხვევაში ლოგიკაზე ცოტა ძნელია საუბარი. ფაქტია, რუსეთი ცდილობს, მეტი გამოსტყუოს დასავლეთს ამ აქტიურობით.

ლოგიკას თუ მივყვებით, რუსეთი უკვე მისულია კულმინაციის წერტილში. მას ძალიან უჭირს შეტევის გაგრძელება. დავუშვათ, აიღო პოკროვსკი, მაგრამ მერე რა? რუსეთი ვერ გადის დონბასის საზღვარზე. დონბასის საზღვარზე რომ გავიდეს, მან უნდა აიღოს კრამატორსკი და სლოვიანსკის აგლომერაცია, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი და დიდი დასახლებული პუნქტებია. ეს პუნქტები გაცილებით ძლიერად არის დაცული. შესაბამისად, თუ რუსებს ერთ წელზე მეტი დასჭირდა პოკროვსკის დასაკავებლად, დაითვალეთ რამდენი დასჭირდება დანარჩენი დასახლებული პუნქტებისთვის?

ამიტომაც, ლოგიკურად რუსეთს უნდა აწყობდეს ცეცხლის შეწყვეტა და თუნდაც ჰიპოთეტურად მოემზადოს შემდგომი გაძლიერებისთვის, გადაჯგუფებისთვის. არსებული ვითარებაც პუტინს შეუძლია თავისი შიდა აუდიტორიისთვის წარმატებად გაყიდოს – იტყვის, რომ აი, ნატო აღარ იღებს უკრაინას, ყირიმი ჩვენია, ლუგანსკს და დონეცკის მივუმატეთ ხერსონის, ზაპოროჟიეს ნაწილი.

რუსეთში აუდიტორიას რაც არ უნდა დაუწერო კედელზე, იმის სჯერა, გარეთ კი, ვეღარავის ვეღარ მოატყუებს პუტინი.

ხაშურში 24 საათიანი წყლის პროექტს საფრანგეთის განვითარების სააგენტო ევროკავშირთან ერთად აფინანსებს

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) და ევროკავშირი ხაშურში წყალმომარაგების მოდერნიზაციის პროექტის თანადამფინასებლები არიან.

წყალმომარაგების ქსელის მოდერნიზაციის შემდეგ ქალაქ ხაშურის, სოფელ ცხრამუხას, ზემო და ქვემო ოსიაურის  44 000-მდე მცხოვრებს 24 სთ-იანი წყალი ექნება.

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ოლივიე კურტო 23 ოქტომბერს ხაშურში ჩავიდა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან ერთად ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს   გაეცნო.

ვიზიტის დროს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც ხელშესახებ და ხანგრძლივ შედეგებს იძლევა ადგილობრივი თემებისთვის.

„სწორედ ეს არის ევროპისა და საფრანგეთის მიზანი საქართველოში: ისეთი აუცილებელი საზოგადოებრივი სერვისების განვითარების მხარდაჭერა, რომლებიც პირდაპირ აუმჯობესებს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას.

დასრულების შემდეგ, პროექტი უზრუნველყოფს ხარისხიან სასმელ წყალსა და თანამედროვე სანიტარული სისტემებზე უწყვეტ წვდომას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებას, გარემოს დაცვას და ხაშურის მოსახლეობის კეთილდღეობას,“ – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით კი, ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), ევროკავშირისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში – 350 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების დაპატიმრებისა და დაშინების პრაქტიკა – „პუბლიკა“

ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ ჟურნალისტის ბასტი მგალობლიშვილს უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს „პუბლიკის“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელებს იგი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ჰყავდათ მანქანაში, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, დაჰკავშირებოდა ოჯახს, კოლეგებსა და ადვოკატს.

მოგვიანებით, ფაქტის გახმაურებისა და ფართოდ გავრცელების შემდეგ, ის სახლში დააბრუნეს და უთხრეს, რომ „სხვაში შეეშალათ“, თუმცა ბასტი მგალობლიშვილი აღწერს გარემოებებს, რაც საწინააღმდეგოს ამტკიცებს – პოლიციის თანამშრომლებმა იცოდნენ მისი სახელი, გვარი, მისამართი; მის სახლთან იცდიდნენ დილიდან; იცოდნენ, რომ სტუმრად ჰყავდა ბებია და ა.შ.

ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი „პუბლიკის“ დაფუძნების დღიდან აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ბოლო დღეების განმავლობაშიც აშუქებდა რუსთაველის პროტესტს.

„პუბლიკა“ მისი დაკავების ფაქტს აფასებს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად და განიხილავს ხელისუფლების მცდელობად, ჩაახშოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

„პუბლიკის“ ჟურნალისტები ხშირად გამხდარან როგორც პოლიციის ძალადობის, ასევე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან დეზინფორმაციის, სიძულვილის ენისა და პროპაგანდის სამიზნე.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის საქართველოში მომუშავე მედიის ყოველდღიურობა, თუმცა არ ვაპირებთ, შევეგუოთ მას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების ცემის, დაპატიმრების, დაშინებისა და ყველა სხვაგვარი რეპრესიის პრაქტიკა.

თავისუფლება მზიას ამაღლობელს!“ – წერას გამოცემა „პუბლიკა“.

დღეს, 24 ოქტომბერს, პოლიციამ გზის გადაკეტვის ბრალდებით 21-მდე მოქალაქე დააკავა.

ბოლო დღეებში პოლიციამ მინიმუმ 7 ჟურნალისტი დააკავა – ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია, აფგან სადიგოვი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მაიკო ბოკერია და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

ყულევის ნავთობის ქარხანას კავშირი აქვს რუსული ГРУ-ს მაღალჩინოსნის ოჯახთან – რუსული მედია

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „აგენსტვო“ წერს, რომ საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის, მაკა ასათიანის ვაჟი, კახა ჟორდანია რუსეთში ერთობლივ ბიზნესს მართავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის ვაჟთან ერთად. 

რუსული გამოცემის ცნობით, ეს კავშირი რუსეთის ხელისუფლების მიერ აგენტად გამოცხადებულმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ აღმოაჩინა კვლევის ფარგლებში, რომელიც წელს, შემოდგომაზე გამოქვეყნდება.

საქართველოს ახალგახსნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც სააგენტო „როისტერსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

„რუსეთი ცდილობს [ნავთობის] ექსპორტის დივერსიფიკაციას, ამავდროულად კი, ებრძვის უკრაინის გამო დასავლეთის სანქციებით გამოწვეულ გამოწვევებს“ – წერს „როიტერსი“.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის 22 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ გამართა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პროექტს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ახორციელებს, რომლის დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი მაკა ასათიანია, ყოფილი მოდელი. საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით „ბლექ სი პეტროლიუმის“ ქონება იპოთეკითაა დატვირთული. იპოთეკარები არიან – სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკი“, სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“, სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველო“ და სააქციო საზოგადოება „საქართველოს განვითარების ფონდი“.

რუსული მედია წერს, რომ მაკა ასათიანის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, კახა ჟორდანია, ადრე ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული. 2016 წლიდან 2023 წლამდე ის ფლობდა რუსულ ნავთობტრეიდერ Oil Energy Group-ს, რომლის წლიური შემოსავალი იმ დროს 17,5 მილიარდ რუბლს აღწევდა.

ასევე, 2018 წლიდან ჟორდანია ფლობს 25%-იან წილს СДО-Логистик-ში, რომელიც ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტირებით არის დაკავებული. კომპანიის შემოსავალმა 2024 წელს 838 მილიონი რუბლი შეადგინა. მისი ბიზნესპარტნიორი და „СДО-Логистик“-ის ძირითადი აქციონერი (51%) არის ვინმე სერგეი ალექსეევი. როგორც „პროექტმა“ გაარკვია, აღნიშნული პირი არის რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის შვილი.

„ალექსეევი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ევგენი პრიგოჟინის ამბოხების დროს მოექცა. თავდაპირველად, [რუსული გასამხედროებული დაჯგუფების] ვაგნერის წევრებისთვის გაკეთებულ ვიდეომიმართვაში მან მათ ქმედებებს „ქვეყნისა და პრეზიდენტის ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა. დონის როსტოვში პრიგოჟინთან პირისპირ შეხვედრის დროს ალექსეევი აღარ იყო ისეთი მტკიცე: ამბოხებულების ლიდერის მოთხოვნაზე გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის გადაცემის შესახებ, მან განაცხადა: „წაიყვანეთ“ – წერს გამოცემა.

რაც შეეხება სერგეი ალექსეევს – გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, რომ ბიზნესში ჩართვამდე ის მუშაობდა „რუსნეფტში“, სწორედ იმ კამპანიაში, რომელმაც მიაწოდა ნავთობი ახალ ქართულ ქარხანას.

„2024 წლის თებერვალში ალექსეევი უმცროსის ბიზნესინტერესები პირდაპირ გადაიკვეთა მამის საქმიანობასთან — რომელიც სირიაში საომარი მოქმედებების დროს სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. იმავე თვეში ძალოვნის შვილმა სირიის მოქალაქე მოჰამად ჯაბერთან ერთად დააარსა მცირე კომპანია „См-Агро“, რომელიც როსტოვის ოლქში ხილს აწარმოებს.

მოჰამედ ჯაბერი საკუთარ სამშობლოში ცნობილია როგორც კონტრაბანდისტი და პროასადისტური შეიარაღებული დაჯგუფების — „უდაბნოს ფალკონების“ — ლიდერი. ეს დაჯგუფება ნავთობის ობიექტების დაცვით იყო დაკავებული. მისი დაჯგუფება რუსეთიდან იღებდა იარაღსა და სამხედრო ტექნიკას, მონაწილეობდა ბრძოლებში ლატაკიაში და პალმირაში. თავად ჯაბერი, როგორც „ფალკონების“ მეთაური, ფოტოზე პოზირებდა ადამიანის მოკვეთილი თავით. 2014 წელს მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო” – წერს „პროექტი“.

ფოტო: „პროექტი“

„მიზანია რკინის ფარდა ევროპასთან“ – ბსუ-ს პროფესორი „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

„ასლან აბაშიძის კეთილ ნებაზე რომ იყო დამოკიდებული, ვის დააფინანსებდა და ვის არა, აი, ამ დროში გვაბრუნებენ, აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი, რომ ერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული განათლების სისტემა ფინანსურადაც და სტრუქტურულადაც“-ამბობს ლალი ანთიძე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

„ბათუმელები“ ლალი ანთიძეს „ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე ესაუბრა.

  • ქალბატონო ლალი, როგორ შეაფასებთ კობახიძის მიერ დაანონსებულ საუნივერსიტეტო რეფორმას და თქვენი აზრით, რა დარჩება თუნდაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან თუ ეს ცვლილებები განხორციელდა, თუ დარჩა ბსუ ერთი ფაკულტეტით და უცხოელი სტუდენტების გარეშე?

ჯერ დავიწყოთ იმით, რომ დაანონსებული ცვლილებები არის ძალიან ბუნდოვანი. უბრალოდ ისიც მწყინს, ასეთ სიბრიყვეებზე რომ მიწევს კომენტარების გაკეთება.

  • რა გეჩვენებათ სიბრიყვედ დაანონსებულ რეფორმაში?

ფაქტობრივად, ამ რეფორმის ყველა პუნქტი გამოიწვევს იმას, რომ განათლების სისტემა მთლიანად დასამარდება ქვეყანაში. რაღაც ისტორიული მოცემულობის გათვალისწინების დეკლარირებაც ძალიან ბუნდოვანია. არ მგონია ამ ისტორიულ მოცემულობაში გელათის და იყალთოს აღდგენას გულისხმობდნენ. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ამ „ისტორიულის“ ქვეშ იგულისხმება საბჭოთა, რადგან საბჭოთა პერიოდში იყო ასე, ერთი უნივერსიტეტი გვქონდა ქვეყანაში.

თუ ამ კონტექსტში შევხედავთ, ეს „ისტორიული“ ნიშნავს, რომ ისევ საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით და მაშინ გამოდის, რომ საბჭოთა ბათუმში ჩვენი უნივერსიტეტი პედაგოგიური ინსტიტუტი იყო და პედაგოგიურად უნდა გადაგვაქციონ? – ეს ლეგიტიმური კითხვა ჩნდება.

თუ ადამიანმა წერა-კითხვა იცის და ორი წიგნი წაუკითხავს, ყველა ხვდება, რომ დღეს „ოცნების“ ხელისუფლება აბსოლუტური იზოლაციონიზმის პრინციპს ადგას და საერთოდ გვმიჯნავს ევროპისგან. როდესაც ეს პირდაპირ და ღიად ვერ გააკეთეს, ასეთი შეფარული რეფორმებით აკეთებენ. ფაქტობრივად, ჩვენს სტუდენტებსაც გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობა ესპობათ და ჩვენს მოსწავლეებსაც ესპობათ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

  • კობახიძის რეფორმით უნივერსიტეტებს ეზღუდებათ უცხოელი სტუდენტების მიღებაც. მაგალითად ბსუ-ს, 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჰყავს და ეს არის უნივერსიტეტისთვის დამატებითი შემოსავალი. რას დაკარგავს ამით ბათუმის უნივერსიტეტი?

არა მარტო ბსუ-ს, სხვა უნივერსიტეტებსაც ჰყავთ უცხოელი სტუდენტები და ესეც იმის ნაწილია, რომ საბოლოოდ დაიმორჩილონ უნივერსიტეტები და მთლიანად დამოკიდებული გახადონ სახელმწიფოზე. აბსოლუტურად კლავენ უნივერსიტეტის ავტონომიას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტი გვქვია, მაინც არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე და სტუდენტების შემოსავლებით ვარსებობთ. ერთადერთი, რაშიც სახელმწიფო გვეხმარება, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტებია, მაგალითად ლეონიძეზე სტუდენტური საცხოვრებელი ააშენეს და კიდევ სხვა საამშენებლო პროექტებიც განახორციელეს. სხვა მხრივ, უნივერსიტეტი საზრდოობს სტუდენტების შემოსავლებით, ამიტომ, აბსოლუტურად შეიცვლება არსებული მოდელი და დაფინანსება ხელისუფლების მიმართ მორჩილების ხარისხით განისაზღვრება.

  • რამდენი ფაკულტეტი ფუნქციონირებს დღეს თქვენთან და რამდენად წარმოგიდგენიათ ბსუ ერთი ფაკულტეტით?

სადღაც 7 თუ 8 ფაკულტეტია დღეს უნივერსიტეტში და სიმართლე გითხრათ, ვერანაირად ვერ წარმომიდგენია უნივერსიტეტი ერთი ფაკულტეტით. მგონია, რომ რაღაც გვეშველება და ვარსკვლავები ისე დალაგდება საიმისოდ, რომ ასეთი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას ვერ მოასწრებს ეს ხელისუფლება. შინაგანად მჯერა ამის.

თუ მაინც გააკეთეს, ძალიან ბევრი პროფესორი წავა ალბათ სამსახურებიდან და ბუნებრივია, უმუშევრობა გაიზრდება.

იმ სტუდენტებს, რომლებიც დღეს სწავლობენ, ალბათ მისცემენ დამთავრების საშუალებას და მერე გადავლენ ახალ მოდელზე. ახლა, ამ მოცემულობაში ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ეს ძალიან დიდ რყევებს გამოიწვევს და სად უნდა წაიყვანონ ამდენი სტუდენტი?

მაშინ თვითონ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მათი სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილება, მათი იქ ცხოვრება და ასე შემდეგ.

  • სტუდენტები რას ამბობენ ამ მოსალოდნელ ცვლილებებზე, გააზრებული აქვთ რა ტიპის სისტემაში მოუწევთ განათლების მიღება?

ყველა ტიპის სტუდენტი არსებობს დღეს. ისეთი, ვისაც მხოლოდ ნიშანი და დიპლომის ფურცელი უნდა, ვისთვისაც მხოლოდ ის არის მთავარი, რომ „ნაჭამი ვიყო“, როგორც ეს თქვა ერთ-ერთმა იმ ვიდეოში, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა და ვნახეთ ყველამ და არიან ისეთებიც, რომლებიც მართლა აზროვნებენ და სხვანაირად უდგებიან ამ პროცესს და რეაქციებიც განსხვავებული აქვთ.

  • პროფესორები რა აზრზე არიან? ჯერ-ჯერობით მათი შეფასებები არ მოგვისმენია ამ საკითხზე.

სიმართლე გითხრათ, ისე ვარ დაკავებული ლექციებით, მათთან სალაპარაკოდ არ მომიცლია და მე მგონი, არც ვუყურებთ ამ რეფორმას სერიოზულად, რადგან რაღაც წარმოუდგენელი ამბავი მგონია, რადგან ამ მთავრობამ ბევრი რამ დააანონსა და მერე მიხვდნენ, რომ ვერ ახორციელებდნენ. ახლაც მაგის იმედი გვაქვს.

უდავოდ განუხორციელებელი პროექტია, ასე ერთი ხელის დაკვრით – მით უმეტეს. ბევრი საკითხი რჩება ღიად, თუნდაც სახელმწიფო გრანტის საკითხი. თუ კერძო უნივერსიტეტში ჩაირიცხება სტუდენტი მერე რა ხდება, ესეც გაუგებარია. ასევე გაუგებარია კერძო უნივერსიტეტების ბედი.

  • ხომ თქვეს, რომ მხოლოდ უნივერსიტეტები დაფინანსდება. გამოდის გრანტის სისტემა გაუქმდება.

იმიტომ, რომ უნივერსიტეტის დაფინანსება გაცილებით იოლად მართვადს გახდის უნივერსიტეტს.

არცერთი პუნქტი მისაღები არ არის ჩემთვის, აბსოლუტურად არცერთი. არსად არ არსებობს მსგავსი სისტემა. არცერთი ქვეყნის მოდელში არ ჯდება. ალბათ უფრო რუსულთან არის ახლოს და სავარაუდოდ რუსულს დაუახლოვდება.

  • ფიქრობთ, რომ ამ რეფორმის მიზანიც ქვეყნის იზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია?

სრული, აბსოლუტური იზოლაციონიზმია მიზანი, ანუ რკინის ფარდა. ეს ერთი და მეორეა ის, რომ უნდათ სამუშაოს მიმცემები და დამსაქმებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო და ყველა სხვა წყაროს ჭრიან.

თვითონ მათ ექნებათ ოფშორებიდან შემოსავლები, სხვებს კი დატოვებენ დაფინანსების წყაროს გარეშე. როგორც არასამთავრობოებს და მედიას გადაუკეტეს შემოსავლის წყარო, ისე მოხდება უნივერსიტეტების შემთხვევაშიც. საზოგადოებას ართმევენ რესურსებს.

ასლან აბაშიძის კეთილ ნებაზე რომ იყო დამოკიდებული ვის დააფინანსებდა და ვის არა, ამ დროში გვაბრუნებენ, აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი, რომ ერთადერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული ფინანსურადაც და სტრუქტურულადაც მთელი განათლების სისტემა.

ყველა კარგად ვხედავდით, რომ ასეთი სისტემაში განვითარება არ ხდებოდა.

ან რაში სჭირდებათ განვითარებული უნივერსიტეტი? მათ შვილებს ხომ შეუძლიათ წავიდნენ უცხოეთშიც და ისწავლონ. სხვებს უკეტავენ გზას. აბსოლუტურად ყველა სტრუქტურას, რომელიც ევროპასთან თანამშრომლობდა, ან შლიან, ან პრობლემას უქმნიან. თავად კი მშვენივრად დასეირნობენ ევროპაში ოჯახებით და არც ევროპულ განათლებაზე ამბობენ უარს.

უფრო მეტიც, შემდეგ ისევ იმ ევროპაში მიდიან და პოლიტიკურ თავშესაფარსაც ითხოვენ თუ დასჭირდათ, თავიანთი ფული რომ გადაარჩინონ.

მაინც მგონია, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაილექება და იმედი მაქვს, ჩვენც გვექნება ნორმალური ქვეყანა და ნორმალური სახელმწიფო თუკი მოქალაქეები დროულად გავაცნობიერებთ, რომ ხელისუფლება ჩვენ უნდა გვემსახუროს და არა პირიქით.

ბევრი რამ გამოვცადეთ, ყველანაირი ხელისუფლება ვნახეთ, – პატრიოტებიც და ვაიპატრიოტებიც და ამიერიდან მაინც გვეცოდინება, როგორი დასკვნები გავაკეთოთ აქედან.

მინიმუმ 90 ადამიანია დაკავებული „გზის გადაკეტვის გამო“ ბოლო 6 დღეში

19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავა რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვის“ გამო.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ რუსთაველზე „50 ადამიანი იდგა მხოლოდ”.

„გუშინ ნახეთ, რომ 50 ადამიანი იყო შეკრებილი. კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე მისვლა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ 15 ოქტომბერს.

საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვა „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად 17 ოქტომბერს აქცია.

„ქართულმა ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, პირველ ჯერზე, 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.

გზის გადაკეტვის გამო დაკავებები შსს-მ 19 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. დაკავებულია 80-ზე მეტი პირი, რუსთაველის გამზირი კი ყოველ საღამოს ისევ იკეტება.

რეპრესიული კანონით ერთ-ერთი პირველი დააკავეს მხატვარი ლევან მარგიანი და სამოქალაქო აქტივისტი ნინო სვანიძე.

„ბათუმელები“ გთავაზობთ სიას, თუ ვინ არის დაკავებული რეპრესიული კანონით.

სია შედგენილია საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე სასამართლო სხდომებიდან მიღებული ინფორმაციით. სია არ არის ზუსტი, რადგან შსს არ აქვეყნებს დაკავებულთა შესახებ სრულ მონაცემებს.

თუ თქვენი ახლობელი/მეგობარი დააკავეს და ის ამ სიაში არ არის, გთხოვთ მოგვწეროთ.

რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ან/და სახის დაფარვის მოტივით დაკავებულთა სია:

  1. ნინო სვანიძე – სამოქალაქო აქტივისტი [5-დღიანი პატიმრობა]
  2. ლევან მარგიანი – მხატვარი [6-დღიანი პატიმრობა]
  3. ვაჟა გაფრინდაშვილი – ექიმი – [7-დღიანი პატიმრობა]
  4. ნიკოლოზ შურღაია – ეკონომისტი – [14-დღიანი პატიმრობა]
  5. შალვა ჩუბინიძე – ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ დამფუძნებელი – [14-დღიანი პატიმრობა]
  6. იოსებ ხეოშვილი – [პროცესი გადაუდეს 3 ნოემბერს]
  7. აკაკი ველთაური – პოეტი – [8-დღიანი პატიმრობა]
  8. ვახო სანაია – ჟურნალისტი [6-დღიანი პატიმრობა]
  9. ქეთა ციცქიშვილი – ჟურნალისტი – [5-დღიანი პატიმრობა]
  10. ბექა ქურხული – მწერალი – [8-დღიანი პატიმრობა]
  11. ლარა ნაჭყებია – სტუდენტი – [აქციაზე სახის დაფარვის საბაბით შეუფარდეს 4-დღიანი პატიმრობა]
  12. ნინი ნაჭყებია – [პროცესი გადაუდეს 19 ნოემბერს]
  13. საბა ხომერიკი – [8-დღიანი პატიმრობა]
  14. თემო სარალიძე – [აქციაზე სახის დაფარვის საბაბით შეუფარდეს 6-დღიანი პატიმრობა]
  15. ნინო ბერუაშვილი – [4-დღიანი პატიმრობა]
  16. ლუკა აკობია – [გადაიდო პროცესი 30 ოქტომბრამდე]
  17. ლევან ჯობავა – ჟურნალისტი -[14-დღიანი პატიმრობა]
  18. კახა მიქაია – [14-დღიანი პატიმრობა]
  19. კოკო მიქაია – [14-დღიანი პატიმრობა]
  20. თამუნა გიორგაძე – [პროცესი გადაუდეს 27 ოქტომბერს]
  21. ირაკლი წულაია – [8-დღიანი პატიმრობა]. ასევე აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე.
  22. ცირა ჟვანია – ჟურნალისტი [10-დღიანი პატიმრობა]
  23. საბა ჯაფარიძე – მსახიობი – [აქციაზე სახის დაფარვის საბაბით შეუფარდეს 6-დღიანი პატიმრობა]
  24. თამარ თოთლაძე – [6-დღიანი პატიმრობა]
  25. იმედა კლდიაშვილი – [9-დღიანი პატიმრობა]
  26. გიორგი წულაია – [8-დღიანი პატიმრობა]
  27. თორნიკე თხილავა
  28. გიორგი ვაჩაძე, აქტივისტი. 76 წლის აქტივისტი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად სცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
  29. ლიზა უბილავა – [6-დღიანი პატიმრობა]
  30. არჩილ გიორგობიანი – კომპოზიტორი [5-დღიანი პატიმრობა]
  31. აფგან სადიგოვი – ჟურნალისტი – [14-დღიანი პატიმრობა]
  32. ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი [5-დღიანი პატიმრობა]
  33. ლაშა ჩხარტიშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი – [14-დღიანი პატიმრობა]
  34. ბექა მელუა – [5 000 ლარი ჯარიმა]
  35. ლადო ჯახუა – სტუდენტი – [სასამართლო გადაიდო]
  36. ლია მუშკუდიანი – 64 წლის პენსიონერი – [3-დღიანი პატიმრობა]
  37. კახა კვეკვესკირი – [14-დღიანი პატიმრობა]
  38. ნეკა ნათელაშვილი – სტუდენტი – [6-დღიანი პატიმრობა]
  39. შაკო ბაღდოშვილი – [14-დღიანი პატიმრობა]
  40. ნიკოლაი ბელიკოვი – რუსი აქტივისტი – [14-დღიანი პატიმრობა] + საქართველოდან გაძევება
  41. ლუკა გოგია – [14-დღიანი პატიმრობა]
  42. ლორენა ბერია [4-დღიანი პატიმრობა]
  43. მარია ტალიაშვილი – [4-დღიანი პატიმრობა]
  44. თეონა ტალახაძე – [2-დღიანი პატიმრობა]
  45. გიორგი თავართქილაძე – რეჟისორი. თავის ფეხით მივიდა პოლიციაში, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
  46. აზა ჩილაჩავა – აფხაზეთიდან დევნილი – სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
  47. დავით ასანიძე – [6-დღიანი პატიმრობა]
  48. დავით გოგიჩაიშვილი – [აქციაზე სახის დაფარვის საბაბით შეუფარდეს 6-დღიანი პატიმრობა]
  49. ილია ღლონტი – [2 000 ლარი ჯარიმა]
  50. ვლადიმერ ბეროზაშვილი
  51. ბაჩო კუცია – [14-დღიანი პატიმრობა]
  52. გიორგი ელიაშვილი
  53. გუჯა მეკოკიშვილი – [5 000 ლარი ჯარიმა]
  54. ანასტასია ჯაფარიძე – სტუდენტი – [4 000 ლარი ჯარიმა]
  55. თორნიკე კაკალაძე – [5 000 ლარი ჯარიმა]
  56. ისაკო დევიძე – [14-დღიანი პატიმრობა]
  57. ირაკლი კალანდაძე – [5-დღიანი პატიმრობა]
  58. ნუკრი კაკულია – [სასამართლო გადაიდო]
  59. გია ჯვარშეიშვილი – შშმ პირთა უფლებადამცველი [10-დღიანი პატიმრობა]
  60. ამირან შარაშიძე – პროცესი გადაიდო
  61. ზვიად კვარაცხელია – მწერალი და გამომცემელი – [3-დღიანი პატიმრობა]
  62. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი – ჟურნალისტი – [7-დღიანი პატიმრობა]
  63. მაიკო ბოკერია – ჟურნალისტი – [5000 ლარიანი ჯარიმა]
  64. გიორგი ლიფონავა – რეჟისორი – [3-დღიანი პატიმრობა]
  65. გიგა ლემონჯავა – „დროას“ წევრი – [14-დღიანი პატიმრობა]
  66. ზურაბ ცეცხლაძე – იურისტი –  [7-დღიანი პატიმრობა]
  67. ნათია გოგავა – [2-დღიანი პატიმრობა]
  68. ნათია ლეთოდიანი – „დროას“ წევრი – [6-დღიანი პატიმრობა]
  69. ნინო ლაღიძე – ეკოლოგი – [5-დღიანი პატიმრობა]
  70. ანუკა გამსახურდია – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
  71. დავით მშვენიერაძე – სტუდენტი – [5-დღიანი პატიმრობა]
  72. ბაჩო ქიმუცაძე – [5-დღიანი პატიმრობა]
  73. დანი მაღრაძე -სტუდენტი -[5-დღიანი პატიმრობა]
  74. ლაშა ბრეგვაძე – [7-დღიანი პატიმრობა]
  75. თენგო კირთაძე – [5-დღიანი პატიმრობა]
  76. სოფო როინიშვილი – მასწავლებელი – [4-დღიანი პატიმრობა]
  77. აჩი გოჩიტაშვილი – [10-დღიანი პატიმრობა]
  78. გიორგი მელითაური – [10-დღიანი პატიმრობა]
  79. დავით ჭკადუა – სტუდენტი – [10-დღიანი პატიმრობა]
  80. ნატალი სლეპაკოვა – [4-დღიანი პატიმრობა]
  81. ირაკლი ვეშაგურიძე – ისტორიკოსი – [7-დღიანი პატიმრობა]
  82. დავით ტაბაღუა – [7-დღიანი პატიმრობა]
  83. გიორგი ხარაიშვილი – [6-დღიანი პატიმრობა]
  84. ირაკლი გოგუაძე – [7-დღიანი პატიმრობა]
  85.  უშანგი გუშარაშვილი –
  86. ილია კოპაძე [2-დღიანი პატიმრობა]
  87. გიორგი სიყმაშვილი – [პროცესი გადაიდო 28 ოქტომბრისთვის]
  88. ზურა მენთეშაშვილი – [5-დღიანი პატიმრობა]
  89. ლაშა სონღულია – წიგნების მაღაზიის მფლობელი [5-დღიანი პატიმრობა]
  90. ნიკა პატარაია –  [4-დღიანი პატიმრობა]
  91. ანა ლომიძე – სიტყვიერი გაფრთხილება
  92. გიორგი სიხარულიძე [3-დღიანი პატიმრობა]
  93. დავით ებრალიძე – თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე [6-დღიანი პატიმრობა]

ასევე, 24 ოქტომბერს დააკავეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, რომელიც ერთი საათის შემდეგ გაათავისუფლეს და უთხრეს, რომ „შეეშალათ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები „გზის გადაკეტვის გამო“ დაკავებულებზე შუაღამემდე გრძელდება.

Tamar Lortkipanidze Charged with Violence, Police Vehicle Attack, Faces 4–7 Years in Prison

Tamar Lortkipanidze, 48, who climbed onto a patrol car during the October 22 protest in Tbilisi, has been formally charged by the Georgian Prosecutor’s Office with violence and attacking a police vehicle.

The Ministry of Internal Affairs initially detained Lortkipanidze under Article 239 of the Criminal Code, which covers hooliganism.

According to the Prosecutor’s Office, “The investigation determined that on the evening of October 22, 2025, near the Parliament of Georgia on Rustaveli Avenue, the accused struck a taxi driver in the face, causing injury. Additionally, during the protection of public order, the accused attacked a patrol vehicle, climbed onto its roof, and intentionally caused damage by kicking it. The actions of the accused resulted in damages totaling 3,300 GEL.”

Lortkipanidze has been charged under Article 126, Part 1 of the Criminal Code (violence causing physical pain to the victim) and Article 353¹, Part 1 (attacking a police vehicle in connection with a police officer’s official duties), which carry a potential prison sentence of four to seven years.

The Prosecutor’s Office has announced that it will request the Tbilisi City Court to impose pretrial detention as a preventive measure for the accused.

 

კომპანიამ, რომელმაც „ოცნების“ მინისტრს 260 ათასი ლარი გადაუხადა, 628 ათასის დაკვეთა უტენდეროდ მიიღო

საქართველოს განათლების სამინისტრომ 628 ათას ლარზე ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელმაც „ოცნების“ კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს მრჩევლობაში ხელფასის სახით 260 ათასი ლარი გადაუხადა ერთი წლის განმავლობაში.

კომპანია, რომელსაც განათლების სამინისტრომ ტენდერის გარეშე მისცა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, შპს „თიხარტია“, რომლის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მმართველიც ნინო [ზუზუ] ნოდიაა. ნინო ნოდია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი დღის“ წამყვანია.

ის, რომ ნინო ნოდიას ახლო, მეგობრული კავშირები აქვს „ოცნების“ კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან, ეს თავად ნინო ნოდიამ დაადასტურა ტელეკომპანია „პირველის“ საგამოძიებო სიუჟეტში. ჟურნალისტთან საუბრისას ნინო ნოდიამ ზუსტად ვერ გაიხსენა, ნამდვილად გადაუხადა თუ არა თინათინ რუხაძეს მრჩევლობაში 260 ათასი ლარი, თუმცა მასთან მეგობრობის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა – „ჩვენ ერთად ვცხოვრობთ ფაქტიურად“.

თინათინ რუხაძის მიერ 260 ათასი ლარის მიღება, მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციითაც დასტურდება.

ამონარიდი თინათინ რუხაძის ქონებრივი დეკლარაციიდან/დეკლარაცია გამოქვეყნებულია 2025 წლის 15 იანვარს.

კომპანია „თიხარტს“ ტენდერების გვერდის ავლით, ანუ პირდაპირი შესყიდვის ფორმით სახელმწიფოსთან 34 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. პირველი მსხვილი დაკვეთა – 756 720 ლარი, მას თბილისის მერიისგან აქვს მიღებული 2021 წელს, საახალწლო გალა კონცერტის ორგანიზებისთვის.

მთლიანობაში კომპანია „თიხარტს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მლნ 700 000 ლარი აქვს მიღებული ტენდერების გარეშე.

რაც შეეხება განათლების სამინისტროსთან დადებულ ხელშეკრულებას, გივი მიქანაძის უწყებამ „თიხარტთან“ ტენდერის გარეშე ხელშეკრულება 2025 წლის 15 ოქტომბერს გააფორმა.

შესყიდვების დოკუმენტის მიხედვით, რომელზეც ხელს „ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი აწერს, წერია, რომ სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტმა ღონისძიების შესყიდვებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია „შესაბამისი გამოცდილების მქონე“ მხოლოდ 3 კომპანიას გაუგზავნა.

ამ სამიდან ერთმა – „ანი პირველი“, უარი განაცხადა სამინისტროსთან თანამშრომლობაზე, კომპანია „ვანილა ივენთიმ“, როგორც სამინისტრო ამბობს, ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური მოთხოვნები და დადებითი შეფასება მხოლოდ შპს „თიხარტიმ“ მიიღო. ეს იმას ნიშნავდა, რომ განათლების სამინისტრო სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმებდა საბოლოოდ ხელშეკრულებას.

ამ ხელშეკრულების მიხედვით, განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული „მასწავლებლის ეროვნული დღის“ ცერემონია 27 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

ღონისძიებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 628 288 ლარი დაიხარჯება.

განათლების სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული დღე 2023 წელს დააარსა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საპირწონედ და ღონისძიებაზე ძირითადად, მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობილ მასწავლებლებს აჯილდოებს.

მასწავლებლების დაჯილდოებისთვის სამინისტრო ცალკე დახარჯავს 100 ათას ლარს – შერჩეულ 10 მასწავლებელს 10-10 ათასი ლარი გადაეცემათ საჩუქრად.

__________________

მთავარი ფოტო: გივი მიქანაძე მასწავლებლებს აჯილდოებს.

დააკავეს „პუბლიკის“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი

დღეს, 24 ოქტომბერს, დააკავეს ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ბასტი მგალობლიშვილი. ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზეა დაკავებული ბასტი მგალობლიშვილი.

„პუბლიკის“ ცნობით, ბასტი მგალობლიშვილი ბოლო დღეებში აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას როგორც ჟურნალისტი და თვალსაჩინოდ ეკეთა პრესის ბარათი, თან ჰქონდა სამსახურებრივი ტექნიკაც.

დღეს, დილიდან, პოლიცია აკავებს რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანებს, მათ შორის – ჟურნალისტებს. დღეს დააკავეს ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე, ასევე ჟურნალისტი მაიკო ბოკერია.

განახლებული ინფორმაცია:

„პუბლიკის“ ცნობით, ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი, დაკავებიდან მოკლე ხანში გაათავისუფლეს.

„მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი სახლთან, ტაქსიში ჩაჯდომის დროს დააკავეს. როგორც ის ჰყვება, მის მანქანასთან ორი პოლიციელი მივიდა და მანქანაში ჩაისვეს. ეკითხებოდნენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აზუსტებდნენ, იყო თუ არა მამუკა მგალობლიშვილი. ჟურნალისტმა მათ წარუდგინა სამსახურებრივი პრესბარათიც.

ბასტი მგალობლიშვილი, დაახლოებით, 40 წუთი ჰყავდათ მანქანაში უკანონოდ დაკავებული. ამის შემდეგ კი ის სახლამდე მოიყვანეს და უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ“ – წერს „პუბლიკა“.

Former Georgian Prime Minister Irakli Garibashvili Charged with Money Laundering

Former Prime Minister from the Georgian Dream party, Irakli Garibashvili, has been charged with money laundering but has not been detained, while Georgia already has more than 150 political prisoners, including individuals jailed for minor offenses such as possessing a medical mask or causing damages under 400 USD.

The Prosecutor’s Office has requested a bail of 1 million GEL, the surrender of his passport, and a ban on leaving the country.

The announcement was made today, October 24, by Prosecutor General Giorgi Gvaramidze during a briefing at the Prosecutor’s Office.

According to the Prosecutor’s Office, Garibashvili allegedly declared illicit funds as “family gifts” in his annual property declarations, using this scheme to launder illegal income.

Details of the Case According to Prosecutor General’s Office:

“Garibashvili, who held the posts of Defense Minister and Prime Minister from 2019 to 2024, was prohibited from engaging in any entrepreneurial activity or receiving income outside of his official salary, under Georgia’s Law on Combating Corruption. Despite this, he allegedly conducted secret business activities during his tenure and received substantial illegal income.

To launder these funds, Garibashvili reportedly falsified his property declarations, claiming large sums of money as annual gifts from family members. This scheme is said to have legitimized 830,000 GEL from his illegal business activities.

Additionally, between 2023 and 2024, he allegedly purchased and registered two cars worth 463,630 GEL, and acquired 100% of a company valued at 210,000 GEL through a family member. A total of 3,670,172 GEL was invested into a family member’s registered company.

A major portion of the illicit funds was reportedly converted into foreign currency, resulting in $6.5 million USD seized during a search of Garibashvili’s apartment on October 17, 2025″.

Garibashvili has been charged under Article 194, Part 3, Subparagraph “c” of the Georgian Criminal Code for illegal income legalization (money laundering) involving particularly large amounts. Prosecutor General Gvaramidze confirmed that Garibashvili fully admitted guilt in the presented charges. The investigation into this criminal case is ongoing.

Independent media have long been reporting on this trend of “family gifts” appearing in officials’ declarations

დააკავეს ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაიკო ბოკერია

დღეს, 24 ოქტომბერს, დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. ასევე დაკავებულია მისი მეუღლე, ჟურნალისტი მაიკო ბოკერია.

მათი დაკავება სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას უკავშირდება.

“ახლა დამირეკეს კვლავ პოლიციიდან ვასკას დაკავების თაობაზე. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო,” – წერს დოდო შონავა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დედა.

დღეს, 24 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით 14 პირი დააკავა. სავარაუდოდ ყველა მათგანი დაკავებულია რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის გამო.

საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვა „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად 17 ოქტომბერს აქცია. 

,,ოცნებამ” ერთპარტიული პარლამენტის საშუალებით, რომელ პარლამენტსაც საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა პირველ ჯერზე 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება, განმეორებით შემთხვევაში კი 1 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.

 

დააკავეს ზურაბ ცეცხლაძე, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა

დღეს, 24 ოქტომბერს, პოლიციამ დააკავა 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.

ზურაბ ცეცხლაძე დაკავებულია, სავარაუდოდ, „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

დღეს პოლიციამ თბილისში საპროტესტო აქციის მინიმუმ 10 მონაწილე დააკავა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს უერთდებიან.

ზურაბ ცეცხლაძე შვილის, ზვიად ცეცხლაძის დაკავებამდეც და განსაკუთრებით დაკავების შემდეგ, პროევროპული საპროტესტო მოძრაობის აქტიური მონაწილეა სინდისის პატიმრების სხვა მშობლებთან ერთად.

21 ოქტომბერს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დაფიონმა“, რომლის დამფუძნებელია სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე, გაავრცელა წერილი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ზვიად ცეცხლაძეს ციხეში გაუგზავნა. ჰერჩინსკის წერილი იყო პასუხი ზვიად ცეცხლაძის მიმართვაზე, რომელიც პატიმრობაში მყოფმა სტუდენტმა ჯერ კიდევ აგვისტოში გაუგზავნა ევროკავშირის ელჩს გლდანის ციხიდან. ამ წერილით ზვიად ცეცხლაძე ჰერჩინსკის სთხოვდა, დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, რათა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ გაეუქმებინათ.

ინფორმაციის გავრცელებას ევროკავშირის ელჩის წერილის შესახებ „ოცნების“ ლიდერების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. „ოცნებამ“ „ტერორისტი“ უწოდა 20 წლის სტუდენტს, რომელსაც „ოცნების“ სასამართლომ 2,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რამაც საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა გამოიწვია.

ამავე თემაზე: 

„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე

14 წლამდე გერთან და ნათესავთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისთვის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე დადგენილია, რომ ლ.ხ-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა სტუმრად მყოფი, 14 წლის ასაკს მიუღწეველი ნათესავის მიმართაც.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, სადაც ლ.ხ. მის მიერ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ინახავდა“ – წერს პროკურატურა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლის მეორე ნაწილით და 11 პრიმა 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10- 15 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით 26 და 27 ოქტომბერს [კვირას და ორშაბათს] აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად წვიმიანი ამინდი.

 

Exit mobile version