„ოცნების“ მთავრობამ, ირაკლი კობახიძის განცხადების მიუხედავად, რომ „უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა“, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კერძო კომპანიას სწორედ პირდაპირი წესით მიჰყიდა.
საუბარია განმუხურში, ზღვისპირას, 14 686 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე 16 289 კვადრატულ მეტრ მშენებარე შენობაზე, რომელიც პირდაპირი წესით და პირობებით ამჯერად 950 ათას ლარად მიჰყიდეს შპს „ლაზიკა რეზიდენსს“.
ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის დასრულებაზე „ოცნების“ პრემიერმა 2025 წლის 27 ივნისს განაცხადა. კობახიძის ამ განცხადების მიუხედავად, ეს „პრაქტიკა“ მაინც გაგრძელდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთ კერძო კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით თბილისში 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადასცეს.
ამ თემაზე ვრცლად: „პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა
ამის შემდეგ ათამდე განკარგულება გამოიცა სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით გაყიდვაზე. მათ შორის: 500 კვ.მ მიწა მიჰყიდეს 1 ლარად საპატრიარქოს ბახმაროში; რვა ერთეული ნაკვეთი [სათიბი] მიჰყიდეს მარნეულში ფიზიკურ პირს, რომლის ვინაობაც განკარგულებაში დამალულია; 118 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესი მიჰყიდეს კომპანიას თბილისში და სხვ.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლაზიკა რეზიდენსისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და შპს „ლაზიკა რეზიდენსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ განკარგულებას კი, ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 23 ოქტომბერს მოაწერა.
პირდაპირი წესით სახელმწიფო ქონების გაყიდვა, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა განმუხურის შემთხვევაში 2011 წელს პირდაპირი წესით ერთხელ უკვე გაყიდული ქონება „ოცნების მთავრობამ“ ისევ იმ კომპანიას მიჰყიდა პირობებით, რომელმაც ადრე აღებული ვალდებულებები თავის დროზე არ შეასრულა.
საქმე იმაშია, რომ პირობის დამრღვევმა კომპანია შპს „განმუხურის სასტუმრომ“ უბრალოდ სახელწოდება შეიცვალა და დღეს ის არის შპს „ლაზიკა რეზიდენსი“.

განმუხური, „განმუხურის სასტუმროს“ მიერ დაწყებული მშენებლობა, რომელსაც ეს კომპანია ახალი „ლაზიკა რეზიდენსის“ სახელით გააგრძელებს / ფოტო „ბათუმელები“, 2023 წელი
- რა ხდება?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განმუხურში, მეგობრობის ხეივანი №1-ში მდებარე 14686.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 [მშენებარე], საერთო ფართით – 16289.69 კვ/მ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საპრივატიზებო თანხის – 950 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლაზიკა რეზიდენსს“ – აღნიშნულია 23 ოქტომბრის განკარგულებაში.
ამ განკარგულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების მიხედვით:
- ზემოთ აღნიშნული თანხა „ლაზიკა რეზიდენსმა“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში კი, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 212 ნომრის მქონე სასტუმროს მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება.
- ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში 24 871 ლარი კომპენსაცია უნდა გადაიხადოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.
ამავე განკარგულებით, შპს „ლაზიკა რეზიდენსი“ გათავისუფლდა „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ლაზიკა რეზიდენსს“ [ყოფილი: შპს განმუხურის სასტუმრო“] შორის 2011 წლის 27 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარკვეული ვალდებულების შეუსრულებლობის, ასევე სხვა ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან“, ოღონდ იმ პირობით, რომ შპს „ლაზიკა რეზიდენსი“ ამჯერად შეასრულებს იმ საპრივატიზებო პირობებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული 2025 წლის 23 ოქტომბრის განკარგულებით არის განსაზღვრული.

განმუხური. ადგილი, სადაც შპს „განმუხურის სასტუმრომ“ სასტუმროს მშენებლობა დაიწყო და ვერ დაასრულა / ასევე ამ სასტუმროს რენდერი
2025 წლის განკარგულებით ირკვევა ასევე, რომ თავის დროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „განმუხურის სასტუმროს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 მაისის განკარგულებით გადაეცა. 2011 წლის განკარგულებაში 2019 წელს შესულა ცვლილებები, რითაც კომპანიას განსხვავებული პირობები დაუდგინეს.
2021 წლის სექტემბერში კი, გარკვეული დარღვევები ახალი პირობებით აპატიეს, თუმცა, პირგასამტეხლო „ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო“ მაინც დააკისრეს. სწორედ ეს პირგასამტეხლო აპატიეს „ლაზიკა რეზიდენსს“ უკვე 2025 წლის ოქტომბრის განკარგულებით განსაზღვრული ახალი პირობების შესრულების სანაცვლოდ [2011-19-21 წლების დოკუმენტები „ბათუმელებს“ ამ ეტაპზე არ აქვს, შესაბამისად, დეტალურად ძველ პირობებსა და ცვლილებებს ამ ეტაპზე ვერ განვიხილავთ].
- კომპანიის რეგისტრაცია და სახელის ცვლილება
შპს „განმუხურის სასტუმრო“ ზუგდიდში 2011 წლის მაისში დარეგისტრირდა და მისი მესაკუთრე და დირექტორი მიხეილ ჩიქოვანი იყო.
2012 წელს, საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ კომპანიის დირექტორი თეიმურაზ ჩიქოვანია, ხოლო მესაკუთრე – ბესიკ ჩიქოვანი.
2019 წლიდან კომპანიის 5 პროცენტი წილის მესაკუთრედ დაფიქსირებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მეჰდი ღოლამიაზნაველე, ხოლო 95 პროცენტის მესაკუთრედ ბესიკ ჩიქოვანი. 2020 წლის იანვრიდან კი ისევ ბესიკ ჩიქოვანია კომპანიის 100 პროცენტის მფლობელი. 2021 წლის ამონაწერში კი მესაკუთრეებად ფიქსირდებიან პაატა გოგოხია [5%] და ბესიკ ჩიქოვანი – ორმაგი მოქალაქე / საქართველო, რუსეთის ფედერაცია [95%].
2024 წლის იანვრიდან „განმუხურის სასტუმროს“ დირექტორია თეიმურაზ ჩიქოვანი, რომელიც ასევე ფლობს კომპანიის 50%-ს. თანამესაკუთრეები არიან ასევე ბესიკ ჩიქოვანი [33,33%] და პაატა გოგოხია [17,17%]. 2024 წლის სექტემბრიდან „განმუხურის სასტუმროს“ შეუცვალეს სახელი და დაარქვეს „ლაზიკა რეზიდენსი“ [მეწილეები და დიროქტორი უცვლელი დარჩა].
ამასთან, თეიმურაზ ჩიქოვანმა პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს“, 2020 წელს, 15 000 ლარი შესწირა.
- სახელმწიფო ქონება განმუხურში და მისი მესაკუთრეების ცვლილება
განმუხურის მიწის ნაკვეთს რაც შეეხება, რეესტრის მონაცემებით, 14 699 კვადრატული მეტრი შპს „განმუხურის სასტუმროს“ საკუთრებაში 2011 წელს გადაეცა ვალდებულებებით. კომპანიამ ამ ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო.
2024 წლის ნოემბრის ამონაწერით აღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრე უკვე შპს „ლაზიკა რეზიდენსია“ [ანუ ყოფილი „განბუხურის სასტუმრო“].
2025 წლის ოქტომბერში ამ ნაკვეთთან დაკავშირების საჯარო რეესტრს სახელმწიფომ მიმართა და რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. საჯარო რეესტმა დააკმაყოფილა მოთხოვნა და 13 ოქტომბრის ამონაწერით ნაკვეთის მესაკუთრედ „ლაზიკა რეზიდენსის“ ნაცვლად უკვე ისევ სახელმწიფოა.
სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნებულ ნაკვეთზე სახელმწიფომ რეესტრს საკადასტრო გეგმა მოსთხოვა 16 ოქტომბერს, უკვე 23 ოქტომბერს კი „ოცნების“ პრემიერის მიერ ხელმოწერილი ახალი განკარგულებით ნაკვეთი და მშენებერე ნაგებობა ისევ შპს „ლაზიკა რეზიდენსს“ მიჰყიდეს პირდაპირი წესით.
დღეს, 30 ოქტომბერს, საჯარო რეესტრს, განცხადებით მიმართა „ლაზიკა რეზიდენსმა“ სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით და გადაიხადა 364 ლარი. საჯარო რეესტმა დღესვე გასცა ამონაწერი, რომლითაც განმუხურის ნაკვეთის მესაკუთრე ისევ „ლაზიკა რეზიდენსია“, თუმცა მას აქვს ვალდებულებებიც:

წყარო: საჯარო რეესტრი

განმუხური. მოწითალო ფერით მონიშნულია ტერიტორია, რომელიც პირდაპირი წესით ერთიდაიგივე კომპანიას მეორედ მიჰყიდეს
განმუხურთან დაკავშირებით მთავრობამ განკარგულება 2024 წელშიც გამოსცა, რომლითაც ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბლექ სი რივიერას“ ნაკისრი ვალდებულებისგან ათავისუფლებდა იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ქვეყნის ბიუჯეტში 500 ათას ლარს გადაიხდიდა.
საუბარია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს, მისივე ინფორმაციით, ჯამურად, 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა [ეს ტერიტორია „ლაზიკა რეზიდენსის“ ტერიტორიიდან დაახლოებით 1,1 კილომეტრითაა დაშორებული].
ამ თემაზე ვრცლად:
ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება





