მთავარი,სიახლეები

2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან ახალი წლის აღსანიშნად

17.12.2024
2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან ახალი წლის აღსანიშნად

ბათუმში ქუჩების საახალწლო ილუმინაციებით მორთვა უკვე მიმდინარეობს, თუმცა მთავარი ნაძვის ხის აწყობა ჯერ არ დაუწყიათ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო ღონისძიებების გამართვას მერია წელსაც ევროპის მოედანზე გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მახლობლად, სადაც მოქალაქეები 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.

მოქალაქეები საჯარო ჯგუფებში უკვე წერენ, რომ ახალ წელსაც ერთად, საპროტესტო აქციებზე შეხვდებიან.

საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა მოწყობილობის მონტაჟის მომსახურება ბათუმის მერიამ 2024 წლის ნოემბერში შეისყიდა. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა 1 მილიონ 799 ათას 850 ლარით გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაში იგივე ფასი დააფიქსირა – ერთი ლარიც არ დაუკლია.

გამარჯვებული ისევ „აჭარგანათებაა“ და ისევ უკონკურენტოდ მოიგო ტენდერი.

სამონტაჟო სამუშაოები ბათუმში უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. ტრადიციულად სწორედ 25 დეკემბერს ანთებს ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხეს ბათუმში.

ბათუმის მერიას ასევე ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების შესყიდვის მიზნით. ორივე შესყიდვის ბიუჯეტი 400 ათასზე მეტი ლარია. შესყიდვა ითვალისწინებს ლედ ეკრანით, პიროტექნიკით, კარვებით, სცენის გარე გამათბობლებით, ბრჭყვიალა ქაღალდის სასროლი და სხვა მოწყობილობებით მომსახურებას.

ტექნიკური დოკუმენტების მიხედვით, მერია საახალწლო ღონისძიებების დღეებში ბიოტუალეტების მოწყობასაც გეგმავს.

ამ დროის მონაცემებით ორივე ტენდერში შპს „მიქს-სტუდიო“ მონაწილეობს, თუმცა ჯერ საბოლოო გამარჯვებული არ არის და არც ხელშეკრულებებია გაფორმებული.

ჯერჯერობით ასევე უცნობია ვის მოიწვევენ საახალწლო კონცერტებისთვის ბათუმში და დაახლოებით რამდენი ლარი დაიხარჯება ჰონორარებისთვის.  გასულ წელს საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მომსახურება ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდა.

ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე კი ბათუმის მერიამ 2022 წელს 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

_____________

ფოტო 2022 წლის არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: