ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის

07.11.2022
ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხეს 968 387 ლარად იყიდის. ნაძვის ხის შესყიდვაზე ხელშეკრულება კი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „აჭარგანეთებასთან“ 2022 წლის 4 ნოემბერს გააფორმა.

ნაძვის ხის შესყიდვა ტენდერის გარეშე სამმართველომ გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა და მას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც დაეთანხმა.

შესყიდვის ღირებულებად მერიის სამმართველოს მაშინ მითითებული ჰქონდა 865 795 ლარი, თუმცა იყო შენიშვნაც, რომ ნაძვის ხეში გადაიხდიდნენ 306 042,78 ევროს ეკვივალენტს ლარში – შესყიდვის დღისთვის ეროვნილი ბანკის კურსით, დღგ-ს გარეშე.

„აჭარგანათებასთან“ 968 387 ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში კი აღნიშნულია, რომ „ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს“.

საახალწლო ნაძვის ხის სპეციფიკაცია – ფოტო ხელშეკრულების დანართიდან

ხელშეკრულების მიხედვით, საახალწლო ნაძვის ხე 25 მეტრი სიმაღლის იქნება და ის მერიის სამმართველოს „აჭარგანათებამ“ 2022 წლის 24 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.

შპს „აჭარგანათება“ ქალაქის გარეგანათებასთან თუ გაფორმებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ მერიის ტენდერებს ბოლო რამდენიმე წელია იგებს.

„აჭარგანათებასთან“ , როგორც ტენდერში გამარჯვებულთან, მერიის სამმართველომ რამდენიმე თვის წინ ხელშეკრულება 28 963 287 ლარზეც გააფორმა.

ტენდერის მიხედვით, „აჭარგანათებამ“ 2026 წლამდე ქალაქის განათების სისტემა Led სანათებით უნდა შეცვალოს. ასევე, ევალება განათების წერტების მოვლა-განახლება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით კი, ამ შემთხვევაში მერიას სატენდერო პირობები „აჭარგანათებაზე“ ჰქონდა მორგებული, რაც კორუფციის რისკებს შეიცავს:

რაც შეეხება ნაძვის ხეს, ბათუმის მერიამ მის შესარჩევად მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა და მოქალაქეებს 4 ესკიზი შესთავაზა.

„ბათუმელებმა“ მერიის სამმართველოსგან სექტემბერში მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიისგან უნდა შეესყიდათ ნაძვის ხე. მაშინ სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოგვეთხოვა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/435873/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: