ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძულისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ჭოროხიდან ხრეშის ამოღებას კიდევ მინიმუმ ერთი წელი გააგრძელებს. „ოცნების“ მთავრობამ კომპანია ამჯერადაც გაათავისუფლა ლიცენზიისგან და კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღების უფლება მისცა. 1 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშში კი მხოლოდ 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის. „ამბასადორი“ მთავრობის ნებართვით ხრეშს ულიცენზიოდ ჭოროხიდან აქამდეც იღებდა.
სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის მშენებლობისთვის ამოღება არ შეიძლება და ეს მასალა მთლიანად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს. ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად და ხელოვნური კვებით პლაჟის შესანარჩუნებლად, ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა და მომავალშიც უნდა დაიხარჯოს.
სამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურებში ისიც კარგად იციან, რომ ბათუმის სანაპირო ზოლის ზღვისგან დასაცავად ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია.
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით… ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 535 800 მ3 სასარგებლო წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის და ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე, მდ. ჭოროხის ჭალა-კალაპოტში“, – წერია „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ამ განკარგულებით, „ამბასადორი“ ქვიშა-ხრეშს მდინარე ჭოროხის ჭალა-კალაპოტში სამ უბანზე, ჯამში 35,7 ჰექტარ ფართობზე ამოიღებს.

ექსკავატორი ჭოროხის კალაპოტში / 31.10.2025
განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლიცენზიისგან გათავისუფლებული „ამბასადორი“ ვალდებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული პირობები შეასრულოს, ხოლო მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ კუნძულის/ნახევარკუნძულების მშენებლობისთვის.
ასევე, „ამბასადორმა“ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 698 870 ლარის გადახდა“, – წერია განკარგულებაში.
კობახიძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ბოლო პუნქტად წერია, რომ „ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 ოქტომბრის №1543 და 2024 წლის 30 დეკემბრის №1930 განკარგულებები.“

მთავრობის 2025 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებიდან.
ამ შემთხვევაში საინტერესო ისაა, რომ ძალადაკარგული განკარგულებებიდან ერთი [N1930] ისევ „ამბასადორის“ ლიცენზიისგან გათავისუფლებას ეხება. ამ განკარგულებით, რაზეც მაშინ „ბათუმელებიც“ წერდა, კომპანიას 371 100 კუბური მეტრი ხრეშის ამოღების უფლება მისცეს.
რაც შეეხება 2024 წლის 24 ოქტომბრის №1543 განკარგულებას, ის საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ამ დრომდე არ არის.

2024 წელს მთავრობას N1543 განკარგულება გამოქვეყნებული არ აქვს
ირაკლი კობახიძის განცხადებების მიუხედავად, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებენ, „ბათუმელების“ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ მთავრობამ მარტო 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 2025 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, ჯამში, 61 განკარგულება დამალა – ისინი მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის ატვირთული [არაერთი განკარგულება დამალა „ოცნების“ მთავრობამ კობახიძის პრემიერობის დროს, 2024 წლის 23 ოქტომბრამდეც].
ამ თემაზე ვრცლად: კობახიძემ 61 განკარგულება დამალა ბოლო 1 წელში
თუ გასული წლის N1543 განკარგულებაც „ამბასადორის“ ლიცენზიისგან გათავისუფლებას და მისთვის ხრეშის მოპოვების ნებართვას ეხებოდა. გამოდის, რომ მთავრობამ დამალა რა ოდენობის ქვიშა-ხრეშის ამოღების უფლება მისცა კომპანიას, ამასთან, რამდენი და რისთვის იქნა ამოღებული.
ჭოროხის კალაპოტიდან ხრეშის ამოღებით საფრთხე ექმნება არა მხოლოდ ბათუმის სანაპიროს, არამედ უშუალოდ ჭოროხის დელტას [სადაც „ოცნებამ“ დიდი არაბული ინვესტიციაც დააანონსა]. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც 2021 წელს მომზადდა, თუმცა მის რეალიზებას ხელისუფლება არ ჩქარობს [ან არც აპირებს]. ეს დოკუმენტი კი – „ჭოროხის დელტის ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმა“ – სახელმწიფოს დაკვეთით შემუშავდა.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი/ჭოროხის დელტა/ბათუმი / 31.10.2025
„… გაირკვა, რომ ჭოროხის დელტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე ზღვის მიერ სანაპირო ზოლის ეროზიაა [ტერიტორიის მიტაცება ზღვის მიერ] რომლის გამოც, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჭოროხის დელტის ფიზიკურ არსებობასაც შეექმნას საფრთხე. ამიტომ მნიშვნელოვანია გატარდეს ნაპირსამაგრი ღონისძიებები [შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით], რათა შეუქცევადი პროცესი შერბილდეს.
გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდინარე ჭოროხიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი სამუშაოების აკრძალვა, რადგან ისედაც შემცირებული ნატანის ფონზე, მაქსიმალურად უნდა მოხდეს არსებული ნატანი მასის ზღვაში ჩადინების უზრუნველყოფა“, – წერია 4 წლის წინ მომზადებულ დოკუმენტში.
ვრცლად ამ თემაზე:
ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი





