ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა „ქართული ოცნების“ მთავრობას პირდაპირ თვითგამოცხადებულს უწოდებს. რეზოლუციის საპასუხოდ დღეს, პირველ ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში“.
რა ეტაპზე გადადის ევროკავშირის ურთიერთობა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან?
„იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვფიქრობდეთ, რა გავაკეთოთ მეტი ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, რა ახალი მექანიზმები ან ფორმატები შევქმნათ და მეტი ნაბიჯი გადავდგათ, პირიქით უკვე არსებული მექანიზმების ბოიკოტირება ხდება,“ – ამბობს საგარეო საკითხების მკვლევარი ნიკოლოზ ხატიაშვილი.
„ბათუმელებმა“ ნიკოლოზ ხატიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ჯეოქეისის“ საგარეო და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარია, ყოფილი დიპლომატი.
- ბატონო ნიკოლოზ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი თქვენთვის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ახალ რეზოლუციაში? რეზოლუციაში ევრონესტი „ქართული ოცნების“ მთავრობას „თვითგამოცხადებულს“ უწოდებს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესში. ეს პლატფორმა დაფუძნებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და უკვე 14 წლის განმავლობაში ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში მუდმივად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
ბევრი საკითხია ასახული ამ რეზოლუციაში: ძირითადი პრობლემები, რაც ქვეყანაში არსებობს და ეს უკავშირდება, როგორც პოლიტპატიმრებს, ისე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პრობლემას, ავტორიტარული ტიპის, არადემოკრატიულ კანონმდებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმის ანარეკლია, რაც ქვეყანაში ხდება.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ეს გამოსწორდეს. ლოგიკურია, რომ ევროკავშირი კონკრეტულ დავალებებს გვაძლევს, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ სიტუაცია პირიქით არის: „ოცნება“ ამას არათუ ასრულებს, ისეთ კანონებს იღებს და ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც უკან ხევს ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.
- ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ფორმით ცდილობს დაგვაშოროს ევროპას. „ოცნების“ დასავლეთიდან იზოლაციის მოცემულობაში, არსებითად რას ცვლის ასეთი მწვავე და კრიტიკული რეზოლუცია?
როდესაც შენ ხარ საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა და გაქვს ამბიცია, გახდე ევროკავშირის წევრი, თავი დაიმკვიდრო საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, გახდე მნიშვნელოვანი მოთამაშე დასავლურ სამყაროში, მაგრამ ამ დროს დგამ ნაბიჯებს, რომელიც შენ გაზიანებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია. აქ არ არის მარტო ევრონესტზე საუბარი. არსებობს სხვა საპარლამენტო ასამბლეები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ კრიტიკული ანგარიშები მოამზადეს საქართველოს შესახებ.
ამ დროს „ოცნება“ კრიტიკის მოსმენის ნაცვლად, საუბრობს ბოიკოტირებაზე. ცხადია, ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენს სამომავლო სტრატეგიულ გეგმებს.
ევრონესტი, ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებაში. ევრონესტი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რომელიც გვეხმარება ევროკავშირთან ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან საყურადღებოა ყველა ის რეკომენდაცია, თუ განცხადება, რასაც აკეთებს ევრონესტი.
ამ შემთხვევაშიც ევრონესტმა მოახდინა იმ პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც ქვეყანაშია და რეალურად, რაც არის დაბრკოლება ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.
იმის მაგივრად, რომ ვფიქრობდეთ, რა გავაკეთოთ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, რა ახალი მექანიზმები ან ფორმატები შევქმნათ და მეტი ნაბიჯი გადავდგათ, პირიქით უკვე არსებული მექანიზმების ბოიკოტირება ხდება. ეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი გადაწყვეტილება იქნება, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ინტეგრაციულ პროცესზე.
- ამავე რეზოლუციაში, მაგალითად, საუბარია უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საქართველოში მიზნობრივი ჯგუფისთვის, რომელიც ამყარებს ავტორიტარიზმს. უნდა ველოდეთ უვიზოს გაუქმებას ივანიშვილის დაჯგუფებისთვის და არა ქვეყნისთვის?
ძალიან მნიშვნელოვანია გაფართოების ანგარიში, რაზეც იქნება დამოკიდებული ევროკავშირის გადაწყვეტილება. უკვე მოვისმინეთ კალასის [ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი] განცხადება, რომ რამდენიმე ვარიანტი განიხილება საქართველოს კონტექსტში.
ასევე, ევროკავშირი გაითვალისწინებს იმ რეზოლუციებსაც, რომელიც მიღებული იქნა ბოლო თვეების განმავლობაში, მათ შორის ევროპარლამენტის და ევრონესტის რეზოლუციებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილება. არ უნდა გამოირიცხოს უვიზოს შეჩერებაც, თუმცა შესაძლებელია სხვა მექანიზმები ამოქმედდეს. უნდა დაველოდოთ მოვლენებს.
- რეზოლუციაში „ოცნების“ მისამართით გამოყენებული ლექსიკა მკაცრია: არჩევნები „გაყალბებულად“ არის შეფასებული, ევრონესტი საუბრობს საქართველოს „თვითგამოცხადებულ მთავრობაზე“. რა ეტაპზე გადადის ევროკავშირის ურთიერთობა „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობასთან? შეიძლება ველოდეთ, მაგალითად, კონკრეტული ევროპული ქვეყნების სანქციებს ივანიშვილის მთავრობისთვის?
რეზოლუციის ტექსტი ნამდვილად ძალიან მძიმეა. უბრალოდ, როდესაც ვსაუბრობთ უშუალოდ საპარლამენტო განზომილებაზე, ის უფრო პოლიტიზებულია და ხშირად გვხდება ხისტი განცხადებები, ვიდრე, ვთქვათ, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების გადაწყვეტილებები.
ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირი კარგად ხედავს საქართველოში არსებულ სიტუაციას, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები და ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა დემოკრატიაზე. იქ საუბარი იყო მზია ამაღლობელზეც, რომლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ასამბლეა…
ამ პირობებში წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჩვენ პროგრესი განვიცადოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. ყველამ იცის, რა ღირებულებებზეა დაფუძნებული ევროკავშირი, როგორც ინსტიტუტი და თუ გინდა ამ გაერთიანების წევრი გახდე, შესაბამისი წესებით უნდა იმოქმედო.
როცა უკრაინაში დაიწყო ომი, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, ანუ დაჩქარდა ეს პროცესი, ჩვენ მივიღეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც. ევროკავშირი მაქსიმალურად ცდილობს დაგვანახოს, რომ მისი კარი ღიაა საქართველოსთვის, რომ ჩვენგან არის საჭირო შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ამ კარში შესვლა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს დამოკიდებულება გახდა ცალმხრივი.
ევროკავშირი მაინც მხარს უჭერს საქართველოს ხალხის არჩევანს და ცდილობს, რაღაც ახალი შანსი შექმნას, ან გადატვირთოს ურთიერთობები, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს.
- ამ რეზოლუციით ხომ არ ჩანს, რომ ევროკავშირი საერთოდ აღარ განიხილავს ურთიერთობას „ოცნებასთან“? „ოცნებამაც“ პასუხი შეუთვალა ევროპას – ასამბლეას ბოიკოტს ვუცხადებთო.
ევრონესტის განცხადება არ არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია. ევრონესტს პერიოდულად ახასიათებს მსგავსი ლექსიკის გამოყენება.
ევროკავშირისგან ჩვენ ჯერ კიდევ ვისმენთ განცხადებებს, რომ, მაგალითად, პოლიტპატიმრებს თუ გაათავისუფლებენ და ანტიდემოკრატიულ კანონებს გაიწვევენ, შესაძლებელია ურთიერთობის აღდგენა. ლეგიტიმაციის კუთხით უშუალოდ ევროკომისიის მხრიდან არ ყოფილა ასეთი პირდაპირი საუბარი.
ბუნებრივია, თუ გაგრძელდება ანტიდემოკრატიული პროცესი, ჩატყდება ეს ხიდი და ევროკომისიაც და სხვა უწყებებიც კიდევ უფრო დაამძიმებენ თავიანთ პოზიციას. ამ ეტაპზე ისინი ჯერ კიდევ ტოვებენ გარკვეულ მონაკვეთს, ლავირების საშუალებას იმისთვის, რომ რაღაც სასიკეთო მოხდეს.
თუმცა, როცა არც პოლიტპატიმრებს ათავისუფლებ, კიდევ უფრო არადემოკრატიულ კანონებს იღებ, უკვე ძალიან საგანგაშო ტენდენციაა.
ევროკავშირი კარგად ხედავს ქართველი ხალხის ნებას. ევროკავშირში გაწევრიანება არ არის კონკრეტული მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის ქართველი ხალხის ნება, რომელიც ისტორიულ ხასიათს ატარებს. საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 80% მომხრეა ევროკავშირში ინტეგრაციის, თუმცა ჩვენი ევროპული გზა საუკუნეებს ითვლის. ეს არის ჩვენი ენდემური და ბუნებრივი მდგომარეობა.
ევროკავშირში რაც ხდება, ყოველთვის არის ხალხის ნებაზე დამოკიდებული. შესაბამისად, ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან. ვფიქრობ, ეს მიდგომა გაგრძელდება შემდგომ პერიოდზეც – ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები კაია კალასისგან, იგივე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისგან საქართველოში, ევროკავშირის ელჩისგან, რომ ეს პროცესი გრძელდება და ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოს საზოგადოებას და ქართველ ხალხს.






