სიახლეები

„სიმბოლურად აჭედილია თქვენი კარი, ბატონო დირექტორო“ – დასი ნუკრი ქანთარიას წინააღმდეგ

20.09.2025
„სიმბოლურად აჭედილია თქვენი კარი, ბატონო დირექტორო“ – დასი ნუკრი ქანთარიას წინააღმდეგ

„ლენტს აწერია „წადი“. ეს არის დასის უმრავლესობის დამოკიდებულება, თუმცა სიმბოლური – მართლა ხომ არ ავჭედავთ კარს“, – ამბობს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მაია ცეცხლაძე, რომელმაც დირექტორის, ნუკრი ქანთარიას კაბინეტს წებოვანი ლენტი გააკრა.

დაპირების მიუხედავად ნუკრი ქანთარია დასს არ ხვდება აჭარის არალეგიტიმურ კულტურის მინისტრ, ელისო ბოლქვაძესთან ერთად. ამ ფორმატის შეხვედრა 22 სექტემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა მსახიობების თქმით, ქანთარიამ მათ უკვე შემოუთვალა, შეხვედრაზე მოსვლას აღარ ვაპირებო.

„…რაც უფრო დრო გადის და იწელება ეს პერიოდი, ის [დირექტორი] კიდევ უფრო ებღაუჭება თავის თანამდებობას, კიდევ უფრო დიდი გაღიზიანებაა დასში. ჩვენ, უბრალოდ, გავჩუმდით, იმიტომ, რომ ველოდებოდით 22 სექტემბერს – ელისო ბოლქვაძე უნდა მოსულიყო თეატრში და ნუკრი ქანთარიასთან ერთად გვესაუბრა. დაგვირეკეს, რომ ბატონი ნუკრი არ მოვა ამ შეხვედრაზე, ანუ ის არც სამინისტროს ემორჩილება.

არ ვიცი, ქალბატონი ელისო მოვა, თუ არა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონის მიხედვით, კრება ჩავატაროთ, ხელწერილები გავაკეთოთ და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ.

ეს ლენტი უკვე ჩამოხსნეს, თუმცა როგორც კი, ხელი მიმიწვდება, გავიმეორებ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაია ცეცხლაძემ.

  • ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვს. მსახიობთა თქმით, ამის მიზეზი ის უპატივცემულობაა, რაც თეატრის დირექტორმა, ნუკრი ქანთარიამ მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიჩინა – ნუკრი ქანთარიამ სამძიმარიც კი არ გამოხატა ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ.

მსახიობი და რეჟისორი ოთო ქათამაძე პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი იყო. მას ამის გამო სიცოცხლეში არაერთი პრობლემა შეუქმნეს ისე, როგორც ბათუმის დრამატული თეატრის დასის სხვა მსახიობებს. 42 წლის ოთო ქათამაძე მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ანევრიზმა გაუსკდა. მსახიობის მეგობრები და ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში აგროვებდა ოთო ქათამაძის თურქეთში გადასაყვანად თანხებს. ბოლოს ის გადაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც 24 აგვისტოს ის გარდაიცვალა..

ნუკრი ქანთარია მსახიობებს 2025 წლის 4 სექტემბერს შეხვდა, თუმცა შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ნუკრი ქანთარიამ შეხვედრა დატოვა შეძახილებით: „წადი“. მსახიობების თქმით, ნუკრი ქანთარიამ სამძიმრის თქმის ნაცვლად, შეხვედრა გასტროლებზე საუბრით დაიწყო, რასაც დასის მხრიდან შეკითხვები მოჰყვა. ნუკრი ქანთარიამ პასუხად შეხვედრა დატოვა.

ამის შემდეგ დასი აჭარის არალეგიტიმური კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. მორიგი შეხვედრა კი, 22 სექტემბერს უნდა გამართულიყო ნუკრი ქანთარიასთან ერთად.

პარლამენტის ყოფილი წევრი, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ – ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს 2022 წელს. მისი დირექტორობის პერიოდში არაერთხელ იყო დაპირისპირება მსახიობებსა და მას შორის.

__

ამ თემაზე:

ბათუმის თეატრის მსახიობები დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: