„ქრისტიანი ადამიანი უნდა იღებდეს ხმას უსამართლობასა და ძალადობაზე… ოქსიმორონია ქრისტიანობის ქადაგების მიჩნევა ზნეობრივ დარღვევად. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომელსაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საქმეზე ვესაუბრეთ.
ეს ის სასულიერო პირია, რომელმაც ღიად გააკრიტიკა საპატრიარქო ანტიქრისტიანული პოზიციების გამო – მაგალითად, როცა ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობენ, სასიკვდილოდ იმეტებენ, ამ დროს კი, საპატრიარქო არაფერს ამბობს. არქიმანდრიტი საპატრიარქომ დასაჯა და ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.
„სავარაუდოდ, საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ დოროთეს ამ გზით შემოეცლება საკუთარი საძმო – გარკვეულ ჯგუფში ის იკავებს ლიდერის პოზიციას,“ – გვიყვება მირიან გამრეკელაშვილი და იხსენებს, ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროს მესმოდა მამა დოროთეს შესახებ, სიმამაცეს ქადაგებდაო:
„დოროთე თავის საძმოში ყოველთვის ასწავლიდა იმას, რომ სიმამაცე და გაბედულება არის საფუძველი ადამიანის სუვერენობისა და, მით უმეტეს, მღვდლის, რომლის მთავარი იარაღიც არის სიტყვა, ხომ? თუ სიტყვის თქმას ვერ ბედავ, მაშინ შენი მღვდლობაც ფორმალობაა. ამას ამბობს მამა დოროთეს საძმოც, ახალგაზრდა მღვდლები და ისინი სრულიად მართლები არიან. ამიტომაც, საპატრიარქო ცდილობს, დოროთეს ეს საძმო შემოაცალოს,“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.
რასთან გვაქვს საქმე, როცა საპატრიარქო პრაქტიკულად ქრისტიანობის ქადაგებას სჯის? – „ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო მირიან, რა გამოჩნდა თქვენთვის არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საქმით? იგი ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლეს და გაამწესეს სამების ლავრაში.
საეპარქიო კომისია წმინდა წყლის ფორმალობაა – ეს გამოჩნდა უპირველესად. რეალურად კომისიამ გაიმეორა ფორმალური სასჯელი, რომელსაც თავის დროზე პატრიარქი ილია მეორე იყენებდა ხშირად – ადამიანების გადაყვანა, ასე ვთქვათ, ავთენტური ადგილიდან სამების საკათედრო ტაძარში, რომლის ფორმალურ წინამძღვრადაც ითვლება თავად პატრიარქი.
მაშინ, როდესაც პატრიარქი აქტიური იყო ფიზიკურად, ითვლებოდა, რომ ურჩ სასულიერო პირებს ის მეტ ყურადღებას მიაქცევდა. ეს იყო რაღაცნაირი მამობრივი სასჯელის ფორმა. ეს გაიმეორა მეუფე შიომ, რათა გამოჩენილიყო მაქსიმალურად, როგორც პატრიარქისებრი სასჯელი.
არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, სხვათა შორის, დასვა კანონიკური საკითხიც: თუ მას დასჯიან, ვინ იქნება ამ სასჯელის ავტორი? პატრიარქი თუ მოსაყდრე, რომელიც მხოლოდ ფორმალურად, დროებით არის ამ თანამდებობაზე? ამის საპასუხოდ მას მისცეს ისეთი სასჯელი, რომ თითქოს აი, ეს გააკეთა პატრიარქმა.
- დოროთე ყურაშვილი ამბობდა წუხანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ანდრია ჯაღმაიძეს ეკლესიიდან ჩემი განკვეთა სურდა, პატრიარქმა დაიცვა ჩემი მღვდლობაო.
რომ არ დავეთანხმოთ, არ შეიძლება. მხოლოდ მოსაყდრის და მამა ანდრია ჯაღმაიძის გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, აუცილებლად განკვეთდნენ. შესაძლოა, პატრიარქს ჰკითხეს აზრი იმ მომენტში. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც პატრიარქის ცოცხალი მეხსიერების ჯაჭვს წარმოადგენენ: ახსოვთ პატრიარქი, რომელ სიტუაციაში რას მოიქმედებდა. მაგალითად, მიქაელ ბოტკოველს შეეძლო ეთქვა, პატრიარქი რას მოიმოქმედებდა, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში იყო რეფერენტი და აფორმებდა პატრიარქის გადაწყვეტილებებს. შეიძლება, უთხრეს მეუფე შიოს, რომ თუ მივა ეს ამბავი პატრიარქის ყურამდე, რა იქნება კარგი.
მამა დოროთეს ამბავმა კიდევ რაც გამოაჩინა არის ის, რომ პატრიარქის ეპოქა დაგვრჩება სანატრელი.
- თქვენი აზრით, რატომ არჩიეს ანდრია ჯაღმაიძემ და თანამოსაყდრე შიომ მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რაც პატრიარქისეული იქნებოდა?
იმიტომ, რომ მამა დოროთეს არაფერი ისეთი არ უთქვამს, რის გამოც, მაგალითად, მისთვის საეკლესიო სასჯელის დადება შეიძლებოდა. მკაცრი სასჯელი იქნებოდა სრულიად უსაფუძვლოდ დასჯა. გადაწყვეტილებაში რაღაც ფრაზები არის ამოკრეფილი, მაგრამ დოროთეს მთავარი გზავნილი რა იყო? – არ სცემოთ ჩვენს მრევლს. ყველამ ვნახეთ, როგორ სცემენ ადამიანებს აქციაზე, აჯარიმებენ, უმოწყალოდ ექცევიან. ამას ეწინააღმდეგება მამა დოროთე. ის არ უმხელიათ სხვა არაფერში.
- „იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები“ – ასეთი ჩანაწერია მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში.
ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მამა დოროთემ თავიდანვე განაცხადა: ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ზნეობრივ გადაცდომას, მაგალითად, წამალდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი, ან რამე მსგავსს, ადგილი არ ჰქონია. მამა დოროთეს ერთადერთ ზნეობრივ გადაცდომად ჩაუთვალეს ის, რომ მან თქვა ეკლესიას გაუხარდა მსხვერპლიო და რადგან „ეკლესია“ ახსენა და არა „საპატრიარქო“ – ეს ჩაუთვალეს კანონიკური ფორმალობის დარღვევად.
- დოროთე ყურაშვილს ასევე ჩაუთვალეს დარღვევად ფრაზა: „მე ვწმენდ ეკლესიას სინდისს და ნამუსს, მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამუსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც“.
ამ ფრაზის გამო დავაჯილდოებდი, პირიქით – ახმოვანებს იმ კრიზისსა და პრობლემებს, რაც ეკლესიაშია და ახმოვანებს ქრისტიანობას, როგორც უნდა იქცეოდეს ქრისტიანი რეალურად: ქრისტიანი ადამიანი უნდა იღებდეს ხმას უსამართლობასა და ძალადობაზე.
ამ ფრაზის დარღვევად მიჩნევა არის აბსურდი, ოქსიმორონია ქრისტიანობის ქადაგების მიჩნევა ზნეობრივ დარღვევად. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება, მაგრამ სხვა რა გზა დარჩენიათ?
- რასთან გვაქვს საქმე, როცა რეალურად ქრისტიანობაზე არქიმანდრიტის ქადაგებას საპატრიარქო მიიჩნევს ზნეობრივ დარღვევად?
საპატრიარქო არის იმ ეტაპზე, რომელიც რაღაცნაირად წამოიწყო მეუფე შიოს ადმინისტრაციამ. ეს არის ეკლესიის სრული, ტოტალური დაქვემდებარება სახელმწიფო აპარატზე.
- თავად დოროთე ყურაშვილი ამბობდა: „მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი, ეს არის მათი დავალება“.
შემიძლია, მხოლოდ დავეთანხმო მამა დოროთეს.
რუსეთმა თანამოსაყდრის პოზიციაზე დასვა მისთვის სასურველი კადრი. ასეთი რამ მოხდა: ჯერ იყო კომისია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკლესიის მისიათა რეგულაციის, სადაც მონაწილეობდა მეუფე ისაია ჭანტურია. რუსებმა უთხრეს საქართველოს საპატრიარქოს, რომ ისაია ჭანტურია გაიყვანეთ და დანიშნეთ მეუფე შიო მუჯირიო, რაც ამათ შეასრულეს.
შემდეგ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა ილარიონ ალფეევი, არ ვიცი, მას რა უთხრეს იმ დღეს ჩაის სმის დროს, თუმცა ფაქტია, რომ ამის შემდეგ პატრიარქმა განაცხადა, რომ ჩემი მოსაყდრე დღეიდან არის შიო მუჯირიო. მაშინ საქმე ეხებოდა საქართველოს ეკლესიის მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს კრეტის საერთო, წმინდა და დიდ კრებაზე…
სავარაუდოდ რუსეთის ეკლესიამ არა მხოლოდ პიროვნება დასვა რაღაც პოზიციაზე, რომელიც მას სურდა, არამედ მოახდინა იდეების ტრანსფერი. ეს მოიცავს გარკვეული ტიპის თვითაღქმის დამკვიდრებას: საქართველოს ეკლესიას – განსხვავებით რუსეთის ეკლესიისაგან – საკუთარი თავი ესმოდა ყოველთვის, როგორც სუვერენული ორგანიზმი: პოლიტიკური თეოლოგიის შიგნით არსებობს გარკვეული მოძღვრება, რომელსაც ეძახიან ინტეგრალიზმს. ამ წარმოდგენის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფო გახდება არაქრისტიანული და დაუპირისპირდება ქრისტიანულ ეკლესიას, ქრისტიანულ ეკლესიას შეუძლია სცადოს სახელმწიფოს ჩანაცვლება სრული სისავსით.
მსგავსი რამ საქართველოს ეკლესიასაც ჰქონდა – მელქისედეკ პირველი იყო პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც დაამკვიდრა საქართველოში ეს მოსაზრება. მელქისედეკ პირველიდან მოყოლებული, საქართველოში ეკლესია თანამშრომლობდა ყველა მთავრობასთან, ყველა მეფესთან და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოოდ მას საკუთარი თავი მაინც ესმოდა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც გადამწყვეტ მომენტში მზად არის შევიდეს სახელმწიფოსთან კონფლიქტში.
როცა ეკლესიის მმართველ პოზიციაზე დადგინდა მეუფე შიო, მან მეხსიერების ეს პლასტი შეცვალა და ცდილობს დაამკვიდროს ე.წ. რუსული მოდელი. რა არის ეს რუსული მოდელი? – რუსული მოდელი გახლავთ პეტრე პირველის შემდეგ დამკვიდრებული მოდელი, რომლის მიხედვითაც ეკლესია არის სახელმწიფო აპარატის დანამატი, სახელმწიფოს მსახური.
როდესაც რუსები საქართველოში შემოვიდნენ, ჩვენ ვამბობთ, რომ ავტოკეფალია გაგვიუქმეს, მაგრამ მათ თავადაც არ ჰქონდათ ავტოკეფალია – რუსეთში ეკლესია იმ დროსაც კი, უკვე გადაქცეული იყო სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ინსტიტუტად და ჩვენ უბრალოდ იმ დროისთვის არსებულ მოდელს დაგვაახლოვეს. დღეს რუსეთში პუტინი რასაც იტყვის, იმას მიჰყვება პატრიარქი კირილი, ხომ? თუ პუტინი იტყვის, რომ ომი გვსურს, კირილიც გაამართლებს ომს, თუ ხვალ შერიგდება რუსეთი უკრაინასთან, კირილი დაამტკიცებს, რომ მშვიდობა არის ის, რისთვისაც ისინი იღვწოდნენ.
ეკლესია რუსეთში მხოლოდ სახელმწიფო სისტემის დანამატია. იქ ეკლესიას არც ჰქონია ტრადიცია, რომ რამე შებედოს თვითმპყრობელს, „სამადერჟავიას“. მეუფე შიო სასულიერო პირად ჩამოყალიბდა მოსკოვში, ის ამას უყურებდა მთელი თავისი მოწაფეობის ასაკი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ის მოიხიბლა ამით: ემსახურები სახელმწიფოს, სამაგიეროდ სახელმწიფო გეხმარება, რომ მიაღწიო შენს მიზნებს, გაფინანსებს, დაცული ხარ, ცოტას გაშანტაჟებს, გაშინებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგებული ხარ.
- თქვენი დაკვირვებით, ამ მოდელის დამკვიდრების მცდელობა საქართველოს საპატრიარქოში პერსონალურად თანამოსაყდრე შიოს უკავშირდება და არა თავად საპატრიარქოს, ან რუსეთის გავლენის გაძლიერებას?
ეს არის რუსეთის განზრახვა, რომელიც მათ სცადეს დაემკვიდრებინათ მეუფე შიოს დახმარებით, ანუ „რასაც უფროსი ძმა სთხოვს“.
ამის მიღმა მოხდა „ციანიდის საქმე“, რომელსაც ახლდა ჭორები გარკვეულ ზნეობრივ საკითხებზე, რომელიც საბოლოო ჯამში სამართლებრივად არ დადასტურდა, მაგრამ შეიქმნა გარკვეული ტიპის მითქმა-მოთქმის ბაზა, რომელზეც შემდეგ უკვე ძალიან კარგად დააფუძნა სახელმწიფომ „სუს-ის კრებსების თემა“. სახელმწიფო სისტემამ მოახდინა ეკლესიის, როგორც მორალური ავტორიტეტის სრული დისკრედიტაცია.
- ე.წ. რუსული მოდელი რატომ შეიძლება აწყობდეს საქართველოში მთავრობას, თუ ეკლესია დაკარგავს ავტორიტეტს?
თქვენ აზროვნებთ ქართული სააზროვნო ტრადიციიდან გამომდინარე. ასე მესმის მეც, მაგრამ ამის მიღმა არსებობს რუსული სააზროვნო ტრადიცია, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ფილოსოფია, რომლის მიხედვითაც: სჯობს თუ შენ ხარ თვითმპყრობელი, შენ ირგვლივ მორალური ავტორიტეტები უბრალოდ არ არსებობენ. თუ ისინი იარსებებენ, სულ მოგიწევთ წახვიდეთ გარკვეული ტიპის გარიგებებზე, ან დააშინოთ ისინი, ან მოისყიდოთ. მთავრობას არ სურს შეცვალოს საკუთარი ქმედებები, მაგალითად, აღარ სცემონ, ახალგაზრდებს ქუჩებში და აღარ ჩაიდინონ სისასტიკეები, რასაც სჩადიან ყოველდღიურად.
- ამ ლოგიკით, ხომ არ გამოდის, რომ უკან დაიხია საპატრიარქომ, როცა დოროთე ყურაშვილი არ განკვეთა ეკლესიიდან?
დოროთეს განკვეთა მართლაც სკანდალი იქნებოდა ეკლესიის შიგნითაც, ბოლოს და ბოლოს ეპისკოპოსების რაღაც ნაწილიც ხმას გაიღებდა. განკვეთო ადამიანის იმის გამო, რომ ის ქრისტიანობას ქადაგებს, ეს იქნებოდა – სლენგზე რომ ვთქვათ – სინაგლე, უკმეხობა.
ეს უკვე თვით შიოსაც დააზიანებდა, რომელსაც პირველ პირობაზე აქვს პრეტენზია.
- სამების ლავრაში დოროთეს განმწესება რას ცვლის, მათ შორის, საპატრიარქოსთვის? არქიმანდრიტს ისევ შეეძლება გამოხატოს კრიტიკული პოზიცია.
ლავრაში ძალიან ბევრი ადამიანია. თუნდაც ის მომენტი, რომელიც დოროთეს ჰქონდა ტაძარში – ერთი ამბიონი და ერთი მქადაგებელი, ეს პრინციპი ლავრაში აღარ იქნება.
გარდა ამისა, სავარაუდოდ საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ დოროთეს ამ გზით შემოეცლება საკუთარი საძმო – გარკვეულ ჯგუფში ის იკავებს ლიდერის პოზიციას.
ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროს ვიცოდი მამა დოროთეს შესახებ, რომ წარგზავნეს სამხრეთ საქართველოში, სადაც ის მსახურობდა, მოღვაწეობდა და მონასტრის აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობდა. მისი მთავარი აქცენტი შეეხებოდა ერთ-ერთ ქრისტიანულ სათნოებას, რომელიც ყველამ დაივიწყა ფაქტობრივად – სიმამაცე.
სიმამაცე ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ერთ-ერთია შვიდი სათნოებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს ჭეშმარიტ ქრისტიანს. დოროთე თავის საძმოში ყოველთვის ასწავლიდა იმას, რომ სიმამაცე და გაბედულება არის საფუძველი ადამიანის სუვერენობისა და, მით უმეტეს, მღვდლის, რომლის მთავარი იარაღიც არის სიტყვა, ხომ? თუ სიტყვის თქმას ვერ ბედავ, მაშინ შენი მღვდლობაც ფორმალობაა.
ამას ამბობს მამა დოროთეს საძმოც, ახალგაზრდა მღვდლები და ისინი სრულიად მართლები არიან. ამიტომაც, საპატრიარქო ცდილობს, დოროთეს ეს საძმო შემოაცალოს.
მეორე ვარიანტია ის, რომ სამების საკათედრო ტაძარი არის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ სახელმწიფოს მხრიდან. იქ ვიდეოსათვალთვალო კამერებია ყველგან და ეს განმარტებულია უსაფრთხოებით, მაგრამ როგორც ვიცით, საქართველოში კამერებს მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით არ იყენებენ.
- სუს–ის კრებსებიც ხომ ამას ადასტურებს, რომ უსმენენ ყველას საქართველოში, არამხოლოდ სასულიერო პირებს.
დიახ და ალბათ ფიქრობენ, რომ ჰეტეროდოქსული სასულიერო პირისთვის სამების ლავრაში გადაყვანა სასჯელი თუ არა, მინიმუმ საფრთხეა. შეიძლება, ფიქრობენ, რომ რაღაც გამოჩნდება ისეთი, რის შედეგადაც მას აიძულებენ დადუმებას.
- ეპარქიული კომისიის სხდომის საჯაროობაზეც მინდა გკითხოთ. საპატრიარქომ განმარტა, რომ ჟურნალისტები ვერ დაესწრებიან სხდომას, ეს დაუშვებელიაო. მედიის გარეშე სხდომას დოროთე ყურაშვილი არ დაესწრო. დაირღვეოდა საეკლესიო სამართალი, თუ სხდომა იქნებოდა საჯარო?
საეკლესიო ინსტიტუციას არ აქვს მსგავსი ტრადიცია – საჯარო განხილვები არასოდეს არ ყოფილა, თუმცა იყო კრებები, როცა სახელმწიფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ კრებებს. მხოლოდ ასეთი ტრადიცია არსებობს, რომ გარედან მოწვეული ექსპერტი საკითხის გასარკვევად შეგიძლია დაპატიჟო.
- პატრიარქის ეპოქა დაგვრჩება სანატრელიო, საუბრის დასაწყისში ახსენეთ თქვენ. გამოუვა საპატრიარქოს ამ მოცემულობაში ე.წ. რუსული მოდელის დამკვიდრება?
ვგულისხმობდი საეკლესიო ადმინისტრაციას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას. ამ ურთიერთობაში პატრიარქს, ილია მეორეს ყოველთვის ჰქონდა გარკვეული შარმი, ის გამოდიოდა ქართული სააზროვნო ტრადიციიდან, მაგალითად, არ იყო დესპოტი კაცი სასჯელებთან მიმართებით, ასე თუ ისე, პატივს სცემდა ეკლესიის სუვერენიტეტს, ცდილობდა დაეცვა ეკლესია სახელმწიფოს ტოტალური კონტროლისგან. ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა პერიოდის ადამიანი იყო და იცოდა, როგორ გასულიყო ბეწვის ხიდზე, ანუ, როგორ მიეცა ღვთისთვის საღვთო და კეისრისთვის – კეისრისა.
მეუფე შიო, რომელიც არის მოსაყდრის პოზიციაზე, თუ მას გამოუვიდა საკუთარი თავის ინსტალაცია მომავალ პატრიარქად, ჩათვალეთ, რომ ჩვენ გავხდებით რუსეთის ეკლესიის პატარა ეპარქია. მეუფე შიო ეგზარქოსია თავისი ბუნებით და მისწრაფებებით.
ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ მეუფე შიო გახდება პატრიარქი, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ეკლესია გახდება ისევ საეგზარქოსო, ანუ 110 წლით დავბრუნდებით უკან.






