მთავარი,რეკლამა,სიახლეები

გერმანელი პედაგოგიკის მაგისტრების შემაჯამებელი მოხსენება ევრო-2000-ში სასწავლო პრაქტიკის შესახებ

30.11.2020 • 1454
გერმანელი პედაგოგიკის მაგისტრების შემაჯამებელი მოხსენება ევრო-2000-ში სასწავლო პრაქტიკის შესახებ

დაწყებითი საფეხურის პედაგოგიკის მაგისტრების,

ესთერ გოსისა და კატარინა ვან ვორსტის მოხსენება

„კორონა ვირუსის მიუხედავად, გერმანული ენის სწავლების მიზნით საქართველოში გამგზავრება,-არის კი ეს საერთოდ შესაძლებელი?“ – კითხვა, რომელიც გამგზავრების წინ საკუთარ თავს დავუსვით

ამ კითხვას პასუხი გაეცა მას შემდეგ, რაც ქალბატონ კორდულა შულცთან მოსამზადებელი სემინარის დასრულების და DAAD-ის სტიპენდიის მიღების შემდეგ თვითმფრინავის ბილეთები დავჯავშნეთ, ზურგჩანთები ჩავალაგეთ და საქართველოსკენ გავემგზავრეთ. ჩვენი ექვსკვირიანი უცხოეთის პრაქტიკის გავლის მიზნით, სიხარულით ვეწვიეთ ბათუმის გერმანული ენის დიპლომის პროგრამის (DSD 1/ DSD 2) სკოლას ევრო-2000-ს. ბათუმი სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში და პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. გამგზავრებამდე წინასწარ დავეკონტაქტეთ ქალბატონ ირმა დავითაძეს, რომელიც სკოლა ევრო-2000-ში გერმანული ენის პედაგოგია  და ადგილზე საორგანიზაციო საკითხებზე ზრუნავს. მან იზრუნა არა მხოლოდ მასპინძელ ოჯახებზე, სადაც ჩვენ უნდა გვეცხოვრა, არამედ გერმანული ენის პედაგოგთან, მაია დუმბაძესთან ერთად ხელმძღვანელობასაც გვიწევდა.

ბათუმი დაისის დროს, კატარინა ვან ვორსტი

ბათუმი დაისის დროს, კატარინა ვან ვორსტი

ბათუმში ჩასვლის დღეს ჩვენი მასპინძელი ოჯახები გულითადად გაგვიმასპინძლდნენ ტრადიციული ქართული საჭმელებით. ხაჭაპური-პიცის ფორმის პური ქართული ყველის შიგთავსით, მომდევნო კვირეებში ჩვენს საყვარელ კერძად იქცა.

მომდევნო დღეს შევხვდით სკოლა ევრო-2000-ის დირექციასა და გერმანული ენის პედაგოგებს, რათა ისინი გაგვეცნო და ასევე პრაქტიკის პროგრამის მსვლელობის, გაკვეთილებზე დასწრებისა და მათი ჩატარების შესახებ გვესაუბრა. ამ შეხვედრისას გვაცნობეს, რომ გაკვეთილები პანდემიის პირობებიდან გამომდინარე ძირითადად ონლაინ რეჟიმში წარიმართებოდა. თუმცა გერმანიიდან გამგზავრების წინ ჩვენთვის ეს ინფორმაცია უკვე ცნობილი იყო, მაინც იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია გაუმჯობესდებოდა და ჩვენ მოსწავლეების ნახვა და მათი გაცნობა საკლასო სასწავლო პროცესში შეგვეძლებოდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ სტრუქტურულად ძალიან გამართული ონლაინ-გაკვეთილები, რომელიც ოროშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-დან 14:00 სთ-მდე მიმდინარეობს. მასწავლებლები მობილიზებული და მომზადებული იყვნენ ონლაინ საგაკვეთილო პროცესისთვის, რომლის ორგანიზება ზუმის პლატფორმის მეშვებით ხდებოდა. ისინი გერმანული ენის ეფექტური სწავლებისთვის სხვადასხვა მეთოდურ ხერხებს იყენებენ, სადაც ციფრული მედიების და ონლაინ-თამაშების კომბინირება ხდება. არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ მოსწავლეებიც ორგანიზებულად ერთვებიან ონლაინ-გაკვეთილებში და მოკროფონითა და ვიდეოკამერით მონაწილეობას იღებენ საგაკვეთილო პროცესში. პრაქტიკის განმავლობაში მოგვეცა გაკვეთილებში ჩართვის საშუალება და მეტიც, უფლება მოგვცეს, საკუთარი გაკვეთილებიც მოგვემზადებინა. ამგვარად საშუალო საფეხურის კლასებში მოვამზადეთ და წარვადგინეთ პრეზენტაცია ვესტფალის ვილჰელმის უნივერსიტეტისა და მიუნსტერის სტუდენტური ცხოვრების შესახებ, რომელიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან მათ შეუძლიათ, თავიანთი სასკოლო ცხოვრების ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ უმაღლესი განათლება გერმანიის უნივერსიტეტებში მიიღონ. მეორეს მხრივ, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მიერ მონათხრობი ამბებიდან ბევრი რამ გავიგეთ ახალგაზრდების თვალით დანახული საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.

ლაშქრობა ტრუსოს ხეობაში, ფოტო კატარინა ვან ვორსტი

ლაშქრობა ტრუსოს ხეობაში, ფოტო კატარინა ვან ვორსტი

გაკვეთილების შემდეგ და შაბათ-კვირას ჩვენს თავისუფალ დროს ქვეყნის და ქართული სამზარეულოს უკეთ გაცნობას ვუთმობდით. მგზავრობის დროს ზედმეტი კონტაქტებისთვის თავის არიდების მიზნით ვიქირავეთ მსუბუქი ავტომობილი და გოდერძის უღელტეხილის გავლით გავემგზავრეთ ვარძიაში. ეს არის საოცარი სანახაობა, კლდეში ნაკვეთი ქალაქი. შემდეგ მოვინახულეთ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი პატარა კავკასიის ეროვნულ ნაკრძალში. ლაშქრობისას ჩვენ შევიგრძენით საქართველოს სასწაული და ხელშეუხებელი ბუნება, გაგვაოცა ბუნებაში თავისუფლად მოსიარულე ცხენების, ძროხების, ღორებისა და ძაღლების გაუცხოებულმა მზერამ.

ქართველი ქალები აცხობენ პურს გზის პირას, ფოტო კატარინა ვან ვორსტი

ქართველი ქალები აცხობენ პურს გზის პირას, ფოტო კატარინა ვან ვორსტი

საერთო სუფრაზე, ფოტო ესთერ გოსი.

საერთო სუფრაზე, ფოტო ესთერ გოსი.

ბათუმში ყოფნის ბოლო კვირაში გადავწყვიტეთ, მასპინძელი ოჯახების მიმართ მადლიერების გამოხატვის მიზნით, მათთვის გერმანული კარტოფილის სალათი, ვეგეტარიანული შნიტცელი და ბანანის პური მოგვემზადებინა და ერთად სასიამოვნო საღამო გავატარეთ.

საერთო ჯამში, სკოლა ევრო-2000 -ში ჩვენი პრაქტიკის ფარგლებში გავიგეთ არა მხოლოდ ბევრი რამ გერმანული ენის, როგორც უცხო ენის ონლაინ-სწავლების შესახებ, არამედ უფრო ახლოს გავიცანით საქართველო და მისი კულტურა. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე ქართულმა სტუმართმოყვარეობამ არა მხოლოდ  მასპინძელ ოჯახებში, არამედ მთელ ქვეყანაში. მოგზაურობის დროს  გზადაგზა გვეპატიჟებოდნენ საჭმელზე და ვხდებოდით დახმარებისთვის მზადმყოფ და გულისხმიერ ადამიანებს. ძალიან მადლიერები ვართ დაგროვილი გამოცდილებებით და გვსურს მადლობა გადავიხადოთ საქართველოში გატარებული შესანიშნავი დროისთვის – დიდი მადლობა!

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: