კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 6 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 6 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 4887 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში სულ 58 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5 392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი –836, კოვიდსასტუმროში იმყოფება 1100 პირი. 

გუშინ, 5 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა იყო აღრიცხული.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა. ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა. სოფიო აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. საჯარო სკოლა სამეგრელოში, დაბა ჩხოროწყუში მდებარეობს.

ეროვნული ჯილდოს მფლობელს 10 ათასი ლარი გადაეცემა საჩუქრად.  2020 წლის გამარჯვებული, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2019 წლის გამარჯვებულმა, გიორგი ჭაუჭიძემ დაასახელა.

სხვადასხვა სახის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ ხუთეულში გასული მასწავლებლებიც.

სოფო გოგოხიას გარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხეთეულში იყვნენ პედაგოგები:

  • მარინე ვართუმაშვილი, სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • ანა კინწურაშვილი, კერძო სკოლა „ქორალის“ მათემატიკის მასწავლებელი;
  • ელზა ხარშილაძე, სოფელ ნიგვზარას საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
  • თეონა შერაზადიშვილი, ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაარსდა.  კონკურსი უკვე მეოთხედ ტარდება საქართველოში და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის –The Global Teacher Prize-ის ნაწილია.

შავ ზღვაში რაპანას მასშტაბური კვლევა იწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის რაპანას მასშტაბურ კვლევას იწყებს. ეს რაპანას პირველი კვლევაა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

რაპანა (Rapana venosa) შავ ზღვაში გასული საუკუნის 40-იან წლებში გავრცელდა და დიდი რაოდენობით გამრავლდა. რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. რაპანა მოთხოვნადი პროდუქტია და მისი რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება.

რაპანას კვლევა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუაზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და პროექტის „BlackSea4Fish“-ის ფარგლებში ხორციელდება. კვლევაში, საქართველოსთან ერთად, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა მიიღებენ მონაწილეობას.

ექსპედიცია, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს გონიო-ანაკლიის აკვატორიაში განხორციელდება და ნიმუშებს წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე აიღებენ. აღნიშნული კვლევა თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყოს გამოყენებით განხორციელდება, რომელიც სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გადასცა.

რაპანა შავ ზღვაში იაპონიიდან შემომავალი გემების ბალასტურ წყლებს შემოჰყვა და მისთვის ხელსაყრელ პირობებში გამრავლდა. ბოლო კვლევების მიხედვით, რაპანას რაოდენობამ საქართველოს სანაპირო ზოლზე მოიმატა. სპეციალისტების თქმით, ამაზე რაპანას შემცირებული ზომაც მიუთითებს.

რაპანას საკვებად იყენებენ ძირითადად აღმოსავლეთ აზიაში: იაპონიაში, კორეაში, ტაივანში, ჰონგ-კონგსა და ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში, ასევე დასავლეთის ქვეყნებშიც. თუმცა საქართველოსთვის რაპანა არა მხოლოდ აუთვისებელი რესურსია, არამედ საფრთხეც.

ვრცლად ამ თემაზე: 

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

ენმ-დან ლელომდე – რატომ სურს გენო თებიძეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში გენო თებიძე კმაყოფილია იმით, რომ სააკაშვილის პერიოდის ბათუმის საკრებულოში მუშაობდა. 2012 წლის ნოემბერში, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, გენო თებიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა, თუმცა იგი არც „ოცნებაში“ გადასულა. ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ირწმუნება, რომ საკრებულო დამოუკიდებლად მუშაობდა და არც კორუფციას ჰქონდა ადგილი. თუმცა გენო თებიძე ვერ აკონკრეტებს, რის გამო აირჩია მაშინ მან „ლელო“, როცა ხელახლა მოისურვა მანდატის მოპოვება.

ამჯერად გენო თებიძე „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო გენო, როგორ და რატომ გახდით „ლელოს“ წევრი? 

დაახლოებით 2012 წლიდან ჩამოშორებული ვიყავი პოლიტიკურ საქმიანობას… შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა კი დამანახა, რომ ვალდებული ვიყავი ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მე ვიყავი დავით უსუფაშვილის შტაბის ხელმძღვანელი და „შენების“ წარმომადგენელი აჭარაში. გასული წლის დეკემბერში კი, „ლელომ“ მოახერხა გაერთიანება, ყველა ამ ერთი იდეის ქვეშ გავერთიანდით. მთავარი ღირებულება არის ის, რომ  ეს გუნდი არის პროფესიონალი, მებრძოლი ახალგაზრდები… ნათლად ჩანს, რამდენად სამართლიანი და მართლაც საქმიანია „ლელოს“ ხელმძღვანელობა. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც ნაბრძოლი აქვთ ადამიანის უფლებებისთვის. ეს არის გუნდი, რომელსაც არ აქვს ხანმოკლე გეგმა, გრძელვადიანი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც სერიოზული ამბიცია აქვს. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ იმ ჭაობსა და კრიზისში, რომელშიც დღეს სახელმწიფო იმყოფება, ამოვიყვანოთ „მარშალის გეგმის“ შესაბამისად, რაც ჩვენ დავდეთ.

  • აჭარის რომელი პრობლემის გააქტიურებას გეგმავთ, პირველ რიგში, თუკი შეხვალთ აჭარის უმაღლეს საბჭოში? 

„ლელოს“ მიზანია საქართველოს ყველა კუთხის თანაბარი განვითარება, უნდა შეიქმნას ძლიერი საშუალო ფენა, გლეხი უნდა იქცეს ძლიერ ფერმერად… თელავი უნდა იყოს ღვინის დედაქალაქი, ქუთაისი – ლოჯისტიკის და ფინანსური ცენტრი, ანაკლია – საქართველოს კარიბჭე, ბათუმი და აჭარა საზღვაო-სანაოსნო ინდუსტრიის მძლავრი ცენტრი.

  • ამ კუთხით რა აქტივობას გეგმავთ უმაღლეს საბჭოში? 

ჩვენ ახლა ვეცნობით თავიდან ბოლომდე მოსახლეობის პრობლემებს, ადამიანებს აქვთ ბევრი პრობლემა და უამრავი ადამიანი არის მიტოვებული ბედის ანაბარა, მათზე მზრუნველი არავინ ჩანს. უმაღლესი საბჭო იქნება ტრიბუნა, რომ მაქსიმალურად იყოს ის გამოყენებული ხალხის საკეთილდღეოდ.

  • ამას ყველა ჰპირდება ამომრჩეველს არჩევნების წინ და შემდეგ ივიწყებენ. თქვენი დაკვირვებით, რეალურად რატომ ვერ მუშაობს აჭარის უმაღლესი საბჭო ეფექტურად? 

ეს ხდება იმიტომ, რომ არ არის მზაობა ადამიანების – პიროვნებები უნდა იქნეს შერჩეული არა იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენი ხმის მომტანია, ან რამდენის დამხარჯველია, არამედ იმის მიხედვით, ვისაც თავის პროფესიად მიაჩნია პოლიტიკაში ყოფნა. ეს უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც თავიდან ბოლომდე შეგნებული აქვთ პასუხისმგებლობა, რაც მათ ეკისრებათ… რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება პარლამენტი, ასევე უმაღლესი საბჭო, მაქსიმალურად ექნება მცდელობა თითოეულ პარტიას, რომ იზრუნონ ადამიანების ბედზე.

  • თუკი იქნება ეს პოლიტიკური მრავალფეროვნება, ვისთან აპირებთ თანამშრომლობას და ვისთან გამორიცხავთ? 

გამორიცხულია „ოცნებასთან“ თანამშრომლობა. ჩვენ გვინდა ორპოლუსიანობის დასრულება ქართულ პოლიტიკაში და ვართ ერთ-ერთი ალტერნატივა. ჩვენ შესაძლოა ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ ძალასთან, ვისი ხედვებიც ჩვენთვის იდეურად მისაღებია… დრო გვიჩვენებს, ვინ როგორი პროცენტული მაჩვენებლით წარსდგება უმაღლეს საბჭოში. ჯერ არ ვიცით, როგორ არჩევანს გააკეთებს მოსახლეობა.

  • თქვენ რის გამო გინდათ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა? თქვენ იყავით საკრებულოს წევრი 2008 წლიდან და 2012 წელს „ნაცმოძრაობას“ მას შემდეგ გაემიჯნეთ, როცა ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა. ეს ფაქტი ხომ არ აჩვენებს იმას, რომ თქვენთვის კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრინციპულობა?

განსხვავება არის ის, რომ 2012 წელს ჩემი და იმ პოლიტიკური პარტიის გზები გაიყარა ერთი მარტივი მიზეზის გამო – მე ვიღებდი იმ კონკრეტულ საქმიანობაზე პასუხისმგებლობას, რომელზეც ვიყავი პირადად პასუხისმგებელი… ჩვენი საკრებულოში ყოფნის დროს ქალაქის ბიუჯეტი 10-ჯერ, 20-ჯერ და მგონი, მეტჯერაც გაიზარდა, მართლაც ბათუმის განვითარება მაშინ დაიწყო, ბათუმის ევროპულ ქალაქად გადაქცევაც მაშინ დაიწყო და მისი გაცნობა მსოფლიოში, ტურისტების ზრდა და ასე შემდეგ.

  • ანუ კმაყოფილი ხართ საკრებულოს მაშინდელი მუშაობით? 

ჩემი მუშაობით, პირველ რიგში, კმაყოფილი უნდა ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მე მანდატი მომანიჭეს… ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ იყო მოწესრიგებული. როდესაც პიაცას მშენებლობა დაიწყო, რომელსაც მეც დავუჭირე მხარი, იყო სერიოზული კრიტიკა, რა დროს პიაცააო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი [ოპოზიცია] უფრო დიდ დროს ატარებენ პიაცაზე…

მე გავემიჯნე „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს, როცა გასაჯაროვდა ის ცნობილი ციხის კადრები. ეს იყო ჩემი მორალისთვის მიუღებელი, თუმცა ჩემი ნაბიჯები არც გამარჯვებული პარტიისკენ წასულა. ჩვენ დავრჩით, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.

  • გქონდათ შემოთავაზება „ოცნებიდან“? 

კი, მათი მხრიდან იყო ყველანაირი შემოთავაზება და მცდელობა, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ მქონდა, ნორმალურად არც კი მომისმენია მათთვის…  მოვიდა პოლიტიკური ძალა, რომელიც მე არ მომწონდა. ვთვლი, რომ ეს პოლიტიკური ძალა ყოველთვის ეჭვს იწვევდა ჩემში, როგორც პრორუსული ძალა და ის შეხედულებები, რომლებიც ჩემთვის იდეურად იყო მიუღებელი. ამ დრომდე მე სამოქალაქო სექტორში ვიყავი და ვცდილობდი, როგორც სამოქალაქო აქტივისტს, ხმა მქონოდა.

  • ისე მუშაობას აპირებთ, როგორც საკრებულოში მუშაობდით „ნაცმოძრაობის“ დროს? არ გსმენიათ მოსაზრება, რომ ამ დროს საკრებულო იყო „სანოტარო კანტორა“ და იქ დამოუკიდებლად ვერავინ იღებდა გადაწყვეტილებას? 

შეგიძლიათ დეტალურად გადაამოწმოთ ჩემი საქმიანობა და დარწმუნებით იმ საქმიანობის კეთილსინდისიერებაში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით, თქვენ ნახავთ საკითხებს, რომლებიც ჩვენ კბილებით გავიტანეთ.

  • მაგალითად? 

მაგალითად, 2013 წელს, როდესაც ხდებოდა მემედ აბაშიძის სკვერის მითვისება და იქ აპირებდნენ 4 თუ 5-სართულიანი სახლის ჩადგმას, მაშინ ფრაქცია „მაჟორიტარის“ ინიციატივით მოვითხოვეთ სკვერის სტატუსის მინიჭება და მემედ აბაშიძის სახელის დარქმევა… წინა წლებშიც გვქონდა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, საპატიო ბათუმელის ღონისძიება, ბათუმ-ქალაქობის დანერგვა, მემორიალური დაფები…

  • მე პრობლემებზე გეკითხებით – ამ წლებში არაერთი ძეგლი განადგურდა და ქალაქში მიმდინარეობდა ქაოტური მშენებლობები. 

შენების პროცესი იყო და შენების პროცესის მქონე ქალაქს ეს პრობლემები ექნებოდა, ამ პასუხისმგებლობას არავინ გაურბის. ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე მათგანი და, მათ შორის, გენო თებიძე იყო ჩართული კორუფციაში, რაღაც  ტიპის გარიგებებში…

  • მაშინ რატომ არ აპროტესტებდით არაფერს, მოგწონდათ? 

რაც არ მოგვწონდა, ჩვენ იმას ვაპროტესტებდით… სად და გუნდური მუშაობის პრინციპით შიგნით, რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად, ბოლომდე ჩვენ ერთმანეთის შეთანხმებით ვაკეთებდით…

  • მაგალითად, რომელი ობიექტის განადგურებაზე მიიღო თქვენმა კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა? 

2009 წელს, როცა იურიდიულის თავმჯდომარე ვიყავი, გახსოვთ ალბათ თეატრთან, თავისუფლების მოედნის საკითხი, მაშინ ლევან ვარშალომიძეს გაეგზავნა პასუხი ჩემი ხელმოწერით, რომ ამის გასხვისება იქნებოდა შეუძლებელი და მიუღებელი. შეგიძლიათ ამოიღოთ ეს საბუთი. ეს იყო პროტესტის ნაწილი, ყველაფერზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ. ბულვარშიც დიდი საკონცერტო დარბაზის აშენება როცა იგეგმებოდა და შემდეგ არ აშენდა, რატომ არ აშენდა?

  • თქვენ გინდათ თქვათ, რომ საკრებულომ გასწია წინააღმდეგობა?

მაშინ საკრებულოს ანგარიშსაც უწევდნენ და უსმენდნენ. დღევანდელივით დაყრუებული და დამუნჯებული საკრებულო რომ არის, ასეთი ნამდვილად არ იყო. მაშინდელი საკრებულო იყო თავიდან ბოლომდე მობილური, საქმიანი, შეიძლება ითქვა, მართლაც ყველანაირად სუფთა, ის არ იყო არანაირ გარიგებაში ჩართული…

  • ნაცმოძრაობაში“ რატომ არ ხართ, როცა ასე კმაყოფილი ხართ მათთან თანამშრომლობით?

როგორც უკვე გითხარით, ჩვენი პოლიტიკური გზები 2012 წელს გაიყო. მე ახლა ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ შორის, „ნაცმოძრაობას“ ვუსურვებ წარმატებას „ქართული ოცნების“ და პრორუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ვფიქრობ, რომ ჩემს ქალაქს და ქვეყანას ვემსახურე კეთილსინდისიერად. დღეს ამის საშუალება მეძლევა „ლელოდან“ და აქ ვარ.

ქვემო ჯოჭოსა და სხვა სოფლებში წყლის მიწოდებას მინიმუმ 10 დღე დასჭირდება – წყალკანალი

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრის სტიქიის შედეგად სოფლებში: ქვემო ჯოჭოში, კაპრეშუმში, ფერიაში, სამებასა და ახალშენში, სხვადასხვა დიამეტრის, მთლიანობაში 640 მეტრი წყლის ლითონის მილი დაზიანდა. ასევე დაზიანდა ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის გოფრირებული მილიც.

„ამ სოფლებში მოსახლეობა დარჩენილია სასმელი წყლის მიწოდების გარეშე… მოვარდნილი უხვი ნალექისა და მეწყრული მოვლენების შედეგად დაზიანებული მილების შეცვლა ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შეუძლებელია, რადგან ამ ეტაპზე შპს „ხელვაჩაურის წყალკანალს“ არ გააჩნია საკმარისი მილებისა და ნაწილების მარაგი, ხოლო დაზიანებული მილების აღდგენა შეუძლებელია – გარკვეული ნაწილი მთლიანად წაიღო ძლიერმა მოვარდნილმა წყალმა.“ – აღნიშნულია „წყალკანალის“ განაცხადში, რომლითაც კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს 5 ოქტომბერს მიმართა.

წყალმომარაგების მილებისა და მასთან დაკავშირებული მასალების შეძენას „ხელვაჩაურის წყალკანალი“ ტენდერის გარეშე გეგმავს, რასაც შესყიდვების სააგენტოსთან ათანხმებს.

„ორგანიზაციამ არსებული რესურსით შეძლო ნაწილი აღდგენითი სამუშაოების გატარება, თუმცა, ეს არასაკმარისია დაზიანებული წყალსადენების სრულად აღდგენისთვის… საჭიროა 10 დღე, რათა სრულად მოხდეს ყველა სოფელში წყლის მიწოდების აღდგენა,“ – აღნიშნულია განაცხადში.

„ხელვაჩაურის წყალკანალის“ დირექტორის, დავით მიქელაძის ინფორმაციით, იმის დასადგენად, თუ რამდენი თანხა დასჭირდება დაზიანებული მილების აღდგენას, ატარებენ ბაზრის კვლევას და უახლოეს ერთ-ორ დღეში თანხის ოდენობა დაზუსტდება.

დირექტორის თქმით: „ზარალი ძალიან დიდია. სტიქიამ წყლის ინფრასტრუქტურა ხელვაჩაურის 15 სოფელში დააზიანა. ზოგან მოვახერხეთ აღდგენა, ზოგან ეს შეუძლებელია, ამიტომ უნდა შევიძინოთ ახალი მილები და ამინდმაც თუ ხელი შეგვიწყო, 10-15 დღეში, ალბათ, მოვახერხებთ, რომ დარჩენილ სოფლებსაც სრულად მივაწოდოთ წყალი“.

პირველ ოქტომბერს, საღამოს მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა, ხელვაჩაურში განვითარდა მეწყრული პროცესები, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა წაიღო საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ოჯახის სამი წევრი დაიღუპა და ასევე – მსუბუქი ავტომანქანის 2 მგზავრი, სულ 5 ადამიანი.

ხელვაჩაურში უკვე მეხუთე დღეა ეძებენ მძღოლს, რომლის ავტომანქანაც პირველ ოქტომბერს, ღამით, ძლიერი წვიმისა და მდინარის ადიდების დროს გადავარდა მდინარე მეჯინისწყალში.

______________

მთავარი ფოტო: დაზიანებული მილები/ფოტო შესყიდვების გვერდიდან

ტყვია სამკაულებში და დარიშხანი ტონალურში – ახალი კვლევის შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ [momxmarebeli.ge] მორიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, ორი სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქართულ ბაზარზე შეძენილი 24 სამკაულის 7 ნიმუში ჯანმრთელობისთვის საშიშია, ხოლო 6 კოსმეტიკური პროდუქტის ნიმუშიდან ერთში დარიშხანი და ტყვია აღმოჩნდა.

6 პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქტი „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ევროკავშირში არსებული მოთხოვნების მიხედვით, გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ შეამოწმა  ზოგიერთი კონსერვანტის, ტყვიისა და დარიშხანის შემცველობაზე.

„ყველა ნიმუშზე დარღვეული იყო ეტიკეტირების წესები. ეს პროდუქტები დაშვებულ პარაბენებს ან კონსერვანტ ფენოქსიეთანოლს შეიცავდა, მაგრამ ეს ეტიკეტზე არ იყო აღნიშნული, როგორც ამას ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს. გარდა ამისა, N.1 ნიმუშში მცირე ოდენობით ტყვია და დარიშხანიც აღმოჩნდა,“ – წერს momxmarebeli.ge.

საუბარია რუსული წარმოების ტონალურ სახის კრემზე სახელწოდებით – „ბალეტი“. სწორედ ამ სახის კრემში აღმოჩნდა ტყვია და დარიშხანი.

„ამ ტიპის პროდუქციაში ტყვიისა და დარიშხანის არსებობა აკრძალულია როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში მოქმედი ნორმების მიხედვით. თუმცა, ვინაიდან ეს ნივთიერებები ბუნებრივ გარემოში გვხდება, მათ შეიძლება შეიცავდეს პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ნედლეული, ჭურჭელი, რომელშიც ეს პროდუქციაა განთავსებული, ან ისინი პროდუქციაში საწარმოო პროცესის დროს მოხვდეს. ამიტომ ევროკავშირში დაშვებულია ტყვიისა და დარიშხანის ნარჩენების არსებობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში, იმ შემთხვევებში, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო მცირე ოდენობით ტყვიისა და დარიშხანის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშში,“ – წერს momxmarebeli.ge.

კიდევ ერთი კვლევა შეეხება თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილ სამკაულებს. ორგანიზაციამ 24 დასახელების სამკაული შეიძინა და აშშ-ში, MSR Laboratories-ში გაგზავნა კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად. momxmarebeli.ge წერს, რომ 7 ნიმუში ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა.

„კვლევის შედეგად 7 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ასეულჯერ ან ათასეულჯერაც კი აჭარბებს დაშვებულ ნორმებს!

…კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ეს ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმლებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას,“ – წერს momxmarebeli.ge.

ნიმუშების ანალიზის მიხედვით, დარღვევები აღმოჩნდა შემდეგ ნიმუშებში:

ბეჭედი „Yuzuk“. კვლევის თანახმად, ტყვიის შემცველობა 500-ის ფარგლებში უნდა იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში 2,070-ია.
საყურე „ბალდი ლონდონი“. კადმიუმი 100-ის ფარგლებში უნდა იყოს, თუმცა 6,340-ია.

საყურე „მანდარინა ქეჟუალი“ . კადმიუმის მაჩვენებელი – 668,000 [უნდა იყოს 100-ის ფარგლებში]
საყურე „მანდარინა ქეჟუალი“. კადმიუმის მაჩვენებელი – 751,000. [უნდა იყოს 100-ის ფარგლებში]. ნორმის ფარგლებშია მაჩვენებელი სამკაულის ყვითელ და მწვანე დეკორში.
საყურე „Fashion Jewellery“ . საყურის შესაკრავში ტყვიის მაჩვენებელია 218,000 [უნდა იყოს 500-ის ფარგლებში].
საყურე „მექსი“. ქვედა ნაწილში ტყვიის შემცველობა – 5,680 [უნდა იყოს 500-ის ფარგლებში]
საყურე „დაიმონდი“. კადმიუმის შემცველობა – 111 [უნდა იყოს 100-ის ფარგლებში]

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის – „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“ ფარგლებში.

 

სუსტი ზედამხედველი – NGO-ები უმაღლესი საბჭოს დეპუტატების 4-წლიან საქმიანობაზე

2016-2020 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა დაასრულა. ბათუმში მოქმედ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ. ეს ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებოდნენ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული კოორდინატორი აჭარაში მალხაზ ჭკადუა აჭარის უმაღლესი საბჭოს შეფასებისას ამბობს, რომ მის მუშაობაში იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ტენდენციები.

დადებით ტენდენციებში მალხაზ ჭკადუა ასახელებს რეგლამენტის ცვლილებას, აჭარის კონსტიტუციის ახალ რედაქციას, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტის გაუმჯობესებას, გაუმჯობესებულ ვებგვერდს. ასევე ხაზს უსვამს ღია მმართველობის პარტნიორობის პლატფორმაში უმაღლესი საბჭოს ჩართვას. ეს გულისხმობს საკანონდებლო ორგანოს მზადყოფნას, გახდეს ღია მმართველობის პლატფორმის ერთ-ერთი მონაწილე სუბიექტი.

აჭარის ტელევიზიის საკითხი და აჭარის მთავრობის სუსტი ზედამხედველობა – ეს ის საკითხებია, სადაც, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული კოორდინატორის აზრით, უმაღლესმა საბჭომ სისუსტე გამოიჩინა.

„ჩემი აზრით, აჭარის  უმაღლესი საბჭოს ყველაზე სუსტი წერტილი არის აჭარის მთავრობაზე სუსტი ზედამხედველობა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს მთავრობის კონტროლი. მაგალითად, როგორ იხარჯება ყველაზე მსხვილი საჯარო უწყებების საბიუჯეტო სახსრები – ვგულისხმობ განათლების სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს…

დღეს არსებული რეგლამენტი ნამდვილად აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ მთავრობა მუდმივად გრძნობდეს კონტროლს და ზედამხედველობას უმაღლესი საბჭოს მხრიდან. სამწუხაროდ, საქმეში ეს ნაკლებად ჩანს. უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების დეპუტატებს არ აქვთ პოლიტიკური ნება, დააკვირდნენ მთავრობას და კონტროლი განახორციელონ იმიტომ, რომ პარტიული დისციპლინა თუ პარტიული მიკუთვნება არის განმსაზღვრელი მათი საქმიანობის, ამიტომ ნაკლებად ისმოდა კრიტიკული კითხვები მათგან“.

მალხაზ ჭკადუა ცალკე გამოყოფს აჭარის ტელევიზიის საკითხს და ამბობს, რომ ამ საკითხში უმაღლესმა საბჭომ ცუდი როლი ითამაშა.

„აჭარის უმაღლესი საბჭო იყო ის ორგანო, რომელიც აკომპლექტებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კომისიას. ამ კომისიამ შეარჩია კანდიდატები, წარუდგინა უმაღლეს საბჭოს და შემდეგ დეპუტატებმა აირჩიეს მრჩეველთა საბჭო, რომელმაც პრაქტიკულად უზრუნველყო, რომ ტელევიზიაში შეცვლილიყო მენეჯმენტი, სამწუხაროდ საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ჩვენ დავინახეთ თუ როგორ იდევნებოდნენ და იდევნებიან კონკრეტული ჟურნალისტები ახალი მენეჯმენტის მიერ. ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი განცხადება უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მხრიდან, რომელიც იქნებოდა ჟურნალისტების კრიტიკული მოსაზრებების მხარდასაჭერი,“ – ამბობს ჭკადუა.

კითხვაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიასთან მიმართებაში? – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული კოორდინატორი პასუხობს:

„უმაღლესი საბჭო მიუდგა საკითხს პოლიტიკური მიკერძოების კუთხიდან. მას არ უფიქრია საზოგადოებრივ ინტერესებზე. მას არ უფიქრია ის, რომ ამ ტელევიზიას აქვს ძალიან მწარე, ცუდი გამოცდილება პოლიტიკური მიკერძოების – ეს ტელევიზია წლების განმავლობაში იყო სახელმწიფო დეპარტამენტი. შემდგომ, როდესაც რეფორმა განხორციელდა და ის გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, მას ჰქონდა გარკვეული ნიშნები ავტონომიურობის, ამავდროულად იყო გარკვეული სიგნალები სახელისუფლებო ჩარევის. ნათია კაპანაძის მენეჯმენტის პირობებში ტელევიზიამ ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან, საარჩევნო თუ სხვა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით. იქმნებოდა გარკვეული საფუძველი, რომ ტელევიზიას გაეგრძელებინა ზრდა საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ. სწორედ ეს უნდა დაენახა უმაღლეს საბჭოს, რომელმაც ეს პროცესი საბოლოოდ ჩაკლა, როდესაც მრჩეველთა საბჭოს კანდიდატებიდან სწორედ ის ადამიანები აირჩია წევრებად, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“, პარტიული ნომენკლატურის თუ ნათესაური კავშირების საშუალებით. თავის მხრივ, ამ მრჩეველთა საბჭომ აირჩია დირექტორი, რომელიც ასევე დაახლოებულია ხელისუფლებასთან. მისმა პოლიტიკამ კი განაპირობა ის, რომ აჭარის ტელევიზია არ არის ისეთი კრიტიკული, როგორიც იყო წინა მენეჯმენტის დროს. უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხია ეს და არა სხვა ვინმესი“.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა უმაღლესი საბჭოს მუშაობის შეფასებისას ხაზს უსვამს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანო ვერ ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას – ვერ და არ არის მაკონტროლებელი.

„ყველაზე მთავარი და დიდი ფუნქცია, რის გამოც არის შექმნილი უმაღლესი საბჭო, არის აკონტროლოს აჭარის მთავრობა, დაამტკიცოს მთავრობა და მოითხოვოს ანგარიშები, სხვადასხვა პროგრამის შესახებ ინფორმაცია. ამ როლის შესრულება კი ყოველთვის უჭირდა და უჭირს. არც ბოლო მოწვევის უმაღლესი საბჭო ყოფილა ამ კუთხით გამორჩეული. არც მისი მიდგომები შეცვლილა – ვგულისხმობ მთავრობის კონტროლს, ასევე, სამინისტროებთან  ურთიერთობას და კონტროლს. არ მახსენდება ერთი მაგალითიც კი, კონტროლის კუთხით მას გაეკეთებინოს, ან მოეთხოვოს, ან რეაგირება მოეხდინოს თავისი ინიციატივით თუ საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად რაიმე საკითხზე,“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

ნათია აფხაზავა ხაზს უსვამს იმასაც, რომ უმაღლეს საბჭოს აჭარის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არსად არ გაუთვალისწინებია საზოგადოების ინტერესი.

„აჭარის ტელევიზიის  მაგალითს თუ გავიხსენებთ, საზოგადოებას მოლოდინი ჰქონდა, რომ უმაღლესი საბჭო ჩაერთვებოდა აღნიშნულ საკითხში. ამ დროს როგორ  მოიქცნენ? ყველანაირად შეეცადნენ, რომ დისტანცირება მოეხდინათ,“ –  ამბობს ნათია აფხაზავა.

კითხვაზე, რა შეეძლო აჭარის  ტელევიზიასთან მიმართებაში უმაღლეს საბჭოს და რა არ გააკეთა? – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი პასუხობს:

„პირველი – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ფორმირების კუთხით შეეძლო უფრო მეტის გაკეთება. მაგალითად, წინა ბორდის დათხოვნამდე მოეთხოვა ანგარიში და ეს ანგარიში კონტროლის კომპონენტი ყოფილიყო სწორედ შინაარსზე, ცვლილებაზე ორიენტირებული და არა პოლიტიკური გავლენების გაზრდის კუთხით ჩარეულიყო. დირექტორის ორჯერ ჩაშლილი კონკურსის შემდეგ მრჩეველთა საბჭოს უმოქმედობას და არაეფექტიანობას როცა ხედავდა, შეეძლო თავის უფლებამოსილების ფარგლებში მოეხდინა გავლენა. თუმცა არ გამოიყენა არაფერი და პირიქით, დაუსაბუთებლად დისტანცირება მოახდინა ამ პროცესთან, თითქოს ის არ ერეოდა აღნიშნულ პროცესში“.

ნათია აფხაზავას თქმით, აჭარის ტელევიზიის საკითხზე დისტანცირებით უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვერ გამოდის თავის პოლიტიკური მარწუხებიდან და თავის ფუნქციას, იყოს  მაკონტროლებელი, ვერ ასრულებს.

„ვერ უპირისპირდებიან პირდაპირ მთავრობას. რასაც ჰქვია კონტროლი, პასუხების მოთხოვნა, დებატები, მონიტორინგი ამ ჭრილში არასდროს არ განუხორციელებიათ. ამაზე სულ აქვთ პასუხი – აი, ჩვენ ვმუშაობთ ბიუჯეტზე… მაგრამ რაც არის საზოგადოებისთვის მწვავე საკითხი, ითხოვს საზოგადოება ამ საკითხებზე რეაგირებას, ამ დროს ყოველთვის დისტანცირდება და მაინც მთავრობის ხაზის გამტარია. ეს უმაღლესი საბჭოს ფუნქციას და მის არსს თავისთავად აკნინებს,“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

ნათია აფხაზავა აჭარის უმაღლესი საბჭოს მუშაობას დადებითად მხოლოდ  ერთ კომპონენტში აფასებს, ეს არის ღია მმართველობის მექანიზმების დანერგვა და ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

გერმანიის ქალაქში მიხეილ გორბაჩოვის ძეგლი დადგეს

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანიის ქალაქ დესაო-როსლაოში მიხეილ გორბაჩოვის ძეგლი დადგეს.

ბრინჯაოს ძეგლი ქალაქში 3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების დღეს გაიხსნა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 3 ოქტომბერს, გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკები გაერთიანდნენ და ამ პროცესში მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ლიდერი გორბაჩოვი.

ეს არ არის გორბაჩოვის პირველი ძეგლი გერმანიაში. საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერის ბიუსტი ბერლინშიცაა, თუმცა იგი ჰელმუტ კოლისა და ჯორჯ ბუშის ბიუსტებთან ერთადაა წარმოდგენილი კომპოზიციაში. სამივე პოლიტიკოსი აქტიურად მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანებაში 1989-1990-იან წლებში.

ბათუმში შავი ზღვის ფესტივალი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მერვე ფესტივალი, რომელიც 16-18 ოქტომბერსაა დაგეგმილი, შეცვლილი ფორმატით გაიმართება.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი კორონავირუსის გამო შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე წელს მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

„ფესტივალი ჩატარდება პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციებისა და სანიტარული წესების გათვალისწინებით, მაყურებლის გარეშე, როგორც ადაპტირებული პროექტი, სატელევიზიო და სოციალური მედიის ტექნოლოგიების გათვალისწინებით“, – ამბობენ სამინისტროში.

როგორც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ დღეს, 5 ოქტომბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფესტივალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ბეთჰოვენის სონატით გაიხსნება.

„მე ვიქნები მარტო დარბაზში ტელევიზიასთან ერთად და სცენაზე იქნება დიდი ეკრანი. ბეთჰოვენით გვინდა გავხსნათ ფესტივალი, რადგან წელს მისი იუბილეა და არ გვინდა ბეთჰოვენი დავივიწყოთ, შემდეგ იქნებიან სხვა არტისტები.

მთავარია, რომ ფესტივალი არ ჩავარდა, რადგან არ შეიძლება სულ ნეგატიური ამბებით ცხოვრება, აუცილებელია იყოს რაღაც სინათლე, იმედი იმის, რომ კულტურული ცხოვრება გაგრძელდება. იმედია, მომავალ წელს კოვიდი აღარ შეგვიშლის ხელს და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“, – ამბობს ელისო ბოლქვაძე. იგი წელს, 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაშია, 32-ე ადგილას.

შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი ითვალისწინებს მასტერკლასებს ბავშვებისთვის, წელს ეს ღონისძიებები ასევე დისტანციურად ჩატარდება. ფესტივალი იუნესკოს პატრონაჟით და საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ინიციატივით იმართება. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენა და ხელშეწყობაა.

ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია შეაჩერა – კორონავირუსი მის შვილს დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია შეაჩერა, მის 8 წლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ტიტე აროშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაშია.

„დროებით შევაჩერე საარჩევნო კამპანია, რადგან ჩემს შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი. ანალიზის პასუხი მივიღეთ 6 დღის წინ და მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში. ბავშვს სიცხე ჰქონდა 37 გრადუსი და ამიტომ გავუკეთეთ ტესტი“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

მისი თქმით, ინფიცირების წყარო სავარაუდოდ მეზობელია, რადგან ბავშვს ამ ოჯახთან ჰქონდა შეხება. „დაბადების დღე ჰქონდა მეზობლის ბავშვს და საჩუქარი მიუტანა. ამ ბავშვის დედას დაუდასტურდა კორონავირუსი და სავარაუდოდ, წყარო აქედან უნდა იყოს“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

საარჩევნო კამპანიის დროს ტიტე აროშიძეს არაერთ ადამიანთან ჰქონდა შეხება, თუმცა როგორც კანდიდატი ამბობს, ის კორონავირუსზე ხშირად იტარებდა ტესტს და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

„3 დღეში ერთხელ ვიტარებდი ტესტირებას მეც და რესან კონცელიძეც [ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში]. გუშინაც უარყოფითი პასუხი მომივიდა და რომც დამიდასტურდეს, სახელობითი წრე ვიცი, ვისთანაც მქონდა საარჩევნო კამპანიის დროს შეხება“, – ამბობს აროშიძე.

მისი თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება მისი ოჯახის ყველა წევრი და, ასევე ის ოჯახი, რომელსაც მისი რვა წლის შვილი ესტუმრა.

5 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

აჭარაში მეხუთე დღეა ეძებენ მდინარეში დაკარგულ მძღოლს

ხელვაჩაურში უკვე მეხუთე დღეა ეძებენ მძღოლს, რომლის ავტომანქანაც პირველ ოქტომბერს, ღამით, ძლიერი წვიმისა და მდინარის ადიდების დროს გადავარდა მდინარე მეჯინისწყალში. ავტომანქანის ამოტანა მდინარიდან რამდენიმე საათში შეძლეს, მძღოლს კი ამ დრომდე ეძებენ.

მაშველებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. მეხუთე დღეა სოფელ ზანაქიძეების გადასასვლელ ხიდთან მოსახლეობა მდინარის კალაპტს მიუყვება დაკარგული მძღოლის მოსაძებნად.

პირველ ოქტომბერს, საღამოს საათებში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა, ხელვაჩაურში განვითარდა მეწყრული პროცესები, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა წაიღო საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ოჯახის სამი წევრი დაიღუპა და ასევე – მსუბუქი ავტომანქანის 2 მგზავრი, სულ 5 ადამიანი.

___________

ფოტოზე: ავტომანქანის ამოტანა მდინარიდან. ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

ბათუმში ხვალიდან გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ოქტომბრის 21 საათიდან 6 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 7-8 ოქტომბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

________

ფოტოზე: შემოდგომა ბათუმის ცენტრალურ პარკში. ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმში 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

5 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ბათუმში ორი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინორმაციით, 80 წლის ქალი 23 სექტემბერს შეიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტს ჰქონდა კორონავირუსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ანამნეზში აღენიშნებოდა ინსულტი. ქალი 4 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა 65 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსთან ერთად ჰქონდა პნევმონია, „ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შოკი, კომა“. პაციენტი გარდაიცვალა გუშინ, 4 ოქტომბერს.

კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში სულ 52 ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის დაწყებიდან დღემდე.

აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა

5 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში აჭარაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსისგან.

გუშინ, 4 ოქტომბერს, აჭარაში კორონავირუსის 370 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული.

დღეის მონაცემებით, აჭარში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის 474 პაციენტი, მათ შორის: 16 არასრულწლოვანი და 20 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 24 პაციენტი.Covid სასტუმროებში იმყოფება 861 პირი; ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს 1000-ზე მეტი ადამიანი.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდკლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი, მათგან დღეს მხოლოდ 40 საწოლია თავისუფალი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 5 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 8696 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 4619 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში სულ 52 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836კოვიდსასტუმროში იმყოფება 1100 პირი. 

გუშინ, 4 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა იყო აღრიცხული.

ბათუმის ციხე ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა – კორონავირუსი აჭარაში

ბათუმის N3 პენიტენციური დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის მედპერსონალს და ტექნიკურ პერსონალს გეგმიური PCR ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე 40 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მათ შორის არიან ის პირები, ვინც აქამდეც (მიმდინარე წლის 29 მარტიდან) როტაციის პრინციპით მუშაობდა ყაზარმულ რეჟიმში. მათ 28 სექტემბერს უნდა დაეტოვებინათ დაწესებულება და სხვა თანამშრომლებით ჩანაცვლებულიყვნენ, მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს დაწესებულებაში ვირუსის შეტანა, ეს პირები დაწესებულებაში დარჩნენ.

4 ოქტომბრიდან კი მათ დაემატა მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიასა და სასადილოში დასაქმებული კერძო კომპანიების თანამშრომლები.

სექტემბრიდან დღემდე აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იზრდება.

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად რეგისტრაცია დაწყებულია

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება [რეგისტრაცია] 5 ოქტომბერს დაიწყო და 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბიზნესიდეის გაგზავნა ელექტრონულად შესაძლებელია „აწარმოე საქართველოს“ ვებგვერდიდან.

ბიზნესიდეის გასაგზავნად ანუ რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე

„აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ „სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე – მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნესპროექტის შემთხვევაში“.

წელს პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისიც დაემატა.

პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი – აცხადებენ „აწარმოე საქართველოში“. პრიორიტეტული საქმიანობები და მათი კოდები ნახეთ აქ.

დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადებიც.

ნახეთ დეტალურად:

როდის შეიძლება 30 ათასი ლარის გრანტზე განაცხადის შეტანა – სახელმწიფომ პროგრამის ვადები განსაზღვრა

 

ქობულეთში მშენებლობაზე ამწე წაიქცა, დაშავდა ერთი პირი

ქობულეთში, ზღვის პირას მიმდინარე მშენებლობაზე ამწე წაიქცა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ერთი პირი: „კაცი ბათუმში, კლინიკაში გადაიყვანეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მიხედვით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე შენობის [ყოფილი „ინტურისტის“] დემონტაჟი მიმდინარეობს. ტერიტორია ეკუთვნის კერძო კომპანიას. „დაშავებული ამწეზე მუშაობდა და როგორც ვიცით, გადმოხტომა მოახერხა“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

ქობულეთში ამწე წაიქცა

 

ქობულეთში ამწე წაიქცა / 4.10.2020

სექსუალური შევიწროება ყველაზე ხშირად აჭარაში ხდება

სექსუალური შევიწროების გამოვლენის მაჩვენებელი აჭარის რეგიონში ყველაზე მაღალია – 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით სულ სექსუალური შევიწროების 10 შემთხვევა გამოვლინდა.

კანონის მიხედვით, სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად 2019 წლის მაისიდან არის მიჩნეული. რა შეიცვალა ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ – სტატისტიკური მონაცემი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გოგა ხატიაშვილმა გამოითხოვა. იგი შსს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელია.

გოგა ხატიაშვილის მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელსა და 2020 წლის ივლისის ჩათვლით ქვეყანაში სექსუალური შევიწროების 27 ფაქტი გამოვლინდა. სამართალდარღვევის გამოვლენის მიხედვით, მეორე ადგილზეა თბილისი – 6 შემთხვევა 2020 წელს, 2 – 2019 წელს.

სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირები კაცები არიან, ერთ შემთხვევაში კი, შემავიწროებელი იყო ქალი.

გოგა ხატიაშვილმა გამოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, რომელთა მიხედვითაც, უმეტეს შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ადგილი იყო ქუჩა. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილებია ასევე: მეტრო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ლიფტი.

სექსუალური შევიწროების ფორმებიდან ყველაზე გავრცელებულია ფიზიკური სახის შევიწროება. შესწავლილი დადგენილებებიდან ერთ შემთხვევაში მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი, ხოლო ერთ შემთხვევაში – სექსუალური შევიწროება განხორციელდა არასრულწლოვნის თანდასწრებით.

სასამართლომ ყველა შემთხვევაში დაადგინა სექსუალური შევიწროების ჩადენის ფაქტი და გამოიყენა ჯარიმა, ერთი შემთხვევის გარდა, სადაც სასამართლომ შემავიწროებლის მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა.

პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ბიუჯეტიდან წელს 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება

ახალი კორონავირუსის სამართავად და პანდემიის გამო გატარებული სხვადასხვა ღონისძიებისთვის 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთავრობის გათვლებით, 2 მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯება.

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, რომლის მთლიანი ეფექტიც ხარჯვით ნაწილზე 2 მილიარდ ლარს აჭარბებდა, თუმცა 547 მილიონი ლარის მობილიზება განხორციელდა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმის შემცირების ხარჯზე [199.6 მლნ მიმდინარე ხარჯებში, 347.5 მლნ ლარი კაპიტალურ ხარჯებში]“ – აცხადებს მთავრობა.

მთავრობას ჯერ არ აქვს გათვლილი სავარაუდოდ რა თანხას დახარჯავს მომავალ წელს COVID 19-ის სამართავად. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, 2020 წელს ამ კუთხით დაგეგმილია დაიხარჯოს 239 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით:

„ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებში“ 2020 წელს დაიხარჯება 440 მილიონი ლარი, 2021 წელს კი – 35 მილიონი ლარი;

„კარანტინისა და სხვა ღონისძიებებისთვის“ წელს 45 მილიონი ლარის ხარჯია გათვალისწინებული, თუმცა, ჯერ უცნობია ამ კუთხით რამდენს გაითვალისწინებენ 2021 წლის ბიუჯეტში;

„ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების მიზნით“, წელს დაგეგმილია, რომ დაიხარჯება 780 მილიონი ლარი. 2021 წლისთვის კი, მთავრობას ამ კუთხით ბიუჯეტის პროექტში ჯერ მხოლოდ 60 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. ეს თანხა გათვლილია მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის, რომელიც „მიმდინარე წელს გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილია, რომლის ანაზღაურებაც მომდევნო წელს გადადის [შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 4 თვის მანძილზე, 2020 წლის ნოემბრიდან]“.

„ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვისთვის“ 2020 წელს – 239 მილიონი ლარია გაწერილი, 2021 წელს კი – ?

„ამ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის ახალი კორონავირუსით (COVID- 19) გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ასახული იქნება სათანადო ხარჯები დაავადების გავრცელების და მაკროეკონომიკური პროგნოზების ანალიზის საფუძველზე“ – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია უკვე წარუდგინა:

https://netgazeti.ge/news/486803/

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის 21 საათიდან 5 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

ორშაბათს, 5 ოქტომბერს, ჰაერის ტემპერატურა –

აჭარის სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი,
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო;

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი,
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო;

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი,
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო.

ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსი; ხილვადობა ღამით 4-10 კმ. ტალღის სიმაღლე კი, 7-12 დმ (2-3 ბალი) იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 6 და 7 ოქტომბერს, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

აჭარის Covid კლინიკებში 61 თავისუფალი საწოლია – სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებსა და სასტუმროებში სულ 520 თავისუფალი საწოლი და ადგილია.

აქედან:

[checklist]

  • Covid კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობაა – 61,
  • Covid სასტუმროებში კი, 459 თავისუფალი ადგილია.

[/checklist]

4 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 370 – აჭარაში.

აჭარაში, დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდ კლინიკებსა და სასტუმროებში ჯამში 1 197 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ბინაზე კი, 1000-ზე მეტი პაციენტი იმყოფება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება [კოვიდკლინიკა, ცხელების ცენტრი]. რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის კი გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, „ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურს გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობა. შექმნილი გარემოება ითხოვს დაუყონებლივ დამატებითი საწოლადგილების მობილიზებას…“

2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (122 დღე) პერიოდისთვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის სამართავად დამატებითი საწოლი ადგილების მობილიზებისთვის, საქართველოს მთავრობას 48 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული:

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლში და მოვუაროთ ინფიცირებულს

 

რომელ სტუდენტს დაუფარავს სახელმწიფო ერთი სემესტრის სწავლის საფასურს

მთავრობამ იმ სტუდენტების კატეგორია დააზუსტა, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს. 1-ლი ოქტომბრის დადგენილებით, დახმარებას მიიღებს ის სტუდენტიც, რომლის ერთ-ერთი მშობელი (მამა ან დედა) რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.

ამ დრომდე, სახელმწიფო დახმარება ეკუთვნოდა იმ სტუდენტს, რომელიც რეგისტრირებული იყო აღნიშნულ ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.

სოციალური დახმარების მისაღებად სტუდენტის [რომლის ერთ-ერთი მშობელი (მამა ან დედა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში] მშობელი ვალდებულია არაუგვიანეს 2020 წლის 1-ლი ნოემბრისა დარეგისტრირდეს შესაბამის ელექტრონულ პორტალზე.

მთავრობამ შესაბამისი ცვლილება 1-ელ ოქტომბერს დაამტკიცა, თუმცა ამ კატეგორიის მშობლებისთვის რეგისტრაცია, რამდენიმე დღით ადრე, 24 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე [31 ოქტომბრის ჩათვლით] გაგრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროში მაშინ განმარტეს, რომ „ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვს მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად“.

რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სტუდენტის მშობელი რეგისტრაციის დროს, უთითებს:

[checklist]

  • „საკუთარ სახელს, გვარსა და პირად ნომერს;
  • სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და, საჭიროების შემთხვევაში, ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დაბადების მოწმობის ასლებს (დოკუმენტების ატვირთვის საჭიროება დგება, თუ სააგენტოს მიერ სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემების დადარებისას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული ბაზებით ვერ დგინდება (არ ჩანს) ნათესაური კავშირი მშობელსა და შვილს შორის. დახმარების გაცემისთვის მშობელსა და შვილს შორის ნათესაური კავშირი მიიჩნევა დადასტურებულად, თუ დაბადების მოწმობაში მითითებული მშობლისა და შვილის მხოლოდ სახელები და გვარები შეესაბამება შეყვანილ/მიღებულ მონაცემებსა და ატვირთულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს“.

[/checklist]

იმ სტუდენტებს კი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.

სახელმწიფო, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ერთჯერად დახმარებას გასცემს სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

სოციალური დახმარება ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებაა, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა.

ამ თემაზე:

რომელ სტუდენტებს დაუფარავენ დავალიანებას და ერთი სემესტრის სწავლის საფასურს – ახალი წესი

 

აჭარაში კორონავირუსი კიდევ 370 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 4 ოქტომბერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 370 ახალი შემთხვევა.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 211 კოვიდ დადებითი პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 1 პაციენტი.

„90 წლის კაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22 სექტემბერს. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – აცხადებენ სამინისტროში.

4 ოქტომბრის დილის მონაცემებით, აჭარში მკურნალობას გადის:

Covid კლინიკებში – 462 პაციენტი; აქედან 14 არასრულწლივანი, 19 ოსრული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 23 პაციენტი.

Covid სასტუმროებში იმყოფება – 735 პაციენტი; აქედან არასრულწლოვანია – 75.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:

ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 4 ოქტომბრის მონაცემები

ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 4 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 4 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი და გარდაიცვალა 2 პაციენტი.

შესაბამისად, საქართველოში, 2020 წლის 4 ოქტომბრის დილის მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ არის – 8118, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა – 4244, ხოლო გარდაიცვალა 50 პაციენტი;
  • კარანტინის რეჟიმშია – 5392 პირი;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 836 პაციენტი;
  • კოვიდსასტუმროში კი – 1100.

 

„მოგვეცით არსებობის საშუალება“ – უსამსახუროდ დარჩენილები ბათუმში აქციისთვის ემზადებიან

„მოგვეცით არსებობის საშუალება“ – ამ მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქციას გეგმავენ პირები, რომლებიც პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩნენ და არანაირი სხვა შემოსავალი არ აქვთ. მათ მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ უმეტესობას ბანკმა ჩამოაჭრა მთავრობის ერთჯერადი დახმარება და  დარჩენილი დავალიანებების გადაუხდელობის გამო ჯარიმებიც ეკისრებათ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მანანა გოგიაშვილი ამბობს, რომ მათ, ვისაც საბანკო ვალები აქვთ დახმარების თხოვნით მთავრობას უკვე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„ორი საათი ვუხსნიდი აჭარის ფინანსთა მინისტრს, რომ ბანკმა დარიცხული 200-ლარიანი დახმარებაც მოგვიხსნა და პარალელურად უამრავ ჯარიმასაც გვაკისრებს, მაგრამ ვერ გავაგებინე. მაინც ამტკიცებდა ჯარიმები არ გერიცხებათო“, – ამბობს მანანა გოგიაშვილი.

მანანა პანდემიამდე კაზინოში იყო დასაქმებული, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ მან და მისმა კოლეგებმა ეს სამსახური დაკარგეს და ვერც სხვაგან დასაქმდნენ: „მხოლოდ კაზინოს თანამშრომლები არ გამოვდივართ, შემოგვიერთდებიან სკოლის მოსწავლეების მშობლები, მძღოლები, სტატუსდაკარგული სტუდენტები, მათი მშობლები, ყველა ვინც დარჩა უსამსახუროდ.

ბევრი მეგობარი დამიკავშირდა ამ პრობლემით.  ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა აქცია, მაგრამ მთავრობამ ყურადღება არ მოგვაქცია. ამიტომაც გადავწყვიტეთ გავერთიანდეთ და ყველა ერთად მივიდეთ მთავრობასთან ჩვენი მოთხოვნებით – სხვაგან დაგვასაქმონ, ჩვენ დავიცავთ წესებს, ხომ ამბობენ, რომ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრებაო“.

აქციის ორგანიზატორებს უკვე შედგენილი აქვთ მოთხოვნა, რომელსაც მთავრობას წარუდგენენ, ეს მოთხოვნებია:

  1. საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადება – წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების ჩამოწერა
  2. სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატება/გაგრძელება
  3. ქირით მცხოვრებთა დახმარება
  4. ბავშვების სკოლაში დაბრუნება
  5. საპენსიო დანაზოგის დაბრუნება
  6. საზღვრების გახსნა

აქციის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ აქცია პოლიტიკური არ არის და არცერთ პარტიას, ან პოლიტიკურ პირს აქციაში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ. აქცია სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 6 სექტემბერს 4:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მთავრობის სახლთან მოაწყობენ.

„ვერ ვიძინებთ, გვეშინია“ – რას ყვებიან ჯოჭოში, სადაც მეწყერმა 5 ადამიანი იმსხვერპლა

„პირველად ჩვენს ოჯახში გეოლოგები 2008 წელს მოვიდნენ და დასკვნაც დაწერეს, რომ აქ ცხოვრება საშიშია. ჩვენ ისევ აქ ვცხოვრობთ…“ – გვიყვება ეთერ თედორაძე. ის ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში ცხოვრობს. ეს ის სოფელია, სადაც ორი დღის წინ მეწყერმა სახლი წაიღო. გუშინ მაშველებმა ოთხი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. 14 წლის ბიჭის ცხედარი მხოლოდ დღეს იპოვეს. მიწის უზარმაზარმა მასამ ლევან თედორაძის სახლი რამდენიმე წუთში გაანადგურა.

წუხელ, გვიან ღამით, ამ სოფლიდან და მიმდებარე დასახლებებიდან „ბათუმელებმა“ რამდენიმე პირისგან მიიღო შეტყობინებები. ყველა მათგანი გვწერდა – „ვერ ვიძინებთ, გვეშინია“. ეს ადამიანები ყვებიან, რომ სხვადასხვა დროს აქვთ მიღებული გეოლოგების დასკვნა საშიშროების შესახებ, რომ მათთან არაფერი შეცვლილა და ამ ტრაგედიის შემდეგ განსაკუთრებით საკუთარ სახლში დაძინების ეშინიათ.

„ლევანის სახლი გზის ზემოთ იყო, ჩვენ გზის ქვემოთ ვცხოვრობთ… გზაც დაბზარულია და დაწეული, ისე მოაწყვეს ახალი გზა, რომ სანიაღვრე არხიც არ აქვს. აღარ გვძინავს. არც აქამდე გვეძინა განსაკუთრებით წვიმის დროს, მაგრამ ამ საშინელი ამბის შემდეგ საერთოდ დავკარგეთ მოსვენება,“ – გვიყვება ეთერ თედორაძე. მან გეოლოგების მიერ სხვადასხვა წლებში დაწერილი რამდენიმე დასკვნა მოგვაწოდა, სადაც ხაზგასმით წერია, რომ „შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“.

ორი დღის წინ აქ ლევან თედორაძის სახლი იდგა, სადაც ის ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა

ამ საფრთხის მიუხედავად, ხელვაჩაურის მერიას ეთერ თედორაძის ოჯახის უსაფრთხოებისთვის ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია. ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც ჩვენ ეთერ თედორაძემ გვაჩვენა, 2012 წელს არის მომზადებული.

გეოლოგის დასკვნა

„ერთხელ, ისიც სააკაშვილის დროს, ოთხი ტომარა ცემენტი მოგვცეს, სულ ეს იყო,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ეთერ თედორაძის ძმამ, ირაკლი თედორაძემ.

„…ჩემი ძმა სამ არასრულწლოვან შვილს ზრდის მარტო… დედაჩემიც აქაა, ისიც ნერვიულობს, მაგრამ რა ვქნათ?“ – კითხულობს ეთერ თედორაძე. მას ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ.

2012 წელს გაცემული გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აუცილებელია კონკრეტული სამუშაოების ჩატარება სახლის და ეზოს საყრდენი კედლის გასამაგრებლად.

„…ბელეტაჟის ტიპის კაპიტალური საცხოვრებელი სახლის არათანაბარი ჯდომისა და მიწისქვეშა ბიძგების შედეგად მიღებული ჰქონდა დეფორმაცია, საძირკველზე და საყრდენ კედელზე ფიქსირდება სხვადასხვა მიმართულების ბზარები. დაზიანებულია შენობის გვერდზე ეზოს გასწვრივ არსებული საყრდენი კედელი, რომლის ნაწილი გადანგრეულია…. უხვი ატმოსფერული ნალექის მოსვლამ განაპირობა შენობის შემდგომი დეფორმაცია, საყრდენ კედლებზე და საძირკველზე არსებული ბზარები საგრძნობლად გაზრდილია და გაჩენილია ახალი ნაპრალები.

…ზემოთ აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელდეს ინჟინერ-კონსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით ახლო მომავალში. წინააღმდეგ შემთხვევაში შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს…“ – წერს გეოლოგი ტარიელ ტუსკია.

ახლო მომავალში არა, მაგრამ 2015 წელს ეთერ თედორაძეს ხელვაჩაურის მაშინდელი გამგებლისგან, ნადიმ ვარშანიძისგან პასუხი მიუღია.

გამგებელი, ნადიმ ვარშანიძის პასუხი ოჯახის წერილზე

„ამ ეტაპისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბიუჯეტში არ აქვს თანხები გათვალისწინებული მსგავსი ღონისძიებების დასაფინანსებლად. მსგავსი ღონისძიების დაფინანსების შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნა განხილული იქნება,“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს ნადიმ ვარშანიძე აწერს.

მას შემდეგ ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. ახლა იგი უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“, თუმცა წლების გასვლის მიუხედავად ამ კონკრეტული მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად არაფერი გაკეთდა.

2020 წლის ივნისში, როცა ნადიმ ვარშანიძე  ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და პანდემიის გამო ბიუჯეტის სეკვესტრს დაუჭირა მხარი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება დაახლოებით 221 ათასი ლარით შემცირდა. მაშინ ოპოზიცია აპროტესტებდა ამ ცვლილებას და იმასაც, რომ სეკვესტრირებული ბიუჯეტის ფონზე ხელვაჩაურის მერიასა და საკრებულოში ახალი ავტომანქანები იყიდეს დაახლოებით 200 ათას ლარად.

ხელვაჩაურის მერიაში არც ახლა აქვთ პასუხი, რატომ ვერ მოხერხდა 2008 წლიდან დღემდე ეთერ თედორაძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფა, როცა არსებობს კონკრეტული გეოლოგის დასკვნა კონკრეტული ჩანაწერით: „შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“.

ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ გეოლოგები ხელახლა გადაამოწმებენ ოჯახებს, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონებში ცხოვრობენ და მათ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს შესთავაზებენ.

„ჩვენ არ ვითხოვთ გასახლებას, ვითხოვთ გამაგრებას სახლის და მესრის, რომ ჩვენც ცოცხლად არ დავიმარხოთ, ან იქნებ ამას ელოდებიან, არ ვიცი…“ – დაასრულა საუბარი „ბათუმელებთან“ ეთერ თედორაძემ.

„ტელევიზორის ჩართვა მეშინია უკვე. აღარ გვძინავს, მარტო მე  კი არა, ყველას გვეშინია, ახლა ყველას სალაპარაკო ეს არის – ქვედა ჯოჭოში მომხდარი საშინელება. არ ვიცით, ჩვენ რა გველის,“ – გვიყვება ზედა ჯოჭოში მცხოვრები ნონა კოკობინაძე. მისი თქმით, მისი ოჯახი და სამეზობლოს სახლებიც შემოწმებული აქვთ გეოლოგებს.

„რამდენიმე ფერდსამაგრი გაკეთდა, მაგრამ საკმარისია? – არ ვიცით. გზები ისე გაფუჭდა, გავლა ჭირს, ამოდით და ნახეთ…“ – ამბობს ნონა კოკობინაძე.

ქვედა ჯოჭოს ტრაგედიის შემდეგ დამეწყრის საფრთხეზე საუბრობენ მახვილაურშიც. აქ მცხოვრებმა გიორგი დუმბაძემ გვითხრა, რომ გუშინ მისი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი უსაფრთხოების გამო საცხოვრებლად ნათესავთან ბათუმში გადავიდა.

„…სახლი სულ დაბზარულია, სარდაფში წყალი დგება პერიოდულად, აქაც ნებისმიერ დროს შეიძლება წაგვიღოს მეწყერმა და ცოცხლად დაგვმარხოს, არავინ გვაქცევს ყურადღებას,“ – ამბობს გიორგი დუმბაძე. მისი პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ 2019 წლის ოქტომბერშიც წერდა, როცა გიორგიმ ერთკაციანი საპროტესტო აქცია მოაწყო და მშენებარე ავტობანის გვირაბი საკუთარი ავტომანქანით გადაკეტა. გიორგის საცხოვრებელი სახლის შემოწმების შემდეგ გეოლოგებმა დასკვნაში ეს დაწერეს: „საჭიროა გრუნტის, ასევე, სახურავიდან ჩამომავალი წყლების უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა“.

მაშინ, როცა გიორგი დუმბაძემ საპროტესტო აქცია მოაწყო, გზების დეპარტამენტმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ბზარები სახლში არ უკავშირდებოდა ახალი ავტობანის მშენებლობას, თუმცა სახელმწიფოს არც მაშინ და არც ახლა ექსპერტიზა არ ჩაუტარებია ამის დასადგენად. არც გეოლოგების დასკვნა გაუთვალისწინებია ვინმეს.

გიორგი ახლა არ გამორიცხავს, რომ სასამართლოსაც მიმართოს.

„ადვოკატსაც ვესაუბრე, მითხრა, რომ თუ მოლაპარაკება არ გამოვა, შემდეგ მივმართოთ სასამართლოს… სახლში ახლა მარტო მე და დედაჩემი ვართ. ირგვლივ ახლოს მეზობელიც არ გვყავს. აქ 50-მდე ოჯახი გადაასახლეს ავტობანის გამო, ჩვენ დაგვტოვეს, აღარ არის საჭიროო, მაგრამ ყოველდღიურად ვხედავთ საფრთხეს. ჩემი სახლი გვირაბის თავზეა,“ – ამბობს გიორგი დუმბაძე „ბათუმელებთან“.

ბზარი გიორგი დუმბაძის სახლის კედელზე
გიორგი დუმბაძის სახლის სარდაფი

 

ამ თემაზე:

„ჩვენ მოგვისაჯეს საშიშ ზონაში ცხოვრება“ – ადამიანები ქვედა ჯოჭოდან

მაშველებმა იპოვეს ბავშვის ცხედარი – მეწყერს ჯოჭოში 5 ადამიანი ემსხვერპლა

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, იმ ადგილას, სადაც მეწყერმა სახლი წაიღო, მაშველებმა დღეს, 3 ოქტომბერს, იპოვეს ბავშვის ცხედარიც.

დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა და შვილი. ქალისა და კაცის ცხედრები გუშინ, 2 ოქტომბერს, იპოვეს.

მეწყერი სოფელ ჯოჭოში პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და სახლთან ახლოს, გზაზე მდგარი ავტომობილი. სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ავტომობილში – ორი.

2 ოქტომბერს, დღის ორი საათისთვის მაშველებმა მეწყრის დროს დაკარგულ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს. მაშველები დაკარგულებს 16 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით „120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ“.

სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლის ძებნას მაშველები შავი ზღვის სანაპიროზე (იქ, სადაც მდინარე მეჯინისწყალი შავ ზღვას უერთდება) განაგრძობენ. ადიდებულმა მდინარე მეჯინისწყალმა, ხიდზე მიმავალი მანქანა გაიტაცა. მანქანაში მსხდომი ორი პირიდან ერთმა გადმოხტომა შეძლო, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

თურქეთიდან შემოტანილ 25 ტონა დაავადებულ კარტოფილს უკან გააბრუნებენ – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებულ 25 ტონა კარტოფილს, რომლის ნიმუშშიც, შემოწმების შედეგად კარტოფილის კიბო აღმოჩნდა, უკან, თურქეთში გააბრუნებენ.

„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ – კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა.

პრობაციონერები ბათუმსა და ქობულეთში 1 თვით გათავისუფლდნენ ბიუროში გამოცხადებისგან

ბათუმსა და ქობულეთში რეგისტრირებული პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები, 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში გათავისუფლნი არიან პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან. იუსტიციის მინისტრის შესაბამის ბრძანებას ხელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე აწერს.

ამავე ბრძანებით, აჭარისა და გურიის პრობაციის ბიურო ვალდებულია პერიოდულად, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პრობაციის ოფიცრის მიერ წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, განახორციელოს დადგენილი რეჟიმის შესაბამისად პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლი მათ საცხოვრებელ მისამართზე. წინასწარი სატელეფონო შეტყობინებისა და საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის შესახებ დგება შესაბამისი ოქმები.

მსჯავრდებული, რომელიც მისთვის წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ პრობაციის ოფიცერს მოთხოვნილ დროს არ დახვდება საცხოვრებელ მისამართზე, დაჯარიმდება.

ამასთან, მსჯავრდებულის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის დროს, პრობაციის ოფიცერი ვალდებულია დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მიზანი, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობაა.

48 მილიონი ლარი კოვიდის სამართავად დამატებითი საწოლების მობილიზებისთვის

სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან 48 მილიონი ლარის ტენდერის გარეშე გამარტივებულად დახარჯვას ათანხმებს. აღნიშნული თანხა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, საჭიროა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის სამართავად დამატებითი საწოლი ადგილების მობილიზებისთვის.

თანხა გათვლილია 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით [84 დღე] პერიოდზე.

„ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურს გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობა. შექმნილი გარემოება ითხოვს დაუყონებლივ დამატებითი საწოლადგილების მობილიზებას. აღნიშნული შესყიდვის წინასწარ განსაზღვრა და დაგეგმვა შეუძლებელი იყო. ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში მოსალოდნელი ინფიცირებული პაციენტების მისაღებად საწოლფონდების განსაზღვრული ოდენობის გამოთავისუფლება თავისი არსით წარმოადგნეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათის მქონე ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ინფექციის პრევენციისკენ“ – აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს განაცხადში.

2020 წლის 31 დეკემბრამდე შესაბამისი დაწესებულებების მობილიზებასა და სამედიცინო მომსახურების გამარტივებულ შესყიდვაზე სააგენტოს დირექტორის ბრძანება 2020 წლის 2 ოქტომბერს გამოიცა.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) სამართავად მობილიზებული კლინიკების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

დღეს, 2020 წლის 3 ოქტომბერს, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა [ორთავე შემთხვევა ბათუმში]. შესაბამისად, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ 48 პაციენტია გარდაცვლილი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 7564 შემთხვევაა დადასტურებული.  ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირებულები იმყოფებიან კლინიკებში [836 პაციენტი], კოვიდსასტუმროებსა [1100 პირი] და ბინაზეც [1000 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე აჭარაში].

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ბინაზე მკურნალობა შესაბამისი პროტოკოლით დაუშვა:

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლში და მოვუაროთ ინფიცირებულს

 

ნათესავის მკვლელობის ბრალდებით ქედაში 41 წლის კაცი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1987 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ბრალდებული და მოკლული ახლო ნათესავები იყვნენ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კორონავირუსით აჭარაში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა -3 ოქტომბრის მონაცემები

დღეს, 3 ოქტომბერს აჭარის ჯანადაცვის სამინიტრომ აჭარაში კორნავირუსით კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების შესახებ დაადასტურა ინფორმაცია – ეს იყო ბოლო 24 საათის მონაცმები. მოგვიანებით კი კიდევ ერთ გარდაცვალების შესახებ დაადასტურეს.

გარდაცვლილია ქალი, რომელიც  სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანა 26 სექტემებერს დიაგნოზით COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, შოკი.

სამინიტროს ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

პაციენტი გარდაიცვალა ასევე ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, 66 წლის კაცი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში 2 ოქტომბერს  შეიყვანა დიაგნოზით COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

ამ დროისთვის აჭარაში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის 460 პაციენტი, მათ შორის 10 არასრულწლივანი, 17 ოსრულია.
რეანიმაციაში მოთავსებულია – 24 პაციენტი.  Covid სასტუმროებში-784 პაციენტია, მათ შორის 73 არასრულწლოვანია.

აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 3 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 177 კოვიდ დადებითი პაციენტი, დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევაც.

სამინისტროს ინფორმაციით 61 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს შეიყვანა დიაგნოზით: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა და შოკი, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

ამ დროისთვის აჭარაში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის 460 პაციენტი, მათ შორის 10 არასრულწლივანი, 17 ოსრულია.
რეანიმაციაში მოთავსებულია – 24 პაციენტი.  Covid სასტუმროებში-784 პაციენტია, მათ შორის 73 არასრულწლოვანია.

აჭარაში ბინაზე  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ  1000 პირი მკურნალობს.

კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა საქართველოში – 3 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 3 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  471 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოში, 3 ოქტომბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის სულ 7564  შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 3992 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დიაგნოზით სულ გარდაიცვალა 48 ადამიანი.

ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836 კოვიდსასტუმროში იმყოფება  1100  პირი. 

გუშინ, 2-ელ ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქედის ცენტრში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში დაახლოებით 30 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 2 ოქტომბერს მოხდა.

“ბათუმელებს” ადგილობრივმა მცხოვრებმა უთხრა, რომ კაცს გულ-მკერდის არეში ჭრილობები დანით მიაყენეს. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მისვლისთანავე გარდაიცვალა.

მკვლელობის მუხლით ერთი პირი პოლიციელებმა უკვე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Exit mobile version