საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით);
მშენებლობა – 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2 პროცენტით);
საქსტატი წერს, რომ 2025 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების – 2 738.1 ლარი იყო.
„ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 287.1 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს“ – წერს საქსტატი.
პრესრელიზის თანახმად, 2025 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 230.8 ლარით (10.5%) და 2 420.9 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 277.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და მშენებლობის (3 687.6 ლარი, გაიზარდა 15.1 პროცენტით) სფეროებში.
2025 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 187.4 ლარით (10.3%) გაიზარდა და 2 000.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.
დიაგრამაზე წარმოდგენილია 2025 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 დეკემბრის 21 საათიდან 17 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით – მცირე წვიმა, მთაში – თოვა. დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 190 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 421 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 23 737 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 35 172 ერთეული [+67]
MLRS – 1 570 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 261 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 91 219 ერთეული [+442]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+1]
მანქანები და საწვავის ავზები – 70 182 ერთეული [+177]
სპეცტექნიკა – 4 026 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
669 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
103 182 უპილოტო საფრენი აპარატი
639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 546 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 631 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 915 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
49 076 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მას შემდეგ, რაც შპს „ლამინთან“ ხელშეკრულება მოშალეს, „დინამო ბათუმის“ გასხვისებას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით გეგმავენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კლუბის შეძენით სააქციო საზოგადოება [სს] „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“-ია დაინტერესებული [დბ – იგივე დინამო ბათუმი].
სს „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“ კლუბის გადაცემას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ითხოვს და მთავრობას 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება.
სს „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“ ნიკოლოზ ჯღარკავამ, ვახტანგ ჩხაიძემ და ირაკლი აბულაძემ 2025 წლის 11 დეკემბერს დააფუძნეს.
ნიკოლოზ ჯღარკავა 2025 წლის ზაფხულში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის [სფფ] ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და აღმასკომი დატოვა. სფფ-ში 2015 წლიდან საქმიანობდა. ის იყო ასევე „დინამო თბილისის“ დირექტორი.
ვახტანგ ჩხაიძე შპს „ოლპრინტის“ დირექტორია, კომპანიის ასი პროცენტი კი ეკუთვნის შპს „სოფტრადარს“, რომლის წილებსაც საქართველოს, ისრაელის, დანიის, პოლონეთის და ავსტრიის მოქალაქეები ინაწილებენ. მათ შორის არის თემურ მიქელაძეც, რომელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომ სწორედ ის ჩაიბარებს კლუბს.
ვახტანგ ჩხაიძე ხელმძღვანელობდა შპს „GIFT OF AJARA“-ს. ეს კომპანია ოფშორში, კვიპროსზეა დაფუძნებული. ირაკლი აბულაძე რამდენიმე კომპანიის თანამესაკუთრე და დირექტორია, მათ შორის არის სამშენებლო კომპანიებიც.
ახალი ინვესტორის დაინტერესების შემდეგ, ბათუმის მერია „დინამო ბათუმის“ და მასთან დაკავშირებული ქონების გასხვისების პირობებს ინვესტორის მოთხოვნების შესაბამისად ცვლის.
თავის დროზე, 2019 წლის მაისში, ბათუმის საკრებულოს განკარგულებით, ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, შპს „დინამო ბათუმის“ 100 %-იანი წილი აჭარის მთავრობას გადაეცა, „პოზიტიური პირობით“ და გასხვისების მიზნით. მთავრობამ შპს „დინამო ბათუმის“ საწესდებო კაპიტალიდან გამოიტანა 13 მილიონ 523 407 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და 2020 წლის 6 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 49-წლიანი იჯარით გადასცა შპს „ლამინს“.
თუმცა იმ მოტივით, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, 2025 წლის 9 დეკემბერს ეს ხელშეკრულება მოშალეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტებიც ძალადაკარგულად ცნეს.
მერიაში განმარტეს, რომ შპს „ლამინთან“ ხელშეკრულების მოშლა მერიასთან დადებული შეთანხმების გაბათილების და ქონების უკან დაბრუნების საფუძველიც არის. ამის შეახებ მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა დავით კოპინაძემ საკრებულოს აცნობა.
მისივე ინფორმაციით, 2025 წლის 11 დეკემბერს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შევიდა სს „საფეხბურთო კლუბ დბ 1923“-ის წერილი, რომლითაც შპს „დინამო ბათუმის“ 100 % წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაცემას შემდეგი პირობებით ითხოვს:
„2 თვის ვადაში, შემოთავაზებული ჯგუფი წარმოადგენს არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის, უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა სრულად დაფარავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პერიოდს და ამასთან გადაასწრებს/აღემატება მას არანაკლებ 2 თვით. ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, ინვესტორი იღებს ვალდებულებას განახორციელოს საფეხბურთო კლუბში წლიურად არანაკლებ 6 მილიონი ლარის, ხოლო ჯამურად არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია.
ინვესტიცია მოხმარდება კლუბის სრულფასოვან ფუნქციონირებას, მათ შორის: თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, ეკიპირებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას, მივლინებებსა და საწვრთნელ შეკრებებს, ფეხბურთელთა სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობის ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული გუნდის მონაწილეობას ევროტურნირში და მასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო ხარჯს, ამხანაგურ და ოფიციალურ მატჩებთან დაკავშირებულ საოპერაციო დანახარჯებს.
არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, კლუბი იმუშავებს UEFA-სა და ეროვნული საკლუბო ლიცენზირების დებულებებისა და სტანდარტების სრული შესაბამისობით. ინვესტორი უზრუნველყოფს, რომ კლუბმა ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ განსაზღვრული ლიცენზირების პროცესი და მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატებსა და სხვა ოფიციალურ ტურნირებში.
ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორი წარმოადგენს: კლუბის საკუთრებაში გადაცემის დროისათვის ქონების [წილის] საბაზრო ღირებულების შეფასებას და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნას, რომელიც მომზადებული იქნება იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი.“
კოპინაძის ინფორმაციით, „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტრომ მიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, საინვესტიციო განაცხადის მოწონების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ზემოხსენებულ განკარგულებაში“.
როგორც ჩანს, მერიამ წინადადება მოიწონა, რადგან შესაბამისი ცვლილებებით განკარგულების პროექტი უკვე გადაგზავნილია საკრებულოში.
მის დამტკიცებას 19 დეკემბერს გეგმავენ.
„დინამო ბათუმის“ აწ უკვე ყოფილ მფლობელს, შპს „ლამინს“ ხელშეკრულების გაუქმების პარალელურად, ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დავალიანებაც ერიცხება – ჯამში 1 მილიონ 196 209 ლარი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები ,,ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.
მიმართვის ტექსტი 13 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე გასაჯაროვდა. გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს:
“ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური საერთო კრების მონაწილეები, ჩვენი პროფესიული გაერთიანების სახელით მივმართავთ ქვეყანაში მოქმედ შესაბამის ინსტიტუციებს ჩვენი კოლეგის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების მოთხოვნით, რათა მას მიეცეს საშუალება, მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
12 იანვარს სრულდება ერთი წელი, რაც მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის საქმე პოლიტიკური დევნისა და საპოლიციო ანგარიშსწორების კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს, რაც მზია ამაღლობელმა 38-დღიანი შიმშილობით გააპროტესტა.
უკანონო იყო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებაც, რომელიც სასამართლომ შემდგომში მთელი რიგი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენა.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზია ამაღლობელის საქმეს სამართლიანად
განიხილავს და გულდასმით შეისწავლის ყველა იმ გარემოებას, რაც ქართულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა.
არაადამიანურმა მოპყრობამ დაკავებისას, უკანონო პატიმრობამ, გახანგრძლივებულმა, დამღლელმა და უსამართლობით გაჯერებულმა სასამართლო პროცესმა, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა საფუძვლიანად შეარყია.
მზია ამაღლობელს სამედიცინო დიაგნოზის გამო მარცხენა თვალში მხედველობა პრაქტიკულად დაკარგული აქვს. ამ თვალით ის შუქ-ჩრდილების გარჩევას თუ ახერხებს. მარჯვენა თვალში მხედველობა მინიმუმამდე არის შემცირებული.
მართალია, მარჯვენა თვალში მხედველობის კორექტირება სათვალით ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, მაგრამ საბაზისო გამოკვლევებიც კი, რაც მზია ამაღლობელს პატიმრობის პერიოდში ჩაუტარდა, ნათლად მიუთითებს მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებაზე.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მზია ამაღლობელს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები მხოლოდ გასულ ხუთშაბათს [11 დეკემბერი] ჩაუტარდა ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი.
იმედი გვაქვს, ვიდრე მზია ამაღლობელი უკანონოდ არის გამოკეტილი საპატიმრო დაწესებულებაში, მისთვის ხელმისაწვდომი იქნება ამ კვლევების საფუძველზე დანიშნული მკურნალობა.
მზია ამაღლობელი საქართველოს ჟურნალისტური თემის მრავალმხრივ გამორჩეული წევრია.
მისი წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაში შეუფასებელია.
მზია ამაღლობელის ძალისხმევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად აღიარებულია საქართველოს გარეთაც.
წელს ის გახდა არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, რომელთა შორისაა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია.
მზიას ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს.
მზია ამაღლობელი 25 წელზე მეტია არის მოქალაქეების ხმა ძალაუფლების მქონეთა საპირწონედ. მზია ამაღლობელი, უკიდურესად მტრულ გარემოში, უშიშრად და დაუღალავად იცავდა ყველას, ვისი უფლებებიც ირღვეოდა და ვისაც დევნიდნენ და ავიწროებდნენ.
მზია საკუთარი ხელით და მძიმე შრომით ქმნიდა ისეთ საქართველოს, როგორში ცხოვრებაზეც ყველანი ვოცნებობთ – დემოკრატიულს, ჰუმანიზმისა და თანასწორობის იდეალებით შთაგონებულს, ქვეყანას კარგი მმართველობითა და სოციალური სამართლიანობით.
სანამ მზია ამაღლობელი პატიმრობაშია, ჩვენი თავისუფლებაც შეზღუდულია.
გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი და დაუბრუნეთ საზოგადოებას პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ხოლო პროფესიულ თემს – კეთილსინდისიერი პროფესიონალი, ერთგული კოლეგა და მეგობარი”.
ბერლინში დასრულდა უკრაინა აშშ-ის სამშვიდობო დელეგაციებს შორის შეხვედრა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებები შინაარსიანი და პროდუქტიული იყო.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები უკრაინას „ღირსეულ მშვიდობასთან“ დააახლოებს. ამ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ სხვადასხვა მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიების ცნობით, ზელენსკიმ აღიარა, რომ აშშ-სთან ასეთი საუბრები „არ არის მარტივი“.
„მაგრამ საუბარი პროდუქტიული იყო, ბევრი დეტალით. მნიშვნელოვანია, რომ სამყარო ღირსეული გახდეს – ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – თქვა მან.
„ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. ჩვენ უნდა შევხვდეთ და ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად ღირსეული პირობების შესაქმნელად. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან დაიწყო ეს ომი ევროპაში და ვინ დაიწყო ის“, – დასძინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
სააგენტო „ფრანს პრესმა“ უფრო ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა – სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ზეწოლა მოახდინეს უკრაინის დელეგაციაზე დონბასში დათმოს მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერჰი კისლიცამ გაავრცელა მოწოდება, ნუ ენდობიან ანონიმურ წყაროებს აშშ-ს პოზიციის შესახებ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა კი იმედი გამოთქვა, რომ დღის ბოლომდე ამერიკული და უკრაინული მხარეები შეძლებენ იმ პოზიციებზე შეთანხმებას, რომლებიც უკრაინას მშვიდობასთან „დააახლოებს“.
სამშვიდობო გეგმის გარშემო მოლაპარაკება გუშინ, 14 დეკემბერს დაიწყო გერმანიაში. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებოდა სტივ უიტკფსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძეს – ჯარედ კუშნერს.
მედიის ცნობით, ზელენსკი დღეს შეხვედრას გამართავს გერმანიის პრეზიდენტ ვალტერ შტაინამიერთან.
საქართველოს საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა.
„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება,“ – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფაქსიმილე ადევს.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ხშირად აკრიტიკებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის გამო.
მღვდელმოქმედების შეჩერებამდე 29 ოქტომბერს არქიმანდრიტი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ყველაზე მეტი თანხა, 57 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, 50 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს იტალიიდან, ხოლო 38 მილიონი აშშ დოლარი რუსეთიდან.
მეოთხე ადგილზეა გერმანია – 27 მილიონი აშშ დოლარით.
ხუთეულში ასევე შედის საბერძნეთი, საიდანაც ემიგრანტებმა 24 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს.
ფულადი გზავნილები საქართველოში – 2025 წლის ნოემბერი / წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ნოემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.9% მოდიოდა,“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ რელიზში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.8 მლნ აშშ დოლარი (99.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის ნოემბრის (33.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.3% მეტია.
„Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც.
ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.
„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი არ აქვს, ხოლო ხელშეკრულების გასაიდუმლოება სტანდარტული პრაქტიკაა. არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით ბათუმში, 2025 წლის 14 დეკემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიის Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ N497 განკარგულებას „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 17 მარტს მოაწერა.
ამ განკარგულებით მთელი რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ სახელმწიფო უწყებებს. ამავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „უფლებამოსილების ფარგლებში და კომპეტენციის გათვალისწინებით, საჭირო ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა შესაძლოა ეთხოვოთ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას“.
„ბათუმელებმა“ აჭარის არალეგიტიმური მთავრობისგან 2025 წლის 13 ნოემბერს წერილობით გამოითხოვა „დეტალური ინფორმაცია თუ რა ღონისძიებები გაატარეს N497 განკარგულების ფარგლებში; ასევე, ამავე განკარგულების ფარგლებში რა ღონისძიებებს ატარებს დღევანდელი მდგომარეობით.“
წერილი აჭარის მთავრობიდან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადააგზავნეს და საბოლოოდ პასუხი ერთი თვის შემდეგ მივიღეთ:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შემოსული თქვენი კორესპონდენციის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №497 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ განთავსებული აჭარის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი, შემდგომი განკარგვისათვის, გადაეცა უსასყიდლოდ სახელმწიფოს“, – წერია სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში, რომელიც 2025 წლის 15 დეკემბრითაა დათარიღებული.
საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ჯამში 2 579 000 კვადრატული მეტრი [ანუ 257,9 ჰექტარი] ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც აჭარის საკუთრებაში იყო, 2025 წლის აგვისტოდან უკვე საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია დარეგისტრირებული.
ქონების სახელმწიფოსთვის დარეგისტრირების საფუძვლად კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ივლისის ბრძანებაა მითითებული. „უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბრძანება N1705 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, დამოწმების თარიღი: 30/07/2025, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე“ – წერია რეესტრის ამონაწერში.
257,9 ჰექტარი [გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის] ტერიტორია, რომელიც აჭარის საკუთრება იყო და სახელმწიფოს გადასცეს. ამ ტერიტორიას [ყვითელი ფერით] კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ გადასცემენ საინვესტიციო პროექტისთვის. წითელი ფერით მონიშნულია ტერიტორია [15,8 ჰა], რომელიც ამ დროისთვის აჭარის საკუთრებაშია. ლურჯი ფერით კი შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიიის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიაა [18,9 ჰა] მონიშნული. ამ კომპანიის 100 პროცენტს კი სახელმწიფო ფლობს.საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველო „პროექტში უძრავი ქონებით – გონიოში არსებული 260 ჰექტრით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტრით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს“.
კომპანია „იგლ ჰილს საქართველო“ თბილისში 2025 წლის 28 აპრილს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის დირექტორია ორმაგი [ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები] მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.
საჯარო რეესტრის 2025 წლის 2 დეკემბრის ამონაწერით, „იგლ ჰილს საქართველოს“ 66,67%-ს ფლობს შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედ“ [არაბთა გაერთიანებული საამიროები], ხოლო 33,33%-ს ფლობს საქართველო [წილის მმართველად დარეგისტრირებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო].
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ირაკლი ნადარეიშვილი[საქართველო], თორნიკე ზირაქიშვილი[საქართველო], მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი[არაბთა გაერთიანებული საამიროები], რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი[არაბთა გაერთიანებული საამიროები], ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი, ეგვიპტე /არაბთა გაერთიანებული საამიროები. სოლიმანი კომპანიის დირექტორიცაა].
Eagle Hills-ის პროექტი გონიოში / კომპანიის რენდერი /ასეთი განაშენიანებაა დაგეგმილი ჭოროხის დელტაში
ტერიტორია ჭოროხის დელტაში, რომელიც Eagle Hills-ს უნდა გადასცენ „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებშია. ეს ქსელი კი დაცული ტერიტორიაა. Eagle -Hills-ის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაევალა „საჭიროებიდან გამომდინარე „ზურმუხტის ქსელის“ ფარგლებში დაცული საზღვრების კორექტირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს“.
არაბული Eagle Hills-ის პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს.
„მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან – საგამოძიებო უწყებები „ქართული ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს კვლევას, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს ეხება.
TI-მ შეისწავლა და გამოარკვია, რომ ამჟამად, გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები არიან.
„2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო 6 გამოძიება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ.
მათი უმეტესობა თანამდებობებს 2019-2025 წლებში იკავებდნენ ერთსა და იმავე სამინისტროებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში,“ – ვკითხულობთ გამჭვირვალობის კვლევაში.
ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ წარმოებულია გამოძიებები შემდეგ საქმეებზე:
სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის საქმე, რამაც სახელმწიფო 1 333 728 ლარით აზარალა;
უაქციზო სიგარეტის უკანონო წარმოების საქმე;
ირაკლი ღარიბაშვილისა და რომეო მიქაუტაძის დაუსაბუთებელი შემოსავლის საქმეები.
„ბოლო წლებში მრავალი სხვა მაღალჩინოსნის მიმართაც იყო დაგროვილი კორუფციული ბრალდებები, თუმცა გამოძიება ამ შემთხვევებს არ შეხებია. ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით.
აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას, და რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება.
უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით გაუბრაზდა ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ ქვეშევრდომებს.
ბოლო თვეებში, ამ პროცესის ასახსნელად მრავალი ვერსია გაჟღერდა, იქნებოდა ეს:
ივანიშვილის ეჭვიანობა, თითქოს ლილუაშვილ/ღარიბაშვილმა შეძლეს დასავლეთის წარმომადგენლებთან შეთანხმების მიღწევა და საკუთარი თავებისთვის გარანტიების გამოვაჭრება;
მათი ჩართულობა თაღლითურ ქოლცენტრებში, ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემებში, თუ სხვა ტიპის ორგანიზებულ დანაშაულში;
თუ ივანიშვილის მცდელობა, მის მიერ წლების განმავლობაში ნებადართული კორუფციით გამდიდრებული პირებისგან შეივსოს დასავლური სანქციებით მიღებული ფინანსური ზარალი.
ზუსტი მიზეზის დასადგენად საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ერთი რამ ნათელია – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა“.
ვრცლად „გამჭვირვალობის“ კვლევის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.
“2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო 8 გამოძიება, სადაც გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. მათი უმეტესობა თანამდებობებს 2019-2025 წლებში იკავებდნენ ერთსა და იმავე სამინისტროებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, ლილუაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
გამოძიებები ეხება გრიგოლეთის გზაზე ჩატეხილ ხიდს, რომლის ზარალი აღემატება 16 მილიონ ლარს, „ლაგი კაპიტალის“ საქმეს – 11 მილიონი ზარალით, და ალკოჰოლის უკანონო წარმოებას. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დაახლოებით 1,4 მილიონი აშშ დოლარი ბრალდებულთა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან; ასევე გამოძიების პროცესშია 4 მილიონზე მეტი ლარის უკანონო დაუფლების საქმეც. ჯამში, ზარალი 32 მილიონ ლარს აჭარბებს,” – ვკითხულობთ გამჭვირვალობის კვლევაში.
დღეს, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, ბათუმში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „რაც თავი მახსოვს“ ჩვენება.
კინოჩვენებას „შშმ ქალთა ალიანსი“ და თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი CinéDOC-Tbilisi წარმოადგენს.
რეჟისორი მაკა გოგალაძე 2024 წელს გადაღებულ ფილმში თავის ბავშვობას აცოცხლებს, როცა წარსულის შესახებ დედასთან იწყებს საუბარს.
დიალოგი ორი განსხვავებული თაობის, გამოცდილებების და წარმოდგენების ქალს შორის დროში მოგზაურობას ემსგავსება.
მოგზაურობა სივრცეში გრძელდება, როცა ავტორი საგანმანათლებლო სივრცეებს სტუმრობს საქართველოს გარშემო, აკვირდება ბავშვებს მუსიკის, ცეკვის, ხელოვნების, ლიტერატურისა და სხვა მეცადინეობებისას და იკვლევს, თუ როგორ იძერწება იდენტობა სააღმზრდელო პროცესში.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია რეჟისორთან.
კინოჩვენებაზე დასწრება შეუძლიათ მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს და ზოგადი განათლების საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს.
მისამართი: გიორგი ბრწყინვალეს 49, ბათუმი – „შშმ ქალთა ალიანსის“ ოფისი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე ქარტიის წევრებმა საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს.
რეგიონების კვოტით ქარტიის საბჭოში აირჩიეს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე და „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი თემო ინასარიძე. თბილისის კვოტით კი საბჭოში აირჩიეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი.
ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის საბჭოში 9 წევრია.
საბჭოს წევრები არიან: თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ნათია ამირანაშვილი, ნანა ბიგანიშვილი, ლელა დუმბაძე და თემო ინასარიძე.
ქარტიის საბჭოს წევრებმა საბჭოს თავმჯდომარედ საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქტორი, თინათინ ზაზაძე აირჩიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 189 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 412 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 23 731 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 35 105 ერთეული [+64]
MLRS – 1 570 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 261 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 90 777 ერთეული [+653]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 70 005 ერთეული [+207]
სპეცტექნიკა – 4 026 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
669 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
103 182 უპილოტო საფრენი აპარატი
639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 546 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 631 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 915 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
49 076 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკვე 11-ზე მეტი თვე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. სილის გაწვნის გამო მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოს – სახაროვის პრემიას გადასცემენ. ამ პრემიის მიღება აჩვენებს, როგორ ყალიბდება ავტორიტარული სისტემა საქართველოში მოსამართლეების ხელშეწყობით.
იმ კონკრეტულ 12 მოსამართლეზე გიყვებით, რომლებმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში გამოკეტეს. მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით „ოცნების“ რეჟიმი საქართველოში ამ დრომდე ცდილობს პროტესტის ჩახშობას, მზია ამაღლობელი კი, უწყვეტი წინააღმდეგობისა და პროტესტის სიმბოლოდ იქცა.
ჟურნალისტი მზია ამაღლობელიგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. მზია ამაღლობელი პირველი ქალი ჟურნალისტია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც დააპატიმრეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიუსაჯა, მეორე ინსტანციაში კი – მომხსენებელმა ნიკოლოზ მარგველაშვილმა და კიდევ ორმა მოსამართლემ.
ნიკოლოზ მარგველაშვილი – სააპელაციოს მოსამართლემ უკანონო განაჩენი ძალაში დატოვა
2025 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მზია ამაღლობელის მიმართ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ: ნიკოლოზ მარგველაშვილი [მომხსენებელი მოსამართლე], მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მის უდანაშაულოდ ცნობას და გათავისუფლებას, პროკურატურა კი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით.
ნიკოლოზ მარგველაშვილი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობამდე ნიკოლოზ მარგველაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2019 წლიდან.
ნიკოლოზ მარგველაშვილი უვადოდ გამწესებული მოსამართლეა 2018 წლიდან. მან მოსამართლეობა 2016 წელს დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მოსამართლეს საცხოვრებელი სახლი [143.49კვ.] ქუთაისში 2020 წელს აჩუქეს ბერძენაძის ქუჩაზე. ნიკოლოზ მარგველაშვილს ბინა თბილისში 2017 წელს უყიდია 60 ათას დოლარად.
ნიკოლოზ მარგველაშვილს 2024 წელს ავტომანქანა MW X6 შეუძენია 22 ათას დოლარად.
2024 წელს ნიკოლოზ მარგველაშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. მას ჯამაგირის სახით წელიწადში, ჯამურად, 105 064 ლარი მიუღია. ნიკოლოზ მარგველაშვილის ცოლი თამარ დოღონაძე 2024 წელს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
მარინა სირაძე – კრასნოიარსკის განათლებით და კრასნოიარსკში შს ინსპექტორად მუშაობის გამოცდილებით
კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და განაჩენი ძალაში დატოვა, მოსამართლე მარინა სირაძეა. იგი 1982 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა კრასნოიარსკის შს სამხარეო სამმართველოს საინფორმაციო განყოფილებაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
მარინა სირაძეს 1992 წელს დაუმთავრებია კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
მარინა სირაძე
მარინა სირაძე მოსამართლეა 1999 წლიდან. თავდაპირველად იგი ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. 2005 წლიდან დღემდე კი – უკვე 20 წელია – მარინა სირაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2009-2012 წლებში მარინა სირაძე იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მარინა სირაძეს 3 ბინა აქვს: 2024 წელს მოსამართლეს ბინა 66 ათას დოლარად თბილისში შეუძენია. 2015 წელსაც შეუძენია მარინა სირაძეს ბინა თბილისში 45 ათას ლარად. მოსამართლეს ასევე აქვს ბინა ქუთაისში, რომელიც 2003 წელს უყიდია 25 ათას ლარად.
2024 წელს მოსამართლე მარინა სირაძის ჯამაგირი 104 344 ლარი იყო.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
ნანა ჯოხაძე – აშშ-სგან დასანქცირებულ კლანს ამ მოსამართლემ მხარი დაუჭირა
მოსამართლე ნანა ჯოხაძემაც განიხილა მზია ამაღლობელის საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ამ მოსამართლემაც უარი თქვა უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გამართლებაზე.
ნანა ჯოხაძემ 2023 წელს დაუჭირა მხარი სასამართლო კლანს და უარი განაცხადა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე. აშშ-მ სანქციები დაუწესა საქართველოში სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.
ნანა ჯოხაძე
ნანა ჯოხაძე 2024 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მანამდე იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა 2021-2024 წლებში.
მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ 2019 წლიდან. ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება ინფორმაცია ამ მოსამართლის მნიშვნელოვანი ქონებრივი შენაძენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
ნინო სახელაშვილი – მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს უკანონოდ მიუსაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ მოსამართლემ ჟურნალისტის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენში საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები დამალა და არ შეაფასა.
არსებითი განხილვის დასრულდებამდე კი, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის მიმართ სამართლებრივი დასაბუთების გარეშე აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომა – პატიმრობა გამოიყენა. ადვოკატების განმარტებით, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე დააპატიმრა.
როცა ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2025 წლის 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდა, ის გამოსაცდელი ვადით იყო გამწესებული, მზია ამაღლობელის დაპატიმრების შემდეგ კი, ნინო სახელაშვილი, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს, უვადო მოსამართლედ გაამწესეს.
მოსამართლე ნინო სახელაშვილი
ნინო სახელაშვილი დასანქცირებულიმოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ უფლების დარღვევის გამო.
ნინო სახელაშვილს 2022 წელს შეუძენია ბინა თბილისში 55 ათას დოლარად. ის ასევე არის 5 სხვადასხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ტყიბულში, რომლებიც მას აჩუქეს. ნინო სახელაშვილი არის ავტომანქანა Ford c max-ის მესაკუთრე, რაც მოსამართლეს 2021 წელს შეუძენია 5270 აშშ დოლარად.
ნინო სახელაშვილმა 2024 წელს ჯამაგირის სახით 95 271 ლარი მიიღო, ანუ თვეში 7939 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
ვიქტორ მეტრეველი – მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელი მტკიცებულებების გარეშე დატოვა.
ვიქტორ მეტრეველი ის მოსამართლეა, რომელმაც მზია ამაღლობელი პრაქტიკულად დაცვის უფლების გარეშე დატოვა. მან წინასასამართლო სხდომაზე, 2025 წლის 4 მარტს საქმიდან ამორიცხა მტკიცებულებების დიდი ნაწილი – 17 მოწმე, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი, არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი
ვიქტორ მეტრეველმა 4 მარტს სხდომაზე მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვა.
საინტერესო დეტალი: პროკურატურამ ამ სხდომაზე მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა „ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის“ ასაცილებლად და არგუმენტად მოიხმო მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევა. ეს მაშინ, როცა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმე, ანუ სტიკერის გამო მზია ამაღლობელის დაკავების საქმე გაყალბებულია და ეს 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე გადაღებული უწყვეტი ვიდეოჩანაწერით დასტურდება.
ვიქტორ მეტრეველი 2024 წელს გახდა მოსამართლე. მოსამართლეობამდე ის თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების აპარატში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე.
ვიქტორ მეტრეველის ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება ინფორმაცია ამ მოსამართლის მნიშვნელოვანი ქონებრივი შენაძენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
სალიხ შაინიძე – მოსამართლე, რომელმაც პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ საქმის გაყალბებაზე თვალი დახუჭა
ეს ის მოსამართლეა, რომელმაც მზია ამაღლობელი პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრის გამო დააჯარიმა.
სასამართლო განხილვაზე დადასტურდა, რომ საქმე პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს, თუმცა მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
მოსამართლე სალიხ შაინიძე. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ადმინისტრაციულ საქმეზე. 13 მარტი, 2025 წელი
2025 წლის 11 იანვარს, ვიდრე სილის გაწვნის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით დააკავებდნენ, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს სტიკერის გაკვრისთვის – „იფიცება საქართველო“. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, პოლიციელებმა აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს, რომელმაც ასევე საჯარო სივრცეში, ასფალტზე იგივე სტიკერი დააკრა.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ ციალა ქათამიძეც 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
რატომ არის გაყალბებული „მზია ამაღლობელის საქმე“? – მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს, 13 მარტის სხდომაზე, დაადასტურა იმ ფაქტებისნამდვილობა, რაც მას მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ უდავოდ მიიჩნია ის ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში კი წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლი ითვალისწინებს პოლიციელების შეურაცხყოფას და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
შსს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის გაყალბებაში იმდენად აირია, რომ საბოლოოდ მოსამართლის ხელშეწყობით ასეთი სამართალი მივიღეთ: ერთი და იგივე ქმედების გამო – სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელი ორჯერ დააჯარიმეს. მეორედ მას შემდეგ, როცა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელიამზია ამაღლობელის ადვოკატებმა ტყუილში გამოიჭირეს და თქვა, რომ მზია ამაღლობელს შსს სტიკერის გაკვრასაც ედავებოდა. ასეთი ოქმი 2025 წლის 28 აპრილს, როცა გრიგოლ ბესელიამ მისცა ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ბუნებაში არ არსებობდა.
ორ დღეში მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის კიდევ ერთი ოქმი შეუდგინეს.
ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება ინფორმაცია ამ მოსამართლის მნიშვნელოვანი ქონებრივი შენაძენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
მარიანა ფომაევა – მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელი ერთი და იმავე ქმედებისთვის ხელახლა გაასამართლა
მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელი ერთი და იმავე ქმედების – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრის გამო ხელახლა გაასამართლა.
ერთი და იმავე ქმედების გამო პირის ორჯერ გასამართლება კანონით დაუშვებელია.
მზია ამაღლობელის ხელახლა გასამართლება „ოცნების“ სასამართლოს მას შემდეგ დასჭირდა, როცა გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი მზია ამაღლობელის ადვოკატებმა 2025 წლის 28 აპრილის სხდომაზე სიცრუეში გამოიჭირეს. გრიგოლ ბესელიამ თქვა, რომ მზია ამაღლობელს შსს ედავება შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრასაც, მაგრამ როცა ბესელიამ სასამართლოს ეს ჩვენება მისცა, ბუნებაში მსგავსი ოქმი არ არსებობდა.
ბესელიას ჩვენებამდე მზია ამაღლობელი გაასამართლეს პოლიციელების შეურაცხყოფისთვის – თითქოს მზია ამაღლობელი იმიტომ დააკავეს, რომ ის პოლიციელებს „რუსებს“ და „მონებს“ ეძახდა. ეს სიყალბე და ამბის გამოგონება პოლიციელებს დასჭირდათ იმიტომ, რომ მზია ამაღლობელი – როგორც ეს უწყვეტ ვიდეოკადრებში ჩანს – სტიკერის გაკვრის დროს თვითონ გრიგოლ ბესელიამ დააკავა. უწყვეტ კადრებში ისმის ირაკლი დგებუაძის ხმაც, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლით დაკაავეს.
ასკ-ის 150-ე მუხლი კი, პირის დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს.
ამიტომაც, მზია ამაღლობელი გაასამართლეს პოლიციელების შეურაცხყოფის მუხლით [ასკ-ის 173-ე მუხლი], შემდეგ კი, როცა სიყალბე, სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს, უკვე გრიგოლ ბესელიას ჩვენებითაც გამოაშკარავდა, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შსს-ში ახალი ოქმი დაწერეს: გრიგოლ ბესელიას ჩვენების მიცემიდან ორ დღეში – 2025 წლის 30 აპრილს 11 იანვარს გაკრულ სტიკერზე ახალი ოქმი შედგა.
ამ შემთხვევაში მზია ამაღლობელი მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა 1000 ლარით.
მოსამართლე მარიანა ფომაევა
მოსამართლე მარიანა ფომაევამ 2025 წლის მარტში 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეები. მათ შსს ზებრა გადასასვლელზე ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა.
ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება ინფორმაცია ამ მოსამართლის მნიშვნელოვანი ქონებრივი შენაძენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
ზაზა რამიშვილი – მოსამართლე, რომელმაც სტიკერის გაკვრისთვის ორჯერ გასამართლებული მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა
მოსამართლე ზაზა რამიშვილმა იმსჯელა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მარიანა ფომაევას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა მზია ამაღლობელს, ძალაში დატოვა.
„ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, აზრის გამოხატვას ან პოზიციის გამოხატვას და ეს შეიძლება გააკეთო უწყინარ ფორმატში, სტიკერი გააკრა, სამართალდარღვევაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა 2025 წლის 9 სექტემბერს.
როგორ გასამართლდა მზია ამაღლობელი ორჯერ? – 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ, ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფდა და აგინებდა. გაყალბებული საქმის მიუხედავად 18 მარტს მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
ზაზა რამიშვილი
ზაზა რამიშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა 2023 წლიდან. იგი უვადოდ არის გამწესებული.
ზაზა რამიშვილი მომხსენებელი მოსამართლე იყო „საარჩევნო დავების საქმეზე“, როცა საია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების ფარულობის დარღვევაზე დავობდა.
ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება ინფორმაცია ამ მოსამართლის მნიშვნელოვანი ქონებრივი შენაძენის შესახებ.
მოსამართლე ზაზა რამიშვილმა 2024 წელს საარჩევნო დავა შოთა სირაძესთან ერთად განიხილა. შოთა სირაძე ერთ-ერთი გავლენიანი პოლიციელის – ვაჟა სირაძის მამაა.
მოსამართლე შოთა სირაძესაც მოუწია მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
შოთა სირაძე – მოსამართლემ შსს-ს ვიდეოებით მანიპულირება არ შეიმჩნია, მისი შვილი შსს-ს მაღალჩინოსანია
2025 წლის ივნისში მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ადვოკატები მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მოსამართლე შოთა სირაძეს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს ფრანგი და ქართველი ექსპერტების საექსპერტო დასკვნები, რაც ადასტურებს პოლიციის მიერ მტკიცებულებებით/ვიდეოკადრებით მანიპულირებას. დაცვის მხარისთვის უცნობია, რა გარემოებებზე დაყრდნობით არ გაითვალისწინა სასამართლომ საექსპერტო დასკვნები.
ექსპერტების დასკვნის მიხედვით, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე შსს ვიდეოებით მანიპულირებდა.
შოთა სირაძემ ზეპირი მოსმენაც კი არ ჩანიშნა, ანუ მხარეებისთვის სხდომაზე არ მოუსმენია, ისე თქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
შოთა სირაძე საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის და ამჟამად უკვე თბილისი პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამაა. 2024 წელს, საპროტესტო აქციების დროს ვაჟა სირაძე ჩეხეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა დაასანქცირეს.
2025 წლის შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე შოთა სირაძემ 2024 წელს 23 ათასი დოლარი გადაიხადა ავტომანქანაში, მისმა მეუღლემ ეკა ლატარიამ კი 24-ათასდოლარიანი ავტომანქანა იყიდა 2023 წელს.
ამ მოსამართლეს წყლის ტრანსპორტიც ჰქონია – 8 ათას დოლარად Hurricane შოთა სირაძეს 2024 წელს შეუძენია.
მოსამართლე შოთა სირაძის ჯამაგირი თვეში დაახლოებით 8737 ლარია. შოთა სირაძის მეუღლე ადვოკატია, აქვს ბიზნესიც და მისი შემოსავალი 2024 წელს 175 ათასი ლარი იყო.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
მალხაზ ოქროპირაშვილი – მოსამართლე, რომელმაც მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საჩივარი არც კი განიხილა
2025 წლის 21 იანვარს მალხაზ ოქროპირაშვილმაც დაუშვებლად ცნო საჩივარი, რომლითაც მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მოშიმშილე მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრეს.
მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილი ესტონეთმა და ლიეტუვამ „მზია ამაღლობელის საქმის“ გამო დაასანქცირეს 2025 წელს.
მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილი
2025 წლის 24 იანვარს მოქალაქეებმა მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია გამართეს. მოქალაქეებმა მალხაზ ოქროპირაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, როცა მან მოშიმშილე ჟურნალისტის საჩივარი არც კი განიხილა. ამ პროტესტის გამო მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტები – ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთევან ფილაური, ეკა კუხალაშვილი, ირმა ზარანდია, გივი ცინცაძე – მოსამართლე ციცინო მოსიძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია და ისინი 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.
მალხაზ ოქროპირაშვილი მოსამართლეა 2005 წლიდან. იგი უვადო მოსამართლედ 2018 წელს გაამწესეს. მალხაზ ოქროპირაშვილს 2024 წელს ხელფასის სახით 109 ათასი ლარი მიუღია.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
ვერა დოლიძე – მოსამართლე, რომელიც, „ოცნების“ შეფასებით ენმ-ს მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა და დააწინაურეს
ვერა დოლიძე კიდევ ერთი მოსამართლეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც უარი თქვა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის გადახედვაზე. ამ მოსამართლემაც ნახა, როგორ გააყალბა შსს-მ „მზია ამაღლობელის საქმე“.
მზია ამაღლობელის ადვოკატები მოსამართლე ვერა დოლიძესთან ასაჩივრებდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლაზე. ამ ეტაპზე „მზია ამაღლობელის საქმის“ ადვოკატებმა გამოკვეთეს რამდენიმე გარემოება, რაც ადასტურებდა იმას, რომ „მზია ამაღლობელის საქმე“ გაყალბებულია.
ვერა დოლიძე
2009-2012 წლებში ვერა დოლიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2012 წლიდან კი, არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
ერთ საინტერესო საქმეს გაგახსენებთ, რომელიც ვერა დოლიძემ ბათუმის სასამართლოში განიხილა: 2011 წელს მოსამართლე ვერა დოლიძემ 23 წლის სტუდენტს, ცოტნე ანანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანანიძეს გამოძიება პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებოდა. ცოტნე ანანიძის პატიმრობა „ოცნების“ მთავრობამ უკანონობად შეაფასა და პოლიტიკური პატიმრების სიაში შეიყვანა. ცოტნე ანანიძე დღეს „ოცნების“ დეპუტატია აჭარის უმაღლეს საბჭოში.
„ოცნების“ ლოგიკით უკანონო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე – ვერა დოლიძეც დაწინაურებულა. ის 2012 წლიდან უკვე ზემდგომი ინსტანციის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
ვერა დოლიძეს ბინა ბათუმში 2019 წელს შეუძენია 49 500 დოლარად შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 80 კვ. მეტრი ბინა კი თბილისში იყიდა, რაშიც 70 ათასი დოლარი გადაიხადა 2014 წელს.
ვერა დოლიძის მეუღლე გენადი კუჭუხიძე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილეა. მას შეუძენია ბინა ქუთაისში 2021 წელს, 101 კვ. მეტრი 135 ათას ლარად. გენადი კუჭუხიძის ხელფასი 2024 წელს თვეში 2475 ლარი იყო, ვერა დოლიძისა – 8695 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
ლევან ყოლბაია – კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც გაყალბებული საქმე არ შეიმჩნია
2025 წლის 14 თებერვალს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებაზე დაუშვებლად ცნო.
ადვოკატები მოსამართლე ლევან ყოლბაიას მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე, რის გამოც მოსამართლეს მზია ამაღლობელი უნდა გაეთავისუფლებინა, მათ შორის, იყო ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რაც გაყალბებულია. პროკურორებმა – ვლადიმერ თურმანიძემ და თორნიკე გოგეშვილმა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს [2025 წლის 14 იანვარი] სწორედ გაყალბებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის საფუძველზე მოითხოვეს მზია ამაღლობელის დაპატიმრება, მოსამართლე ნინო სახელაშვილი კი, ყალბ დოკუმენტს დაეყრდნო, მაგალითად, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, იგი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], თუმცა „ბათუმელების“ მიერ გადაღებული ვიდეოთი სიყალბე დასტურდება: მზია ამაღლობელს ასკ-ის 150-ე მუხლის გამო [სტიკერის გაკვრა] აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს.
ლევან ყოლბაია
ლევან ყოლბაია 2021 წლიდან გაამწესეს მოსამართლედ. მანამდე იგი აფხაზეთის მთავრობაში მუშაობდა. მოსამართლეს ჰქონია NGO სექტორში მუშაობის გამოცდილებაც: 2010-2013 წლებში ლევან ყოლბაია თავმჯდომარის მოადგილე იყო არასამთავრობო ორგანიზაციაში – „დევნილთა მხარდაჭერისთვის”.
ლევან ყოლბაიას ჯამაგირი 2024 წელს 95 271 ლარი იყო, თვეში – 7940 ლარი.
2024 წელს ლევან ყოლბაიას თბილისში სახლი შეუძენია [თანასაკუთრება, 50 %] 303 000 ლარად.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
ბათუმში მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა პოლიციელი, რომელიც ნასვამი მართავდა ავტომანქანას, თავისი ბრალეულობით დაეჯახა სხვა ავტომანქანას, ხოლო ავტომანქანაში მყოფმა მგზავრმა მიიღო „სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება“.
განაჩენის გამოტანის შემდეგ ამ პოლიციელს არც ერთი დღე არ გაუტარებია ციხეში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა.
პოლიციელი მ.თ. მხოლოდ 2024 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის 31 ოქტომბრის პერიოდში იყო ციხეში. ეს ის პერიოდია, როცა პოლიციელის საქმეს განიხილებოდა სასამართლოში და მას ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა.
საუბარია აჭარის ერთ-ერთ სოფელში 2024 წლის 5 აპრილს მომხდარ შემთხვევაზე.
ამ საქმეზე სასამართლომ დაადგინა შემდეგი: „JEEP GRAND CHEROKEE LAREDO-ს“ მარკის ავტომანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი, მ. თ.
მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და დაეჯახა „AUDI Q5-ს“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ა. კ., რის შედეგადაც, „AUDI Q5-ის“ მარკის ავტომანქანის მგზავრმა, ვ. კ.-მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2025 წლის 18 ნოემბერს მიღებულ განჩინებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელი 2024 წლის 31 ოქტომბერს დამნაშავედ მიიჩნია სსკ-ის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით [ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ]. სასამართლომ მ.თ.-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით.
პოლიციელს შეეხო „ამნისტიის შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც, მ.თ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„მსჯავრდებულ მ. თ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
პროკურატურას უფრო მკაცრის სასჯელის განსაზღვრა მოუთხოვია და ზემდგომი ინსტანციებისთვის მიუმართავს.
„დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ეს განჩინება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა: მერაბ გაბინაშვილმა [თავმჯდომარე], ნინო სანდოძემ და ლევან თევზაძემ მიიღეს.
არაბულ კომპანიასთან ხელშეკრულების გასაჯაროვების მოთხოვნით ბათუმში, 14 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ.
არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლითაც ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. „ქართული ოცნება“ კი, ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი არ აქვს, ხოლო ხელშეკრულების გასაიდუმლოება სტანდარტული პრაქტიკაა.
„უნდა გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა წერია ხელშეკრულებაში, ქართველი ხალხი არ უნდა იგებდეს ამას სარეკლამო რგოლებიდან, რომელშიც ე.წ. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. მეორეა შეთანხმება ხალხთან და საჯარო განხილვების მოწყობა. სახელმწიფო ვალდებულია, ხალხს აუხსნას ეს და მოისმინოს უკუკავშირი. მესამე მოთხოვნაა, რომ არაფერი არ განხორციელდეს ამ ტერიტორიებზე, სანამ საზოგადოების თანხმობა არ იქნება,“ – ამბობს ილია ღლონტი „ქართული რეპუბლიკის“ წევრი.
„მთავარი „ოცნებისთვის“ არის ფულის მოხვეჭა,“ – საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა ზურაბ ცეცხლაძემ, ადვოკატმა, ის პოლიტიკური პატიმრის და ბათუმელი სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამაა, – „მილიონერები და მილიარდერები არიან პარლამენტში, მოპარავას იწყებენ პირდაპირ მილიონიდან: 20 ათასი, 100 ათასი – არა, პირდაპირ მილიონი.
არ უნდა დავანებოთ ეს ქვეყანა, განათლებას ანგრევენ, გვწამლავენ ქიმიური იარაღით, არ უნდა დავანებოთ, რომ ევროპულ მომავალს კლავენ. არ უნდა დავანებოთ,. რომ გაათითოკაცეს ეს ქვეყანა. არ უნდა დავანებოთ ის, რომ კორუფციაში დაახრჩვეს ქვეყანა. კორუმპირებულია სახელმწიფოს ყველა შტო… პოლიტიკური ელიტა, რომელიც ამ ქვეყნის ძალაუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა, ამ ქვეყანას ხრავს,“ – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
„ძალიან მძიმეა ის, რომ ერთი მხრივ, რეკავენ დედები, რომელთა შვილებმაც მიიღეს დაზიანებები და ეს დაზიანებები გაგრძელდა რაღაც პერიოდი: ფილტვების ანთება, ცხვირიდან სისხლდენა, სისუსტე, ხველა… ეს არის განგრძობადი 3-4 თვის განმავლობაში.
გვაქვს ისტორია, მაგალითად, სამმილიმეტრიანი ანევრიზმის გახეთქვის, რომელიც საკმაოდ მძიმეა, იმიტომ, რომ 50 წელს გადაცილებულია ეს ქალბატონი. გვაქვს ისტორია, როდესაც ადამიანს ჰქონდა მხედველობის პრობლემა მინუს ერთი, ეხლა აქვს მინუს სამი,“ – თბილისის აქციაზე დაშავებული ადამიანების ისტორიებზე გვესაუბრება „ფედერალისტების“ წევრი ნინო თოდრია.
პროევროპულ აქციებზე დაშავებულების ისტორიები ახლა მტკიცებულებების სახით გროვდება საერთაშორისო გამოძიებისთვის.
2025 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნებული BBC-ის საგამოძიებო ფილმის მიხედვით, 2024 წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ამ ფილმის გამოქვეყნების შემდეგ სუსმა გამოძიება 5 დღეში ჩაატარა და თქვა, რომ შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამეს, პროევროპული აქციების დარბევისას, გამოიყენა არა „კამიტი“, რაც აკრძალული ქიმიური ნივთიერებაა, არამედ „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, იგივე ცრემლსადენი გაზი.
2024 წელს მშვიდობიანი, პროევროპული აქციების დარბევების და წყლის ჭავლით დაშლის დროს ასეულობით ადამიანი დაშავდა.
უფლებადამცველები და იურისტები განმარტავენ, რომ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში მოუწევს პასუხისგება აკრძალული ქიმიური ნივიერების აქციაზე გამოყენების გამო.
ვინ აგროვებს მტკიცებულებებს „ქიმიური მოწავმლის საქმეზე“ საერთაშორისო გამოძიებისთვის? – ცალკეული სამოქალაქო ორგანიზაციები სტრასბურგში გასაგზავნი საქმის მასალებისთვის კონკრეტულ ისტორიებს სწავლობენ, „ფედერალისტებში“ კი, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს რაიმე სახის მტკიცებულება „ქიმიური მოწამვლის საქმეზე“, შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე 032 2 420 737, ან პირდაპირ შეავსოს ანკეტა.
ანკეტა ითვალისწინებს ექიმის მიერ თავის დროზე გაცემული დასკვნის, აქციაზე მიღებული დაზიანების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის, ან სხვა სახის მტკიცებულებების დართვას.
„ვაგროვებთ ყველა სახის ინფორმაციას, განსაკუთრებით გვაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ წყლის ჭავლის დროს დაზარალდნენ. ვაგროვებთ მათ სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს, პირად ინფორმაციას, რომ მერე მათთან კომუნიკაცია გაგვიმარტივდეს. ასევე ვაგროვებთ ფოტოსურათებს, ექიმის დასკვნას… ძალიან ბევრ ადამიანს ერთნაირი სიმპტომი ჰქონდა იმ პერიოდში. ასევე იყო დაზარალებულების ნაწილი, ვისაც არ მიუმართავს ექიმისთვის.
კანზე გამონაყარი, სიწითლე ალერგიული ხველა 3-4 თვის განმავლობაში გაუგრძელდათ ადამიანებს, ასევე ცხვირიდან სისხლდენა. დემონსტრანტების ნაწილმა შემდგომ პერიოდში მიმართა ექიმს,“ – გვიყვება ფედერალისტი ნინო თოდრია.
სამედიცინო დოკუმენტაციის გარდა, „ფედერალისტები“ აგროვებენ სხვა სახის მტკიცებულებებსაც, მაგალითად, ინფორმაციას, რომელიც ამ პარტიის და „თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთობლივ ცხელ ხაზზე შედიოდა პროევროპული აქციების დარბევების დროს.
„ფედერალისტები“ აგროვებენ და დასავლეთში შესაბამის ინსტიტუტებს აწვდიან მონაცემებს პოლიტიკური პატიმრების საქმეების ფიგურანტების: ცრუ მოწმეების, პროკურორების, მოსამართლეების შესახებ.
ამ დრომდე „ფედერალისტებთან“ მხოლოდ 30 ანკეტააა შევსებული „ქიმიური მოწამვლის საქმეზე“:
„შეიძლება ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მცირე იყო დაზიანება და ამიტომ არ ვავსებ. მეორეა, რომ ვითხოვთ ამ ადამიანებს იდენტიფიკაციას: სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს. ბევრია ისეთი, რომელსაც არ სურს სახელის და გვარის გამჟღავნება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც BBC-მ ჩაწერა და სიუჟეტში მოხვდნენ, დაიბარეს დაკითხვაზე.
თავდაპირველად, როგორც კი, ეს ანკეტის ფორმა დავდეთ, მომენტალურად 15-მა, 16-მა ადამიანმა შეავსო და მერე უკვე, როდესაც ნახეს, რომ ნაწილი ადამიანების დაიბარეს გამოკითხვაზე, შეფერხდა ეს პროცესი. არ მგონია, რომ ეს 30 ადამიანია მხოლოდ დაზარალებული. სავარაუდოდ, ინფორმაცია ამ ადამიანებამდე არ მისულა, ან ეშინიათ და არ ავსებენ,“ – ამბობს ნინო თოდრია.
ფედერალისტი ნინო თოდრია ამ მონაცემების ისტორიულ მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას:
„საქართველოში დადგება მომენტი, როდესაც ეს რუსული რეჟიმი აგებს პასუხს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია არ დავაძველოთ და არ დავივიწყოთ, პირიქით, მივცეთ საშუალება საკუთარ თავს, რომ ეს ისტორიები ერთ ადგილას იყოს თავმოყრილი.
როცა ისტორიული სამართლიანობის მომენტი დადგება, გამოვიყენოთ ეს მომენტი ჩვენს სასიკეთოდ, რომ მსგავსი რამ აღარასდროს აღარ განმეორდეს ამ ქვეყანაში”.
ნინო თოდრია ამ თემაზე საუბრის დროს ვენერა მეშველიანს იხსენებს. მას დღიურის სახით დაწერილი და შენახული ჰქონდა საკუთარი ისტორია აფხაზეთზე.
„როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და ჩვენ დავიწყეთ კამპანია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, შემთხვევით მივაგენით ვენერას, რომელსაც უკვე გამზადებული ჰქონდა საკუთარი ისტორია. ეს ისტორია მოისმინეს ყველგან: ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიაში, პარიზის პარლამენტში, მოისმინეს ევროპარლამენტარებმა.
ამიტომაც, ჩვენ გვჯერა, რომ ეს ისტორიები რაღაც მომენტში აუცილებლად გაცოცხლდება და იმ კითხვებს გასცემს პასუხს, რომლებიც დღეს ჩვენ ყველას გვაქვს.
ჩვენ დოკუმენტური ფილმის გადაღება გვინდა, სადაც დემოკრატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მოყვებიან საკუთარ ისტორიებს აქციების დარბევებზე. პირველი, სადაც აი, ამ დოკუმენტურ ფილმს გავაგზავნით, ეს იქნებიან ჩვენი მეგობარი პარტნიორები, რომლებსაც შეეძლებათ, ნახონ, რა მოხდა რეალურად ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოში, როგორ ებრძოდა ხელისუფლება ჩვეულებრივ თავისუფლების მოყვარე ადამიანებს საპროტესტო აქციაზე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ნინო თოდრიამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 დეკემბრის 21 საათიდან 15 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ. დღისით – წვიმა. მთაში –
თოვა. შესაძლებელია ძლიერი ქარბუქი. ნისლი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +14 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 16 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვა. 17 დეკემბერს და მომდევნო ორ
დღეს [18 და 19 დეკემბერს] კი, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 188 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 410 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 721 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 35 041 ერთეული [+9]
MLRS – 1 567 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 259 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 90 124 ერთეული [+440]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+13]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 69 798 ერთეული [+81]
სპეცტექნიკა – 4 026 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
669 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
102 637 უპილოტო საფრენი აპარატი
639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 531 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 631 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 891 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
49 012 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმის საკრებულოში მესამე ფრაქცია შექმნეს. ,,ევროპელი სოციალისტების“ დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება 12 დეკემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს. ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი დევაძე იქნება.
25-წევრიან საკრებულოში საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იქნება: თავმჯდომარე, მისი სამი მოადგილე, 5 კომისიის თავმჯდომარე, 3 ფრაქციის თავმჯდომარე ჯამში 10 მოადგილით.
ბათუმის საკრებულოში რიგითი წევრს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მხოლოდ 996 ლარამდე ერიცხება. თანამდებობის პირების ხელფასები კი 4000-მდე ლარიდან იწყება.
საკრებულოში „ოცნების“ სიით შესულ ყველა პირს თანამდებობა შეხვდება, რიგით წევრად დარჩება მხოლოდ სამი ოპოზიციონერი: ვაჟა დარჩია „ლელოდან“, გიორგი მასალკინი „გირჩიდან“ და სულიკო გოგოლიშვილი გახარიას პარტიიდან.
ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე – ნინო ცხვარაძე, ხოლო ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დავით მახარაძე ხელმძღვანელობს.
თანამდებობების წინასწარ განსაზღვრული სარგოების მიხედვით რომ დავთვალოთ, ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან თვეში 116 400 ლარი დაიხარჯება, წლის განმავლობაში – 1 მილიონ 396 800 ლარი. ამაში არ შედის უფლებამოსილების განხორციელების სხვა ხარჯები, მაგალითად, გადაადგილების, სამივლინებო და სხვა.
დღეს, 13 დეკემბერს, მზია ამაღლობელს გადასცეს ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ეს ჯილდო „მედია ადვოკატირების კოალიციამ“ გადასცა მზია ამაღლობელს „ქარტიის პრიზი 2025“-ის გამარჯვებულების ღონისძიებაზე. „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.
ჟურნალისტი მზია ამაღლობელიგამოცემების – „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 11 თვეა უკანონო პატიმრობაშია.
2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.
დღეს, 13 დეკემბერს „ქარტიის პრიზი 2025“ რამდენიმე ჟურნალისტს გადაეცა. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში ჟიურიმ გამოავლინა.
კატეგორიაში ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში, გამარჯვებული „პუბლიკას“ ჟურნალისტი მინდია გაბაძე გახდა.
სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში – ამ კატეგორიაში გამარჯვებული ნათია ამირანაშვილი გახდა [„პუბლიკა“] სტატიით: „ცრუ მოწმეებად მხილებული მოწმე პოლიციელები“.
„ქარტიის პრიზი 2025“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებული კატეგორიაში – ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება – ნასტასია არაბურული [„რადიო თავისუფლება“] გახდა ნამუშევრით „ტინდერის ასლარიანო ბოზებო“ – პოლიციელების უხამსობა და ძალადობა ქალ დემონსტრანტებზე“ .
ამ კატეგორიაში პრიზი დაწესებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ.
ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებული კატეგორიაში – სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი – „სტუდია მონიტორი“ გახდა ნამუშევრით „გაიცანით სკამერები საქართველოდან“.
ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთის მზია ამაღლობელს გადაეცა.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 თვეა უკანონო პატიმრობაშია.
მთავარ ფოტოზე: მინდია გაბაძე, „პუბლიკას“ გაამრჯვებული ჟურნალისტი
დღეს, 13 დეკემბერს, ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა უშუქოდ დარჩა.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება შუახევში ჭვანის ხეობის ნაწილს, ხოლო ხულოში – სოფელ ძირკვაძეებსა და დიდაჭარას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, უშუქოდაა დარჩენილი სხვა სოფლებიც, მაგალითად, ბეღლეთი და კორტოხი. ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანების თქმით, შუქი დილიდან გამოირთო, როცა თოვა დაიწყო.
„ენერგო პრო ჯორჯიაში“ ვერ ამბობენ, კონკრეტულად როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა განმარტავენ, რომ დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.
დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში მოსახლეობის ნაწილს წყალი გაუთიშეს.
„ბათუმის წყალში“ განმარტეს, რომ წყალი მხოლოდ 1054 აბონენტს არ მიეწოდება.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტა ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაობს უკავშირდება და წყალმომარაგება საღამოს 9 საათიდან აღდგება.
ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობის პირველ დღეებში წყალსაც არ სვამდა, თუმცა 9 დეკემბრიდან მან ე.წ. მშრალი შიმშილობა შეწყვიტა.
ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას საკანში სამედიცინო პერსონალი ამოწმებს, რომელიმე კონკრეტული ექიმის ჩართვა კი, მას არ მოუთხოვია.
„ექიმების ყურადღებას არ უჩივის. ერთადერთი ტელევიზორს ითხოვს, ადმინისტრაცია დაპირდა, მაგრამ ჯერ არ მიუტანიათ “, – გვითხრა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ.
„ვესაუბრე ზურაბ ჭავჭანიძეს… თავს სუსტად გრძობს, ამბობს, რომ დაემატა განსხვავებული სიმპტომები, რომლებთანაც გამკლავება უჭირს. მისი შიმშილობა განპირობებული იმით, რაზეც მან ისაუბრა სასამართლო პროცესზე,“ – ამბობს აქტივისტი ნათია თოხაძე.
ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი ადვოკატის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.
9 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლესაც მიმართა:
„მე ვარ სოხუმელი და 15 ვაჟკაცი სოხუმში დამეღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ ყველამ ვიცხოვროთ კარგ საქართველოში. ვილაპარაკებ ფაქტებით: რას ნიშნავს რუსული მმართველობა? მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე“.
მიუხედავად იმისა, ვინ ვართ და ვის ვემხრობით, მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება. ამის მაგალითებს ვხედავთ. „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“ – ფიქრობენ ადამიანები. ყველას გვემუქრება ხიფათი.
ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ მთელი ცხოვრებაა. „ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ“ — დიდ კედელზე მაქვს დაწერილი. სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება მამოძრავებს.
სუსის თანამშრომელი მოვიდა სახლში და მითხრა თვითონვე, ყველაფერი ვიცით შენზე და კარგი კაცი ხარო. ერთადერთი ჩემი მოწოდება არის სიკეთე და სიყვარული, „მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარს“ — ესაა ქართული სულის გამოძახილი. პატიოსნებისა და სიყვარულის მეტი მე არაფერი გამაჩნია“ – თქვა სასამართლო სხდომაზე ზურაბ ჭავჭანიძემ.
ბათუმის საკრებულოში რიგითი წევრს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მხოლოდ 996 ლარამდე ერიცხება. თანამდებობის პირების ხელფასები კი 4000-მდე ლარიდან იწყება.
25-წევრიან საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, რაც ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იქნება: თავმჯდომარე, მისი სამი მოადგილე, 5 კომისიის თავმჯდომარე, 3 ფრაქციის თავმჯდომარე, ჯამში 10 მოადგილით.
კიდევ ერთი ფაქტი – 25-წევრიან საკრებულოში ოპოზიციას მხოლოდ 3 წევრი ჰყავს.
ამონარიდი განკარგულების პროეტიდან
ამ დროისთვის საკრებულოში თავმჯდომარის, მისი სამი მოადგილის, ხუთი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 9 პირია არჩეული.
თავმჯდომარის ხელფასი 2026 წლის იანვრიდან 9600 ლარი იქნება იმ პროექტის მიხედვით, რომელსაც საკრებულო თავადვე დაამტკიცებს. პირველი მოადგილის ხელფასი 8000 ლარი, ხოლო მეორე და მესამე მოადგილეები 7200 ლარს მიიღებენ. კომისიების თავმჯდომარეების ანაზღაურება კი 5600 ლარია.
თვითმმართველობის კოდექსი საკრებულოში ფრაქციის შექმნას ითვალისწინებს, თანამოაზრეებმა ერთად მუშაობა და ინიციატივების წარდგენა რომ შეძლონ.
ფრაქციის თავმჯდომარეს ხელფასი ეკუთვნის და შეუძლია ხელფასიანი მოადგილეც ჰყავდეს. ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 5600 ლარი, ხოლო მოადგილის ხელფასი 4000 ლარია.
ბათუმის საკრებულოში 3 ფრაქცია შექმნეს. ,,ევროპელი სოციალისტების“ დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ, 12 დეკემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს. ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი დევაძე იქნება, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე – ნინო ცხვარაძე, ხოლო ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დავით მახარაძე ხელმძღვანელობს.
სამი ფრაქციის თავმჯდომარეს ჯამში ათი მოადგილე ეყოლება.
ერთ პირს 2 თანამდებობაზე ვერ აირჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საკრებულოში „ოცნების“ სიით შესულ ყველა პირს თანამდებობა შეხვდება, რიგით წევრად დარჩება მხოლოდ სამი ოპოზიციონერი: ვაჟა დარჩია „ლელოდან“, გიორგი მასალკინი „გირჩიდან“ და სულიკო გოგოლიშვილი გახარიას პარტიიდან.
თანამდებობების წინასწარ განსაზღვრული სარგოების მიხედვით რომ დავთვალოთ, ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან თვეში 116 400 ლარი დაიხარჯება, წლის განმავლობაში კი 1 მილიონ 396 800 ლარი. ამაში არ შედის უფლებამოსილების განხორციელების სხვა ხარჯები, მაგალითად გადაადგილების, სამივლინებო და სხვა.
დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ყველა ფრენა გაუქმებულია. მიზეზი უამინდობაა.
სტამბოლის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან სამი ფრენა იყო დაგეგმილი: „თურქიშ ეარლაინის“ 2 რეისი და „პეგასუსის“ 1 რეისი. ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის უცნობია, როდის შესრულდება ფრენა სტამბოლისკენ.
ბათუმის აეროპორტიდან დღეს კიდევ 5 ფრენაა დაგეგმილი მოსკოვის, თელავივის და სოჭის მიმართულებით. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეს რეისები გაუქმებული არ არის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 187 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 409 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 23 714 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 35 032 ერთეული [+24]
MLRS – 1 567 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 258 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 89 684 ერთეული [+283]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 060 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 69 717ერთეული [+103]
სპეცტექნიკა – 4 026 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
669 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
102 347 უპილოტო საფრენი აპარატი
639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 524 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 630 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 872 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
48 940 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„წელი მთავრდება, უნივერსიტეტებს ბიუჯეტები აქვთ დასაგეგმი და არავინ იცის, როგორ უნდა დაგეგმონ. გარდა ამისა, უცხოელი სტუდენტების მიღებაზეც სერიოზული პრობლემებია. გვიგზავნიან აპლიკაციებს, უნდათ ჩვენთან ჩაბარება და ამაზეც არ ვიცით რა პასუხი გავცეთ. აბსოლუტური ქაოსია“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციისა და განვითარების მენეჯერი, ერეკლე მაღრაძე.
„ბათუმელები“ ერეკლე მაღრაძეს „ქართული ოცნების“ ე.წ რეფორმაზე ესაუბრა.
ბატონო ერეკლე, რა ტიპის საფრთხეებს უქმნის „ქართული ოცნების“ საუნივერსიტეტო რეფორმა ილიაუნის იმ პროგრამებს, რომლებსაც უკვე აქვთ საერთშორისო აკრედიტაცია?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ოთხი ფაკულტეტია და მათ შორის ერთ-ერთია ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი. ამ ფაკულტეტში არის სამი სკოლა და ერთ-ერთია ტექნოლოგიის სკოლა, რომელიც აერთიანებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
საბაკალავრო პროგრამები არის კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, არქიტექტურის და მათემატიკის. არის სამაგისტრო პროგრამები – პროგრამული ინჟინერიის, არქიტექტურის და მათემატიკის მიმართულებით და არის ერთი სადოქტორო პროგრამა მათემატიკის მიმართულებით.
ტექნოლოგიის სკოლაში არის კიდევ ბევრი კვლევითი ცენტრი, გამოყენებითი ფიზიკის, ენერგეტიკის და სამოქალაქო ინჟინერიის, ასევე კვანტური ფიზიკის მიმართულებით, ტექნოლოგიის სკოლის სტრუქტურაში შედის ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრი, და ბუნებრივია, ამ ყველაფრის არსებობას და განვითარებას ექმნება საფრთხე.
როცა ამბობენ, რომსამ წლამდე ჩამოდის ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობა, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და დანაშაული იმიტომ, რომ, ჩამოთვლილი საინჟინრო და ტექნოლოგიური პროგრამები, ე.წ. STEM პროგრამები, შეიქმნა „მილენიუმის“ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან და სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და ორიენტირებულია საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებაზე.
ამ 4-წლიან პროგრამებიდან, ჯერ მხოლოდ კომპიუტერულ ინჟინერიას აქვს მიღებული როგორც საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET), ასევე ადგილობრივი ქართული აკრედიტაციაც, ხოლო დანარჩენ პროგრამებს ჯერ-ჯერობით აქვთ მიღებული მხოლოდ ადგილობრივი აკრედიტაცია, მაგრამ ორიენტირებულია ABET აკრედიტაციის მიღებაზე. ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლაში, ABET აკრედიტაციის მისაღებად აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მზადება, მაგრამ, თუ ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რომ პროგრამა შევცვალოთ ეს უკვე გამორიცხული იქნება, რადგან სამ წელში ამ ABET-ის სტანდარტებით გათვალისწინებულ საგნებს ვერ ჩავატევთ, არ მოესწრება.
შესაბამისად, ეს სამწლიანი სწავლების სქემა ავტომატურად გულისხმობს, რომ ვერც ილიაუნი და ვერც სხვა ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ვერ მისცემს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კვალიფიკაციას რაზეც იყო გათვლილი ეს პროგრამები, რაშიც უზარმაზარი თანხები ჩაიდო, როგორც ამერიკის მთავრობის მხრიდან, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე ილიას უნივერსიტეტის მხრიდან და შესაბამისად, ეს „რეფორმა“ ამ ყველაფერს ჩამოანგრევს.
ამ ეტაპზე მიდის საუბარი იმაზე, რომ სტუდენტების მიღება შემდეგი წლიდან ფაქტობრივად აღარ გვექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამები განწირულია დახურვისთვის.
„მიღება აღარ გვექნება“ როცა ამბობთ, ამაში გულისხმობთ იმას, რომ შესაძლოა „ოცნების“ ხელისუფლებამ დახუროს?
დიახ, ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ ახალი სასწავლო წლიდან მთავრობა გვიკრძალავს ილიაუნიში, ამ „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ პრინციპით სტუდენტების ტექნოლოგიურ და საინჟინრო პროგრამებზე მიღებას.
თქვენ როგორ გაიგეთ ეს ფორმულა -„ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“?
აბსოლუტური ბუნდოვანება, გაურკვევლობა, რადგან კითხვებს რომ ვსვამთ, პასუხს არავინ გვაძლევს. არადა, საგანმანათლებლო პროცესი ისეთია, 4-5 წელი მაინც წინასწარ უნდა დაგეგმო, ადამიანების მომავალზეა საუბარი და ასე ხელაღებით, აგდებით საუბარი გამორიცხულია. ან ასეთი გაურკვევლობის შექმნა და შემდეგ კითხვებზე პასუხების არ გაცემა არის პირდაპირ დანაშაული იმ სტუდენტების მიმართაც, ვინც ახლა სწავლობს, რადგან მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ დაამთავრებდნენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს და ამ შესაძლებლობას ფაქტიურად ართმევენ.
ახლა ვინც სწავლობს, მათ არ შეეხება ეს რეფორმაო, ამბობენ…
ჩვენ შემთხვევაში ეხებათ. იმიტომ რომ განათლების სამინისტროს და საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა აღებული ვალდებულება 2027 წლის ჩათვლით, რომ მხარს დაუჭერდნენ ამ პროგრამებს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების პროცესში. მათ შორის ფინანსურადაც, იმიტომ, რომ ეს აკრედიტაციის პროცესი საკმაოდ ძვირადღირებულია და ამიტომ იყო სახელმწიფოსთან შეთანხმების ნაწილი, რომ მათი თანამონაწილეობაც ყოფილიყო.
თუ ეს დაფინანსება არ იქნება, აკრედიტაციაც ვერ მოხდება და თუ აკრედიატიაც ვერ მოხდება, ახლა ვინც სწავლობენ ის სტუდენტებიც ვერ დაასრულებენ იმ პროგრამებს რაზეც მათ ჩააბარეს და რაზეც მათ მიიღეს დაპირება როგორც სახელმწიფოსგან, ასევე უნივერსიტეტისგან.
რამდენი სტუდენტი სწავლობს ამ სპეციალობებზე?
საერთაშორისო აკრედიტირებულ ან სააკრედიტაციო პროგრამაზე დაახლოებით 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ჯამში, ტექნოლოგიის სკოლაში 1000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
გახსოვთ ალბათ, კობახიძე რომ შეხვდა რექტორებს, ამ შეხვედრაზე იყო ილიაუნის რექტორიც. ალბათ ისაუბრებდა ქალბატონი ნინო ამ თემაზე და თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ითქვა ამ პრობლემაზე?
კონკრეტული არაფერი. აბსოლუტური ბუნდოვანება. როგორც ნებისმიერ კითხვაზე ახერხებენ ზოგადი პასუხის გაცემას, – „განვიხილავთ, დავფიქრდებით, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას“, აი ასეთი მიდგომა აქვთ, რომლიდანაც დასკვნას ვერ გააკეთებ და ასეთი პასუხები მიიღო ყველამ ყველაფერზე, მათ შორის რექტორებმაც. ჩვენ ოფიციალური წერილიც გავაგზავნეთ სამინისტროში საერთაშორისო აკრედიტაციისთვის საჭირო თანხების მოთხოვნაზე, მაგრამ არანაირი პასუხი არ მოგვსვლია ჯერჯერობით.
არადა წელი მთავრდება. მარტო ჩვენ კი არა, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებსაც აქვთ 2026 წლის ბიუჯეტი დასაგეგმი და არავინ იცის, ამ მოცემულობით როგორ უნდა დაგეგმონ. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტს ვერ გეგმავენ, უცხოელი სტუდენტების მიღებაზეც სერიოზული პრობლემებია. უცხოელები გვიგზავნიან აპლიკაციებს, უნდათ ჩვენთან ჩაბარება და ამაზეც არ ვიცით რა პასუხი გავცეთ. აბსოლუტური ქაოსია.
ამაზე პირდაპირ ითქვა, რომ არ დაუტოვებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელ სტუდენტებს.
კი ბატონო, მაგრამ რამე წესი გვითხრან მაშინ, დადგენილება გვაჩვენონ. მთელი უზარმაზარი დეპარტამენტია უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირებაზე, ცალკე განყოფილება მუშაობს და მაშინ ესეც უნდა გაუქმდეს. სადღაც ინტერვიუებში, ალაგ-ალაგ ნათქვამი ამბები მოგვდის, მაგრამ კონკრეტულს არავინ არაფერს გვეუბნება.
არც კვოტირებაზე საუბრობენ, განათლების მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ამას სპეციალურად არ ამბობენ, რადგან ელოდებიან ეკონომიკის სამინისტროს, მან უნდა მოგვაწოდოს ადგილების რაოდენობაზე ინფორმაციაო და თქვენი აზრით, ეს ნორმალურია?
ერთადერთი შეფასება რაც შეიძლება ამას მივცეთ, არის ის, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ ეფუძნება არანაირ წინასწარ კვლევას, განათლების სფეროს ექსპერტთა თუ მცოდნე ხალხთან კომუნიკაციას, არაფერს არ ეფუძნება აბსოლუტურად. წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედებით მაქსიმალური კონტროლი მიიღონ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჯერ კიდევ შესაძლებელია თავისუფალი აზრის ფორმირება, თავისუფლად საუბარი და მსჯელობა. ამის მოგუდვა უნდათ.
ავტორიტარიზმს სწირავენ საუნივერსიტეტო განვითარების ამდენწლიან ისტორიას?
საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს რეფორმები განათლების სისტემაში და ახლა, როცა იმდენად გაიმართა პროცესები, რომ უკვე შესაძლებელი გახდა ის, რომ ახალგაზრდები დაბრუნდნენ კვლევაში, დაინტერესდნენ მეცნიერებით, საერთაშორისო თანამშრომლობით და ასე შემდეგ, ახლა იწყება ამ ყველაფრის მოშლა.
„აგენტების კანონი“, რომ მიიღეს და გრანტებზე წვდომა შეზღუდეს, ამან ხომ ძალიან დააზარალა საერთაშორისო თანამშრომლობები, თუმცა რაღაც დოზით მაინც ვინარჩუნებდით ამ კონტაქტებს და ეს მიღწევები გადაიყრება წყალშისაუნივერსიტეტო განათლება მარტო ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს, ეს კვლევასაც გულისხმობს. თითზე ჩამოსათვლელია კერძო უნივერსიტეტები, სადაც კვლევები ხორციელდება. ძალიან დიდი ფუფუნებაა ეს კერძო უნივერსიტეტისთვის. ძირითადი კვლევის კერები მაინც იყო სახელმწიფო უნივერსიტეტები და ამ რეფორმით, ჩათვალეთ რომ ეს კვლევის კერებიც მოკვდება. კვლევის გარეშე კი ხარისხიანი განათლება არ არსებობს.
სახელმწიფო დააფინანსებსო, ამბობენ, თუმცა ფაქტია, რომ მეცნიერებას ყველაზე ნაკლებად აფინანსებდნენ. ასევე არ მალავენ იმას, რომ უნდათ სტუდენტების შემცირება თბილისში. რეგიონებში გადავიყვანთო. ამაზე რას ფიქრობთ?
არ ეკითხებიან ამ სტუდენტებს, უნდათ თუ არა ქუთაისში წასვლა? შეძლებენ იქ თავის რჩენას, საკუთარი თავის გატანას? ამ ადამიანების ბედზე ასე ხელაღებით საუბარი როგორ შეიძლება.
ჰკითხეს სტუდენტბს უნდათ თუ არა თბილისიდან გადასვლა? ან ეს, რომ ბიუროკრატიულ ქაოსს გამოიწვევს ხვდებიან? ახლა სტუდენტებმა იციან რა პროგრამებზე სწავლობენ, რა საგნები აქვთ სასწავლი, რა საგნები უნდა გაიარონ და ასე შემდეგ. იქ სხვა პროგრამა, სხვა საგნები და ლექტორები დახვდებათ, იმათთან ადაპტაციაც ხომ მოითხოვს დროს.
რას ამბობს ის 500 სტუდენტი, რომლებიც ამ გაურკვევლობის წინაშე დააყენეს, არ აქვთ პროტესტი?
გაურკვევლობაში არიან და როგორი განწყობა აქვთ, იცით? იმდენი ფრუსტრაცია განიცადეს ამ ასაკში, რომ თითქოს აღარ აქვთ იმედი, რაიმე უკეთესობისკენ რომ შეიცვლება. „რა აზრი აქვს თქმას, მაინც არაფერი შეიცვლება“ – აი, ეს არის მათი განწყობა.
გამოდის, ეგუებიან იმ ყველაფრის ჩამოშლას, რისთვისაც შრომობდნენ?
სამწუხაროდ მიყვებიან დინებას, იმდენად აქვთ იმედები გაცრუებული ყველაფერზე.
იქნებ ეს იყო რეჟიმის გათვლაც. ივანიშვილმაც ხომ თქვა, რომ დაღლიდა საზოგადოებას. როგორ ფიქრობთ, მიაღწია მიზანს?
ვერ ვიტყოდი, რომ ყველა მასიურად დაღლილია და ყველას იმედი აქვს დაკარგული. მაგრამ რაღაც ნაწილი საკმაოდ ინერტულია და აქვს იმედგაცრუების მომენტი. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძალიან დიდი ბუნდოვანებაა შექმნილი და ეს ბუნდოვანებაც გამიზნულად შექმნეს და ამღვრეულ წყალში იჭერენ თევზებს. ამის გამო სტუდენტებიც ერთიან აზრზე ვერ ჩამოყალიბდნენ.
ნაწილობრივ უყურებენ იმას, რომ ასე ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერჯერობით არაფერზე არ არის, აჩერებთ ის,ფრაზაც, რომ ახლანდელ სტუდენტებს არ შეეხებიან და ვინც სწავლობს, მათ თავიანთი სწავლა ადარდებთ, მაგრამ ABET კარედიტაციაზე ორიენტირებული პროგრამების შემთხვევაშ იმ ხარისხის განათლებას ვერ მიიღებენ თუ საერთაშორისო აკრედიტაცია ვერ მოვიპოვეთ.
„ოცნების“ რეფორმა ასევე ითვალისწინეს იმას, რომ ერთი პროფესორი დარჩეს ერთ ფაკულტეტზე, რაც გამოიწვევს უმუშევრობის გაზრდას. თქვენს მომავალს როგორ ხედავთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში?
ტექნოლოგიურ სფეროში ვინც არის ჩართული, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ აქტიური სპეციალისტები. ანუ ინდუსტრიაშიც ვართ და განათლებაშიც. მარტო საქართველოში არა, ყველა წამყვან ქვეყანაში ასეა. აქ იმდენად რთული და გაურკვეველი სიტუაციაა, მე პირადად ასეთი რეფორმის შემთხვევაში განათლების სისტემაში დარჩენას ნამდვილად აღარ ვგეგმავ.
ჩემი კოლეგების უმრავლესობაც თავს ვეღარ ხედავს საუნივერსიტეტო სივრცეში. დაახლოებით შვიდი წელია დრო შრომა და ენერგია ჩავდე ამ ყველაფერში და ახლა სახელმწიფო მეუბნება, რომ გარანტიას ვერ მოგცემ, რომ რაიმე იქნება სტაბილურად.
რაც იშრომე და აკეთე, ყველაფერს ხაზი უნდა გადავუსვათ. აქედან გამომდინარე, საერთოდ აღარ მაქვს მოტივაცია, რომ დავრჩე საგანმანათლებლო სივრცეში, რადგან ამ სფეროს სჭირდება გრძელვადიანი სტაბილური გარემო. ასეთი რყევები მხოლოდ და მხოლოდ ანგრევს და შლის ყველაფერს. რეფორმას სჭირდება შეთანხმება, გააზრება, დაფიქრება. მაგალითად ფინეთში საგანმანათლებლო რეფორმა რომ დაიწყეს, ორი წელიწადი მარტო მსჯელობა მიდიოდა. აქ ვინ გადაწყვიტა ან საერთოდ ვის თავში მოიხარშა ეს სიგიჟე არაფერი ვიცით.
25 წელია ვაშენებთ ამ სისტემას დასავლეთის დახმარებით, ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ძალისხმევა ჩაიდო, როგორც პირდაპირი ინვესტიციით, ისე გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობით და ასე თუ ისე, განათლების სისტემა ისე დადგა ფეხზე, რომ დღეს მაგალითად ილიას უნივერსიტეტი ყველაზე რეიტინგული კვლევებით პირველია საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, ციტირების ინდექსითაც და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობით. ეს ხომ ჰაერიდან არ ჩამოვარდნილა? მაგალითად ილიას უნივერსიტეტმა ააშენა ტექნოლოგიური კორპუსი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად, რომელიც უახლესი ლაბორატორიებით აღიჭურვა. ასეთი ჩვენც კი არ გვაქვსო, სან დიეგოს უნივერსიტეტიდან გვეუბნებოდნენ. ახლა გამოდის, ამხელა ინვესტიცია, ამხელა მხარდაჭერა წყალში უნდა გადაიყაროს. ეს შრომა, გამოზრდილი თაობები, სპეციალისტები და ასე შემდეგ, ფაქტობრივად რჩება ჰაერში. ჯერ ალტერნატიული გეგმა მაინც უნდა იქმნებოდეს, ხომ? და ესენი რეფორმას იწყებენ ნგრევით. არც გეგმა აქვთ ახლის აშენების, არც მიდგომა. აბსოლუტურად არაფერი, ცარიელ მინდორზე არიან და ჯერჯერობით მხოლოდ ანგრევენ.
ან, ბაზარი დაარეგულირებსო რომ ამბობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სახელმწიფოს გააზრებული არა აქვს უნივერსიტეტის ფუნქცია, დანიშნულება, რომ უნივერსიტეტი მარტო ბაზრის მოთხოვნები არ არის. ეს არის კვლევითი და ღირებულებითი დაწესებულება. სახელმწიფოს მხრიდან ეს მიდგომა აჩვენებს, რომ კვლევა და მეცნიერება სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიიდან არის ამოვარდნილი. იმის მაგივრად, რომ პირიქით იყოს.
ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების გეგმაში სწორედ მეცნიერება და განათლებაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და ამაზე დგას ყველაფერი. აქ არც რეფორმა გვაქვს და არც სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული გეგმა.
ცალსახად ხდება იმის ხაზგასმა, რომ ეს ქვეყანა უნდა გადაიქცეს მომსახურების სფეროდ. ამას ემსახურება ყველაფერი და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის ფედერაცია განგვიხილავს საქართველოს მხოლოდ ხინკლის, ღომის და ცეკვა-სიმღერის ქვეყნად.
„ერის მასობრივი განადგურების ტოლფასია“ ეს რეფორმაო ამბობდა ერთ-ერთი ყოფილი რექტორი. თქვენ თუ იზიარებთ ამ აზრს?
მე განვმარტე პრინციპში რატომ იქნება ეს მტრობა ქვეყნის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებას თავისი განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილად აქვთ ქცეული მეცნიერების და განათლების მხარდაჭერა. აქ კი გვეუბნებიან, რომ თქვენ საერთოდ წადით, ხმა ჩაიკმინდეთ, არავის თქვენი აზრი არ აინტერსებს. ჩვენ გადავაქცევთ ამ ქვეყანას ერთ დიდ რესტორნად ან სასტუმროდ და თქვენ თავში ქვა გიხლიათ.
თუმცა ხალხს არწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი ხარისხისთვის კეთდება.
რა თქმა უნდა, 1984 ბიძინა ივანიშვილის სამაგიდო წიგნია. ნებისმიერი ტყუილი უნდა გაასაღოს სიმართლედ და ყველაფერი კარგად იქნება. ყველანაირ მავნებლობას ასაღებენ სიკეთედ. ახლა ლოზუნგად აიფარეს, რომ განათლება გავხადეთო უფასო პირველად საქართველოს ისტორიაშიო.ამაზე დიდი ტყუილი არ არსებობს. შეამცირეს დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა, შეამცირეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების რაოდენობა, კერძო უნივერსიტეტებში გრანტების რაოდენობა და რეალურად, უფასო კი არ გახადეს, არამედ ბევრად გააძვირეს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება.
იანვრიდან ბათუმის მერის ხელფასი 9600 ლარი იქნება, გაიზრდება და ამდენივე იქნება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი. ამ დრომდე ბათუმის მერის ხელფასი 8760 ლარი იყო.
ბათუმის წინა არჩეული მერი უფლებამოსილების მიწურულს გადადგა. იმის წინაც გადადგა, ისე რომ ამომრჩევლისთვის გადადგომის მიზეზი არ აუხსნია. ეს ფორმალურად, სინამდვილეში კი ბათუმში ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ მათ გადადგომა მოსთხოვეს, გადააყენეს, ფორმალურად კი განცხადებები დაწერეს და თანამდებობა დატოვეს.
განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოში დასამტკიცებლად გადააგზავნა, მერიასა და საკრებულოში ხელფასები გაეზრდებათ სხვა ხელმძღვანელ პირებს და სპეციალისტებსაც.
პროექტის მიხედვით, ვიცე-მერის ხელფასი 8000 ლარი, ხოლო მოადგილის ხელფასი 7 200 ლარი იქნება.
მერიის ადმინისტრაციის უფროსის ხელფასი 5 600 – ლარამდე გაიზრდება, განყოფილებების უფროსებს კი 4 480 ლარი ექნებათ. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მერიაში ხელფასის სახით 3200 ლარს, მეორე 2880-ს, ხოლო მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 2560 ლარს მიიღებს.
ანალოგიურად, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 9600 ლარამდე გაიზრდება. მისი პირველი მოადგილის ხელფასი 8000 ლარი იქნება, მეორე მოადგილე 7200 ლარს მიიღებს, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 5600 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი ასევე 5600 ლარი იქნება, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე კი 4000 ლარს მიიღებს.
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში შრომის ანაზღაურების მუხლში თანხა გაზრდილია და 62 მილიონ 750 600 ლარია. მერიის ფინანსისტების განმარტებით, ეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით არის განპირობებული: „საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 460 ლარისა“.
2026 წლისთვის მერიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის საჭირო თანხა 6,7 მილიონი ლარით იზრდება.
2025 წლის ბიუჯეტში ხელფასებისთვის 55 მილიონ 977 300 ლარი იყო გაწერილი.
„მირნოგრადს უწევს ალყაში ბრძოლა. თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ რუსები მირნოგრადზე მთლიან კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე მოქმედებს 51-ე არმია… ფაქტობრივად, რუსები გერმანიის შეიარაღებული ძალების რაოდენობით უტევს აი, ქუთაისის ზომის დასახლებულ პუნქტებს,“ – უკრაინის ფრონტის ხაზს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.
სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ ეტაპზე რეალური გარანტიების მიღებაა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში:
„გამიჭირდება რომელიმე ამერიკელ გენერალზე ვთქვა, რომ გამოვა და იტყვის: რუსეთი საფრთხე აღარ არის. თუ რუსეთი საფრთხე აღარ არის, მაშინ რატომ რჩება აშშ-ს კონტინგენტი ევროპაში?
ის, რომ ამერიკა გადის ევროპიდან და უკრაინა იქნება ევროპის პრობლემა, ხოლო ამერიკა დასავლეთ ნახევარსფეროს მიხედავს – არა მგონია, რომ ამით აშშ გაძლიერდეს. აშშ ძლიერია, როცა არის ლიდერი ქვეყანა და როცა მას გვერდში უდგანან მოკავშირეები. თუ ამერიკას მოკავშირეები არ უნდა, არა მგონია, ამერიკა ისეთი ძლიერი დარჩეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.
„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, რა ცვლილებებია ფრონტის ხაზზე? რა ხდება იგივე პოკროვსკაში, სადაც ალყაში მოხვედრის საფრთხის მიუხედავად, ქალაქში ჯერ კიდევ რჩებოდნენ უკრაინელები?
ეს ეხება მირნოგრადს – პოკროვსკის გვერდით მდებარე ქალაქია, ფაქტობრივად პოკროვსკის აგლომერაციაა. პოკროვსკის უკიდურესი ჩრდილოეთით გარეუბანი უკრაინელების კონტროლქვეშაა, თუმცა პოკროვსკში რუსების კონტროლია, ისევ არასრული. უკრაინელები ახერხებენ მცირე ზომის სარეიდო ჯგუფებით შეღწევას ქალაქის ცენტრში და იქ რუსებთან ხდება პერიოდულად შეტაკებები. მირნოგრადში უფრო რთული ვითარებაა, ვინაიდან მირნოგრადი ფაქტობრივად ალყაშია, არა ბოლომდე შეკრული, მაგრამ ალყაშია.
მირნოგრადის სამხრეთით უკრაინულმა დანაყოფებმა დაიხიეს უკან და უკეთეს თავდაცვის პოზიციებზე გადავიდნენ. მირნოგრადს უწევს ალყაში ბრძოლა, თუმცა ჯერჯერობით ვერ ახერხებენ რუსები მთლიანად მირნოგრადზე კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე მოქმედებს 51-ე არმია.
წარმოიდგინეთ, ზოგადად პოკროვსკი-მირნოგრადის მიმართულებაზე არის რუსების დაახლოებით 130 000-150 000-მდე დაჯგუფება, მათ შორის, 20 000 საზღვაო ქვეითია, 70 000 ქვეითი – მოიერიშე, დანარჩენი კი, უზრუნველყოფის დანაყოფებია. პოკროვსკის მიმართულებაზე იბრძვის მე-2 არმია, მირნოგრადის მიმართულებაზე – 51-ე არმია. ეს რამდენია, რაოდენობრივად რომ წარმოდგენა გქონდეთ: მაგალითად, გერმანიის შეიარაღებული ძალები არის 180 000-მდე დაახლოებით. ფაქტობრივად, გერმანიის შეიარაღებული ძალების ან, ბელორუსის შეიარაღებული ძალების 4 რაოდენობის ძალა უტევს აი, ამ ქუთაისის ზომის დასახლებულ პუნქტებს. წელიწადზე მეტია ეს შეტევა მიმდინარეობს.
რუსები ერიდებიან ტექნიკის განადგურებას, თუ სხვა ფაქტორია, რის გამოც ვერ ახერხებენ წინსვლას?
რუსები ვერ ახერხებენ წინსვლას, უკრაინელების თავდაცვის გარღვევას, ძალიან აქტიურად მოქმედებენ უკრაინელები ჰაერში დრონებით. ფაქტობრივად, ტექნიკის ნებისმიერი გამოჩენა განადგურებით სრულდება.
გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს რუსებმა იმის გამო, რომ ნისლიანი დღეებია და ამით სარგებლობენ. ამან საშუალება მისცა რუსებს, ქალაქში გადაესროლათ დამატებითი ძალები, განეხორციელებინათ როტაცია და ასე შემდეგ.
უკრაინელები არ ტოვებენ პოკროვსკის ჩრდილოეთ მონაკვეთს, რომ არ მისცენ საშუალება რუსებს, საბოლოოდ შეკრან ალყა მირნოგრადის გარშემო.
ალყაში ბრძოლის გაგრძელებას რა პერსპექტივა ექნება ამ მოცემულობაში?
ალყაში ბრძოლა არ არის დამარცხება. ალყაში უბრძოლიათ კიდეც უკრაინელებს და გამოსულან. რუსები აკონტროლებენ ქალაქიდან გამოსასვლელებს. შესაბამისად, უკრაინელებს თუ უნდათ მირნოგრადის დატოვება, მცირე ჯგუფებით უნდა გამოვიდნენ, თან საცეცხლე კონტაქტით დაიწყონ გამოსვლა.
თუ გადაწყვეტილია, რომ იბრძოლონ ალყაში, ესეც გადაწყვეტილებაა, მეთოდია. ოღონდ ალყაში ბრძოლას უნდა მოსდევდეს ალყის გარღვევა. ერთია, რომ უკრაინელებმა შეძლონ და გაარღვიონ ალყა, შეუერთდნენ მირნოგრადს, გახსნან ეს დერეფანი და გააგრძელონ მირნოგრადის დაცვა; მეორეა, რომ მირნოგრადში გაგრძელდეს ალყაში ბრძოლა, მოიგონ დრო და შემდეგ შემხვედრი დარტყმით ალყა გაარღვიონ.
ხომ არ ჩანს რუსების გააქტიურება რომელიმე სხვა მიმართულებით?
როგორც მოგეხსენებათ, ერთი თვის წინ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გერასიმოვმა მოახსენა პუტინს, რომ კუპიანსკი აღებული იყო, მაგრამ დღემდე ბრძოლა მიმდინარეობს. კუპიანსკში მოახერხეს უკრაინელებმა ინიციატივის ხელში აღება და ეხლა თვითონ არტყამენ რუსებს კუპიანსკის ცენტრალურ რაიონში. ქალაქის ცენტრში უკრაინული დროშა აღიმართა დღეს. ასე რომ, იქ დიდი წარმატება არ გააჩნიათ რუსებს. ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მიცოცავენ წინ, იღებენ უმნიშვნელო ხუტორებს. თავის მხრივ, უკრაინელებიც ათავისუფლებენ პერიოდულად მცირე დასახლებულ პუნქტებს. ეს არის და ეს.
რა ეტაპზეა ცეცხლის შეწყვეტის პროცესი? ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ომის დასრულების სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობის საკითხი უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.რა შეიძლება დათმოს, თქვენი აზრით, უკრაინამ ამ მოცემულობაში?
აქ არის სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უნდა გაერთიანდეს ერთ პაკეტად. ეს არის 28-პუნქტიანი ტრამპის ვარიანტი და 20 პუნქტიანი ევროპის ვარიანტი, რაც პრაქტიკულად ცოცხალი ორგანიზმია და ამ დოკუმენტში მუდმივი ცვლილებები შედის. ამ დოკუმენტში უნდა იყოს გათვალისწინებული არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის ინტერესებიც.
მეორე გარანტიების დოკუმენტია: ვინ აძლევს უკრაინას გარანტიას და რამდენად მდგრადია გარანტია? რამდენად იქნება მომავალში დაცული უკრაინა რუსების აგრესიის განმეორებისგან?
მესამე დოკუმენტია უკრაინის აღდგენის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის, ან სამშვიდობო ხელშეკრულების შემთხვევაში, უკრაინის აღორძინებას. ეს სამი დოკუმენტი ერთმანეთისგან გამომდინარეა.
არჩევნების ჩატარებაზე ტრამპის მოწოდების საპასუხო იყო ზელენსკის ეს განცხადება, რომ ტერიტორიული საკითხები არ უნდა გადაწყვიტოს ზელენსკიმ – ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. ამისთვის საჭიროა არჩევნები და არჩევნების შემდგომი რეფერენდუმი. ეს როგორ განხორციელდება ტექნიკურად, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა არ იქნება ქვეყანა, რომელიც ხელს შეუშლის ამ სამშვიდობო ეგიდით ხელშეკრულებების მიღებას და მშვიდობის დამყარებას, მაგრამ ტერიტორიების დათმობა უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.
შესაძლებელია, უკრაინამ იფიქროს გარკვეული ტერიტორიების დათმობაზე იმ თვალსაზრისით, რომ ეს უნდა გახდეს ნეიტრალური ტერიტორია – დონბასიდან არა მარტო უკრაინული, არამედ რუსეთის ჯარიც უნდა გავიდეს. მაგრამ, ამ შემთხვევაში რა გარანტიებს იღებს უკრაინა, რომ რუსეთისგან იქნება დაცული? ეს არის მთავარი და აი, ეს არის გაუგებარი. აშშ აცხადებს, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ამერიკა გადაწყვეტს, რა ფორმით იმოქმედოს. ეს არ არის გარანტია. რუსეთმა ისევ რომ განაგრძოს აგრესია და აშშ-მ არ იმოქმედოს, მაშინ რა იქნება? ასე რომ, არავითარი გარანტია ეს არ არის.
აი, ეს რთული საკითხებია ჯერთ შესათანხმებელი.
ისიც გაუგებარია, ტრამპი ამ ვითარებაში ტექნიკურად როგორ ხედავს არჩევნების ჩატარებას. როდესაც ქალაქები იბომბება, როცა მილიონამდე სამხედრო მოსამსახურეა ფრონტის ხაზზეა, როცა ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და იქ უკრაინის მოქალაქეები არიან, როცა ამდენი მიგრანტია უკრაინიდან, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები?
სხვათა შორის, ზალუჟნი გამოჩნდა ბოლო პერიოდში უკრაინაში და მან დაასახელა სამი მთავარი გარანტია უკრაინის მომავალი უსაფრთხოებისთვის. ერთია უკრაინის ნატოში გაწევრიანება, მეორეა ნატოს ძალების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანი კონტინგენტის სახით და მესამე – ბირთვული იარაღის განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე. ბირთვული იარაღს რომ არავინ განათავსებს უკრაინის ტერიტორიაზე, ნათელია. ნატოში მიღება და ნატოს ჯარების განთავსებაც უკრაინაში გარანტიაა, მაგრამ ამავე დროს უკრაინის შეიარაღებული ძალები იმგვარად უნდა გაძლიერდეს, რომ რუსეთმა ვეღარ გაბედოს ხელახალი აგრესია.
მე მაინც ვთვლი, რომ მთავარი გარანტია უკრაინის უსაფრთხოებისა არის უკრაინის შეიარაღებული ძალები.
ამასობაში, თქვენი დაკვირვებით, რა გადაწყობა მიდისდასავლეთში? ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ახალი დოკუმენტის მიხედვით, აშშ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების ძირითადი გარანტი აღარ იქნება.
მგონია, რომ ეს დოკუმენტი არის მოკლევადიანი, ვინაიდან ტრამპის პრეზიდენტობის 3 წლის შემდეგ რა იქნება, არავინ არ იცის.
ამ დოკუმენტმა ძალიან დიდი დებატები გამოიწვია თვითონ ამერიკაშიც. პირველად მოხდა, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები რუსეთი, როგორც საფრთხე. რუსეთი მოხსენიებულია მხოლოდ ევროპასთან კონტექსტში. ასევე, ჩინეთიც არ არის მოხსენიებული, როგორც საფრთხე. ჩინეთი მოხსენიებულია, როგორც პარტნიორი და როგორც ეკონომიკური მეტოქე.
გამიჭირდება რომელიმე ამერიკელ გენერალზე ვთქვა – გამოვა და იტყვის, რომ რუსეთი საფრთხე აღარ არის. თუ რუსეთი საფრთხე აღარ არის, მაშინ, რატომ რჩება აშშ-ს კონტინგენტი ევროპაში?
ის, რომ ამერიკა გადის ევროპიდან და უკრაინა იქნება ევროპის პრობლემა, ხოლო ამერიკა დასავლეთ ნახევარსფეროს მიხედავს – არა მგონია, რომ ამით აშშ გაძლიერდეს. აშშ ძლიერია, როცა არის ლიდერი ქვეყანა და როცა მას გვერდში უდგანან მოკავშირეები. თუ ამერიკას მოკავშირეები არ უნდა, არა მგონია, ამერიკა ისეთი ძლიერი დარჩეს.
ერაყში სწორედ მოკავშირეები ედგნენ მას მხარში, ავღანეთშიც ნატო და მოკავშირეები [მათ შორის – ქართველებიც] ახორციელებდნენ კონტრ-ტერორისტულ ოპერაციას.
არა მგონია, რომ სიცოცხლისუნარიანი იყოს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი, რომლის 28 ფურცელზე პრეზიდენტი ტრამპი მგონი 24-ჯერ არის ნახსენები. თუ დარჩა ეს სიცოცხლისუნარიანად, ჩათვალეთ, რომ მსოფლიოში ყალიბდება არქიტექტურა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძალის სამართალზე და არა სამართლიან ძალაზე.
დადებითი რაც აქვს ამ დოკუმენტს, არის ის, რომ ცოტა შეაჯანჯღარა ევროპა. ევროპელები მიხვდნენ, რომ ამერიკა აღარ არის ის სანდო პარტნიორი, რომელსაც შეიძლება მუდმივად დაეყრდნო. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება შეიცვალოს მიდგომა მსოფლიო წესრიგისადმი და ევროპა მუდმივად ვერ დაელოდება ამერიკაში არჩევნების შედეგებს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დანიის ეროვნულმა დაზვერვის საზოგადოებამ აშშ პირველად დაასახელა რისკად ქვეყნისთვის.
რამდენად ძლიერდება ევროპის თავდაცვისუნარიანობა რეალურად?ნატოს გენმდივანი, მარკ რიუტეამბობს: „კონფლიქტი ჩვენს კართან არის… ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნე და უკვე ვართ საფრთხეში. გასულ წელს, როცა ნატოს გენმდივანი გავხდი, ჩემი გაფრთხილება იყო, რაც უკრაინის თავს ხდება, შეიძლება დაემართოს ალიანსის ქვეყნებსაც-მეთქი“. შეიძლებარუსეთი თავს დაესხას ნატოს რომელიმე ქვეყანას?
ვინც აკვირდება ამ ვითარებას, დამეთანხმება, რომ ევროპა აძლიერებს თავის თავდაცვისუნარიანობას. ჩვენ მეტი გვინდა, უფრო სწრაფად გვინდა, მაგრამ ასე არ ხდება სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს თავისი ტემპი: ინერციის აღება იყო საჭირო, ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო საჭირო ევროპაში, აი, „ცივი ომის“ შემდგომი, ერთგვარი მძინარე პერიოდის შემდეგ. ევროპამ „ცივი ომის“ შემდეგ პერიოდში შეამცირა თავისი თავდაცვისუნარიანობა და ახლა ყველაფრის უკან დატრიალება უწევს, რაც მოითხოვს დროს და ეს გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე შენარჩუნება.
ფაქტია, რომ ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა, ბალტიის ქვეყნებში დაგეგმილი 89 ბრიგადის განთავსებას დაემატება კიდევ 41 ბრიგადა. გერმანიამ პოლონეთში განათავსა ავიაგამანადგურებელი „ევროფაიტერები“ კალინინგრადის მახლობლად.
ამერიკის შეერთებული შტატები დაჰპირდა პოლონელს, რომ აშშ არ შეამცირებს ამერიკულ კონტინგენტს. ამასთან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერმა შესთავაზა ამერიკას, რომ მზად არის კიდევ მიიღოს დამატებითი ამერიკული კონტინგენტი. ფინეთმა დაიწყო დრონსაწინააღმდეგო გუმბათის სისტემის შემუშავება. შვედეთმა დაიწყო ფიქრი შორმფრენი რაკეტების შეძენაზე, რომელიც მისცემს მათ საშუალებას, რომ მოსკოვს მისწვდნენ სტოკჰოლმიდან…
რუსეთს 14 თვე დასჭირდა პოკროვსკისთვის, დასანქცირებულია, სუსტდება. თუ ეს ასეა, რატომ საუბრობს ნატოს გენდმივანი იმაზე, რომ რუსეთის მორიგი სამიზნე შეიძლება ნატოს წევრი რომელიმე ქვეყანა გახდეს?
ნატოს გენმდივანი იმიტომ ლაპარაკობს, რომ მობილიზაცია მოახდინოს ევროპამ. ხომ არ იტყვის, ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ და არაფერი გავაკეთოთ?
მე ეჭვი მეპარება, რომ ახლა რუსეთი მზად არის თავს დაესხას ევროპას. გამორიცხულია ეგ. ლაპარაკია იმაზე, რომ, ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რამდენ ხანში შეძლებს რუსეთი იმ კონდიციაში მოსვლას, რომ იფიქროს ნატოს წინააღმდეგ მოქმედებაზე.
ამ ეტაპზე რუსეთს შეუძლია პროვოკაციები განახორციელოს. ეს პროვოკაციები შეიძლება იყოს შეიარაღებულიც კი. იგივე სუვალკის დერეფანზე განახორციელოს დარტყმა – ეს მცირე მონაკვეთია კალინინგრადთან დამაკავშირებელი და პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარზე გადის ეს დერეფანი – დაიკავოს რაღაც მცირე ზომის მიწის მონაკვეთი და შემდეგ ევაჭროს ევროპას დათმობაზე. ასევე, განახორციელოს დრონებით საჰაერო სივრცის დარღვევა, დივერსიები სამხედრო და სასაზღვრო ობიექტებზე. ის, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს ევროპის წინააღმდეგ, ნაკლებად სავარაუდოა.
რუსეთი არის მაქსიმალურად დაინტერესებული, მუქარებით ევროპის ქვეყნებს შორის ჩამოაგდოს დაპირისპირება. მიზანია, მაგალითად, ის, რომ ხელშეკრულებაზე კი-არას ჟონგლიორობით უკრაინა დააპირისპიროს ამერიკას და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი, რუსული, ტრადიციული ვირეშმაკული დიპლომატია.
უსაფრთხოების პოლიტიკის ბრიტანელი მკვლევარი, ბუკინჰემის უნივერსიტეტის პროფესორი, ენტონი გლისი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „რუსეთი ინტენსიურ სადაზვერვო-დივერსიულ ზომებს მიმართავს ბალტიის რესპუბლიკების და პოლონეთის წინააღმდეგ“.
ბალტიისპირეთს აქვს საზღვარი რუსეთთან, ასევე ფინეთთან. რუსეთს სხვა საზღვარი არა აქვს ნატოს ქვეყნებთან. ამიტომაც, ბალტიის ქვეყნები ითვლება სუსტ რგოლად, მოწყვლად ხაზად. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქნება დივერსიები, როგორც ეს პოლონეთში იყო, მაგალითად, რაღაც საწყობის გადაწვა, რკინიგზაზე დივერსია, იქნება დრონების შეფრენაც, მაგრამ ეს იქნება პროვოკაციული, ჰიბრიდული ომის პროვოკაციული შემადგენელი ნაწილი.
არა მგონია, რომ ფართომასშტაბიანი, მნიშვნელოვანი მოქმედება განახორციელოს რუსეთმა. ამისთვის მას სჭირდება, რომ გადაისროლოს ჯარები, მნიშვნელოვანი დაჯგუფება შექმნას, მიმართულება გაძლიერდეს. ფლანგზე დაიტოვოს 800 000-იანი ბრძოლებში გამოცდილი უკრაინის შეიარაღებული ძალები და შეუტიოს ევროპას – ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
ეს რომ გამოუვიდეს, რუსეთს მინიმუმ ბელარუსი უნდა დაუდგეს მხარში. ბელარუსის 4 არმიის ხელა დაჯგუფება ჰყავს რუსეთს პოკროვსკი-მირნოგრადის მიმართულებაზე და ის ვერ აუღია, ამიტომაც, ვერ ვიტყვი, რომ ახლა ევროპას შეუვარდება და ფინეთს დაიკავებს.
კიდევ ერთი ციტატა ნატოს გენმდივნის გამოსვლიდან: „უკრაინას ახლა უნდა ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად…“ როცა დასავლეთი იაზრებს, რომ უკრაინის ომი არის ევროპის ომი, რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე უკრაინის თავდაცვის უზრუნველყოფა უფრო ეფექტურად?
უფრო მეტი რა უნდა გააკეთონ? აი, რა ქნას გერმანიამ, მაგალითად? გერმანიის შეიარაღებული ძალები შემოიყვანოს უკრაინაში?
მესმის, რომ ნელა მიმდინარეობს ეს პროცესი, მაგრამ ყოველ თვეში ევროპიდან 18 000 ტონა სამხედრო მასალა შედის უკრაინაში.
თვითონაც ხომ უნდა შეავსონ ევროპის ქვეყნებმა თავისი კრიტიკული მარაგი გარკვეულწილად? ასე უცებ თავისით ხომ არ ხდება, რომ საკუთარი საწყობები გამოასუფთაოს, მისცეს უკრაინას და მერე უკრაინა ღმერთმა დაიფაროს და რომ დამარცხდეს, რით უნდა დაიცვას თავი? აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რუსეთიც წინ აქტიურად ვერ მიდის, ფაქტია. საუბარია რამდენიმე კილომეტრის გავლაზე ნელ ტემპებში, დიდი დანაკარგის ფასად და ვერ არღვევს უკრაინელების დაცვას, ჩერდება.
უკრაინას სჭირდება მეტი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, ამასაც აწვდიან უკრაინას, რაც შეუძლიათ. ახლა ლაპარაკია „ტაურუსის“ გადაცემაზე. აგერ, დანიამ მისცა უკრაინელებს ნებართვა მის ტერიტორიაზე სამხედრო წარმოების ცენტრი გახსნას, ბრიტანეთში უკრაინელი ინჟინრები ბრიტანული ტექნოლოგიით აწყობს დრონ-გამანადგურებელ „ოქტოპუს“, ზელენსკი საუბრობს საჰაერო ძალების მნიშვნელოვან გაძლიერებაზე, დეტალების გარეშე. დიდი ალბათობით, „გრიპენებს“ „რაფალებიც“ დაემატება, ფინალურ ფაზაშია გადასული რუსული აქტივების უკრაინელების შეიარაღებისთვის მიმართვაზე და ა.შ..
ნატოს გენმდივანიადანაშაულებს ჩინეთს: „ჩინეთი არის რუსეთის მაშველი რგოლიო. ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებდა ამ ომის გაგრძელებას. მაგალითად, რუსეთის დრონების და სხვა სისტემების კრიტიკული ელექტრონული კომპონენტების 80 პროცენტამდე ჩინეთშია დამზადებულიო“. აქვს თუ არა ბერკეტები საკმარისი აშშ-ს და ევროპას,ჩინეთი შეაჩეროს?
ყველაზე დიდი ბერკეტები გააჩნია ამერიკას, მაგრამ სურვილი არ გააჩნია.
თუმცა ჩინეთი მთელი რესურსით რომ დაეხმაროს რუსეთს, რუსეთი გაცილებით ძლიერი იქნებოდა. გარკვეულ დეტალებსა და მიკროსქემებს აძლევს რუსეთს.
ჩინეთი ოფიციალურად არ აღიარებს რუსეთის მხარდაჭერას, არ არის ჩინეთის დახმარება ისეთი გადამწყვეტი ამ დაპირისპირებაში. ჩემი აზრით, ჩინეთს არ აწყობს არც რუსეთის მოგება და არც მისი სრული მარცხი. ჩინეთს აწყობს დასუსტებული რუსეთი, რომელიც ხდება მისი სატელიტი. ჩინეთს აწყობს, შეინარჩუნოს ეს ცეცხლი, შეუკეთოს ნელ-ნელა. აი, ამას აკეთებს ჩინეთი.
ბოლოს მინდა გკითხოთ ე.წ. მშვიდობის ფორუმზე, რომელიც თურქმენეთში იმართება. ფორუმს პუტინთან ერთად ირაკლი კობახიძეც ესწრება. თქვენი აზრით, რა გათვლით მოქმედებს ამ ფლანგზე პუტინი?
არ ვიცი, ამ თემაზე რა კომენტარი გავაკეთო. აჯობებს კომენტარის გარეშე.
პუტინი ვერსად მიდის და თურქმენეთში მაინც ჩავა. არა მგონია, ამ შეხვედრით სომხეთმა პოზიცია შეიცვალოს, აზერბაიჯანმა, ან ყაზახეთმა. საქართველოზე ვერ ვიტყვი იმავეს.
აჭარის მთავრობამ „დინამო ბათუმი“ და მასთან დაკავშირებული ქონება უკან დაიბრუნა. შპს „ლამინთან“ 2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მოშალეს და მასთან დაკავშირებული აქტები ძალადაკარგულად ცნეს. შესაბამის გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2025 წლის 9 დეკემბერს მოაწერა ხელი.
2025 წლის 10 დეკემბრის ამონაწერით, „დინამო ბათუმის“ წილების 100 პროცენტი აჭარის მთავრობის საკუთრებაა. მანამდე ის არჩილ ბერიძის კომპანიას მართვაში ჰქონდა გადაცემული, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხშირად ჩნდებოდა საჯაროდ, „დინამო ბათუმის“ სოციალურ გვერდებზე კი თორნიკე რიჟვაძის ფოტოებს რეგულარულად აქვეყნებდნენ.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, არჩილ ბერიძემ კომპანიის 50 პროცენტი შვილს გურამ ბერიძეს გადასცა ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად – 100 ლარად, დარჩენილი 50 პროცენტის მფლობელი კი ასევე 100 ლარად ავთანდილ ბაკურიძე გახდა, კომპანიის დირექტორად გურამ ბერიძე დაინიშნა.
ხელშეკრულების გაუქმების პარალელურად, ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო კომპანია „ლამინს“ დავალიანებაც ერიცხება – ჯამში 1 მილიონ 196 209 ლარი. დავალიანების დასაფარად სამინისტრომ კომპანიას ერთი თვის ვადა განუსაზღვრა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, მითითებულ ვადაში ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სამინისტრო სამართლებრივ დავას დაიწყებს.
დავალიანებაში, რომელიც კომპანიას ეკისრება, 450 000 ლარი წილის მართვისა და ქონების მართვის სარგებლობის საფასურია, ხოლო 746 209 ლარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო.
ცვლილება საჯარო რეესტრში დღეს, 2025 წლის 12 დეკემბერს აისახა. ამ ამონაწერის მიხედვით, შპს „ლამინის“ მფლობელი არჩილ ბერიძე სამეთვალყურეო საბჭოში რჩება.
„შპს ლამინს“ „დინამო ბათუმი“ და მასთან დაკავშირებული ქონება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე მართვაში 49 წლის ვადით ჰქონდა გადაცემული.
ხელშეკრულების მიხედვით, „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილი კომპანიას წლიურად 50 000 ლარად სარგებლობის უფლებით და ანგისის დასახლებაში მდებარე 3661 კვ.მეტრი შენობა და მასზე დამაგრებული 58 566 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იჯარის ფორმით გადაეცა.
შპს „ლამინიმ“ აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, რაც „დინამო ბათუმის“ მართვას კლუბის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას და კლუბთან დაკავშირებულ სხვა ვალდებულებებსაც უკავშირდებოდა.
მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ბრძანებით, კომპანიამ 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით მიიღო მთელი რიგი შეღავათები, მათ შორის კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის გამო. კონკრეტული ვადით კომპანია ქონებით სარგებლობის საფასურისგანაც გაათავისუფლეს და პირგასამტეხლო ჩამოაწერეს, თუმცა ვალდებულება მაინც ვერ შეასრულა.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიისთვის დაკისრებულ დავალიანებას დააკლდა „საქართველოს ბანკის“ მიერ 2020 წლის 6 მარტს გაცემული 200 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიის თანხა, რომელიც სრულად არის ჩარიცხული აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
კომპანიის ახალი ამონაწერის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოში რჩებიან შპს „ლამინის“ მფლობელები – არჩილ ბერიძე და მისი შვილი გურამ ბერიძე, ასვე ავთანდილ ბაკურიძე. შედგა თუ არა მათთან რაიმე სახის შეთანხმება, ამ ეტაპზე ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს.
2024 წლის იანვარში გურამ ბერიძე ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს. გავრცელებული ვერსიით, ის მონაწილეობდა ე.წ. ქუჩურ გარჩევაში, რაც არჩილ ბერიძისთვის „დინამო ბათუმის“ უკვე ყოფილი მფლობელისთვის, კომპანიაში წილების დათმობის მოთხოვნას უკავშირდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, გურამ ბერიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ 236-ე მუხლით ისევ მიმდინარეობდა.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იარაღი გურამ ბერიძეს არ ეკუთვნოდა. გურამ ბერიძე ორთვიანი პატიმრობის შემდეგ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან 50 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
აჭარის მთავრობა არ ადასტურებს ინფორმაციას, შპს „დინამო ბათუმით“ ბიზნესმენ თემურ მიქელაძის დაინტერესების და მასთან მოლაპარაკებების შესახებ.
„სიმართლე გითხრათ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები სხვა გარემოში ვერ წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია ისინი დემოკრატიული სამყაროს ლიდერებთან ერთად… რა თქმა უნდა, არიან იქ, სადაც ჯერ კიდევ ჩაესვლებათ. ახლა მათი ბუნებრივი და ორგანული მოკავშირეები, სამწუხაროდ, არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ადამიანების ბედი და მდგომარეობა არ ანაღვლებთ. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთი,“ – ასე ეხმაურება „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე, თურქმენეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტს.
„ქართული ოცნების“ პრემიერი თურქმენეთში დაესწრო ფორუმს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.
კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ქართული ოპოზიციის მხრიდან.
„ახლა „ოცნების“ მთავარი ამოცანა არის შემდეგი: მას სურს მუდმივად შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომ ბოლომდე გაძარცვოს ეს ქვეყანა, გაყიდოს ნაკრძალები, მიიღოს კორუფციული ფული და დანარჩენი საზოგადოება ამყოფოს შიშსა და იზოლაციაში. ასე უფრო ადვილი სამართავია ხალხი.
ავტორიტარული რუსეთი ამ საქმეში მისთვის მთავარი მოკავშირეა. ძალიან სამარცხვინოა, რომ ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც ვერც კი ბედავს ოკუპაციაზე ხმის ამოღებას, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტი ზის მათთან ერთად.
მაგრამ არა უშავს… ეს პოლიტიკური თავგადასავალი თუ თავსდატეხილი განსაცდელი უნდა გამოვიაროთ და კიდევ უფრო ძლიერ დემოკრატიად და ძლიერ სახელმწიფოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე.
პირადად ჩემთვის, სამწუხაროდ, მოულოდნელობა არ ყოფილა კობახიძის აშხაბადში გამგზავრება. აბა, სხვაგან სად წავიდოდა?“ – სვამს კითხვას ლევან ცუცქირიძე.
არც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდს და არც საქართველოს მთავრობის გვერდს არ გამოუქვეყნებია თურქმენეთში ვიზიტის ამსახველი ისეთი ფოტო, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იქნებოდა.
ირაკლი კობახიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სიტყვით გამოვიდა თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე – „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“.
12 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დაესწრო ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.
„ადვოკატებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და ქვეყნის მართვისას ამ პრინციპის დაცვის უზრუნველყოფაში,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი, იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი.
ანა რეხვიაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატია.
არჩევნები ასოციაციაში 14 დეკემბერს გაიმართება. აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის და სარევიზიო კომისიის წევრებს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
„ადვოკატთა ასოციაციის უპირველესი მისია, მისივე წესდების თანახმად, მართლმსაჯულების განხორციელების და კანონის უზენაესობის განმტკიცების ხელშეწყობაა. ასოციაციას უფლება აქვს მონაწილეობდეს კანონშემოქმედებით საქმიანობაში.
დღეს, როგორც არასდროს ისეა მნიშვნელოვანი ადვოკატების ხმის გაძლიერება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი.
ანა რეხვიაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. სახელმწიფო უნდა იყოს შეზღუდული ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებით, და სახელმწიფო უნდა იმართებოდეს სამართლიანი კანონების საფუძველზე.
„ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (ევროპის ყველზე გავლენიანი ადვოკატთა გაერთიანება, რომლის ასოცირებული წევრია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია) ევროპელ ადვოკატთა ქცევის კოდექსა და იურიდიული პროფესიის ძირითადი პრინციპების ქარტიაში ერთმნიშვნელოვნად მითითებულია, „ადვოკატის პროფესიული ფუნქციისადმი პატივისცემა წარმოადგენს არსებით პირობას საზოგადოებაში სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად“.
ადვოკატების როლია მონაწილეობა მიიღონ მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებაში, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის უზრუნველყოფაში. ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭო მიუთითებს, რომ ადვოკატები და ადვოკატთა ასოციაციები უნდა იყვნენ ამ უფლებებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე ყველგან, სადაც აღნიშნული უფლებები შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
ასოციაცია თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ადვოკატებისთვის სწორედ ამ ბრძოლის პლატფორმაა და ამიტომაც გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, – ამბობს ანა რეხვიაშვილი.
ანა რეხვიაშვილი 2013 წლიდან არის ჩართული იურიდიულ პრაქტიკაში. დღეისათვის იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი და იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრი. ანა საუბრობს ეთიკის კომისიის მნიშვნელობაზე ადვოკატის საქმიანობაში.
„ეთიკის კომისია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია არამხოლოდ ასოციაციის მართვაში, არამედ ზოგადად ჩვენს პროფესიაში კეთილსინდისიერი საქმიანობის უზრუნველსაყოფად. მე ვფიქრობ, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილების გაზიარებით და კონტრიბუციით ამ კომისიის საქმიანობაში სარგებელი მოვუტანო, როგორც ასოციაციას, ასევე ჩვენს პროფესიას. არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, ჩემი საქმიანობა ეთიკის კომისიაში ფოკუსირებული იქნება სამართლიანი და მიუკერძოებელი პრაქტიკის განვითარებაზე.
საადვოკატო საქმიანობაში ეთიკის პრინციპებისადმი ერთგულება, მუდმივი მზაობა ამ მიმართულებით სტანდარტების ამაღლებასა და დაცვაში, უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ ახალბედა, არამედ გამოცდილი ადვოკატებისთვის. ჩვენი პროფესია და მისი გამოწვევები ვითარდება თანამედროვე სამყაროსთან ერთად, შესაბამისად, მნიშვნელოვანია განგრძობადი განათლება ამ მიმართულებით. დროს არ დავიშურებ ამ მიმართულებით საზოგადოებასა და ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებში ინფორმირების ხარისხის ამაღლებაში,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი.
ადვოკატი საუბრობს იმ გამოწვევებზეც, რის წინაშეც დგეს დგანან საქართველოში მომუშავე ადვოკატები.
„ჩვენს ქვეყანაში უმთავრესი გამოწვევა რაც არის, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დაცვა, ისევე აისახება ადვოკატებზე, როგორც ყველა პროფესიის წარმომადგენელზე და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეზე.
რაც განასხვევებს ადვოკატებს სხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან არის ძირითადად ორი რამ: პირველი, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ურთულესი გამოწვევები ხშირად შეუძლებელს ხდის ჩვენი საქმიანობის განხორციელებას და მეორე, ხშირად ჩვენი თავისუფალი საქმიანობის უფლებაში ჩარევა ხდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათვალისწინებით. ადვოკატები არაერთხელ გამხდარან სამიზნე იმის მიხედვით, თუ ვის უფლებებსა და ინეტერესებს იცავენ მართლმსაჯულების სისტემაში.
რეგიონის თვალსაზრისით, განსაკუთრებული გამოწვევებია რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით, იურიდიული ბაზრის სიმჭიდროვის კუთხით. ძირითადად ჩვენი ბაზარი ცენტრალიზებულია თბილისში, რასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობს და რთულია ვიწრო პროფესიულ ჭრილში ამ გამოწვევაზე პასუხი. თუმცა, ასოციაციას აქვს შესაძლებლობა თავისი რესურსების სამართლიანი განაწილება უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით, მეტად ფოკუსირდეს ადვოკატთა გაძლიერების პროგრამებზე რეგიონში და იმუშავოს რეგიონში მოღვაწე ადვოკატების ინტეგრირებაზე დედაქალაქში, სადაც იურიდიულ მომსახურებაზე მოთხოვნა გაცილებით დიდია ვიდრე, რეგიონებში,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი.
ადვოკატი საუბრობს „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ შესახებ და ამბობს, რომ ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი არ ავალდებულებს ადვოკატებს დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ადვოკატები თავისუფალი არიან თავიანთ საქმიანობაშიც და პოლიტიკურ შეხედულებებშიც.
„ჩემთვის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ცნება ადვოკატის პროფესიაში ნიშნავს, რომ მე, როგორც ადვოკატი ვალდებული ვარ ჩემი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური მიკუთვნებადობის მიხედვით არ გავარჩიო ჩემი კლიენტების ინტერესები.
ვალდებული ვარ, იურიდიული მომსახურება გავწიო კეთილსინდისიერად და ჩემი კლიენტის ინტერესის დაცვა იყოს ჩემთვის ამოსავალი წერტილი, მიუხედავად კლიენტის პოლიტიკური შეხედულებისა და რომელიმე პარტიაზე მიკუთვნებისა.
პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სხვა ნებისმიერი გაგება უცხოა ჩემთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა დოკუმენტი თავისი შინაარსით პოლიტიკურია. სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვის პრინციპისთვის ბრძოლა პოლიტიკურია. პოლიტიკაა, რაც განსაზღვრავს როგორ იმართება სახელმწიფო, რა ტიპის კანონებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო.
საზოგადოებაში ადვოკატის როლის განუყოფელი ნაწილია და მისი საქმიანობის ქვაკუთხედია სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის, რაციონალური კანონების შექმნის, ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკაში მონაწილეობა.
პოლიტიკა ცუდი სიტყვა არ არის, პოლიტიკაში მონაწილეობა კეთილშობილური საქმიანობაა, როდესაც შენ პროფესიას და ქვეყანას კეთილსინდისიერად და ღირსეულად ემსახურები“, – ამბობს ანა რეხვიაშვილი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 11 ათასზე მეტ ადვოკატს აერთიანებს, აქედან 5 500 ადვოკატს აქვს მოქმედი სტატუსი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 13-14 დეკემბერს გაიმართება. 14 დეკემბერს კი ჩატარდება არჩევნები.
„იმედი მაქვს, ეს არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და შედეგები გამოხატავს იურიდიული საზოგადოების ნამდვილ არჩევანს,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი.