დღეს, 27 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
„ციალა ქათამიძის საქმეშიც“ მოსამართლე სალიხ შაინიძე, „მზია ამაღლობელის საქმის“ მსგავსად, გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.
ამ საქმეზეც მოსამართლემ უარი თქვა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე. ირაკლი დგებუაძე, „მზია ამაღლობელის საქმის“ მსგავსად, ამ საქმეშიც ფიგურირებს.
ციალა ქათამიძის საქმის განხილვის დროს, 12 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ უარი თქვა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე, თუმცა პატაკის და სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელების დაკითხვის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ციალა ქათამიძის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტი. ფოტო: „ბათუმელები“
დღეს, 27 მარტს, ვიდრე მოწმე პოლიციელები შემოვიდოდნენ სხდომათა დარბაზში, შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ციალა ქათამიძე თავდაცვის ძალების რეზერვისტია და მას აქციებში მონაწილეობის უფლება ეზღუდებოდა.
„მე ვარ რეზერვისტი წელიწადში 45 დღე და ეს შეზღუდვა მხოლოდ 45 დღეზე ვრცელდება,“- მიმართა შსს-ს წარმომადგენელს ციალა ქათამიძემ.
მოსამართლე სალიხ შაინიძის თქმით კი, ეს საკითხი თავდაცვის უწყებამ უნდა გამოიკვლიოს.

შსს-ს წარმომადგენლები – ციალა ქათამიძის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტი. ფოტო: „ბათუმელები“
მოწმე პოლიციელის, კახაბერ მალაყმაძის თქმით, მას პოლიციელმა ირაკლი სურმანიძემ უთხრა, ციალა ქათამიძე შეურაცხყოფას გვაყენებდაო.
2025 წლის 11 იანვრის აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მისულ ციალა ქათამიძეს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე აკავებს მას შემდეგ, როცა ციალა ქათამიძემ ასფალტის საფარზე გააკრა სტიკერი – „იფიცება საქართველო“.
შსს-ს ვერსიით კი, ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრის გამო არ დაუკავებიათ.
„მონებო“, „ძაღლებო“, „რუსეთის მსახურებო“- ცრუ მოწმე პოლიციელმა კახაბერ მალაყმაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ამ სიტყვებით მიმართავდა ციალა ქათამიძე პოლიციელებს.
იგივე ფრაზების თქმა დააბრალეს პოლიციელებმა მზია ამაღლობელს და აქციის სხვა მონაწილეებს.
იგივე კახაბერ მალაყმაძემ „მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზეც“ მისცა ჩვენება სასამართლოს.
11 იანვრის აქციაზე დაკავებულ ციალა ქათამიძეს კახაბერ მალაყმაძემ 14 თებერვალს შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს ციალა ქათამიძის ადვოკატებმა „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ვიდეო აჩვენეს, სადაც უწყვეტად არის ნაჩვენები ის, რაც აქციაზე ხდებოდა. ამ ვიდეო მიხედვით ციალა ქათამიძე სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციელებს არ აყენებს.
კიდევ ერთმა მოწმე პოლიციელმა ირაკლი ელიაძემ კი მოსამართლეს უთხრა, რომ თავად დაინახა, როგორ დააკავეს ციალა ქათამიძე პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან.
ამ პოლიციელის თქმით, არ ახსოვს, ვინ შემოიყვანა დეპარტამენტის შენობაში ციალა ქათამიძე.

პოლიციელის ჩვენება – ციალა ქათამიძის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტი. ფოტო: „ბათუმელები“
ირაკლი ელიაძემ „ციალა ქათამიძის საქმე“ პატაკი დაწერა. მისი ჩვენება არსებითად წინააღმდეგობრივია პოლიციელების: ირაკლი მესხიძის და ირაკლი სურმანიძის წინა პროცესზე მიცემული ჩვენებებისგან. მათ თქვეს, რომ ციალა ქათამიძე დეპარტამენტის შესასვლელთან არ დაუკავებიათ, როგორც ეს რეალურად მოხდა და რასაც ვიდეო მტკიცებულებაც ადასტურებს.
ამ საქმეში გაყალბებული ოქმის გარდა, მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებიც არ შეიმჩნია მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
„მოკიდა ხელი (დგებუაძემ) და შეიყვანა, ეს არის დადგენილი,“- აღნიშნა მოსამართლე სალიხ შაინიძემ, როცა საუბარი იმ ვიდეოს შეეხო, სადაც ჩანს, ირაკლი დგებუაძე როგორ აკავებს ციალა ქათამიძეს.
„თქვენ რას მიიჩნევთ დადგენილად – დაკავებას?“- მოსამართლეს ჰკითხა მარიამ კერესელიძემ, შსს-ს წარმომადგენელმა.
„ეს უკვე შეფასების საკითხია“- ამ შემთხვევაშიც შსს-თვის ხელსაყრელი პოზიციის დაფიქსირება ამჯობინა მოსამართლემ.
საქმე ისაა, რომ როგორც „მზია ამაღლობელის საქმეზე“, ისე „ციალა ქათამიძის საქმეზე“ მოსამართლემ დადასტურებულად მიიჩნია ის, რაც ვიდეო კადრებში ჩანს: მზია ამაღლობელს გრიგოლ ბესელია აკავებს, ციალა ქათამიძეს – ირაკლი დგებუაძე.
თუმცა ოქმებში სხვა რამ წერია. ამიტომაც, შსს ამბობს, რომ ეს დაკავება არ იყო.
მოსამართლემ კი, შსს-ს ფაქტების გაყალბებაში ზურგი გაუმაგრა და არ თქვა, რომ, მაგალითად, ირაკლი დგებუაძემ დააკავა ციალა ქათამიძე.
საიას იურისტმა ირმა აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თუ ირაკლი დგებუაძემ განარიდა ციალა ქათამიძე, როგორც ამას შსს განმარტავს, ეს არ შეიძლება მოიცავდეს პირისთვის თავისუფლების აღკვეთას.
გარდა ამისა, მოწმე კახაბერ მალაყმაძის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, ის თავად შეესწრო ციალა ქათამიძის სამართალდარღვევას, სხდომაზე კი, ამ პოლიციელმა თქვა, რომ არაფერსაც არ შესწრებია და სხვა პოლიციელი – ირაკლი სურმანიძე მოუყვა ამის შესახებ.

პოლიციელის ჩვენება – ციალა ქათამიძის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტი. ფოტო: „ბათუმელები“
საიას იურისტმა ყურადღება გაამახვილა ირაკლი ელიაძის ჩვენებაზე:
„კარგი იყო, რომ მოწმეების წინასწარ გაფრთხილება დაავიწყდათ“, – თქვა ირმა აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ მოწმე პოლიციელის თქმით, ციალა ქათამიძე დეპარტამენტის შესასვლელთან, შლაგბაუმთან დააკავეს.
საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ პოლიციელის, ირაკლი ელიაძის ჩვენების კიდევ ერთ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც ციალა ქათამიძის დაკავება სტიკერის გაკვრას უკავშირდებოდა.
თამარ წულუკიძემ ისაუბრა მოწმე პოლიციელზე – კახაბერ მალაყმაძეზეც, რომელიც ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში რეალურად ფაქტობრივი გარემოებების გარკვევით კი არ დაკავდა, რასაც მას კანონი პირდაპირ ავალებს, არამედ მხოლოდ დამკავებელი პოლიციელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო.
„არამხოლოდ ჩემგან, ვინმესგან გაიგონეთ ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა ლაივში? თქვენ შეგიძლიათ ეს ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ნახოთ,“- მიმართა გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლეს ციალა ქათამიძემ, – „ერთხელაც არ ვარ აქამდე ამ დრომდე დაჯარიმებული… ჩემთვის ეს საქმე სისხლის სამართლის საქმის ტოლფასია,“- თქვა მან.
ციალა ქათამიძემ მოსამართლეს ისიც უთხრა, რომ თითქოს განრიდებულ აქტივისტს მობილური ტელეფონი და ხელჩანთა ჩამოართვეს, ასევე უთხრეს, რომ იგი დაკავებულია.
„ვნახე დგებუაძე შეშლილი სახით, ის აგინებდა მალხაზ ირემაძეს…“- ციალა ქათამიძემ გადაწყვიტა დეტალურად მოეთხრო მოსამართლისთვის პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის შესახებ, რასაც ციალა ქათამიძე შეესწრო.
„გასაგებია“- აქტივისტის შეჩერება სცადა მოსამართლემ, „5 წუთში დაასრულეთ“ – დასძინა მან.
- რა ხდება?
ციალა ქათამიძე 2025 წლის 11 იანვარს, ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის პოლიციის უფროსმა დააკავა. აქტივისტის დაკავების ოქმი, მზია ამაღლობელის ოქმის მსგავსად, პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს. კერძოდ, ციალა ქათამიძის დაკავების ოქმში, წერია, რომ თითქოს აქტივისტი ირაკლი დგებუაძეს არ დაუკავებია. ეს მაშინ, როცა ვიდეო მტკიცებულებაში ჩანს, როგორ აკავებს ციალა ქათამიძეს ირაკლი დგებუაძე.
ციალა ქათამიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელია. იგი იანვარს დააკავეს საჯარო სივრცეში, ასფალტზე სტიკერის გაკვრისთვის – „იფიცება საქართველო“. თუმცა, გაყალბებული ადმინისტრაციული ოქმის მიხედვით, ციალა ქათამიძე 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, ის თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, მაშინ, როცა ციალა ქათამიძის დაკავების ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ქათამიძე შეურაცხყოფას არ აყენებს პოლიციელებს და არც წინააღმდეგობას უწევს დაკავებისას.
ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ ციალა ქათამიძეს ირაკლი დგებუაძე სახელით მიმართავს, ეუბნება, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა და აკავებს. ცნობისთვის – 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციელს არ აქვს.
მთავარი მოწმეები ამ საქმეში პოლიციელები არიან.
პოლიციელების მტკიცებით, ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძემ კი არ დააკავა, არამედ განარიდა, თუმცა არ იციან, განრიდებაზე შესაბამისი დოკუმენტი არსებობს თუ არა.
დაცვის მხარე ამ საქმეში შსს-გან ითხოვდა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერების წარმოდგენას, თუმცა ეს ჩანაწერი, ან ვიდეომტკიცებულება, რაც ციალა ქათამიძის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა, შსს-ს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ამ თემაზე:
ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე მოსამართლემ უარი თქვა – ციალა ქათამიძის საქმე სასამართლოში