მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იზრდება და 9600 ლარი იქნება

12.12.2025
ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იზრდება და 9600 ლარი იქნება

იანვრიდან ბათუმის მერის ხელფასი 9600 ლარი იქნება, გაიზრდება და ამდენივე იქნება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი. ამ დრომდე ბათუმის მერის ხელფასი 8760 ლარი იყო.

ბათუმის წინა არჩეული მერი უფლებამოსილების მიწურულს გადადგა. იმის წინაც გადადგა, ისე რომ ამომრჩევლისთვის გადადგომის მიზეზი არ აუხსნია. ეს ფორმალურად, სინამდვილეში კი ბათუმში ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ მათ გადადგომა მოსთხოვეს, გადააყენეს, ფორმალურად კი განცხადებები დაწერეს და თანამდებობა დატოვეს.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოში დასამტკიცებლად გადააგზავნა, მერიასა და საკრებულოში ხელფასები გაეზრდებათ სხვა ხელმძღვანელ პირებს და სპეციალისტებსაც.

პროექტის მიხედვით, ვიცე-მერის ხელფასი 8000 ლარი, ხოლო მოადგილის ხელფასი 7 200 ლარი იქნება.

მერიის ადმინისტრაციის უფროსის ხელფასი 5 600 – ლარამდე გაიზრდება, განყოფილებების უფროსებს კი 4 480 ლარი ექნებათ. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მერიაში ხელფასის სახით 3200 ლარს, მეორე 2880-ს, ხოლო მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 2560 ლარს მიიღებს.

ანალოგიურად, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 9600 ლარამდე გაიზრდება. მისი პირველი მოადგილის ხელფასი 8000 ლარი იქნება, მეორე მოადგილე 7200 ლარს მიიღებს, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 5600 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი ასევე 5600 ლარი იქნება, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე კი 4000 ლარს მიიღებს.

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში შრომის ანაზღაურების მუხლში თანხა გაზრდილია და 62 მილიონ 750 600 ლარია. მერიის ფინანსისტების განმარტებით, ეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით არის განპირობებული: „საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 460 ლარისა“.

2026 წლისთვის მერიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის საჭირო თანხა 6,7 მილიონი ლარით იზრდება.

2025 წლის ბიუჯეტში ხელფასებისთვის 55 მილიონ 977 300 ლარი იყო გაწერილი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის საკრებულო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: