მთავარი,სიახლეები

„გასაჯაროვდეს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება“ – აქცია ბათუმში

14.12.2025 •
„გასაჯაროვდეს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება“ – აქცია ბათუმში

არაბულ კომპანიასთან ხელშეკრულების გასაჯაროვების მოთხოვნით ბათუმში, 14 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ.

  • არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.  თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლითაც ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. „ქართული ოცნება“ კი, ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი არ აქვს, ხოლო ხელშეკრულების გასაიდუმლოება სტანდარტული პრაქტიკაა.

„უნდა გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა წერია ხელშეკრულებაში, ქართველი ხალხი არ უნდა იგებდეს ამას სარეკლამო რგოლებიდან, რომელშიც ე.წ. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. მეორეა შეთანხმება ხალხთან და საჯარო განხილვების მოწყობა. სახელმწიფო ვალდებულია, ხალხს აუხსნას ეს და მოისმინოს უკუკავშირი. მესამე მოთხოვნაა, რომ არაფერი არ განხორციელდეს ამ ტერიტორიებზე, სანამ საზოგადოების თანხმობა არ იქნება,“ – ამბობს ილია ღლონტი „ქართული რეპუბლიკის“ წევრი.

„მთავარი „ოცნებისთვის“ არის ფულის მოხვეჭა,“ – საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა ზურაბ ცეცხლაძემ, ადვოკატმა, ის პოლიტიკური პატიმრის და ბათუმელი სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამაა, – „მილიონერები და მილიარდერები არიან პარლამენტში, მოპარავას იწყებენ პირდაპირ მილიონიდან: 20 ათასი, 100 ათასი – არა, პირდაპირ მილიონი.

არ უნდა დავანებოთ ეს ქვეყანა, განათლებას ანგრევენ, გვწამლავენ ქიმიური იარაღით, არ უნდა დავანებოთ, რომ ევროპულ მომავალს კლავენ. არ უნდა დავანებოთ,. რომ გაათითოკაცეს ეს ქვეყანა. არ უნდა დავანებოთ ის, რომ კორუფციაში დაახრჩვეს ქვეყანა. კორუმპირებულია სახელმწიფოს ყველა შტო… პოლიტიკური ელიტა, რომელიც ამ ქვეყნის ძალაუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა, ამ ქვეყანას ხრავს,“ – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ამ თემაზე:

Eagle Hills-ის პროექტი გონიოში დაცულ ტერიტორიასაც შეეხება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: