დღეს, 28 აპრილს, „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სასამართლოს ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა. საქმეს არსებითად მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე სამ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
„[დგებუაძის სახეში] გარტყმის შემდეგ ისეთი ხმა იყო, მერე საერთოდ დაიშალა აქცია,“ – აღნიშნა ჩვენების მიცემის დროს გრიგოლ ბესელიამ. – „დარტყმის სიძლიერეზეც ვსაუბრობ და თვითონ ფაქტზეც. ადგე და პოლიციის ხელმძღვანელს ხელი გაარტყა, ასე არ ხდება რა. მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელს თავს რომ ესხმი და შეურაცხყოფას აყენებ, ეს არ არის მიღებული ფორმა არცერთ ქვეყანაში“, – თქვა გრიგოლ ბესელიამ.
ამ საქმის სხვა მოწმე პოლიციელებისგან განსხვავებით, გრიგოლ ბესელიამ თქვა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ვიზუალური დაზიანება არ ჰქონია და არ ახსოვს, პოლიციელი სახეზე შეწითლებული იყო თუ არა.
„ვიზუალური რამე დაზიანება, სისხლდენა, სისხლჩაქცევა ან ნაკაწრი არ ჰქონია. სიწითლე ჰქონდა, არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება“, – თქვა გრიგოლ ბესელიამ.

გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა
„მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მან არ დაადასტურა სიწითლე,“ – ამბობს მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი. იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გრიგოლ ბესელია ირაკლი დგებუაძესთან კონტაქტს ადასტურებს.
„სიწითლე არ არის იმგვარი ნიშან-თვისება, რომ ადვილად გამოგრჩეს მხედველობიდან. ეს გარემოება ვერ დაიმალება,“ – გვითხრა პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი ხიმშიაშვილმა.
საიას ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის თქმით, გრიგოლ ბესელიას ჩვენება თავიდან ბოლომდე შეუთავსებელი იყო ლოგიკასთან, მაგალითად, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის შემდეგ უშუალოდ გრიგოლ ბესელია აკავებს და დაკავებული ჟურნალისტი პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეჰყავს.
„ეს არ ყოფილა თურმე დაკავება და მზია ამაღლობელი დაუკავებია სხვა პოლიციელს, რომელიც, როგორც კადრში ჩანს, ამ დროს მობილურ ტელეფონში იყურება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ.

„მზია ამაღლობელის საქმის“ სასამართლო განხილვა
„პრინციპში მან თქვა, რომ როცა გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ ადამიანი, ეს იყო შეურაცხმყოფელი, მზიას პატიმრობა სწორედაც უკავშირდება ამ გამოხატვის თავისუფლებას,“ – პოლიციის უფროსის ეს გზავნილი, მზია ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასებით, კარგად აჩვენებს, რეალურად რის გამოც დააკავეს მზია ამაღლობელი. შემდეგ კი, როცა ის უკანონოდ დააკავეს, „პოლიცია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ბრალდებით ათეთრებს საკუთარ უკანონობას,“ – განმარტავს მაია მწარიაშვილი. იგი იმასაც გვიყვება, რომ დღევანდელ პროცესზე უკვე არათუ პოლიციელი, პოლიციის უფროსიც ამხილა სიცრუეში:
„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო შენობის იერ-სახის დამახინჯება] არისო…
მან ასევე არ იცის, რომ მზიას ადმინისტრაციული დაკავება არის გასაჩივრებული და გასაჩივრებულია მასთან, ის იყო განმხილველი ორგანო, მაგრამ მან ეს პირველად მოისმინა ჩემგან პროცესზე, რომ გადაწყვეტილებაც აქვს მიღებული. ასეთ რაღაცებს ვისმენთ, ცხადია, ეს პროცესი დაცლილია მთლიანად სამართლისგან“, – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
„ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა“ – ამ შეძახილებით გააცილეს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია საქალაქო სასამართლოდან.
დღევანდელ პროცესზე მხოლოდ გრიგოლ ბესელიას მოუსმინეს. მისი დაკითხვა თითქმის 5 საათს გაგრძელდა. იმის გამო, რომ სამუშაო საათები ამოიწურა, სასამართლოში მიყვანილი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვა ვერ მოხერხდა. ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელიამ დღეს პოლიციელების და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნების თანხლებით მიიყვანეს სასამართლოში. ბესელიამ და დგებუაძემაც სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს.

ირაკლი დგებუაძე სასამართლოში მიაცილა ვარლამ მალანიამ, რომელიც ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გვამის გატაცებაში ფიგურირებდა
ბესელიას დაკითხვამდე კი, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს და საქმეზე „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის დართვა მოითხოვეს:
„ეს იყო მარტივი შუამდგომლობა, რომელზეც ორი აზრი სამართლებრივად არ არსებობს. ირაკლი კობახიძემ თავისი თანამდებობის მიუხედავად ისაუბრა, რომ ფლობს ინფორმაციას მზიას ამაღლობელის ქმედების მოტივსა და მიზანთან დაკავშირებით… ჩვენ დავათვალიერეთ ეს ვიდეო და მოვიტანეთ დათვალიერების ოქმი, ასევე გაგზავნილი გვაქვს კობახიძისთვის გამოკითხვაზე შეთავაზება.
ამ საკითხზე სასამართლო გავიდა სათათბიროდ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სამართლებრივი თათბირი არ გაიმართება,“ – დასძინა ჯუბა ქათამაძემ, ის საიას იურისტია და სასამართლოში მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს.
დღეს, 28 აპრილს, საიამ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ ევროსასამართლოში გასაჩივრებულს საკითხებს შორის ერთ-ერთი განგრძობადი პატიმრობაა: როცა პატიმრობის ვადა გრძელდება, სტანდარტი კი არ უნდა იკლებდეს, პირიქით – იმატებდეს და „მინიმალური სტანდარტი“ საკმარისი აღარ უნდა იყოს.
ასეთია სტრასბურგის სტანდარტი, რომლის გათვალისწინებაზე დღესაც უარი თქვა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. მან მზია ამაღლობელი დაუსაბუთებლად პატიმრობაში დატოვა.

დღეს, 28 აპრილს სასამართლოს ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა
„ყველა დამკვირვებელი ხედავს, რომ ის გამოგონებული სტანდარტიც კი იკლებს, რაც თავიდან გამოიგონეს. უკვე ჩამოექცათ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და დაიტოვეს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი როგორც კი გამოვა, თითქოს ჩაიდენს ახალ დანაშაულს,“ – გვიყვება ჯუბა ქათამაძე.
„მე ეჭვი მეპარება, სასამართლომ იცოდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა,“ – უთხრა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და დასძინა, სამწუხაროა, სასამართლოსთვის ამის ახსნა რომ მიწევსო.
„მე ვუხსნიდი სასამართლოს, რა სტანდარტით უნდა დაასაბუთოს მან მზია ამაღლობელის პატიმრობა. სასამართლომ თქვა, რომ მზიას ამაღლობელის პატიმრობა დასაბუთებული უნდა იყოს დასაბუთების მინიმალური სტანდარტით. რაც უფრო ხანგრძლივია პატიმრობა, სტანდარტი იწევს მით უფრო მაღლა, ეს არის ორჯერ-ორი ოთხი, მაგრამ სასამართლომ არ იცის ეს.
სასამართლოს არ უთქვამს, რის გამო მოიმატა საფრთხემ, რომ მზია ამაღლობელი ჩაიდენს ახალ დანაშაულს. სამართლებრივად წარმოუდგენელი დასაბუთება მოვისმინე მე დღეს სასამართლოსგან, რომელმაც თქვა, რომ არ სჭირდება არანაირი სტანდარტი,“ – გვითხრა მაია მწარიაშვილმა.
„…ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ. ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამტოვოთ პატიმრობაში“, – უთხრა დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.

პროტესტი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან