მთავარი,სიახლეები

რა სიყალბე დასტურდება ვიდეო ჩანაწერით, სადაც ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის – მზია ამაღლობელის საქმე

13.02.2025 •
რა სიყალბე დასტურდება ვიდეო ჩანაწერით, სადაც ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის – მზია ამაღლობელის საქმე

ერთ-ერთი ახალი გარემოება, რომლის გამოც ადვოკატები სასამართლოს შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ, პოლიციის მიერ მომზადებული დაკავების ოქმის სიყალბეა.

პოლიციის ხელმძღვანელი პირების მიერ ჩადენილ სიყალბეს „ბათუმელების“ ვიდეო ჩანაწერი ადასტურებს.

საუბარია 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე: აქციის მონაწილეებს პოლიციელები აკავებენ სტიკერების „იფიცება საქართველოს“ გაკვრისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე აკავებს აქტივისტს და მზია ამაღლობელის მეგობარს – ციალა ქათამიძესაც, რომლის შემდეგაც აქციაზე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ჩნდება. იგი პოლიციელების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებს და პროტესტის ნიშნად შსს-ს ღობეზე აკრავს სტიკერს – „იფიცება საქართველო“.

ამის შემდეგ მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ამსახველ ვიდეოში ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა:

„150-ე მუხლია, კედელზე მიკვრაზე, ადმინისტრაციულ შენობაზე მიკვრაზე, სახელმწიფო შენობაზე…“ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში კი წერია, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ან მის შეურაცხყოფას გულისხმობს.

ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ციალა ქათამიძის შემთხვევაშიც განაცხადა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 150-ე მუხლის [ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯება] საფუძველზე აკავებს – კანონის მიხედვით კი, პოლიციას ამ მუხლის დარღვევისთვის ვინმეს დაკავების უფლება საერთოდ არ აქვს.

„შემდეგ სასამართლომ და პროკურატურამ გაყალბებული დაკავების ოქმი გამოიყენეს იმისთვის, რომ გაემართლებინათ მზია ამაღლობელის პატიმრობა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე,“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დღეს, 12 თებერვალს, ბრიფინგზე.

„როცა პოლიციაში მიხვდნენ, რომ 150-ე მუხლით მზია ამაღლობელს ვერ დააკავებდნენ, დაკავების ოქმი გააყალბეს და სხვა სამართალდარღვევა ჩაუწერეს,“ – განმარტავს ადვოკატი მაია მწარიაშვილი. ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და გიორგი ხიმშიაშვილთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს.

პოლიციელებს ოქმში ჩაუწერიათ, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ვიდეომასალაში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი უსიტყვოდ და მშვიდად მიჰყვება პოლიციელებს, დაკავებამდე კი, იგი ასევე უხმოდ აკრავს სტიკერს შსს-ს ღობეზე.

მნიშვნელოვანი გარემოება: შსს-ს, რომელიც კანონის დაცვის გარანტი უნდა იყოს, ამ დრომდე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებაზე სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოში არ გადაუგზავნია. შესაბამისად, სასამართლოს არ უმსჯელია, მართლა ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა.

ეს ამბავი აქ არ სრულდება: პროკურატურამ უკვე სისხლის სამართლის წესით დაკავებული მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძვლად მიუთითა ის, რომ მანამდე მან თითქოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა.

„ამ უკანონო დოკუმენტის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს რისკი, რომ მზია ამაღლობელი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. თავისთავად ცხადია, რომ მაშინ ბრალდება სასამართლო მასალებში არ წარადგენდა [ვიდეოს], სადაც თვალნათლივ ჩანს რა გარემოებებში მოხდა მზია ამაღლობელის უკანონო დაკავება,“ – აღნიშნა მაია მწარიაშვილმა დღეს, 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

„ამავე ვიდეოფირში ჩანს, რომ იმ წუთას, როცა დააკავეს მზია ამაღლობელი, როცა ეკითხებიან, ბატონი დგებუაძე პასუხობს, რომ მზია ამაღლობელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე ანუ მათი ვარაუდით, სტიკერის გაკვრის გამო.

თუმცა სისხლის სამართლის საქმეში აღმოჩნდა ყალბად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, სადაც წერია, რომ თურმე „მზია ამაღლობელი იდგა აქციაზე და პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა რუსეთის მონებო, ძაღლებო, ღორებო“ და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მან არ შეწყვიტა ეს მოწოდება… ამავე სისხლის სამართლის მასალებიდან ჩანს, რომ ამ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ყველა უკანონოდ დაკავებულის შემთხვევაში, [ოქმში] ეს ტექსტი არის იდენტური. პოლიცია ყველა ოქმში სახელს და გვარს ცვლის და იმეორებს ერთსა და იმავეს“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.

ამ დრომდე ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსია. მას სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეჩერებია იმის მიუხედავად, რომ მზია ამაღლობელი, ასევე 2025 წლის 11 იანვარს დაკავებული მალხაზ ირემაძე და აქციის მედროშე – თემურ ქათამაძე ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე საუბრობენ.

მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, არ აძლევდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას, მალხაზ ირემაძის თქმით კი, ირაკლი დგებუაძემ მას კედელზე თავი არტყმევინა.

გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის მუხლის ნაცვლად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. ამ საქმეში მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ.

„ვიდეოს არ იღებენ ამდენ ხანს, ყველაზე მოკლე გზა არის ვიდეო“ – აცხადებს მაია მწარიაშვილი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო კამერის ჩანაწერები.

„მზია ამაღლობელის საქმეში“ გამოძიების დაწყებიდან ერთი თვის თავზე მხოლოდ დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის გამოკითხვის ოქმია, სადაც ის ამბობს, რომ სილა გააწნეს და ტკივილი იგრძნო და კიდევ 6 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც გამოძიებას უდასტურებენ, რომ უფროსს ლოყაზე სიწითლე შენიშნეს.

გამოძიებას არ დრომდე არ გამოუკითხავს რომელიმე დემონსტრანტი.

„სხვა მტკიცებულება ამ საქმეში არ არის და ვერც იქნება, რადგან ეს თავდასხმა არ არის…“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

ადვოკატის თქმით, შუამდგომლობასთან ერთად სასამართლოს წარუდგენენ მზია ამაღლობელის ჩვენებას, რაც ასევე ახალი გარემოებაა ამ საქმეში.

შესაბამისად, ამ ეტაპზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს და ბრალდებამ უნდა ამტკიცოს, რით არის დასაბუთებული „მოწმეებზე ზემოქმედების გარემოება“ და რატომ არის საჭირო, რომ პატიმრობაში დარჩეს მზია ამაღლობელი.

„ეს საფუძველი აბსოლუტურად გამოცლილია, დაკითხულია ყველა. გარდა იმისა, რომ დაკითხულია ყველა, ამ საქმეში ბევრი გამოსაძიებელიც არ იყო იმ თვალსაზრისით, რომ ორივე [დაკავების] ეპიზოდთან დაკავშირებით არსებობს ვიდეოფაილი და ყველა ფიგურანტი გამოკითხულია“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.

მაია მწარიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამოძიება იწყება სილის გაწვნის ეპიზოდიდან და არა მანამდე, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების ეპიზოდიდან.

ადვოკატი ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს, კერძოდ იმაზე, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი დაზარალებულად მიჩნეული პირია, მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები კი ჩვენებებს აძლევენ გამოძიებას:

„ზედაპირზე დევს ინტერესთა კონფლიქტი ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

რატომ არ იწყება გამოძიება იმ ეპიზოდებიდან, საიდანაც აშკარად ჩანს მზიას უკანონო დაკავება, დოკუმენტების გაყალბება, რაც დაედო შემდეგ საფუძვლად ამ საქმეს? ამ საქმეზე ასევე ძალიან ცხადი და აშკარაა, რომ დაზარალებული არის ბათუმის პოლიციის უფროსი და საქმეს იძიებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი. მთავარი მოწმე ამ საგამოძიებო დანაყოფის უფროსი და მზიას დამკავებელია, ყველა მოწმე არის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელი…

დაზარალებული მაღალი თანამდებობის პირია და ყველა საგამოძიებო სამსახური ბესელიას დაქვემდებარებაშია, რომლის პასუხისმგებლობის დაყენებასაც ვითხოვთ.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაქვემდებარებაშია ყველა გამომძიებელი, თვითონ იძიებს საქმეს და ჩვენებასაც თვითონ იძლევა. იმ ზომის ინტერესთა კონფლიქტია ამ საქმეში, რომ ყველაზე დიდი ნდობის მქონე ადამიანისთვისაც კი გამორიცხავს მოლოდინს, რომ შეიძლება აქედან რამე ობიექტურობასთან ოდნავ მიახლოებული სურათი დაიდოს – თვითონ მღერიან და თვითონ ცეკვავენ,“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

დღეს, ბრიფინგის შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ მზია ამაღლობელის საქმე გურიის პოლიციის დეპარტამენტს დაუქვემდებარა, თუმცა ეს ვერ აღმოფხვრის ინტერესთა კონფლიქტს:

„საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში არის ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირი. დაახლოებით 1 თვის განმავლობაში საქმის გამოძიება მიმდინარეობდა იმავე ადმინისტრაციულ შენობაში [სადაც თავად დაზარალებულიც საქმიანობს] განთავსებული საგამოძიებო დანაყოფის მიერ. საქმეზე დაკითხული ბრალდების მთავარი მოწმეები არიან ამავე სამმართველოს პოლიციელები.

საგამოძიებო დანაყოფის უფროსი – ბერდია ფერაძე, რომლის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი გამომძიებლებიც აწარმოებდნენ გამოძიებას, არის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე და ამასთან, მან თავად დააკავა მზია ამაღლობელი.

საბოლოოდ, როგორც გამომძიებლები, ისე მოწმეები, დაზარალებულის ჩათვლით, არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას სამსახურებრივ დაქვემდებარებაში, რომელმაც განახორციელა მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავება. მედიაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ირაკლი დგებუაძის ნათლია არის გრიგოლ ბესელია.

გამოძიების დაწყებიდან მზია ამაღლობელის საქმეს იძიებდა სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახური. დაცვის მხარემ მიმართა გენერალურ პროკურორს მოთხოვნით, ამოეღო სისხლის სამართლის საქმე აჭარის პოლიციის საგამოძიებო წარმოებიდან და დაექვემდებარებინა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფისათვის. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი საქმე ჩამოსცილდებოდა აჭარის პროკურატურას.

დაცვის მხარისათვის სიტყვიერად გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე დღის წინ გენერალურმა პროკურატურამ საქმე დაუქვემდებარა გურიის პოლიციის დეპარტამენტს, რაც არ აღმოფხვრის ინტერესთა კონფლიქტს და არ შექმნის ელემენტარული ობიექტურობის განცდას, ვინაიდან გურიის პოლიციის დეპარტამენტზე საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს კვლავ აჭარის პროკურატურა, რომელიც ზედამხედველობდა მზია ამაღლობელის საქმეს გამოძიების პირველი დღიდან.

აჭარის პროკურატურამ აჩვენა, რომ მას არ შესწევს უნარი იმსჯელოს გრიგოლ ბესელიას და სხვა პოლიციელების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების და მის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების დოკუმენტების გაყალბების გამო. ამასთან, ეჭვს არ იწვევს, რომ აჭარის პროკურატურას აქვს ყოველდღიური სამსახურებრივი და ოპერატიული კავშირი როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ისე ბათუმის პოლიციის უფროსთან და ყველა მის დანაყოფთან,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ 2025 წლის 12 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

12 თებერვლის ბრიფინგზე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაშიც არსებობს საქმე, როცა სსკ-ის 353-ე პრიმა ერთი [პოლიციელზე თავდასხმა] მუხლით 2024 წელს ბათუმში დაკავებული მოქალაქე მოსამართლეს 2 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაუთავისუფლებია. ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნით კი, სასამართლოსთვის თავად პროკურატურას მიუმართავს.

„მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი, დაცვის მხარემ სასამართლოს შესთავაზა 100 ათასი ლარის გირაო და სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. იმ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი ნაკლები ჩინის კაცია, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში, ასე რომ, სასამართლო პრაქტიკა ზედაპირზე დევს,“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა და ისიც დასძინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვერავინ იპოვის საქმეს, როცა სილის გაწნა სასამართლომ თავდასხმად შეაფასა, პირიქით, პოლიციელის დანით დაჭრაც კი, უზენაესმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმად არ მიიჩნია.

___________________

მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 32 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: