ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა განიხილა და არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი სტიკერის გაკვრის საქმეზე.
მოსამართლე ზაზა რამიშვილმა, იმსჯელა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მარიანა ფომაევას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა მზია ამაღლობელს, ძალაში დატოვა.
„ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუციური გამოხატვის ფარგლებში ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, აზრის გამოხატვას, ან პოზიციის გამოხატვას და ეს შეიძლება გააკეთო უწყინარ ფორმატში, სტიკერი გააკრა, სამართალდარღვევაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მზია ამაღლობელის ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი.
ერთსა და იმავე ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორჯერ გაასამართლეს.
პირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით – მოსამართლე სალიხ შაინიძემ, მეორედ კი ასკ-ის 150-ე მუხლით – მოსამართლე მარიანა ფომაევამ.
ორივე გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სასამართლომ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
- რატომ და როგორ გაასამართლეს ერთ ადმინისტრაციულ საქმეზე ორჯერ მზია ამაღლობელი
2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“.
მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ, ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფდა და აგინებდა.
გაყალბებული საქმის მიუხედავად 18 მარტს მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარი ჯარიმა დააკისრა.
2025 წლის 28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე [სისხლის სამართლის საქმის განხილვა] სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრისთვის]. სინამდვილეში, ჩვენების მიცემის დროს, 2025 წლის 28 აპრილს, მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს, პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] შეადგინა ახალი სამართალდარღვევის ოქმი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
18 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა გაასამართლეს. ის მოსამართლე მარიანა ფომაევამ 1000 ლარით დააჯარიმა.
მარიანა ფომაევას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელმა და მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციომ დაცვის მხარის არგუმენტები არ მოისმინა, არ გაიზიარა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად წინააღმდეგობრივია გამოხატვის თავისუფლებასთან. თუ ამ სამართლებრივ მსჯელობას გავყვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოხატვის უფლება, რომელიც კონსტიტუციურ დონეზე გვაქვს, ეს არის ფორმალური ხასიათის, არ არსებობს გამოხატვის თავისუფლება ღია სივრცეებში, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია დაგვაჯარიმონ ნებისმიერი საფუძვლით და არგუმენტით.
და ეს სტანდარტი, რომელიც უკვე სასამართლომ დაადგინა, არის საშიში პრეცედენტი. მე ვფიქრობ, ყველა იმ სამართალდარღვევის საქმესთან ერთად, რომელიც არის მზია ამაღლობელთან მიმართებით, ეს საქმეც თავის გაგრძელებას პოვებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.
არაადამიანური მოპყრობის ფაქტს მზია ამაღლობელის მიმართ არ იძიებენ – რატომ დუმს პროკურატურა






