„მირნოგრადს უწევს ალყაში ბრძოლა. თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ რუსები მირნოგრადზე მთლიან კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე მოქმედებს 51-ე არმია… ფაქტობრივად, რუსები გერმანიის შეიარაღებული ძალების რაოდენობით უტევს აი, ქუთაისის ზომის დასახლებულ პუნქტებს,“ – უკრაინის ფრონტის ხაზს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.
სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ ეტაპზე რეალური გარანტიების მიღებაა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში:
„გამიჭირდება რომელიმე ამერიკელ გენერალზე ვთქვა, რომ გამოვა და იტყვის: რუსეთი საფრთხე აღარ არის. თუ რუსეთი საფრთხე აღარ არის, მაშინ რატომ რჩება აშშ-ს კონტინგენტი ევროპაში?
ის, რომ ამერიკა გადის ევროპიდან და უკრაინა იქნება ევროპის პრობლემა, ხოლო ამერიკა დასავლეთ ნახევარსფეროს მიხედავს – არა მგონია, რომ ამით აშშ გაძლიერდეს. აშშ ძლიერია, როცა არის ლიდერი ქვეყანა და როცა მას გვერდში უდგანან მოკავშირეები. თუ ამერიკას მოკავშირეები არ უნდა, არა მგონია, ამერიკა ისეთი ძლიერი დარჩეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.
„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, რა ცვლილებებია ფრონტის ხაზზე? რა ხდება იგივე პოკროვსკაში, სადაც ალყაში მოხვედრის საფრთხის მიუხედავად, ქალაქში ჯერ კიდევ რჩებოდნენ უკრაინელები?
ეს ეხება მირნოგრადს – პოკროვსკის გვერდით მდებარე ქალაქია, ფაქტობრივად პოკროვსკის აგლომერაციაა. პოკროვსკის უკიდურესი ჩრდილოეთით გარეუბანი უკრაინელების კონტროლქვეშაა, თუმცა პოკროვსკში რუსების კონტროლია, ისევ არასრული. უკრაინელები ახერხებენ მცირე ზომის სარეიდო ჯგუფებით შეღწევას ქალაქის ცენტრში და იქ რუსებთან ხდება პერიოდულად შეტაკებები. მირნოგრადში უფრო რთული ვითარებაა, ვინაიდან მირნოგრადი ფაქტობრივად ალყაშია, არა ბოლომდე შეკრული, მაგრამ ალყაშია.
მირნოგრადის სამხრეთით უკრაინულმა დანაყოფებმა დაიხიეს უკან და უკეთეს თავდაცვის პოზიციებზე გადავიდნენ. მირნოგრადს უწევს ალყაში ბრძოლა, თუმცა ჯერჯერობით ვერ ახერხებენ რუსები მთლიანად მირნოგრადზე კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე მოქმედებს 51-ე არმია.
წარმოიდგინეთ, ზოგადად პოკროვსკი-მირნოგრადის მიმართულებაზე არის რუსების დაახლოებით 130 000-150 000-მდე დაჯგუფება, მათ შორის, 20 000 საზღვაო ქვეითია, 70 000 ქვეითი – მოიერიშე, დანარჩენი კი, უზრუნველყოფის დანაყოფებია. პოკროვსკის მიმართულებაზე იბრძვის მე-2 არმია, მირნოგრადის მიმართულებაზე – 51-ე არმია. ეს რამდენია, რაოდენობრივად რომ წარმოდგენა გქონდეთ: მაგალითად, გერმანიის შეიარაღებული ძალები არის 180 000-მდე დაახლოებით. ფაქტობრივად, გერმანიის შეიარაღებული ძალების ან, ბელორუსის შეიარაღებული ძალების 4 რაოდენობის ძალა უტევს აი, ამ ქუთაისის ზომის დასახლებულ პუნქტებს. წელიწადზე მეტია ეს შეტევა მიმდინარეობს.
- რუსები ერიდებიან ტექნიკის განადგურებას, თუ სხვა ფაქტორია, რის გამოც ვერ ახერხებენ წინსვლას?
რუსები ვერ ახერხებენ წინსვლას, უკრაინელების თავდაცვის გარღვევას, ძალიან აქტიურად მოქმედებენ უკრაინელები ჰაერში დრონებით. ფაქტობრივად, ტექნიკის ნებისმიერი გამოჩენა განადგურებით სრულდება.
გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს რუსებმა იმის გამო, რომ ნისლიანი დღეებია და ამით სარგებლობენ. ამან საშუალება მისცა რუსებს, ქალაქში გადაესროლათ დამატებითი ძალები, განეხორციელებინათ როტაცია და ასე შემდეგ.
უკრაინელები არ ტოვებენ პოკროვსკის ჩრდილოეთ მონაკვეთს, რომ არ მისცენ საშუალება რუსებს, საბოლოოდ შეკრან ალყა მირნოგრადის გარშემო.
- ალყაში ბრძოლის გაგრძელებას რა პერსპექტივა ექნება ამ მოცემულობაში?
ალყაში ბრძოლა არ არის დამარცხება. ალყაში უბრძოლიათ კიდეც უკრაინელებს და გამოსულან. რუსები აკონტროლებენ ქალაქიდან გამოსასვლელებს. შესაბამისად, უკრაინელებს თუ უნდათ მირნოგრადის დატოვება, მცირე ჯგუფებით უნდა გამოვიდნენ, თან საცეცხლე კონტაქტით დაიწყონ გამოსვლა.
თუ გადაწყვეტილია, რომ იბრძოლონ ალყაში, ესეც გადაწყვეტილებაა, მეთოდია. ოღონდ ალყაში ბრძოლას უნდა მოსდევდეს ალყის გარღვევა. ერთია, რომ უკრაინელებმა შეძლონ და გაარღვიონ ალყა, შეუერთდნენ მირნოგრადს, გახსნან ეს დერეფანი და გააგრძელონ მირნოგრადის დაცვა; მეორეა, რომ მირნოგრადში გაგრძელდეს ალყაში ბრძოლა, მოიგონ დრო და შემდეგ შემხვედრი დარტყმით ალყა გაარღვიონ.
- ხომ არ ჩანს რუსების გააქტიურება რომელიმე სხვა მიმართულებით?
როგორც მოგეხსენებათ, ერთი თვის წინ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გერასიმოვმა მოახსენა პუტინს, რომ კუპიანსკი აღებული იყო, მაგრამ დღემდე ბრძოლა მიმდინარეობს. კუპიანსკში მოახერხეს უკრაინელებმა ინიციატივის ხელში აღება და ეხლა თვითონ არტყამენ რუსებს კუპიანსკის ცენტრალურ რაიონში. ქალაქის ცენტრში უკრაინული დროშა აღიმართა დღეს. ასე რომ, იქ დიდი წარმატება არ გააჩნიათ რუსებს. ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მიცოცავენ წინ, იღებენ უმნიშვნელო ხუტორებს. თავის მხრივ, უკრაინელებიც ათავისუფლებენ პერიოდულად მცირე დასახლებულ პუნქტებს. ეს არის და ეს.
- რა ეტაპზეა ცეცხლის შეწყვეტის პროცესი? ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ომის დასრულების სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობის საკითხი უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. რა შეიძლება დათმოს, თქვენი აზრით, უკრაინამ ამ მოცემულობაში?
აქ არის სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უნდა გაერთიანდეს ერთ პაკეტად. ეს არის 28-პუნქტიანი ტრამპის ვარიანტი და 20 პუნქტიანი ევროპის ვარიანტი, რაც პრაქტიკულად ცოცხალი ორგანიზმია და ამ დოკუმენტში მუდმივი ცვლილებები შედის. ამ დოკუმენტში უნდა იყოს გათვალისწინებული არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის ინტერესებიც.
მეორე გარანტიების დოკუმენტია: ვინ აძლევს უკრაინას გარანტიას და რამდენად მდგრადია გარანტია? რამდენად იქნება მომავალში დაცული უკრაინა რუსების აგრესიის განმეორებისგან?
მესამე დოკუმენტია უკრაინის აღდგენის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის, ან სამშვიდობო ხელშეკრულების შემთხვევაში, უკრაინის აღორძინებას. ეს სამი დოკუმენტი ერთმანეთისგან გამომდინარეა.
არჩევნების ჩატარებაზე ტრამპის მოწოდების საპასუხო იყო ზელენსკის ეს განცხადება, რომ ტერიტორიული საკითხები არ უნდა გადაწყვიტოს ზელენსკიმ – ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. ამისთვის საჭიროა არჩევნები და არჩევნების შემდგომი რეფერენდუმი. ეს როგორ განხორციელდება ტექნიკურად, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა არ იქნება ქვეყანა, რომელიც ხელს შეუშლის ამ სამშვიდობო ეგიდით ხელშეკრულებების მიღებას და მშვიდობის დამყარებას, მაგრამ ტერიტორიების დათმობა უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.
შესაძლებელია, უკრაინამ იფიქროს გარკვეული ტერიტორიების დათმობაზე იმ თვალსაზრისით, რომ ეს უნდა გახდეს ნეიტრალური ტერიტორია – დონბასიდან არა მარტო უკრაინული, არამედ რუსეთის ჯარიც უნდა გავიდეს. მაგრამ, ამ შემთხვევაში რა გარანტიებს იღებს უკრაინა, რომ რუსეთისგან იქნება დაცული? ეს არის მთავარი და აი, ეს არის გაუგებარი. აშშ აცხადებს, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ამერიკა გადაწყვეტს, რა ფორმით იმოქმედოს. ეს არ არის გარანტია. რუსეთმა ისევ რომ განაგრძოს აგრესია და აშშ-მ არ იმოქმედოს, მაშინ რა იქნება? ასე რომ, არავითარი გარანტია ეს არ არის.
აი, ეს რთული საკითხებია ჯერთ შესათანხმებელი.
ისიც გაუგებარია, ტრამპი ამ ვითარებაში ტექნიკურად როგორ ხედავს არჩევნების ჩატარებას. როდესაც ქალაქები იბომბება, როცა მილიონამდე სამხედრო მოსამსახურეა ფრონტის ხაზზეა, როცა ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და იქ უკრაინის მოქალაქეები არიან, როცა ამდენი მიგრანტია უკრაინიდან, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები?
სხვათა შორის, ზალუჟნი გამოჩნდა ბოლო პერიოდში უკრაინაში და მან დაასახელა სამი მთავარი გარანტია უკრაინის მომავალი უსაფრთხოებისთვის. ერთია უკრაინის ნატოში გაწევრიანება, მეორეა ნატოს ძალების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანი კონტინგენტის სახით და მესამე – ბირთვული იარაღის განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე. ბირთვული იარაღს რომ არავინ განათავსებს უკრაინის ტერიტორიაზე, ნათელია. ნატოში მიღება და ნატოს ჯარების განთავსებაც უკრაინაში გარანტიაა, მაგრამ ამავე დროს უკრაინის შეიარაღებული ძალები იმგვარად უნდა გაძლიერდეს, რომ რუსეთმა ვეღარ გაბედოს ხელახალი აგრესია.
მე მაინც ვთვლი, რომ მთავარი გარანტია უკრაინის უსაფრთხოებისა არის უკრაინის შეიარაღებული ძალები.
- ამასობაში, თქვენი დაკვირვებით, რა გადაწყობა მიდის დასავლეთში? ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ახალი დოკუმენტის მიხედვით, აშშ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების ძირითადი გარანტი აღარ იქნება.
მგონია, რომ ეს დოკუმენტი არის მოკლევადიანი, ვინაიდან ტრამპის პრეზიდენტობის 3 წლის შემდეგ რა იქნება, არავინ არ იცის.
ამ დოკუმენტმა ძალიან დიდი დებატები გამოიწვია თვითონ ამერიკაშიც. პირველად მოხდა, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები რუსეთი, როგორც საფრთხე. რუსეთი მოხსენიებულია მხოლოდ ევროპასთან კონტექსტში. ასევე, ჩინეთიც არ არის მოხსენიებული, როგორც საფრთხე. ჩინეთი მოხსენიებულია, როგორც პარტნიორი და როგორც ეკონომიკური მეტოქე.
გამიჭირდება რომელიმე ამერიკელ გენერალზე ვთქვა – გამოვა და იტყვის, რომ რუსეთი საფრთხე აღარ არის. თუ რუსეთი საფრთხე აღარ არის, მაშინ, რატომ რჩება აშშ-ს კონტინგენტი ევროპაში?
ის, რომ ამერიკა გადის ევროპიდან და უკრაინა იქნება ევროპის პრობლემა, ხოლო ამერიკა დასავლეთ ნახევარსფეროს მიხედავს – არა მგონია, რომ ამით აშშ გაძლიერდეს. აშშ ძლიერია, როცა არის ლიდერი ქვეყანა და როცა მას გვერდში უდგანან მოკავშირეები. თუ ამერიკას მოკავშირეები არ უნდა, არა მგონია, ამერიკა ისეთი ძლიერი დარჩეს.
ერაყში სწორედ მოკავშირეები ედგნენ მას მხარში, ავღანეთშიც ნატო და მოკავშირეები [მათ შორის – ქართველებიც] ახორციელებდნენ კონტრ-ტერორისტულ ოპერაციას.
არა მგონია, რომ სიცოცხლისუნარიანი იყოს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი, რომლის 28 ფურცელზე პრეზიდენტი ტრამპი მგონი 24-ჯერ არის ნახსენები. თუ დარჩა ეს სიცოცხლისუნარიანად, ჩათვალეთ, რომ მსოფლიოში ყალიბდება არქიტექტურა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძალის სამართალზე და არა სამართლიან ძალაზე.
დადებითი რაც აქვს ამ დოკუმენტს, არის ის, რომ ცოტა შეაჯანჯღარა ევროპა. ევროპელები მიხვდნენ, რომ ამერიკა აღარ არის ის სანდო პარტნიორი, რომელსაც შეიძლება მუდმივად დაეყრდნო. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება შეიცვალოს მიდგომა მსოფლიო წესრიგისადმი და ევროპა მუდმივად ვერ დაელოდება ამერიკაში არჩევნების შედეგებს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დანიის ეროვნულმა დაზვერვის საზოგადოებამ აშშ პირველად დაასახელა რისკად ქვეყნისთვის.
- რამდენად ძლიერდება ევროპის თავდაცვისუნარიანობა რეალურად? ნატოს გენმდივანი, მარკ რიუტე ამბობს: „კონფლიქტი ჩვენს კართან არის… ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნე და უკვე ვართ საფრთხეში. გასულ წელს, როცა ნატოს გენმდივანი გავხდი, ჩემი გაფრთხილება იყო, რაც უკრაინის თავს ხდება, შეიძლება დაემართოს ალიანსის ქვეყნებსაც-მეთქი“. შეიძლება რუსეთი თავს დაესხას ნატოს რომელიმე ქვეყანას?
ვინც აკვირდება ამ ვითარებას, დამეთანხმება, რომ ევროპა აძლიერებს თავის თავდაცვისუნარიანობას. ჩვენ მეტი გვინდა, უფრო სწრაფად გვინდა, მაგრამ ასე არ ხდება სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს თავისი ტემპი: ინერციის აღება იყო საჭირო, ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო საჭირო ევროპაში, აი, „ცივი ომის“ შემდგომი, ერთგვარი მძინარე პერიოდის შემდეგ. ევროპამ „ცივი ომის“ შემდეგ პერიოდში შეამცირა თავისი თავდაცვისუნარიანობა და ახლა ყველაფრის უკან დატრიალება უწევს, რაც მოითხოვს დროს და ეს გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე შენარჩუნება.
ფაქტია, რომ ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა, ბალტიის ქვეყნებში დაგეგმილი 89 ბრიგადის განთავსებას დაემატება კიდევ 41 ბრიგადა. გერმანიამ პოლონეთში განათავსა ავიაგამანადგურებელი „ევროფაიტერები“ კალინინგრადის მახლობლად.
ამერიკის შეერთებული შტატები დაჰპირდა პოლონელს, რომ აშშ არ შეამცირებს ამერიკულ კონტინგენტს. ამასთან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერმა შესთავაზა ამერიკას, რომ მზად არის კიდევ მიიღოს დამატებითი ამერიკული კონტინგენტი. ფინეთმა დაიწყო დრონსაწინააღმდეგო გუმბათის სისტემის შემუშავება. შვედეთმა დაიწყო ფიქრი შორმფრენი რაკეტების შეძენაზე, რომელიც მისცემს მათ საშუალებას, რომ მოსკოვს მისწვდნენ სტოკჰოლმიდან…
- რუსეთს 14 თვე დასჭირდა პოკროვსკისთვის, დასანქცირებულია, სუსტდება. თუ ეს ასეა, რატომ საუბრობს ნატოს გენდმივანი იმაზე, რომ რუსეთის მორიგი სამიზნე შეიძლება ნატოს წევრი რომელიმე ქვეყანა გახდეს?
ნატოს გენმდივანი იმიტომ ლაპარაკობს, რომ მობილიზაცია მოახდინოს ევროპამ. ხომ არ იტყვის, ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ და არაფერი გავაკეთოთ?
მე ეჭვი მეპარება, რომ ახლა რუსეთი მზად არის თავს დაესხას ევროპას. გამორიცხულია ეგ. ლაპარაკია იმაზე, რომ, ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რამდენ ხანში შეძლებს რუსეთი იმ კონდიციაში მოსვლას, რომ იფიქროს ნატოს წინააღმდეგ მოქმედებაზე.
ამ ეტაპზე რუსეთს შეუძლია პროვოკაციები განახორციელოს. ეს პროვოკაციები შეიძლება იყოს შეიარაღებულიც კი. იგივე სუვალკის დერეფანზე განახორციელოს დარტყმა – ეს მცირე მონაკვეთია კალინინგრადთან დამაკავშირებელი და პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარზე გადის ეს დერეფანი – დაიკავოს რაღაც მცირე ზომის მიწის მონაკვეთი და შემდეგ ევაჭროს ევროპას დათმობაზე. ასევე, განახორციელოს დრონებით საჰაერო სივრცის დარღვევა, დივერსიები სამხედრო და სასაზღვრო ობიექტებზე. ის, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს ევროპის წინააღმდეგ, ნაკლებად სავარაუდოა.
რუსეთი არის მაქსიმალურად დაინტერესებული, მუქარებით ევროპის ქვეყნებს შორის ჩამოაგდოს დაპირისპირება. მიზანია, მაგალითად, ის, რომ ხელშეკრულებაზე კი-არას ჟონგლიორობით უკრაინა დააპირისპიროს ამერიკას და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი, რუსული, ტრადიციული ვირეშმაკული დიპლომატია.
- უსაფრთხოების პოლიტიკის ბრიტანელი მკვლევარი, ბუკინჰემის უნივერსიტეტის პროფესორი, ენტონი გლისი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „რუსეთი ინტენსიურ სადაზვერვო-დივერსიულ ზომებს მიმართავს ბალტიის რესპუბლიკების და პოლონეთის წინააღმდეგ“.
ბალტიისპირეთს აქვს საზღვარი რუსეთთან, ასევე ფინეთთან. რუსეთს სხვა საზღვარი არა აქვს ნატოს ქვეყნებთან. ამიტომაც, ბალტიის ქვეყნები ითვლება სუსტ რგოლად, მოწყვლად ხაზად. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქნება დივერსიები, როგორც ეს პოლონეთში იყო, მაგალითად, რაღაც საწყობის გადაწვა, რკინიგზაზე დივერსია, იქნება დრონების შეფრენაც, მაგრამ ეს იქნება პროვოკაციული, ჰიბრიდული ომის პროვოკაციული შემადგენელი ნაწილი.
არა მგონია, რომ ფართომასშტაბიანი, მნიშვნელოვანი მოქმედება განახორციელოს რუსეთმა. ამისთვის მას სჭირდება, რომ გადაისროლოს ჯარები, მნიშვნელოვანი დაჯგუფება შექმნას, მიმართულება გაძლიერდეს. ფლანგზე დაიტოვოს 800 000-იანი ბრძოლებში გამოცდილი უკრაინის შეიარაღებული ძალები და შეუტიოს ევროპას – ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
ეს რომ გამოუვიდეს, რუსეთს მინიმუმ ბელარუსი უნდა დაუდგეს მხარში. ბელარუსის 4 არმიის ხელა დაჯგუფება ჰყავს რუსეთს პოკროვსკი-მირნოგრადის მიმართულებაზე და ის ვერ აუღია, ამიტომაც, ვერ ვიტყვი, რომ ახლა ევროპას შეუვარდება და ფინეთს დაიკავებს.
- კიდევ ერთი ციტატა ნატოს გენმდივნის გამოსვლიდან: „უკრაინას ახლა უნდა ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად…“ როცა დასავლეთი იაზრებს, რომ უკრაინის ომი არის ევროპის ომი, რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე უკრაინის თავდაცვის უზრუნველყოფა უფრო ეფექტურად?
უფრო მეტი რა უნდა გააკეთონ? აი, რა ქნას გერმანიამ, მაგალითად? გერმანიის შეიარაღებული ძალები შემოიყვანოს უკრაინაში?
მესმის, რომ ნელა მიმდინარეობს ეს პროცესი, მაგრამ ყოველ თვეში ევროპიდან 18 000 ტონა სამხედრო მასალა შედის უკრაინაში.
თვითონაც ხომ უნდა შეავსონ ევროპის ქვეყნებმა თავისი კრიტიკული მარაგი გარკვეულწილად? ასე უცებ თავისით ხომ არ ხდება, რომ საკუთარი საწყობები გამოასუფთაოს, მისცეს უკრაინას და მერე უკრაინა ღმერთმა დაიფაროს და რომ დამარცხდეს, რით უნდა დაიცვას თავი? აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რუსეთიც წინ აქტიურად ვერ მიდის, ფაქტია. საუბარია რამდენიმე კილომეტრის გავლაზე ნელ ტემპებში, დიდი დანაკარგის ფასად და ვერ არღვევს უკრაინელების დაცვას, ჩერდება.
უკრაინას სჭირდება მეტი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, ამასაც აწვდიან უკრაინას, რაც შეუძლიათ. ახლა ლაპარაკია „ტაურუსის“ გადაცემაზე. აგერ, დანიამ მისცა უკრაინელებს ნებართვა მის ტერიტორიაზე სამხედრო წარმოების ცენტრი გახსნას, ბრიტანეთში უკრაინელი ინჟინრები ბრიტანული ტექნოლოგიით აწყობს დრონ-გამანადგურებელ „ოქტოპუს“, ზელენსკი საუბრობს საჰაერო ძალების მნიშვნელოვან გაძლიერებაზე, დეტალების გარეშე. დიდი ალბათობით, „გრიპენებს“ „რაფალებიც“ დაემატება, ფინალურ ფაზაშია გადასული რუსული აქტივების უკრაინელების შეიარაღებისთვის მიმართვაზე და ა.შ..
- ნატოს გენმდივანი ადანაშაულებს ჩინეთს: „ჩინეთი არის რუსეთის მაშველი რგოლიო. ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებდა ამ ომის გაგრძელებას. მაგალითად, რუსეთის დრონების და სხვა სისტემების კრიტიკული ელექტრონული კომპონენტების 80 პროცენტამდე ჩინეთშია დამზადებულიო“. აქვს თუ არა ბერკეტები საკმარისი აშშ-ს და ევროპას, ჩინეთი შეაჩეროს?
ყველაზე დიდი ბერკეტები გააჩნია ამერიკას, მაგრამ სურვილი არ გააჩნია.
თუმცა ჩინეთი მთელი რესურსით რომ დაეხმაროს რუსეთს, რუსეთი გაცილებით ძლიერი იქნებოდა. გარკვეულ დეტალებსა და მიკროსქემებს აძლევს რუსეთს.
ჩინეთი ოფიციალურად არ აღიარებს რუსეთის მხარდაჭერას, არ არის ჩინეთის დახმარება ისეთი გადამწყვეტი ამ დაპირისპირებაში. ჩემი აზრით, ჩინეთს არ აწყობს არც რუსეთის მოგება და არც მისი სრული მარცხი. ჩინეთს აწყობს დასუსტებული რუსეთი, რომელიც ხდება მისი სატელიტი. ჩინეთს აწყობს, შეინარჩუნოს ეს ცეცხლი, შეუკეთოს ნელ-ნელა. აი, ამას აკეთებს ჩინეთი.
- ბოლოს მინდა გკითხოთ ე.წ. მშვიდობის ფორუმზე, რომელიც თურქმენეთში იმართება. ფორუმს პუტინთან ერთად ირაკლი კობახიძეც ესწრება. თქვენი აზრით, რა გათვლით მოქმედებს ამ ფლანგზე პუტინი?
არ ვიცი, ამ თემაზე რა კომენტარი გავაკეთო. აჯობებს კომენტარის გარეშე.
პუტინი ვერსად მიდის და თურქმენეთში მაინც ჩავა. არა მგონია, ამ შეხვედრით სომხეთმა პოზიცია შეიცვალოს, აზერბაიჯანმა, ან ყაზახეთმა. საქართველოზე ვერ ვიტყვი იმავეს.






