ბათუმი,სიახლეები

არჩილ ბერიძეს „დინამო ბათუმის“ წილები დაათმობინეს – ქონება აჭარის მთავრობამ დაიბრუნა

12.12.2025 •
არჩილ ბერიძეს „დინამო ბათუმის“ წილები დაათმობინეს – ქონება აჭარის მთავრობამ დაიბრუნა

აჭარის მთავრობამ „დინამო ბათუმი“ და მასთან დაკავშირებული ქონება უკან დაიბრუნა. შპს „ლამინთან“ 2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მოშალეს და მასთან დაკავშირებული აქტები ძალადაკარგულად ცნეს. შესაბამის გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2025 წლის 9 დეკემბერს მოაწერა ხელი.

2025 წლის 10 დეკემბრის ამონაწერით, „დინამო ბათუმის“ წილების 100 პროცენტი აჭარის მთავრობის საკუთრებაა. მანამდე ის არჩილ ბერიძის კომპანიას მართვაში ჰქონდა გადაცემული, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხშირად ჩნდებოდა საჯაროდ, „დინამო ბათუმის“ სოციალურ გვერდებზე კი თორნიკე რიჟვაძის ფოტოებს რეგულარულად აქვეყნებდნენ.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, არჩილ ბერიძემ  კომპანიის 50 პროცენტი შვილს გურამ ბერიძეს გადასცა ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად – 100 ლარად, დარჩენილი 50 პროცენტის მფლობელი კი ასევე 100 ლარად ავთანდილ ბაკურიძე გახდა, კომპანიის დირექტორად გურამ ბერიძე დაინიშნა. 

ხელშეკრულების გაუქმების პარალელურად, ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო კომპანია „ლამინს“ დავალიანებაც ერიცხება – ჯამში 1 მილიონ 196 209 ლარი. დავალიანების დასაფარად სამინისტრომ კომპანიას ერთი თვის ვადა განუსაზღვრა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით,  მითითებულ ვადაში ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სამინისტრო სამართლებრივ დავას დაიწყებს. 

დავალიანებაში, რომელიც კომპანიას ეკისრება, 450 000 ლარი წილის მართვისა და ქონების მართვის სარგებლობის საფასურია, ხოლო 746 209 ლარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო.

ცვლილება საჯარო რეესტრში დღეს, 2025 წლის 12 დეკემბერს აისახა. ამ ამონაწერის მიხედვით, შპს „ლამინის“ მფლობელი არჩილ ბერიძე სამეთვალყურეო საბჭოში რჩება.

„შპს ლამინს“ „დინამო ბათუმი“ და მასთან დაკავშირებული ქონება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე მართვაში 49 წლის ვადით ჰქონდა გადაცემული.

ხელშეკრულების მიხედვით, „დინამო ბათუმის“ 100%-იანი წილი კომპანიას წლიურად 50 000 ლარად სარგებლობის უფლებით და ანგისის დასახლებაში მდებარე 3661 კვ.მეტრი შენობა და მასზე დამაგრებული 58 566 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იჯარის ფორმით გადაეცა.

შპს „ლამინიმ“ აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, რაც „დინამო ბათუმის“ მართვას კლუბის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას და კლუბთან დაკავშირებულ სხვა ვალდებულებებსაც უკავშირდებოდა.

გადაცემის პირობები დეტალურად ნახეთ აქ: აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ბრძანებით, კომპანიამ 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით მიიღო მთელი რიგი შეღავათები, მათ შორის კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის გამო. კონკრეტული ვადით კომპანია ქონებით სარგებლობის საფასურისგანაც გაათავისუფლეს და პირგასამტეხლო ჩამოაწერეს, თუმცა ვალდებულება მაინც ვერ შეასრულა.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიისთვის დაკისრებულ დავალიანებას დააკლდა „საქართველოს ბანკის“ მიერ 2020 წლის 6 მარტს გაცემული 200 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიის თანხა, რომელიც სრულად არის ჩარიცხული აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

კომპანიის ახალი ამონაწერის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოში რჩებიან შპს „ლამინის“ მფლობელები – არჩილ ბერიძე და მისი შვილი გურამ ბერიძე, ასვე ავთანდილ ბაკურიძე. შედგა თუ არა მათთან რაიმე სახის შეთანხმება, ამ ეტაპზე ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს.

2024 წლის იანვარში გურამ ბერიძე ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს. გავრცელებული ვერსიით, ის მონაწილეობდა ე.წ. ქუჩურ გარჩევაში, რაც არჩილ ბერიძისთვის „დინამო ბათუმის“ უკვე ყოფილი მფლობელისთვის, კომპანიაში წილების დათმობის მოთხოვნას უკავშირდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, გურამ ბერიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ 236-ე მუხლით ისევ მიმდინარეობდა.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იარაღი გურამ ბერიძეს არ ეკუთვნოდა. გურამ ბერიძე ორთვიანი პატიმრობის შემდეგ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან 50 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აჭარის მთავრობა არ ადასტურებს ინფორმაციას, შპს „დინამო ბათუმით“  ბიზნესმენ თემურ მიქელაძის დაინტერესების და მასთან მოლაპარაკებების შესახებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: