მთავარი,სიახლეები

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

29.05.2025 •
შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 19 ივნისისათვის გადადო მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე.

როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატები განმარტავენ, სხდომის გადადების მიზეზი გახდა ავტორიტეტული ფრანგი ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც შსს-ს მიერ მზია ამაღლობელის საქმეში ვიდეომტკიცებულებებით მანიპულირება დადასტურდა.

18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე დაეყრდნო ე.წ. ვიდეომტკიცებულებებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, როგორც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ პატიმრობამდე გადაღებული ვიდეო.

მზია ამაღლობელის დაცვის მხარე დავობდა, რომ ორი 18-წამიანი ვიდეო გადაღებული იყო არა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე, არამედ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული მზია ამაღლობელი ხელწერილით გაათავისუფლეს. 

კვალიფიციურმა ექსპერტიზამ დაცვის მხარის სიმართლე დაადასტურა.

მზია ამაღლობელი პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, 22:58 საათზე. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მზია ამაღლობელი მალევე დააკავეს სისხლის სამართლის წესით. ოქმში მის დაკავების დროდ მითითებულია 12 იანვარი 00:52 საათი.

ვიდეო, რომელიც შსს ადმინისტრაციულ საქმეზე წარადგინა, როგორც თითქოსდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი, გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

მზია ამაღლობელის დაცვის მხარემ ექსპერტიზა საფრანგეთში ჩაატარა.

ინფორმაციული უსაფრთხოების და რევერსული ინჟინერიის კვალიფიციური ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე წარდგენილი კადრი და სისხლის სამართლის საქმეში არსებული კადრი, ასახავს ერთსა და იმავე მოვლენებსა და პირების ქმედებებს“.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული გვაქვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მზია ამაღლობელი ცნეს სამართალდამრღვევად.

მზია ამაღლობელის დაცვის მხარე ითხოვს ამ სამართალდარღვევის შესახებ დადგენილების გაუქმებას.

ამ შემთხვევაში საჩივრის განხილვის თარიღი დანიშნული იყო დღეს, ანუ 29 მაისს, მაგრამ ვინაიდან მხარემ, საჩივრის ავტორმა წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები, ასევე იშუამდგომლა კიდევ დამატებით ახალი მტკიცებულებების წარდგენისთვის და მოითხოვა ვადა, სასამართლომ ეს გარემოებები გაიზიარა, ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი დაურთო საქმეს და მოგვცა დრო და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ის ახალი მტკიცებულებები წარვადგინოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: